ნაწარმოებები



ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
15 ივლისი, 2014


ვარდი

მაისი იდგა, როცა ვნახე ბაღში პირველად,
ამაყი იყო, გაფურჩქნული, ფურცელ-მრავალი,
ბასრი ეკალი აეყვანა პირად დამცველად,
მოწყვეტის მსურველს სჭირდებოდა შუამავალი.

შავგვრემან ქალის თმაში მერე შემომეფეთა,
ეშხიანი და კეკლუცი, ვით თავად ის ქალი,
ცუდი გუნება მეყსეულად გამომიკეთა,
წითელი ფერის სიხასხასემ გამიძღო თვალი.

სხვა დროს სევდიან გარემოში მომიხდა ნახვა,
მცირე კოკრებად მოღუშული, ცხედარს ეფინა,
აუღწერელი ერთი სიტყვით - ეს გარდასახვა,
საოცარია, რა თვისებამ შეაძლებინა?!

მე ვარდს არ მოვწყვეტ, არ ვიყიდი, არც მოვიპარავ,
ვარდს მე სახელად შენთვის შექმნილ ამ ლექსს დავარქმევ,
სუფთა ფურცელზე კალმის წვერით ამოგიქარგავ
და როგორც ყვავილს, ლექსად ქცეულს - ისე მოგართმევ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები