ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ზაზა ფირცხალაიშვილი
ჟანრი: პოეზია
7 ივლისი, 2014


დაბრუნება / ჩემი აპრილი

დაბრუნება (კატოს)

წამო, წავიდეთ მამა ბათუმში,
სადაც სულ მზეა და სადაც სულ წვიმს,
სადაც გამითბობს სხეულს გათოშილს
სული, რომელიც დავტოვე უწინ
დასაბრუნებლად, ახლა კი მზად ვარ! -
სხვაგან ცხოვრებას ვერ ვეგუები...
შემოვიაროთ ჩემი ქალაქი
შენი პატარა ფეხისგულებით.
მე დაგანახებ როგორსაც ვხედავ,
ბათუმს ჩემსას და ბათუმს ახლანდელს,
მზეს ჰორიზონტზე ჩავკიდებთ ხელს და
მერე გავყვებით წვიმას სახლამდე.
და შიგადაშიგ... და ალაგ-ალაგ...
ჩემი სათქმელი შენს სათქმელს ერთვის,
მე შენ გაჩუქებ ჩემს ბათუმ-ქალაქს, -
ქალაქს, რომელიც სავსეა ღმერთით.
ჰოდააა, წავიდეთ მამა ბათუმში,
სადაც სულ მზეა და სადაც სულ წვიმს...
მე შენ მჭირდები ხელისმომკიდედ
სულის, რომელიც დავტოვე უწინ.

ჩემი აპრილი (კატოს)

ჩემს გაზაფხულს ახლა ოთხი თვე აქვს,
მეცხრე ტალღას ვეცილები ნაპირს,
კალენდარში შესწორება შემაქვს
ტყუპისცალი ებადება აპრილს.
ახლა მზად ვარ უსასრულოდ ვენთო.
მისთვის მზად მაქვს ჩითის კაბა ჭრელი,
როგორ ცამდე ამამაღლე ღმერთო,
მგონი ცამაც აიმაღლა ჭერი.
გადმოვყურებ ვარსკვლავების კრებას,
ხელისგულზე საკენკივით დაყრილს,
სულს ვუბერავ და წარსული ქრება,
დედამიწას ვჩუქნი ახალ აპრილს.
ჩემს გაზაფხულს ახლა ოთხი თვე აქვს
და სამოთხის კარიც არის ღია,
ამ საჩუქარს ღვთის წყალობას ვარქმევ,
ცხოვრებას კი ნაკიანი ჰქვია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები