ნაწარმოებები


პოეზიის საქველმოქმედო საღამო     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე http://urakparaki.com/?m=13&Theme=1528     * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
13 ივლისი, 2014


ჯორჯ გორდონ ბაირონი - თირზას (საბოლოო ვერსია)

მკვდარი ხარ ნორჩი და მშვენიერი,
ადრე გწვევია მოკვდავთა ხვედრი;
იშვიათ ხიბლის, ნაზი იერის,
უდროოდ გახდი სამარის მტვერი!
მიწა მიგვიჩენს საწოლად საფლავს,
ფეხით გათელავს ალბათ მაგ ალაგს,
ბრბო მხიარული და უზუნველი,
მაგრამ ეს თვალი აიტანს ძნელად,
წუთსაც თუ გასტანს სამარის მზერა.

მე არ ვკითხულობ, სად წევხარ დაბლა
და არც იმ ადგილს დავუწყებ ძებნას -
ყვავილი ხარობს თუ ნარეკალა
ზუსტად არ ვიცი, რადგან ვერ ვხედავ.
მტკიცებულება მეტი არ მინდა,
ვინც მე მიყვარდა და კვლავაც მიყვარს,
მიწის წიაღში რომ გაიხრწნება.
არა მჭირდება, რომ სამარის ქვას,
ვისაც ვეტრფოდი, მასზე რამ ეთქვა.

ბოლოს მიყვარდი იმ სიყვარულით,
ვითარცა ახლა – ძალუმად, გზნებით,
არ შეიცვალე ვინაც წარსულში,
ახლა არ ძალგიძს სიკვდილის ნებით.
სადაც დაბეჭდავს ტრფიალს სიკვდილი,
დრო ვერას ავნებს, ვერც მტრის ჭიდილი
და ვერც სიცრუე ცილისწამების.
ერთადერთი რამ გედება ბრალად,
რომ არ ამჩნევდი ჩემში ნაკლს, ღალატს.

ერთად გავლიეთ ნეტარი დღენი,
მე დამრჩენია დღენი თვითგვემის,
აღარასოდეს იქნება შენი,
ნიავი ან მზე  ნუგეშისმცემი.
და მდუმარება უსიზმრო ძილის
ახლა ისე მშურს, მინდა ტირილი;
ჩივილსაც აღარ ვაპირებ კდემით,
აღარ მომიწევს რადგანაც ხილვა,
თუ როგორ ჭკნება ეშხი ხანგრძლივად.

სწორუპოვარი ყველა ყვავილი,
უნდა შეიქნას სიკვდილის მსხვერპლი
და ნაადრევად ფოთოლგაძრცვილი
დარჩება, რომც არ მოწყვიტონ ხელით.
მაინც ის დარდი უფროა მძიმე,
უმზირო ჭკნობად ფურცლებს დღითიდღე,
ვიდრე ერთბაშად ერთ დღეს მოგლეჯილს.
მიწიერ თვალს ხომ უჭირს შეჩვევა,
როგორ ნელ-ნელა ქრება მშვენება.

არ ვიცი, თუკი შევძლებდი თმენას,
დაგიჭკნებოდა როცა ლაზათი,
ღამე, რომელიც მოჰყვა თენებას,
დადგა ჩვეულზე ბნელი, საზარი.
განვლეს უღრუბლო, წყნარმა დღეებმა,
ბოლომდე შეგრჩა მშვენიერება,
ჩამქრალი იყავ, განა დამჭკნარი.
მსგავსად, როს წყდება ცაზე ვარსკვლავი,
მზერას წარგვტაცებს თვის სიკაშკაშით.

ადრე მდიოდა ცხარე ცრემლები,
მასთან ეს ცრემლი ზღვაში წვეთია,
მწარეა ფიქრი, რომ ვერ შევძელი
მომაკვდავისთვის ღამე მეთია;
უკანასკნელად რომ დამენახე,
მოვფერებოდი ალერსით სახეს,
ნუგეშად ხელი გადამეხვია;
თუმცა ავბედითს, მაგრამ მსგავს ტრფიალს,
ვეღარ განვიცდით მე და შენ გვიან.

ვერ მოვიპოვე, ძვირფასო, შვება,
მონიჭებული თავისუფლებით,
შემორჩენილმა მოგონებებმა,
არ დამავიწყეს ტკბილი წუთები!
რაც არ ითვლება ჯერ შენში მკვდარად,
მარადისობის ბნელმა სუდარამ
ის ვერ წარხოცა, კვლავ მიბრუნდები,
გარდაცვლილ ტრფობის ძალა ახლდება,
ვიდრე ცოცხლობდა, ოღონდ ნაკლებად.

13 ივლისი, 2014 წ.


ორიგინალი იხილეთ აქ:

http://www.online-literature.com/byron/704/

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები