ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია როსტიაშვილი
ჟანრი: პროზა
15 ივლისი, 2014


სიუჟეტი, ანუ გაბომ დაიგვიანა

,,რაღაცაშია საქმე.“ - გაიფიქრა გაბომ.
მესამე საღამო იყო, გაბოს ცოლი, ციცო, მეზობელ მადოსთან მიდიოდა „ჩაის დასალევად“.
სამი რამის არ სჯეროდა გაბოს ცხოვრებაში: ბედისწერის, იბერიის გაბრწყინების და ჯადოების. იმდენჯერ თქვა დაცინვით ,,ჯადო არა მადოო,“  სანამ ერთ დღეს, მის სამეზობლოში, იტალიური ეზოს მესამე სართულზე, ვინმე მადო არ გადმოვიდა საცხოვრებლად. ჯადოებს აკეთებსო და ყველა ჯადო-მადოს ეძახდა. ზურგსუკან, თორემ პირისპირ ვინ ოხერი გაბედავდა...
ჰოდა, მაგ ჯადო-მადოზე უთხრა, ცოტა ხნის წინ, ცოლმა გაბოს: ავალ, ჩაის დავლევთო. თან განა პირველად?! გუშინაც ეგრე და იმის წინაც. საეჭვო იყო ეს დამეგობრება. გაბოს ღრმა რწმენით, ჯადოქრებს არ ჰყავთ მეგობრები, მათ ჰყავთ კლიენტები. რაღაც დოზანა ხდებოდა გაბო თავს.

,,სხვა კაცი ჰყავს. - გაიფიქრა და სასწრაფოდ დააყოლა - არა!“
თითქმის წელიწადი იყო რაც დაოჯახდნენ და ურთიერთობაში, თითქოს, პრობლემა არ ჰქონიათ. მშვიდი, უპრეტენზიო წყვილი იყო. ერთმანეთზე ზრუნვა სიამოვნებდათ. ძილის წინ საბნის ამოკეცვას, სადილობისას შემწვარ კარტოფილზე ტყემლის მოსხმასა და სახლიდან გასვლის წინ მხრებიდან ქერტლის ჩამობერტყვას არ ამადლიდნენ ერთმანეთს.
გაბო მუშაობდა. ციცოც მუშაობდა, ოღონდ სახლში. ცოლის მომზადებული კერძების მირთმევასა და გარეცხილი ტანსაცმლის გაჭუჭყიანებას ვერ აუდიოდა გაბო. ბედნიერი კაცი ეგონა თავი. ათეისტი რომ არ ყოფილიყო, ყოველ საუზმე-ვახშამს, ჩაისთან ერთად ღმერთისთვის მადლობის გადახდასაც დააყოლებდა...
,,სხვა კაცი ჰყავს? - საკუთარ თავს კითხვა გაუმეორა გაბომ და საკუთარმა თავმა სასწრაფოდ გაუმეორა პასუხი - არა!“
ფაქტს ვერსად გაექცევი. რაღაცატომ ციცო ჯადო-მადოსთან დადიოდა.
ყოველღამ.
რაღაცაში იყო საქმე.

სახლში მშვიდად ჯდომა და ფიქრი, საკუთარ თავთან გონივრული დიალოგის გაბმა არ გამოსდიოდა გაბოს. გარეთ გავიდა, ფართო ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ვიწრო ქუჩას დაუყვა. როცა რაიმე პრობლემა ჰქონდა გადასაჭრელი, სეირნობა შველოდა, ან სმა. ეგრე იყო მოწყობილი: სეირნობის დროს ტვინი უკეთესად უმუშავებდა, საფიქრალზე ჩაღრმავებას უფრო კარგად ახერხებდა. სმის დროს არა თუ უკეთესად, საერთოდ ვერ ახერხებდა ფიქრს, მაგრამ მაინც შველოდა. საფიქრალს რომ ავიწყებდა, მაგით შველოდა.
_ ბიჭო, გაბო!.. გაბრიელ მარკეს!
წინ ვიღაც კეპიანი ტიპი გადაუდგა, აზრზე მოსვლა არ აცალა, ცერებზე აიწია და ღონივრად შემოეხვია. თან, სიხარულის ხაზგასასმელად ორ-სამჯერ ისე გულიანადაც მიუხათქუნა თავი მკერდზე, კინაღამ გაჯით ცუდად შელესილი კედელივით დაუბზარა გულის ფიცარი გაოგნებულ გაბოს. ბოლოჯერ ისე გამეტებით მიახალა თავი, კეპი მოსძვრა და დაუვარდა. სანამ „უცნობმა“ ქუდი აიღო, დაფერთხა, გაასწორა, უხილავ დამნაშავეს აგინა... გაბომ დრო იხელთა და შეათვალიერა.
ბლანჟეიანი ტიპი იყო, მელოტი. მთლად ბლანჟეც არ ეთქმოდა, ნიკაპზე ერთი ბღუჯა წვერი ედო. ეგ იყო და ეგ. კაცმა რომ თქვას, არც ბოლომდე მელოტი იყო. მარტო ქოჩორი გასცვენოდა. გეგონებოდა ვიღაცა ქოჩორში წვდა, თმა თავიდან ამოაგლიჯა და ნიკაპზე მიაწებაო.
_ ე, ბიჭო, ინსტიტუტის და ნომერ რაღაცა ჯგუფის ღმერთებს გაფიცებ, ვერ მიცანი?!

ინსტიტუტი... ჯგუფელი... იცნო! მაგრამ მისი მეტსახელი (ნამდვილი სახელი მგონი არც ჰქონია) ვერაფრით გაიხსენა გაბომ.
კრიჟანი ტიპი იყო, კაპიკს არ დახარჯავდა. ბუფეტში შენი ნაყიდი „პერაშკის“ პირველი ლუკმა ამისი იყო, და „ბუტკიდან“ ნისიაზე (შენს სახელზე) გამოტანილი სიგარეტის ბოლო ნაფაზიც - ამისი.
ერთი თუ აგეკიდებოდა, მორჩა, სანამ ბოლო კაპიკს და მოთმინების ბოლო წვეთს არ ამოგწოვდა, ვეღარ მოიშორებდი.
კიდევ რა? ლამის ოთხივე სეზონზე თაგვისფერი პლაშით დადიოდა და გაუფცქვნელი მზეუმზირით სავსე პირს აცმაცუნებდა.
სულ ეს იყო, რაც ამ ტიპზე უცებ გაახსენდა გაბოს და დაფიქრდა:
,,წრუწუნას ვეძახდით?
წურბელას?
წუწურაქს?’’
_ ვერ მიცანი ბიჯო? შენ გაგიწყრეს მოპარსულ ულვაშთა ღმერთი... წუნი ვარ, ბიჯო!
,,ხომ ვამბობდი რაღაც „წ“- მეთქი, ჯერ ისევ მიმუშავებს ბებერი ტვინი“ - თავი გაიმხნევა გაბომ. ახსოვს, როგორ არ ახსოვს? დაბალი და გაძვალტყავებული ტიპი იყო (ახლა დაბალი და მსუქანი გამხდარა), თვალში საცემად პატარა თავი ჰქონდა (ძალა კი ჰქონია ბარე სამი ცხენის თავის და...) ცხვირი და ენა - გრძელი, კბილები და ფეხები - მრუდე. ჰოდა, ერთხელ ერთმა ჯგუფელმა თქვა - აი, ხომ ასეთი „ბრაკია“ მაგრამ ამის გარეშე გატარებულ დღეს მაინც აკლია ეშხი და ლაზათიო.
_ ,,ბრაკი“ რა ნათქვამია, ძმაო... - იწყინა ,,ბრაკმა“. - მაგას ქართულად ქვია ,,წუნი“. ეგრე შერჩა სახელად.
სიმრთლე რომ ვთქვათ, გაბოს თვალში არასდროს მოსდიოდა წუნი. არასანდო ტიპია, ძალიანაც ნუ დავიმეგობრებთ, რამე არ გვიხიმანდროსო - ძმაკაცებს აფრთხილებდა, მაგრამ პასუხად სიცილს იღებდა, წუნიმ რა უნდა გაგვიბედოს, ერთი წკიპურტი და სულს გააფრთხობსო... ეგრე იყო, გულზე არასდროს ეხატებოდა, მაგრამ ახლა, ცამეტწლიანი პაუზის მერე, თითქოს გაეხარდა კიდეც, წუნის ნახვა.
_ ვაჰ, წუნი, შენ დაავიწყდი ეშმაკს და ბანკის ვალს! როგორა ხარ, ბიჭო?! წამო, ჩემთან, დავლიოთ.
_ წამო, წამო, დღეს კარგი დღეა, ძველი ძმაკაცი შემხვდა და ახალი გოგო გავიცანი. ეგეთ დღეებს ხახამშრალობა არ შვენის, უნდა დავასველოთ.
,,ძმაკაცი არა, გველეშაპის კურტუმო...’’ - გაიფიქრა გაბომ და გაეღიმა.
რაღაც სხვანარი ხიბლი ჰქონდა წუნისთან საუბარს. ,,უშნო კია, მაგრამ რაღაც აქვს, რაც გიზიდავს” - ასე ახასიათებდნენ წუნის მასთან მოფლირტავე გოგოები. ალბათ ეგ იყო ის ,,რაღაც” - თითქოს ლაპარაკისას გაგიპნოზებდა, უსმენდი და სასიამოვნოდ ბრუვდებოდი.

ცოტა ხანში სუფრასთან იხდნენ. პირველი შემთხვევა იყო,  გაბოსთვის სმას რომ სეირნობის  ეფექტი ქონდა (საფიქრალთან მიმართებაში). რამდენჯერაც ციცო სუფრისთვის დასახედად შემოდიოდა, ფიქრი გულზე აწვებოდა, უჩიჩხინებდა ნასვამ გაბოს. არადა, მაგიტომ სვამდა, რომ საფიქრალი დავიწყებოდა... იქნებ მართლა ჩაის დასალევად მიდის ციცო? იქნებ, მადოს ჯადოობა ჭორიკანა მეზობლების მოგონილია? თუ ასე არაა, მაშინ გამოდის, ან ვიღაც ჩაუვარდა ციცოს გულში და იმას უკეთებს ჯადოს, თავი რომ შეაყვაროს, ან - გაბოს. მაგრამ გაბოს ხომ ისედაც უყვარს და რაღატომ უნდა გაუკეთოს? ჰოდა, თუ გაბოსთვის ჯადოს გაკეთება გამოირიცხა, რატომ დარდობს გაბო? ვაჰ, როგორ რატომ?.. იმ სხვა რომ უკეთებს, ვაიდა გასჭრას?
გაბოს საფირმო ,,ტრიო“: იბერიის გაბრწყინება - ბედისწერა - ჯადო ,,დუეტად“ გადაიქცა. გაბოს უკვე სჯეროდა ჯადოების.
საქსოვი ძაფივით აებურდა ფიქრი. შეეშვა, მაგის გამობლანდვის თავი სადა ჰქონდა...

_ ჰოდა, აი, გზის იქით რომ ,,არკაა’’, მანდ ვიდექი, მეთქი ვინმე გამოივლის, სიგარეტს ვთხოვ. - გოგოს გაცნობის ამბავს უყვებოდა წუნი. ახალ ბუდეში, დაბერილსა და ნაოჭის ხაზებშეპარულში ისევ ძველებური, მუქშავი,  ხოჭოს ზურგივით მოლაპლაპე თვალები ესვა.
ჰოდა, ეგრე მომხდარა: გოგო მისულა წუნისთან, ,,დროჟიანი“ ცომივით აფუებული, უფერული, ნაკვერჩხალგამქრალი ნაცრისფერი თვალებით.  წუნისთვის უკითხავს, უკაცრავადო, დაიწყო დაჯილდოვებაო? რა იცოდა წუნიმ რა დაჯილდოვებაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ საქმიანი გამომეტყველება მიუღია, ჯერ არ დაწყებულა, მეც მაგას ველოდებიო. უიო, თქვენც წერთო? ჰმ... - ო მრავალმნიშვნელოვნად ჩაუცინია ულვაშ... ბლანჟეში წუნის...
_ ხო ეგეთი უფერული იყო, არა? მაინც ეგრევე ლოყებზე გაფერადდა, ტო! აი, ბოლო კურსზე რაღაც დედის მტირებელის წაკითხვას რომ გვაძალებდნენ, გათენების პონტზე რომ ეწერა: ეოსმა ვარდისფერი თითები გამოაჩინა... შენ მაგრად სწავლობდი, გემახსოვრება - რა ჩემი ქამრის ბალთა იყო ეგა?
_ მმმ... ,,ილიადა“... თუ ,,ოდისეა“... - ამაყად თქვა გაბომ. აშკარა იყო, ჯერ ისევ უმუშავებდა ბებერი ტვინი.
_ ხოდა, მაგ გათენებისფრად გაფერადდა გოგო ეგრევე, აზრზე ხარ?! მაგარი გულუბრყვილო... - კი, კი, იყო წუნის საუბრის მანერაში რაღაც ხიბლი... - კი მეცნობით სახეზეო, წეღან უცებ ვერ გიცანითო...
დაბნეულა გოგო, ჩაუთვლია, რომ წუნი ერთ-ერთ ცნობილ თანამედროვე მწერალთაგანია. თვითონ ახალი დაწყებული ჰქონია, წუნის სიტყვებით რომ ვთქვათ - ,,ჯღაბვნითი სამუშაოები.“
_ ავედიიით... დაჯილდოება, ფურშეტი, მურშეტი, სიგარეტის გამმეტი ტიპები... გაიმარჯვა არა ყოჩივარდას ბოლქვი...  ვაფშე ათეულიც ვერ გაქაჩა, ტო! ჯერ ისე ხომ ძმარი იყო, ფიზიონომიურად... ამ წაგებამ ვაფშე ზემოდან წყალი დაასხა,  ეგრევე პიეროს წარბებით გაიჩითა. მეთქი, რა განერვიულებს, აგერ „დაჟე“ ჩემი მოთხრობაც კი (!!!) ვერ გავიდა!
გაბოს გაეცინა, წუნის ჭიქა მიუჩოჩა - დაასხიო. თხრობის აზარტში შესული წუნი ჩამოსხმის დასრულებას ვერ დაელოდა, არყის რაკრაკის ფონზე განაგრძო ,,არკის არაკი...“
_ ხოდა... მინდა სადმე დაგპატიჟოთო. საერთო საწუხარის პონტია, რაა - გაახლოვებს...
შევედით რესტორანშიიიი... ეს რა მოსავალი ვნახე, გაბრიჩინიო! გოგომ ჩანთა გახსნა და ფული „იმენნა’’ მინდვრი ყვავილებივით მოკრიფა! მწვანე კუპიურების მინდორი ქონდა, გეუბნები, მარკეს გაბრიელ! ნუ, გადახდის ამბავზე ლარები გამარგლა...
წუნის თავი დაუზღვევია, არც ისეთი ცნობილი ვარ, ამ ერთხელ გავგზავნე კონკურსზეო, თორემ არავის ვაკითხებო. არ ვაქვეყნებ, ეგრევე ვხევ, რომ სიტყვები ფურცლის ტყვეობიდან დავიხსნაო. რომ ნახა, გოგოზე ეფექტი მოახდინა, დაუმატებია: ავდივარ მერე საღამოს მთაწმინდაზე(?) და მოთხრობის ნაკუწებს თავზე ვაყრი სევდიან თბილისსო.
_ აი გველი რომ დაგაგიპნოზებს, ეგეთი თვალები გაუხდა, შავ-თეთრი წრეები დაუტრიალდა. როგორ მიხარია ასეთი საინტერესო და ნიჭიერი მწერალი რომ გავიცანიო. მეთქი არაფერზე იდარდო. შემდეგ კონკურსზე მე მოვიფიქრებ სიუჟეტს და შენ დაწერე. დროჟიანი ცომისაა თუ ძვლოვანი, ქალი მაინც სტრანნი  რამეა რა... ფულის მოგებაზე არაა, სულაც არ ავიღებო, მთავარია გამარჯვებულის სახელი მერქვასო, თავის რწმენაო, მენაო, შმენაო...
_ ჩანთით ეგეთი უხვმოსავლიანი მინდორ-ველი დაგქონდეს, შენც სახელზე იჩალიჩებდი, წრუწუნ. - გაბომ არაყი ჩამოასხა.
_ ძმები ვართ, გაბრო?
_ მერე?
_ უნდა დამეხმარო!
_ მე?!
_ შენ მაგრად წერდი სტუდენტობისას. მე რომელი სიუჟეტის მომფიქრებელი ვარ, ტო?! რამე სიუჟეტს მეტყვი, მე იმას მოვუყვები, ის დაწერს. ოთხი ათასია პრიზი! წინაზე კონკურსებზე პირველი ადგილი არ გათამაშებულა და ჯეკპონტის პონტია, რაა... 50% წილში გაგიყვან, ძმაო, მეტი რა გინდა? ათ-ათი პროცენტი დავდოთ, მე ავიღებ და ქველმოქმედები ამბავში ქალებს და ბავშვებს დავურიგებ... შენ მარტო სიუჟეტი ააგდე, მარტო ტვინი გაანძრიე, ხელის განძრევა არ გჭირდება, ყველა შავ საქმეზე წუნი ირბენს.
_ როგორ გეკადრება, შენ დაგასვრევინებ სიგარეტის წმინდა სიყვითლით შეფერილ ხელებს?! ჩემს ათ პროცენტს თვითონ ჩამოვურიგებ მეძუძურ ქალებს და არამეძუძურ ჩვილებს, წურბელ...
ციცომ პური შემოამატა სუფრას და გავიდა.
_ არის ერთი სიუჟეტი... დასაწყისი არის... -გაბომ წუნის თვალი მოარიდა, თეფშზე პურის ნაჭრები შეასწორა.
_ მოდი რაა, ბედისწერას გაუმარჯოს, მარკეს დე ბალზაკ ონორე კოელიო... თან ბედი გამეხსნა, თან ბედად შენ შემხვდი! ერთი პატარა გამარჯვება და ცომის გუნდა თავის კუპიურების ბუკეტით ჯიბეშია. ბედისწერის გენერალ-სიმუსს დაგილოცავ, ძმაო.
_ სამი რამისა არ მჯერა, წუნი: ბედისწერის, იბერიის გაბრწყინების და ჯად... ჯად...
_ რისაც გჯერა მაგისა დალიე, ოღონდ სიუჟეტი მაიტა!

გაბომ დალია. თან ფიქრობს. სიუჟეტზე კი არა, იმაზე ფიქრობს, რამ შეცვალა. დალევისას გონება ყოველთვის ეთიშებოდა, ეხლა რატომ ფიქრობს? ახლა რომ გავიდეს და ისეირნოს, ვერაფერზე იფიქრებს? ანუ თავდაყირაა ყველაფერი?
_ სიუჟეტი ასეთია, წურბელ... ცოლ-ქმარი ცხოვრობს, ვითომც არაფერი. ერთხელაც დაიწყებს ცოლი ჯადოების უფროსთან სიარულს. ქმარი იეჭვებს, რომ რაღაცაშია საქმე, მაგრამ ცოლთან არ იმჩნევს. არ უნდა თავი დაიწვას, რომ ჯადოების სჯერა... ან - ეშინია... თან გადაწვეტს, რომ ეს საქმე გამოიძიოს, ცოლს უთვალთვალოს.
_ ვა, კარგია, მაგას დაევასება ეგეთი ზღაპრები... მამენტ მაგარი სიუჟეტის აგება შეიძლება, გინდა კრიმინალი, გინდა მისტიკა. რომელს აწვები?
_ „ჟიზნენნის.“
გვიან წავიდა წუნი.
გაბო ვერ დათვრა. საძინებელში თითს ცერებზე შევიდა. რაღაცნაირად არ უნდოდა ციცისთან ძილი. ეშინოდა თუ რა ჯანდაბა იყო?!
გაიხადა და საწოლის კიდეზე მიწვა. თვალები დახუჭა. ძილ-ბურანში მოელანდა, რომ საწოლზე გველი დასრიალებს. თითქოს ზედ მკერდზე აუსრიალა კუდი. თითქოს ყურთან გაუწკლაპუნა ენა. აშკარად იგრძნო, ყურზე რაღაც სველი შეეხო. თვალები გაახილა. ყურის ბიბილოზე, ლოკოკინასავით, სისველეს ტოვებდა ციცოს ენა.
გაბო წამოხტა. წელზე მეტი იყო ერთ საწოლში ეძინათ და ყურზე მოფერება აქამდე აზრად არასდროს მოსვლია მის ცოლს. ახლა რა ხდებოდა? დაზაფრულზე ისიც კი გაიფქრა, გველის სული ხომ არ შეუსახლა იმ ბოზმაო?!
მეორე დღეს, როგორც მოსალოდნელი იყო, ისევ ესტუმრა წუნი. სამსახურიდან დაბრუნებულს ჭიშკართან დახვდა:
_ ჩემს ტურფას ვუთხარი, რომ მყავს ერთი დუხჭირი ძმაკაცი, ქრონიკულად უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი, რომელსაც  მუდმივად ვეხმარები მატერიალურად .
_ ვინაა ეგეთი წყალწაღებული, ბიჯო?! - გადაიხარხარა გაბომ. - ჯერ გამარჯობა გეთქვა.
_ გაგიმარჯოს. ვინაა და შენ. აბა 50%-ს რომ ითხოვ, ძმაო, რაღაც გამართლება ხომ უნდა ჰქონდეს? ვუთხარი, კონკურსს რომ მოვიგებთ, ნახევარი მივცეთ, მადლია - მეთქი... მაიცა, სხვა საქმეზე მოვედი... ბიჯო, გასვენებაში ვარ წასასვლელი ხვალ დასავლეთში, შენი გვერდში დგომის იმედი მაქვს. შენი მანქანით წავიდეთ, თან გზაში იდეებს დავყრით, თან ჰერს გამოვიცვლით, თან მაგარი ქელეხი იქნება, ცხონებულიც ოთხმოცდა ბევრი წლის იყო, გულიც არ აგიჩუყდება... მეტი რა გინდა? ერთი ღამე ვრჩებით და მოვდივართ.
ჯერ უარის თქმა გადაწყვიტა გაბომ, მაგრამ მერე თავი დაუქნია, ცოტა ხანი ციცოსგან შორს ყოფნა უნდოდა.
_ ბენზინი? - ისე, ყოველი შემთხვევისთვის იკითხა, თორემ...
_ ბენზინი შენ ჩაასხი და პრემიის მოკრეფის მერე გამოქვითავ.

აღმოჩნდა, რომ ციცოს მშობლების სოფელი სადაცაა, იმ რაიონში მიდიოდნენ. მშობლები რა, მარტო დედა ჰყავდა, მამა რომ გაღმა გავიდა, გაბო და ციცო არც იცნობდნენ მაშინ ერთმანეთს.
გაბოს ციცოსთვის წასვლამდე არაფერი უთქვამს იმის შიშით, თან არ გამომყვესო. გზიდან დაურეკა, სასწრაფო საქმეზე მიწევს ქალაქიდან გასვლა, ხვალ ჩამოვალო. უპრეტენზიო ცოლი იყო ციცო, დიდად არ გაუპროტესტებია. თუმცა ვინ იცის, ეგებ მასაც აწყობდა უგაბოოდ დარჩენა?..
_ თუ „ჟიზნენნის“ ვაწვებით, მაშინ ღალატის ამბავი უნდა იყოს, ძმაო. - თბილისს გასცდნენ თუ არა, მოთხრობის სიუჟტზე მსჯელობა დაიწყო წუნიმ. - ოღონდ ბულვარულად ნაჯღაბნი სიუჟეტი არა, ლიტერატურულად. მადე ინ კრეაწივ!
გაბო დაიძაბა. არაო, თავი გააქნია.
_ სხვა შანსი არაა. აბა რატომ დადის იმ ცოცხის შოფერ ვეძმასთან, ტო?!  ან ვიღაც ტიპის შებმა უნდა, ან ქმრის დაბრედვა. ქმრის ამბავს მაგდენი ჩალიჩი რაში უნდა, ბეჭდიდან კანიაკში ჩაუსხამ თაგვის წამალს და ეგაა. რა დარჩა? რჩება საყვარლის პონტი. თუ უკეთესი რამე გაქვს მოფიქრებული, თქვი.
გაბოს არც უკეთესი ვარიანტი ჰქონდა, არც - უარესი, მაგრამ ღალატის ვარიანტის კატეგორიული წინააღმდეგი იყო. განგებამ საბედისწერო თამაშში ჩაითრია. ახლა ეს მოთხრობა და მისი ცხოვრება ერთმანეთისგან იღებდნენ სასიცოცხლო ძალებს, ერთმანეთში გრძელდებოდნენ. გაბომ ზუსტად იცოდა, იცოდა რაა - გრძნობდა... თუკი დასაწყისში ის დაწერა, რაც ხდებოდა, გაგრძელებაში რასაც დაწერდნენ ის - მოხდებოდა. სიფრთხილე იყო საჭირო.
_ მაშინ ფენტეზს უნდა მივაწვეთ, მე ვიყო ზევსის ქვისლი! - ახალი ვარიანტი შესთავაზა წუნიმ. - ეგ ნაშა თვითონ უნდა აღმოჩნდეს ჯადო მეიქერი, სექსის დროს გადაიქცეს კობრად, მობრად ან რავი, პითონად... შემოეხვევა ქმარს და გაგუდავს. სათაურს გავიტანთ რამე გველურს და ეგაა.
გაბომ მკვეთრად დაამუხრუჭა. ისეთი თვალებით გახედა წუნის, თვითონ წუნიმაც არ იცის ზუსტად, ჯერ გაუკვირდა, მერე შეეშინდა, თუ პირიქით.
_ კარგი ძმაო, დამშვიდდი. სიუჟეტის ავტორი შენ ხარ, როგორც შენ მეტყვი, მეც ეგრე ვეტყვი იმას...
ჭირისუფალისთვის მისამძიმრებამდე ხმა აღარცერთს ამოუღია.

სანამ კუბოს მიწას აყრიდნენ, წუნიმ სახელოზე მოქაჩა გაბოს, გამომყევიო, ანიშნა. აჩქარებული ნაბიჯით აუარეს გვერდი საფლავებს. გორაკიდან თავქვე დაეშვნენ. უსიამოვნო შეგრძნებამ მუხლები დაუბუჟა გაბოს.
„რაღაცაშია საქმე...“ გაიფიქრა.
წუნი გაჩერდა. ხელი მოიჩრდილა და გამოვლილ გზას გახედა. თითქოს აინტერესებდა, ჩანდნენ იქიდან თუ არა. სუნთქვააჩქარებული გაბო იქვე ჩაჯდა, სიგარეტს მოუკიდა.
„აქ რატომ მომიყვანა? ჩემი მოკვლა უნდა... ეგრევე უნდა მივმხვდარიყავი. ამდენი წელია არ შემხვედრია, რაღა იმ დღეს? არ იყო ეგ შემთხვევითი შეხვედრა... რა ჯანდაბად წამოვყევი? ალბათ ჯადოს გაკეთება მაგისთვის დასჭირდათ, აქ წამოსვლაზე თანხმობა რომ მეთქვა. ციცო და ეს დამპალი ერთ თამაშს თამაშობენ. ჩემი საქმე წასულია...“
ვიღაცის საფლავის ქვას მიაბოლა. ბოლი რომ გაიფანტა, თითქოს ნაცნობმა სახემ გამოხედა სურათიდან. ორნი იყვნენ ფოტოზე: კაცი და ქალი. ქალი ეცნო. გონებაარეულ გაბოს მეხსიერების დაძაბვა დასჭირდა, იმის მისახვედრად, რომ ეს სახე მისი სიდედრისაა. ცოცხალი სიდედრის!
_ აქ იყავი, უკან არ გამოიხედო. - წუნი გაბოს ზურგსუკან იდგა. ქურთუკის „ზმეიკა“ ხმაურით ჩაიხსნა.
„იარაღი შიგნითა ჯიბეში აქვს.“ - ამის გაფიქრება მოასწრო გაბომ და „ტკაც!“ გაიგონა. „ტკაც!“
წამოხტა, შეტრიალდა.
წუნი საფლავებს ფოტოებს უღებდა.
_ სტრანნი ხალხია, ტო, ქალები. ეჭვიანობა, მეჭვიანობა და არაჭკვიანობა. ესენი თუ არ ვაჩვენე, არ დაიჯერებს რომ ორი დღე იმიტომ დავიკარგე, ოთხმოცდა ბევრი წლის ქალი გავაცილე ზეციურ სამოთხეში  და არა ოცდა ცოტა წლის გოგო რესტორან „სამოთხეში.“ ჰა, ერთი ცალი მეც გადამიღე ამ დედააფეთქებულ ფონზე და წავედით ქელეხში. გადაფითრებულმა გაბომ უსიტყვოდ შეუსრულა თხოვნა.
წუნის ისე ძალიან გაუკვირდა გაბომ რომ არ დასცინა - აშკარა იყო, ცოცხალ-მკვდარი გაბოს ცოცხალ და თანაც მკვდარ სიდედრზე არაფერი იცოდა, განგებ არ წამოუყვანია აქეთ.
***
სახლში დაბრუნებულ გაბოს ცოლი თბილად მიეგება. ჩაეხუტა, საშინაო ტანსაცმელი გამოუტანა, სუფრა გაუშალა. ნუთუ შეიძლებოდა ამ ანგელოზური ნიღბის უკან ეშმაკი მდგარიყო?
იმ ღამეს მოიმიზეზა, დაღლილი ვარო და ახალნაყიდ ღამის პერანგში გამოწყობილ ციცოს ზურგი აქცია გაბომ.
მეორე დღეს სამსახურიდან დაბრუნდა თუ არა, ივახშმა და დაწვა, გადავიღალეო, იგივე მიზეზი თქვა, ახალი ვერაფერი მოიფიქრა.
„ის ფოტო თუ არ მომეჩვენა, გამოდის, დედამისი ეშმაკია. მკვდარია და თავს ცოცხლად მაჩვენებს. ციცო კიდევ მისი შვილია, რა გამოდის?“
ბევრი ფიქრის შემდეგ თავი დაირწმუნა, რომ უბრალოდ დიდ მსგავსებასთან ჰქონდა საქმე. გვარი მაინც წაეკითხა... „ნათესავი იქნებოდა ვინმე.“ ისევ ინუგეშა თავი და მკვდარივით გაითიშა.
რომ გაიღვიძა, უკვე ღამე იყო. ციცო არ ჩანდა, ალბათ ისევ ჯადო-მადოსთან იყო, სხვა სად იქნებოდა...
გაბო ადგა, ჩაიცვა, ფანჯრიდან თავი გაყო. ჯერ ჩამოშავებულ ცას ახედა, მერე გარე განათების გადამწვარ ლამპიონს. ისეთი უმთვარო, ბნელი ღამე იდგა, დასანანი იყო, ვინმეს სათავისოდ არ გამოეყენებინა. რომელი ქურდი და ბაცაცა ჩვენი გაბო იყო, მაგრამ კმაყოფილმა და ცოტაც - დაძაბულმა, ხელები მოიფშვნიტა, გეგმა დააწყო.
ქურდივით უხმაუროდ, თითის ცერებზე აიარა ხის კიბეები. ამბობდნენ, აივნის ბოლოს გაუქმებული, ჩაბნელებული სააბაზანო რომაა, იმას იყენებს ჯადო-მადო თავის ბნელი საქმეებისთვისო.
გაოფლილი, თვალებგადმოკარკლული და ტუჩებმომუწული გაბო მოაჯირთან ჩაიკუზა და შეძლებისდაგვარად შეკავებული ქშენით, ლამის დაოთხილმა გასწია აივნის ბოლოსკენ.
ძველი სააბაზანოს კარის მოზრდილი ღრიჭოებიდან უსწორმასწორო ხაზებად გამოდიოდა სანთლის შუქი.
გაბომ გამბედაობა მოიკრიბა და ერთ-ერთ სინათლის ზოლს მთელი ტანით აეკრა, ჩააბნელა. მარცხენა თვალი მაგრად მოხუჭა, მარჯვენა - დააჭყიტა და კარის ღრიჭოდან შეიხედა. სანახაობა დახვდა ისეთი, ლამის კარს იქით გადაუვარდა ისედაც ზომაზე მეტად გადმოკარკლული თვალი.

კუზიანი დედაბრისას ჰგავდა კედელზე აწელილი მადო ჯადოს ჩრდილი. არდა, ტანადი ქალი იყო, ისეთი გაჭიმული სიარული იცოდა, იფიქრებდი, სიმაღლის საზომთან დგას და უნდა, რომ იმაზე მაღალი გამოჩნდეს, ვიდრე არისო.
გაბომ ჩრდილს გააყოლა მზერა და იმანაც წინ გადახრილი მადოს უკანალთან მიიყვანა. მადო ტყავდაფხრეწილ სავარძელზე გადასვენებული ციცისკენ იყო დახრილი, მის მუცელზე ედო ცხვირი (სხვათა შორის, სულაც არ ჰქონდა ზღაპრის დედაბერივით კეხიანი...).
რა უნდოდა ამის სახეს იმის მუცელთან? წამით საშინელება გაიფიქრა გაბომ. ადამიანი ხომ ეგრეა მოწყობილი, გაურკვევლობაში მყოფი სულ ცუდზე ფიქრობ.
_ ში....შუ... შიიი... _ ჩუმად ბუტბუტებდა, თუ შიშინებდა მადო.
ჰოი, მიტოვებული სააბაზანოების ელფებო! როგორი დიდ სიხარული ყოფილა, დარწმუნდე, რომ მეზობლის ჯადოსანი ქალი  სულელურ შელოცვას ებუტბუტება შენს ცოლს. იბუტბუტოს, კაცო, იშიშინოს... თუ გინდა ითუხთუროს, თავშიც ქვა იხალოს, ანდა - ააგდოს და თავი შეუშვიროს, ან სულაც კუდით ისროლოს (ექნება მაგას კაბის ქვეშ აკეცილი...), მთავარია მუცელს არ ულოშნიდეს, როგორც ეს შენმა ბრიყვმა და ყეყეჩმა წარმოსახვამ დაგანახა.
კარს აქეთ ცალ თვალ დაჭყეტილმა გაბომ  მშვიდად რომ ამოისუნთქა, ზუსტად მაგ დროს, კარს იქით, ორივე თვალ დახუჭულმა მადომ ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი, თავი ასწია, მკლავები აბლაბუდეების ქსელის სქელი, მტვრიანი ფენით შეფუთნული ჭერისკენ გაიწოდა და ლექსივით გამოთქმით წარმოთქვა:
- გეუბნები შენ: მოსწიე ყური შენი, ჩამოუშვი ხელები შენი, შემოგვანათე თვალები შენი...
,,თფუი, გამჩენი შენი...“ - გაიფიქრა გაბომ.
_ გვაჩვენე ძალა შენი... კეთილი ნება შენი...
,,კეთილები შენი...“ - ,,მისამღერი“ განაგრძო გაბომ.
ეს უცნაური (შე)ლოცვა ისეთ ფაზაში რომ შევიდა, იფიქრებდი, არიქა, დასცხებს ახლა ელვა და ჭექა, დაიბერებიან ჭერის ობობები, ცხელ ტაფაზე დაყრილი წაბლივით ტკაცანით დაუსკდებათ ზურგ-მუცელი, ცხელ-ცხელ თვალებს, მკლავებს, ყურებს პანტა-პუნტით მოადენინებენ ტყაპანს მეტლახაყრილ იატაკზეო, ე, ზუსტად მაშინ გაჩუმდა მადო-ჯადო. ციცოსთან მივიდა და  თითქმის ჩურჩულით უთხრა მეხის გავარდნის ტოლფასი სიტყვები:
_ ტრიკო გაიხადე.
ციცომ ცოტა კი დაირცხვინა, მაგრამ მეორედ თხოვნა არ დასჭირვებია, ტრიკოდ წოდებული თბილი, ტოტებიანი საცვალი გაიხადა, ოთხად დაკეცა სკამზე გადაფარებული ნაჭრის ქვემოთ ამოდო.
_ კაბა აიწიე! - უბრძანა მადომ.
გაბომ მოხუჭული თვალიც დაჭყიტა. ლესბოსელობის ვარიანტი დღემდე აზრადაც არასდროს მოსვლია. მტკიცედ გადაწყვიტა, ახლავე შევალ და ორივეს საკუთარი ხელით მივახრჩობო, მაგრამ ერთი ნაბიჯის გადადგმაც ვერ მოახერხა.
ამასობაში მადო ოთახის ჩაბნელებული კუთხისკენ წავიდა და იქიდან ვედროთი ხელში დაბრუნდა. ეტყობა ცხელი იყო, სახელურზე სქელი ტილო ჰქონდა შემოეხვეული. ციცის წინ დადგა და თავსახური ორი თითით, სწარაფად ახადა. ორთქლითა და საშინელი სუნით გაიჟღინთა იქაურობა.
_ კაბა აიწიე და ამ ვედროს გადააჯექი. ფრთხილად, ძალიან ცხელი არ იყოს, არ დაიწვა ეგა...
გაბო უცებ ყველაფერს მიხვდა: სძინავს! ღრმა ძილით სძინავს და სულელურ სიზმარს უყურებს. დაბუჟებული სხეულიც ხომ სიზმრისას უგავს? გაქცევა რომ გინდა და ვერ გარბიხარ, ფეხებს ვერ იმორჩილებ. შეგრძნებებიდან მხოლოდ მხედველობა მიმუშავებსო, გაიფიქრა. ის საშინელი სუნიც თითქოს ყნოსვით კი არ შეიგრძნო - დაინახა. ისევე როგორც იმ გამაოგნებელ სიტყვებს ხედავდა, მისი ცოლის მიმართულებით რომ ისროდა ეს ალქაჯი. კი, შეეძლო საკუთარ მკლავზე ეჩმიტა და სიზმარ-ცხადის ამბავი უცებ გაერკვია, მაგრამ არ ქნა - არ აწყობდა.
_ ჰო, ეგრე... ჰაერში ჩაიცუცქე, ორთქლი რომ კარგად შეგივიდეს. ზედ არ დაჯდე, ცხელია... ნეხვია, რაც მე მაგით უშვილოები მომირჩენია, რაღა შენ არ გიშველის?
ვაჰ!..
თავიდან, კაცი უნდა ჩემს ცოლსო, ხომ ფიქრობდა? მერე  - ქალს უნდა ჩემი ცოლიო, ეგეც ხომ გაიფიქრა?.. და აი, ეგებ შვილი უნდა ჩემს ცოლსო, ეგ როგორ ვერ მოიფიქრა გაბომ?!
_ სუნი... - მორცხვად თქვა ციცომ.
„ვირისა არ იყოს, კაცო! ეგებ ტვინს ტვინად აჭმევს და ნეხვს ნეხვად უორთქლავს?!.“ აღელდა გაბო.
_ ხოხ! ჩვენსას რა, არა აქვს სუნი?! - ნაკელის ,,შეურაცხყოფა“ ლამის პირად შეურაცხყოფად მიიღო მადომ. - თან რძეს ჩვენ არ ვიძლევით, ყველს და ხაჭოს და არც ნეხვი გვივარგა!
,,ძროხის ყოფილა“ გულზე მოეშვა გაბოს.
_ მაპატიე, მადო, შენი წყენინება არ მინდოდა... - ლამის ატირდა ციცო.
_ ეგრეა, უმადურია ადამიანი... მერე იტყვიან რატომ არ მშველისო... ანთებები გქონდა ქალიშვილობაში? რატომ მაშინათვე არ იმკურნალე?
_ ეჰ... - ამოიოხრა ციცომ. - მკურნალობა კი არა, ისეთი გაჭირვებული წლები იდგა მაშინ, მადო... მამაჩემი რომ მოკვდა, დედამ თავის სურათიც დაახატინა საფლავის ქვაზე, რომ მოვკვდები, რითი უნდა გამიკეთოთ ქვა, ეს ორი კაპიკი შავი დღისთვის მქონდა გადანახული და ბარემ ორ საქმეს ერთად მოვითავებო, როცა მოვკვდები, აღარ გაწვალდებით ჩემი საფლავის ქვისთვის ფულის შოვნაზეო... - ციცომ სკამის გადასაფარებლის ქვემოდან საცვალი გამოაცურა და მღელვარებისგან ლოყა მანამდე შეიმშრალა, სანამ თვალიდან ცრემლი ჩამოუგორდებოდა.
_ რას ამბობ!..  - შეიცხადა მადომ. მოლბა. - მაიცა, ქელეხზე სია არ დაწერეს მეზობლებმა? დასავლეთში კაი გვერდში დგომა იციან...
_ სია კი, დაწერეს... მაგრამ ფული ვერავინ დადო...
_ რას ამბობ!.. აბა მარტო სია რაა, იჭმევა?
_ გაჭირვებული დრო იყო, მადო, ხალხს ფული არ ჰქონდა. ეგრე წერდნენ სიას, ნისიად...
_ რას ამბობ!.. ქორწილზეც? თუ მარტო ჭირზე?
_ მარტო ჭირის დღეზე. აბა, ქორწილებს ვინ იხდიდა მაშინ...
_ რას ამ... უი, უი, წამოდექი, გეყოფა! ტრიკო ჩაიცვი და წელზე შალი მოიხვიე. ახლა მარტო ამის და ჩემი შელოცვის იმედად კი ნუ იქნები! კაცთან თუ არ დაწექი, მადო კი არა, მამაზეციერიც ვერ გიშველის... სუნიო, დედობისთვის რას არ აიტან!
_ ყველაფერს ავიტან, მადო, ოღონდ შვილი მომეცეს! მაგრამ ჩემი გაბო უარს მეუბნება  ბოლო ხანებში... - თავი ისე საწყლად  ჩაქინდრა, გაბოს გული აუჩუყდა.
,,აღარ გეტყვი, ციცუშ, აღარ!..“ - თვალი ჩამდგარი ნამი ციცოს ყურებაში ხელს უშლიდა. თუმცა ახლა მხედველობა აღარც იყო წეღანდელივით მთავარი. ციცოს ცრემლიან თვალებს, ხმასაც, დარდსაც, მუჭში მოქცეულ კაბი კალთასაც, კი არ ხედავდა - გრძნობდა.
_ ყურის ბიბილოზე მოეფერე - მეთქი, გოგო, ხომ გასწავლე?! ჩემს ცხონებულს ერთი ტუჩს რომ მივაკარებდი, მაშინვე ხარად იქცეოდა ხოლმე...
ორივემ ისე მრავლმნიშვნელოვნად, ეშმაკურად ჩაიცინა პირზე ხელის აფარებით, მარტო ქალებს რომ შეუძლიათ.
_ ამაღამ ყველაზე კარგი დროა შეწყვილებისთვის. ახალშელოცვილი ხომ ხარ და ხარ, მაგრამ თანაც უმთვარო ღამეა, ახლა ვარსკვლავები ისვენებენ, ძალას არ გართმევენ, თან ერთი კურსის ბოლო ღამეცაა. ,,წრის შეკვრის ძლიერების“ ღამეს ეძახიან. მოკლედ, თუ დედად გახდომა გინდა, ციცო, იცოდე არ დამაღალატო, ამაღამ, 12-მდე უნდა შეწყვილდე ქმართან! მერე შეიძლება აღარც გამოვიდეს რამე. ჩათვალე, რომ ამაღამ დედად გახდომის ბოლო შანსი გაქვს... ბიბილოზე რაც გითხარი, არ დაგავიწყდეს. ჩქარა წადი, არც ისე დიდი დროა დარჩენილი 12-მდე.

რეგლამენტირებული დრო რომ ჰქონდა იმ საქმის მოათავებლად, ეგ უკვე აღარ გაუგია გაბოს. მადოს ცხონებული ქმრის ხარად ქცევის ამბის მერე აღარაფერი მოუსმენია. ადგა, შიშ-სირცხვილის ოფლი და სიხარულის ცრემლი ხელის ერთი წრიული მოძრაობით მოიწმინდა, გადადღაბნა ერთმანეთში. მხრებში გაიშალა, გაიჭიმა... აქეთობისას მუხლების ხოხიალით მოწმენდილი აივანი იქითობისას სულ თავადივით გაბღენძილმა გაიარა.
_ სადა ხართ, ტო?!
წუნი ეზოში ბოლთას სცემდა. როცა გარეთ ცივა, ლაპარაკისას ხომ თითქოს ორთქლი ამოსდის ადამიანს პირიდან, ამას არყის სუნი ამოსდიოდა კვამლივით.
_ წუნი, შე წრუწუნისებრო! ბედნიერი კაცი ვარ, უნდა გაქეიფო. შემო სახლში.
სამზარეულოში შევიდნენ.
_ რა დროს ქეიფია, კაცო?! საქმე წინ მიდის, წუხელ მითხრა, შვილი რომ მეყოლება, ნეტა შენსავით საყვარლად ეჩუტებოდეს მარჯვენა ლოყაო... მიდი, მიდი, ერთი-ორი სიტყვა მოვიფიქროთ, მოთხრობა დავასრულოთ, ხვალ დაბადების დღე აქვს და ბარემ არიგინალნი საჩუქარი გამოვა. ფინტიკრუშკების კი არა, აგერ ტაქსის ფული არ მაქვს, სახლში რომ წავიდე. ბიჭები შემხვდნენ, თავი გაიგიჟეს, უნდა დაგპატიჟოთო და უარი ვეღარ ვთქვი, აღარ ვაწყენინე... მერე... რავი, მეთქი მივალ გაბოსთან, აქვეა. თან დავწერთ... რავი, თან ბარემ შენთან დავრჩები, თუ ძალიან არ შეგაწუხებთ.
„ისემც გაგიხმა ეგ გაქუცული თავი, რაც კალთები არავინ დაგაგლიჯა და თვითონ აეტორღიალე.“ ჩაეცინა გაბოს.
_  დღეს ვერაფერი შემაწუხებს, წურბელ, დღეს გაბო უბრალოდ გაბო კი არა, ბედნიერი გაბოა!
_ ვა, ფული იშოვე, ბედნიერი ღამეების ძედმაროზო? ზნაჩიტ ერთი ბოთლი კოკლოზინა არაყი შენზეა?
_ მოვიტან. არაყსაც მოვიტან და ციცოსთვის თეთრ შოკოლადსაც. შენ რომ არაყი გევასება, ეგრე ევასება მაგასაც ეგ.
_ რა, ალბინოსი შიკოლადი, ტო?! ჰეი, ფახლავების კნიაზო! - წუნიმ ხელები მაღლა აღაპყრო. - ტყუილად კი არ ვამბობ, ქალი სტრანნი რამეა-მეთქი... სანამ არაყს მოიტან, მე მანამდე რამე სიუჟეტს მოვიფიქრებ.
,,ისემც გაგიხმა ეგ წრუწუნა თავი, შენ რომ ჩემ გარეშე სიუჟტს მოიფიქრებ...“
წუნიმ ჯიბიდან საქმიანი სახით ამოიღო ბლოკნოტი და კალამი. მერე თავის კალამი ისევ ჯიბეში ჩააბრუნა, მაგიდიდან გაბოს კალამი აიღო და საწერად მოემზადა.
_ ჰა, ჯიგარგაბო, როგორ ვამთავრებთ?
გაბოს ხმამაღლა გაეცინა.
_ ეგეც შენი „მოვიფიქრებ“, არ იცოდე მაინც, რომ ჩემი სათრევი ხარ... როგორ ვამთავრებთ და... გაირკვევა, რომ შვილის გაჩენა სდომებია ქალს, მაგიტომ დადიოდა ჯადოქართან. აეგრე! - გაიბღინძა გაბო.
_ მაიცა, ჯადოქარი კაცი იყო? საღოლ, მაგარი მოფიქრებაა! ჯადოქრისგან დაორსულდება, მოულოდნელი ფინალი და რამე.
_ ნწ. ჯადო-ქ-ალი იყო.
_ ეეე... აბა შენა ყოფილხარ, აი! მეთქი ღალატი, რამე... კალდუნისგან გააჩენს პატარა, დორბლიან კალდუნს... შენ კიდე უშვილობის სენტიმენტები... ეგეთი პრასტოი ფინალით რა 50%-ის იმედი გაქვს, ჩემამდე არ დადის! მოთხრობაში, ძმაო, ფინალი, განაკუთრებით, ბოლო ფრაზა უნდა იყოს ბომბი!
_  მაშინ დაწერე, რომ მაგარი ბომბი სექსი ჰქონდათ  ,,და რამე“...
_ ქალს და ჯადოქალს? ეგეც მაგარია!
_ ნწ. ქალს და „ქმალს.“
წუნი აშკარად იმედგაცრუებული ჩანდა.
_ ჯადოქალი კიდევ, მისტერ წუნი, ჯადოებს კი არ ჩალიჩობდა, წამლებს ამზადებდა.
_ იმედია, ვირის ტვინისგან. - თვალები გაუნათდა წუნის.
_ ნწ. ძროხის „ძღრენისგან.“
_ აუუ... აზრზე არა ხარ, ძმაო, შენ ლიტერატურის, რაა...
წუნიმ გაკრული ხელით ჩაწერა ბლოკნოტში: „ფინალი: ღალატი + ბომბი ფრაზა!!!“ ბლოკნოტი დახურა და გაბოს კალამთან ერთად ჯიბეში ჩაიჩურთა.
_ ბიჯო, წრუწუნი, მე ისე გეუბნები, მშრალად. შენ ცოტა დანამე, გაშალე, განავრცე, გენიტალიები ახსენე... თანამედროვე ლიტერატურაში მოდაშია ეგ ორგანოები.
_ აუ, აზრზე არა ხარ, რაა... - ხელები თავში შემოირტყა წუნიმ - ძმაკაცისთვის პანჩურის ამორტყმის დაუოკებელი სურვილის ზევსო, გააგებინე ამ ვაიმწერალს, რომ ჯერ ერთი, ეგრევე სწორხაზოვანი კი არ უნდა იბაზროს, ერთს რომ წერს, ცხრა  უნდა იგულისხმეოდეს. მეორეც, ძმაო, ვიღაც აზაბოჩენი მკითხველისთვის კი არ წერ, სოლიდური, ინ-წ-ელიგენტი, წიგნებით დიპლომატგაძეძგილი ჟიურია, ტო! გენიტალიები კი არა, ტოტო კუტუნიო რომ ახსენო, ეგრევე დაბრაკული ხარ!
კარი გაიღო, სამზარეულოში გამოპრანჭული ციცო შემოვიდა. სტუმარი რომ დახვდა, კინაღამ გული ამოუვარდა გულამოღებული კაბიდან. თვალი საათისკენ გააპარა. გაბო მივიდა, ცოლი გულში ჩაიკრა, თავზე აკოცა და ტანსაცმლის საკიდისკენ შებრუნდა.
გაბოს ქურთუკის ჩაცმამ ისევე დასცა თავზარი ციცოს, როგორც ცოტა ხნის წინ ციცოს „ტრიკოს’ გახდამ - გაბოს.
_ ციცინ, მაღაზიაში მივდივარ, სტუმარს მიმიხედე.
_ ვაიმე... არ წახვიდე, გაბო... - შეეხვეწა. არ დამღუპოო, ამის თქმაც უნდოდა, მაგრამ ენა ვეღარ მოატრიალა ნერწყვგამშრალ პირში.
_ შენ რომ ახალი ჯურის თეთრი შოკოლადი აღმოაჩინ-შეიყვარე, მაგას მოვიტან, მალე მოვბრუნდები. - გაბოს ისე მტკიცედ გადაეწყვიტა ცოლის პატივისცემა, არათუ ციცოს სუსტი ხმით ნათქვამი თხოვნა, მადოს ყველაზე ომახიანი შელოცვაც კი ვერ შეაკავებდა.
_ მეც მაგას არ ვეუბნები, ციცინო? არ წახვიდე-მეთქი მაღაზიაში... –  წუნი სკამიდან წამოხტა და ცოლ-ქმართან მიირბინა. - რად გინდა, ძმაო, ეგეთი არაყი, ასეთ ლამაზ ცოლს თუ აწყენინებ?! - სიტყვა ,,არაყი“ გამოკვეთილად თქვა, შეახსენა...
_ ჩვენს მაღაზიაში არა აქვთ, დღეს ვიკითხე. ცენტრის მარკეტში კიდევ...  გაბო, როდის შენ იმსიშორედან მობრუნდები! თუ წახვალ, იცოდე, არ ვიცი!. - მუდამ წყნარ ციცოს სასოწარკვეთა სიბრაზეში გადაუვიდა, ენა დაება.

...გაბო მარკეტიდან რომ მობრუნდა, პირველის წუთები იყო... მაგიდაზე ღვინის თითქმის ბოლომდე ჩაცლილი ბოთლი იდგა. წუნი წასულიყო.
***
საცოლის დაბადების დღეზე მისული წუნი ოჯახმა დაიტოვა, აღარ გამოუშვეს. ქორწილი ჰქონდა თუ არა, არავინ იცის. ყოველ შემთხვევაში გაბო არავის დაუპატიჟებია.
მოთხრობის ფინალი როგორ მოაკვარახჭინეს, თვითონ წუნისაც აღარ ახსოვს. მთავარია, რომ  მოთხრობამ გაიმარჯვა. წუნის ფიცი-მტკიცის მიუხედავად (გეხუმრე, მართლა კი არ მყავს გაჭირვებული ძმაკაცი, კაპიკს არავის შევპირებივარო), ცოლმა  სიტყვის შესრულება აიძულა.
წუნის დაოჯახებიდან ცხრა თვის თავზე, ორ-ორი ათასის ათ-ათი პროცენტის ფაჩუჩები, კომბინიზონები, პომპონებიანი ქუდები და ფერადი შარვლები, უდარდელად ფრიალებდნენ გაბოსა და წუნის სახლების სარეცხის თოკებზე.
ჰო, მართლა... წუნის გოგოს, ღიმილისას, საყვარლად ეჩუტება მარჯვენა ლოყა...
ღიმილის დროს, საყვარლად ეჩუტება მარჯვენა ლოყა... გაბოს ბიჭსაც...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები