ნაწარმოებები



ავტორი: ჭა
ჟანრი: პროზა
15 ივლისი, 2014


ლაშა (მთლიანად)

ექვსი წელი გავიდა...

ლაშა დაჭრეს დე...
ჩემი დათოს ჩამწყდარი ხმა სამზარეულოში მომეწია.
თითქმის სირბილით ავედით  "არამიანცის საავადმყოფომდე"
საავადმყოფოს ეზოში, "მიმღების"  წინ ბიჭები იდგნენ, ლაშას მეგობრები. ზოგიერთს ვცნობდი, ზოგიერთს ვერა. არ მახსოვს დათო როდის ჩამომცილდა, "მიმღებში" მარტო შევვარდი...
-სად არის, ახლა მოიყვანეს, ოცი წლის ბიჭია...დაჭრილია!... მივაყარე იქ მჯდომ თეთრხალათიანს.
შემომხედა, უფრო ამომხედა, რაღაცას წერდა...
-ეგ გარდაიცვალა...იყო პასუხი.
-ეგ არა!...ახლა რომ შემოიყვანეს, ოცი წუთის წინ, იმ ბიჭზე გეუბნებით!..
(არ არსებობდა ვინმე , ვინც იმ წუთას ლაშას სიკვდილში დამარწმუნებდა)
თეთრხალათიანს ხმა აღარ გაუღია.მიყურებდა მხოლოდ.
-ნანა, შენ?...ნაცნობი სილუეტი, თეთრხალათიანი ისაც...რატომღაც მხოლოდ თეთრხალათებს ვამჩნევდი, ეტყობა სითეთრე მჭრიდა თვალს. სახეებს კი ვერ ვხედავდი,ვუყურებდი, მაგრამ ვერ ვხედავდი.
როგორც იქნა ვიცანი. გამახსენდა ჩვენი თანაკლასელის დედა იყო, აქ მუშაობდა.
-ნანა, ვინ იყო შენი?...
-ელიკო დეიდა?!....ჩვენი გელას ბიჭია, სადაა?...შემიყვანე მასთან, მამამისი
დღეს ჩამოდის,ჰოლანდიაშია,ჩემი ქმარიც...ყველაფერი გაუკეთეთ...
ფულიც მაქვს...
ხელი მომკიდა, დერეფნის ბოლოსკენ წამიყვანა...-შვილო, დედამისი
გარეთაა, ვერ უთხრეს, გარდაიცვალა, ვერაფერი უშველეს, გულში იყო
დაჭრილი.
ადგილზე გავქვავდი. მივხვდი სიმართლეს ამბობდა.
ვიდექი ასე. მკერდში რაღაც მძიმე, ბურთივით გამეჭედა და ადგილიდან დაძვრის საშუალებას არ მაძლევდა. ხმამ გამომარკვია:
-რა, რა მოხდა?... რეზო იდგა შემოსასვლელში...
თავისით დაიძრა გულთან გაჭედილი "ბურთი"და ელვისუსწრაფესად რეზოს დაეტაკა.
-ლაშა მოკვდა!...ისეთი მუხტით ვესროლე ეს ორი სიტყვა, კაცი ჩაიკეცა.
მე გადავრჩი.
გამახსენდა დათოს დივთერია, მაშინაც ასე დამემართა.
პოლიკლინიკაში წავიყვანე. მოდებული იყო ეს დაავადება იმ დროს, ჩვენს უბანში ბავშვი გარდაიცვალა. დათოს ყელი სტკიოდა იმ ხანად და დაშინებულმა  ექიმთან გავაქანე. დივთერია აქვსო,- დაუდგინა.
მივრბოდი უხმოდ და მივარბენინებდი შვიდი წლის  ბავშვს ხელჩაკიდებულს. როგორც იქნა მივედით ადგილამდე. (ავადსახსენებელი
ოთხმოცდაათიანი წლები იდგა...ჯიხური ქონდა ჩემ ქმარს გელასთან ერთად  და ამუშავებდა . კლასელები ვართ ჩვენ: მე , ჩემი ქმარი , გელა...ლიზი, მერე შემოგვიერთდა, როცა გელას გაჰყვა  ცოლად, მაგრამ იმ წუთიდანვე გახდა ჩვენიანი და ასე , ერთად მოვყვებით დღემდე ცხოვრებას) მისვლით კი მივედი, მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი, მაშინაც თითქოს ბურთივით რაღაც გამეჭედა. მახსოვს რამდენიმე წუთს გრძელდებოდა ეს...
- რა მოხდა, რა მოხდა???...მაჯანჯღარებდნენ...როგორც იქნა ძლივს ამოვიბღავლე და მივხვდი რომ  გადავრჩი.
თუმცა, მოგვიანებით, საავადმყოფოში , აღმოჩნდა, რომ არ იყო დივთერია, ადონე ვირუსი იყო მხოლოდ, ჩვენებურად ანგინას რომ ვეძახით ის, მაგრამ ეს მერე....

ახლა დათო ოცდაშვიდი  წლის მყავს, ლაშა კი ოცდაექვსის გახდებოდა აპრილში.

როგორც იქნა გამოვედი " მიმღების" შენობიდან.
ლაშა ნაკლებად მადარდებდა იმ წუთას, ჩემ დაქალზე ვფიქრობდი, რა მექნა, რითი მეშველა, როგორ გადამერჩინა?...ისე მტკიოდა, ხორცები მეწვოდა.
ხალხი შეგროვილიყო შორიახლო. შესცქეროდნენ საცოდავ დედას.
ლიზი თავწაწყვეტილი ქათამივით აქეთ- იქით აწყდებოდა. სიმართლეს ვერავინ ეუბნეოდა. მივედი ხელი მოვკიდე...- წავიდეთ სახლში!..
დამემორჩილა.
" ჩააქრეთ ზეცა!"....თავისთავად ამოტივტივდა პოეტის ნათქვამი.


ექვსი წელი გავიდა...

კუთხეში ამოვუხვიე.
აქ იდგა ხოლმე...აი, იმ დიდი, ნაძვის ძირში.  ყოყლოჩინა, "მართალი კაცი" ...-დედამისმა, ლიზიმ შეარქვა ეს სახელი.
ჩვენი ყოყლოჩინა , "მართალი კაცი"...მაშინაც აქ იდგა მეგობართან ერთად...

დამინახა. -ნანა დეიდა...შემომცინა და ჩემსკენ წამოვიდა.
-სახლშია ქალა?...თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია. ჭიშკრამდე მიმაცილა.
უცებ ტაქსი გაგვიჩერდა  ლამის ფეხებთან. ხმაურით გადმოვიდა მძღოლი,
ასაკიანი იყო.  უკანა კარიც გაიღო და ახალგაზრდა კაცი გადმოხტა, (ეტყობოდა მანქანაშივე მოუვიდათ კონფლიქტი)  ქალიც გადმოჰყვა:
თვალში საცემად ვულგარულად ჩაცმულ-ჩახატული.
-სანამ არ გადამიხდი, არსადაც აღარ წავალ!...ეს მძღოლი იყო.
-ჩაეგდე მანქანაში! ...უხეშად მოკიდა ხელი ახალგაზრდა კაცმა მძღოლს და
ცდილობდა ძალით ჩაესვა.
(არ ჩარევა , არაფრით არ გამოვიდოდა ვფიქრობ ახლა, ზედ თავის ჭიშკართან...)
-ჩემი ძმა, რა ხდება?...ახალგაზრდა კაცს მოკიდა ლაშამ ხელი და
ძალით გააშვებინა შეშინებული მძღოლი.
-შენ ვიღა ხარ, შენი დე....ვეღარ დაამთავრა, პირდაპირ სახეში მოხვდა მუშტი. ( მტრისას მისი მუშტი, ისეთი დაკუნთული იყო, დღედაღამ ვარჯიშობდა)კაცი  წაბარბაცდა, მანქანას მიასკდა. ერთი კი გაიბრძოლა -ამაოდ, მეორეც მოხვდა.
რატომღაც აქამდე ჩუმად რომ იდგა ქალი, - ატეხა წივილ-კივილი...
ხალხი მოგროვდა.  გააშველეს. გულგახეთქილი ლიზიც მოვარდა განწირული ხმით...-ლაშაააა!....
მე კი ვიდექი და ამ ყველაფერს ისე ვუყურებდი, თითქოს ვცდილობდი
არაფერი გამომრჩენოდა. ახლა ვიხსენებ ლიზის საყვედურიან მზერასაც,..-
რატომ დაანებე ჩხუბიო ვითომ, ან რატომ არ დამიძახეო ვითომ?...
ჰო, რატომ არ ჩავერიე ვფიქრობ ახლა: არ ვიცი, უფრო სწორად ვიცი: მომწონდა ეს ყველაფერი, არა, ჩხუბი და აყალ-მაყალი კი არა, ლაშას გაბედული გამოსარჩლება მომწონდა...ის კი არა, მუშტი როცა უთავაზა, მგონი გულში ესეც გავიფიქრე ..."რა კარგად, ახია მაგაზე!..." ნეტავი დათოს რომ ეჩხუბა , მაშინაც ასე ვიფიქრებდი, თუ ლიზივით წიოკს ავტეხდი?...სულ გულწრფელად რომ ვთქვა, არ ვიცი რას ვიზამდი. ერთი კია,  ლაშა სხვანაირი იყო,  პირდაპირი, ლაღი, დაჯერებული, სიარულიც ისეთი ჰქონდა: ისე ლაღად და მსუბუქად მოჰქონდა განიერი მხრები, იფიქრებდი...აი, ახლა, ახლა გაშლის და აფრინდებაო...( ასეც მოხდა, ეტყობა არ იყო აქ მისი ადგილი)

ლაშა მძღოლთან მივიდა...- დაჯექი ძია კაცო და წადი შენი გზით!
მანქანა დაიძრა. ქალი აღარ კიოდა, ახალგაზრდა წამომდგარიყო ფეხზე, ტუჩიდან თუ პირიდან სისხლი სდიოდა.
-მიდი...წადი  შენი გზით!... თუ კიდევ არ გინდა!...აქ გამოვლილი აღარ დაგინახო!...- მიუგდო ლაშამ და ეზოში შევიდა. ჩვენც შევყევით.

მთელი ეს სცენა ცხადად გამახსენდა. ჩვიდმეტის იყო მაშინ,


ჰო, დღემდე ერთად მოვყვებით ცხოვრებას მე და ლიზი.
ჯერ კიდევ პატარები გვყავდა. ახლო ახლოს ვცხოვრობდით მაშინ.
საყვარელი ბავშვი იყო. ხუჭუჭა, ლამაზი, ცქვიტი და ვერცხლის წყალივით მოძრავი.
ისევ გულიანად მეცინება...

სულ პატარბი იყვნენ, ჩემი ნინო ოთხის არც იქნებოდა, ლაშა
ხუთის და ცოტა მეტის. ზემოთა ქუჩელი ლევანი ვერ იტანდა რატომღაც ამ ახტაჯანა ნინოს და როგორც კი თვალს მოჰკრავდა თავის ქუჩაზე, აგდებდა,  არ უშვებდა იქ თამაშს.
რამდენჯერმე ტირილით მოვიდა მახსოვს. ერთი ორჯერ თურმე ლაშა გაყვა  ( დათოს და გიორგის მაშინ თავისი ბავშვურად გასაიდუმლოებული საქმეები ჰქონდათ და ნაკლებად ეცალათ ნინოს კაპრიზებისთვის, გიორგი ლიზის პირველი ბიჭია) და იმ თავისზე დიდ ლევანის საქმეებიც გაურჩია, მაგრამ ლევანი უარყოფდა ყველაფერს. მეცინება ახლა... ნუთუ ეშინოდა ხუთი წლის ლაშასი, თვითონ ლევანი უკვე  სკოლაში დადიოდა.
ერთხელ კი...წინასწარ  დაგეგმეს თურმე:
ლაშა, ლევანის ქუჩაზე, ბუჩქებში ჩაიმალა. ცოტა ხანში კი ნინო ავიდა და
თამამად დაიწყო იქ თამაში, რათქმაუნდა ლევანის, დაბრიყვებული გოგოს ასეთი სითამამე არ მოეწონა და აუმიზეზდა, რათა გამოეგდო იქიდან, არც ნინო უთმობდა თურმე, კაი ხანს მათ კინკლაობას ლაშა ბუჩქებიდან ისმენდა და აი...როგორც კი ლევანიმ ხელი მოუღერა...- გოგო შენ! ხომ  არ გინდა....თითქმის ცხვირწინ ამოუხტა და ეს ჩვენი სკოლის მოსწავლე მტვერში ამოგანგლა. ვერ აგდებინებდნენ ხელიდან თურმე.
ამ ამბავს მერე, უკვე დიდები მიყვებოდნენ და ისე აფორმებდნენ, რამდენჯერაც გინდა მოეყოლათ, ყოველთვის გულიანად მეცინებოდა.
ლევანი ახლა დიდი კაცია, პარლამენტში მუშაობს მგონი, რაღაც პროექტზე.
ღმერთო, რამდენი დრო გასულა. ნინო ახლა ოცდაოთხის გახდება მალე, ლაშა კი ,ოცდაექვსის გახდებოდა დღევანდელ დღეს.

უცებ გაიზარდა, გამაღლდა,  დაიკუნთა, დავაჟკაცდა,
კიდევ უფრო გალაღდა. დღემდე სინანული მკლავს, ყოველთვის ბავშვივით ვექცეოდი, ბავშვივით  ვუყურებდი, თურმე მზეჭაბუკი დაგვყვებოდა გვერდით. ამიტომაც გადმომაქვს ალბათ ფურცელზე  ყველაფერი. ახლა ასე მოვეფერები  და ცოტათი მაინც ამოვავსებ ამ სინანულს.
ლიზი კი... -ეტყობა, ჩემგან განსხვავებით მაშინვე იცოდა...
მახსოვს აღტკინებული დადიოდა იმ ხანად,  სიხარულს ვერ მალავდა, ეამაყებოდა , როგორც კი  ლაშა გამოჩნდებოდა, ყველაფერი ავიწყდებოდა,მხოლოდ მას შესციცინებდა თვალებში
მაღაზია გვქონდა მე და ლიზის...
თითქმის ყოველ საღამოს აკითხავდა დედას , მერე კი ერთად
გაუყვებოდნენ სახლისაკენ, ხელგადახვეული მიჰყავდა პატარა გოგოსავით
გალაღებული ლიზი, მუხლსზემოთ კაბაც როგორ უხდებოდა, ათასნაირი
მძივები ყელზე და " ნათელი"..."დიდი  შუქი"  თვალებში  რომ ედგა იმ დროს, რასაც ალბათ ყველა ენაზე და უენოდაც , "სიცოცხლით სიხარული" ჰქვია.  ხატვა რომ შემეძლოს, აუცილებლად  დავხატავდი ასეთ ლიზის...ჭრელა- ჭრულა ფერებში გამოწყობილს, ლაშას გვერდით მიმავალს, გაცისკროვნებულს და " უბედნიერეს ქალს "დავარქმევდი.
ახლა კი ჩემს ერთერთ ლექსში, ასე ვწერ მასზე...-თვალებჩამქრალი,  ჩემი დაქალი...

ექვსი წელი გავიდა უკვე...
ახლა წერაც ადვილია, გახსენებაც იმ ტკივილებისა, ტკივილებიც
ძვირფასი გახდა, რადგან ისინი ლაშას ეკუთვნის და მას რაც ეკუთვნის ,
ყველაფერი ძვირფასია უკვე, მოფრთხილება უნდა. ვფიქრობ ფურცელი ამ შემთხვევაში, ყველაზე საიმედო  თავშესაფარია.
ლიზიმ პატარა მაწანწალას აჩუქა ლაშას საყვარელი ველიკი...( მაინც მიკვირს, როგორ გაიმეტა) მე კი ის, ფურცელზე შევინახე სამუდამოდ. (მეც ხომ უნდა მექნა რამე?)  ვაწყობ ასე, ამ თეთრ სკივრში ლიზისთვის ძვირფასს და სათუთს.  როცა მოუნდება ახდის  სახურავს და...
დავიწყება მაინც არ გამოვა, სისულელეა ტკივილის  დავიწყება. ტკივილი
უნდა შეიყვარო და ასე უფრო ადვილია მისი ტარება.
სიყვარული ხომ ყველაფერს კურნავს...-დრო არა, სიყვარული კურნავს.

ექვსი წელი გავიდა უკვე...

დღევანდელი დღესავით მახსოვს...
ხინკლის სახლში წავედით: მე, ჩემი დათო. ლიზი თავის ლაშათი.
იქაც ლაშა ლიდერობდა, ვის დააცდიდა?...დაგვსხა, გვემსახურა,
გვაცინა...არაყი დავლიეთ მახსოვს. მე და ლიზიმ იმიტომ , რომ  ჩვენი ჭკუით ბიჭებს ნაკლები შეხვდებოდათ და არ დათვრებოდნენ. გამოვჭუკდით ქალები, ხმამაღლა ვლაპარაკობდით, ყურადღებაც კი მივიქციეთ...  ჰოდა , პირიქით მოხდა... -ჩვენ გავხდით იმათი საპატრონო.
როგორ სიყვარულით დაგვცინოდნენ  დედიკოებს...ბოლოს ტაქსით მოგვიყვანეს. - ბიჭო ქუჩაში ამათთან სიარული სუფთა შარიაო, სიცილით ეუბნეოდა დათოს,  მარტო არსად გავუშვათ სანამ მამები  არ, ჩამოვლენო...კვდებოდნენ სიცილით.
ჩვენი შვილები, ჩვენი კავალრები, რა ბედნიერები ვიყავით...რა იცოდა მაშინ ლიზიმ......სულ რაღაც სამ დღეში...

ჯერ მხოლოდ ოცის იყო.


სად მოასწრო ამდენი?...
მიკვირდა,პანაშვიდებზე ხალხის ნაკადი არ წყდებოდა. მოდიოდნენ და მოდიოდნენ...გოგოები თავს იკლავდნენ ტირილით, ბიჭები უხმოდ ქვითინებდნენ. ღამეებს უთევდნენ, ფსალმუნებს უკითხავდნენ ჩვენთვის უცნობი ადამიანები. მგალობლებიც კი მოვიდნე და დაკრძალვის დღემდე გალობნენ...გამახსენდა, ბოლო დღეები, რომელიღაც მონასტერზე და  ბერებზე გველაპარაკებოდა მე და ლიზის, სურათიც გვაჩვენა, ბერებთან ერთად გადაღებული, შუაში იდგა გაღიმებული.
მოჭიდავეები ერთად მოვიდნენ,  ერთნაირად კუნთდაბერილები, ერთმანეთს გავდნენ, ლაშასაც., მათან ერთად ვარჯიშობდა დარბაზში ალბათ.
არ დაგავიწყდეთ ეს ის პერიოდია, როცა , ვერავის გააკვირვებდით სიკვდილით, როცა პანტაპუნტით იხოცებოდნენ ჩვენი შვილები, კვირა ისე არ ჩაივლიდა, ტელევიზიით რომ არ გადაეცათ:
დაჭრეს ცხრამეტი წლის ესა და  ეს...ჩხუბში მოკლეს ოცი წლის...და ასე
დაუსრულებლად...მანამ,  სანამ წარმოუდგენლად არ გამკაცრდა სასჯელი მსგავს მოქმედებებზე,

ისიც მოვიდა...მეგობართან ერთად მოვიდა , თეთრი ვარდებით.
ლამაზი იყო და  ხელში რომ ეკავა, იმ ვარდებივით ფერმკრთალი. სულ ბავშვი, თხუტმეტი, თექვსმეტი წლის თუ იქნებოდა. ლაშას უყვარდა...
ესეც მერე გავიგეთ, როცა წერილები ვიპოვეთ მის უჯრაში...-შენი თვალები
შავი გვირილებიო...-წერდა სალომეს.  სამებაში, მაცხოვრის დიდ ხატთან დაუფიცია ხელგაშლილს, თუ მოვიყვან მხოლოდ სალომეს მოვიყვან ცოლადო, თუ არ გამომყვება ბერად წავალო...
ღმერთო, რომ დასცლოდა ნეტავ ამაზე მეტი რაღა უნდა მოესწრო?
მახსენდება... მოსულებიდან ,ერთი კოჭლი ბიჭი, აივნის კუთხეში...ისე გულამომჯდარი მოსთქვამდა, ვერაფრით აწყნარებდნენ, სლუკუნებდა და თან ხმამაღლა ყვებოდა თუ რა გაკეთა ლაშამ მისი ავადმყოფი დედისთვის,  სანამ გარდაეცვლებოდა... ბევრიც ვერაფერი გავიგე, მისი გულამომჯდარი სლუკუნით  ვხვდებოდი რაოდენ კეთილი საქმე შეიძლებოდა ეს ყოფილიყო.
სხვები სხვას ყვებოდნენ...
ჩვენ, ჭირისუფალი, გაოგნებული ვუსმენდით ამ ბავშვებს, .გვიხაროდა, გვეამაყებოდა, გლოვას აღარ გავდა ეს ყველაფერი, სპექტაკლს გავდა,  სცენაზე გამოდიოდნენ ადამიანები და ხმამაღლა, გულწრფელად  საუბრობდნენ სიკეთეზე,  სიყვარულზე , რომელიც ჩვენმა  ბავშვმა , ლაშამ დატოვა. თითქოს ამ ყველაფრის დემონსტრირებით ფიცს დებდნენ, რომ თვითონთაც ლაშასავით იცხოვრებდნენ.
მახსოვს დათომ თქვა: ლაშა , მარტო იმ ბიჭისთვის არა, ჩვენთვისაც მოკვდაო, ჩვენ- ყველასთვისო!...მთავარი ის კი არ არის, ცოცხალი ხარ თუ მკვდარი, მთავარია რამდენ სიყვარულს იტევს შენი გულიო.

ლიზის სჯერა, რომ  ლაშა არ მოკვდა, ცოცხალია და ღმერთან არის მისი შვილი , ქრისტეს ჯარისკაცია.
მეც მჯერა. შეუძლებელია  მოკვდეს ის , ვინც ამხელა სიყვარული ატარა, მიწა მიეყაროს , დაეფლას  და გაქრეს უბრალოდ.  ან როგორ დავიჯერო, როცა ახლაც ექვსი წლის მერეც, მხვდება ეს დატოვილი "სიყვარულები".
შარშან იყო...
საფლავზე ავედით მე და ლიზი. კარი შეღებული დაგვხვდა. ბიჭი და გოგო ისხდნენ " ქვასთან" ახლოს. ჩვენ დანახვაზე შეცბნენ და ფეხზე წამოდგნენ.
ბიჭი ვიცანით, გოგო ვერა. გაირკვა რომ ხვალ ქორწილი აქვთ და დღეს კი
ბიჭმა  ლაშას გასაცნობად ამოიყვანა  აქ , საცოლე.
ვიღაცამ შვილი ამოიყვანა მახსოვს...ვიღაცამ მეგობარი მოიყვანა ამ "დაფლულის" გასაცნობად..
ვფიქრობ... -რამდენ ცოცხალს ვიცნობ ვის გასაცნობადაც ,თითქმის უცნობ ხალხს, მიჰყავთ, თავისი ძვირფასი ადამიანები?...-ვერცერთს ვერ ვიხსენებ.
ექვსი წელი დიდი დროა,  ის ნაცნობები თუ უცნობები, გაიზარდნენ, დაოჯახდნენ., მაგრამ თითქმის არ არის დღე, რომ ვინმე არ იყოს საფლავზე ნამყოფი: ხან გულზე დაწყობილი ყვავილები ხვდება ლიზის, ხან  ბოთლი დგას დაცლილი.
ცოცხალია!...ვიცი ზუსტად. არ ვატყუებ ლიზის, როცა ვეთანხმები ამაში.


ოთახის კარი შეუღო.  პირქვე  იწვა , ხელებგაშლილ, ბალიში გვერდით ეგდო,
-დე, გაგვიანდება!...
- მმუუ...
-ლაშაა!... ადექი, მე გავდივარ, ვინ გაგაღვიძებს?...  ცხრა ხდება!!...
ოოო..  კაი დე, ავდგები, წადი შენ!,..

რა იცოდა ლიზიმ, რა იცოდა თორემ გააღვიძებდა კი არა, პირიქით,
ბანგს დაალევინებდა, რათა მთელი დღე გაუღვიძებლად სძინებოდა, ეგება ასცდენოდა...ეგება ასე , ძილში ამოეჭრა ეს საბედისწერო დღე თავის ცხოვრებიდან...

სამსახური რამდენიმე კვირის დაწყებული ჰქონდა.იქაც მოესწრო ბევრის გაცნობაც  და შეყვარებაც. შოთიკოს ყველაზე მეტად დაუახლოვდა.
სწორედ ამ შოთიკოს რამდენიმე დღის უკან, შელაპარაკება მოუვიდა თურმე ერთერთ თანამშრომელთან,  ლაშა იმასაც იცნობდა და თავისი ხალასი ხასიათიდან გამომდინარე, მასთანაც თბილი ურთიერთობა ჰქონდა.
ლაშა, შენ ნუ ჩაერევი!...- უთხრა კიდეც.
ბიჭები მოუყვანა შოთიკოს  საქმის გასარჩევად. ათამდე ბიჭი იყო. პირდაპირ დაწესებულების ეზოში....-იარაღი აქვთო ჩურჩულებდნენ აქეთ-იქიდან.
ახლა რომ ვფიქრობ, იმ ტაქსისა არ იყოს, არ ჩარევა არაფრით არ გამოვიდოდა, შარი კი არ დასდევდა , შარი, მასზე ადრე მოვიდა იქ, დანიშნულ ადგილას-წინ დახვდა და ახლა უტიფრად ცხვირწინ იარაღიან ხელს უტრიალებდა...- ვნახოთ ერთი რა ბიჭი ხარო?...
შოთიკო ხმაგაკმენდილი, თავდახრილი იდგა მუხლზე... -იარაღის ტარი ჩაერტყათ, სისხლიანი თავი ამაზე მეტყველებდა- თანამშრომლები შორიახლოს... -უყურებდნენ  სცენას.  (ვერც გაამტყუნებ კაცი, როგორც ჩანს, იარაღის ყველას შეეშინდა)
ჰო, მე თუ მკითხავთ, არ ჩარევაც შეიძლებოდა, თუმცა კარგად ვიცი, ლაჩრობის ტოლფასი იყო  "არჩარევა"  იქ , იმ დროს.
ჰო, ეგ  მე თუ მკითხავთ და ...ლაშას ტვინში, არ დაიბადებოდა მსგავსი კითხვაც კი.
"არ ჩარევით"  ალბათ სავარაუდოთ, გაცილებით მშვიდობიანად დამთავრდებოდა ყველაფერი, უმნიშვნელო მსხვერპლით, -შოთიკოს  დამცირებით და არა მარტო შოთიკოსი...

...-დამწკრივდით,  აბა , რომლები ხართ მაგარი ბიჭებიო!... სწორედ ამ სიტყვებით დაიწყო მომხვდურმა.
ლაშა იარაღიან  ხელში მისწვდა უმალ... მოწინააღმდეგეზე მაღალიც იყო და ძლიერიც. წართმევა არ გაუჭირდებოდა, რომ არა, იმ , მეორე,  გამწვლიკულის მოქნეული ბებუთი...-შიგ გულში...

ყველაფერი უცებ დამთავრადა. იარაღიანები გაიქცნენ .
შორიახლოს , ჩუმად მდგომნი, ამჯერად საქმიანად  დაფაცურდნენ და
დაჭრილი " არამიანცის საავადმყოფოში" გააქანეს.

ლაშა დაჭრეს დე!...ჩემი დათოს ჩამწყდარი ხმა სამზარეულოში მომეწია..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები