ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფე
ჟანრი: პროზა
17 ივლისი, 2014


რა კაცია პოლიასტო?

რა კაცია პოლიასტო?!
პოლიასტო ის კაცია, ვინც კომბლებს არ ჭრის და სხვენში არ აწყობს . არ სჭირდება და იმიტომ. კარგა ხანია სოფელში ცხვრები აღარა ჰყავთ. ბოლო დრომდე ჯოკიას ჰყავდა ,ვიდრე მისი სიდედრი, მარუსა იყო ცოცხალი... მიჰყვებოდა- მოჰყვებოდა  კოხტად, გრძელი ბურთულა საყურეებით და ფოფიალა კაბით. ვიწრო შუკაში მიდიოდნენ ჯგროდ, მიპეტელობდნენ, მიბაკუნობდნენ,
- ჭირი იმათ და დოზანა-, ჩემი სახლის წინ უნდა ჩაევლოთ და გადაციებული მქონდა გული. მანდამაინც ჭიშკარზე აუტყდებოდათ რქების ფხანა. ქუჩაში ვერ გავდიოდი მათი შიშით. დამახსოვრებული მქოდა გადენა- მოდენის განრიგი და ვცხოვრობდი ამ განრიგით მეც. თუ მარუსა ავად იყო და გული უწუხდა, ან წნევა ჰქონდა, არითმია,  ანგინა, ან ქარები გაუდგებოდა წელში, წელკავი და ათასი სატკივარი, როგორც იციან სიბერის ჟამს, მაშინ მისი სიძე ჯოკია, მიდიოდა  ცხვართან. ის ან აგვიანებდა, ან ასწრებდა და დავდიოდი ცხვრების ჭკუაზე მეც...
რა შუაშია აქ პოლიასტო ?!-
პოლიასტოს ერთი დიდი ჭოლოკი ეჭირა ხელში  და გამუდმებით ურაკუნებდა სტოლბას. დენის მავთულს, ან ქარი აზიანებდა, ან წვიმა, ან თვითონ აიცდენდა პირს.
ესეც მიადგებოდა, - მოგიკვდა პატრონი, -გადაგიშენდა გამომცემელი,- ამოგიწყდა ყველაფერი,-ფუჰ,- ვერ უხერხებდა ვერაფერს და მაინც არ ეშვებოდა.
-მიდექი და ურაკუნე მაგ სტოლბას მთელი დღე კოდალასავით, წადი დაუძახე ჯაბულოს და გაგიკეთებს!...
-ჯაბულოს თავისი შნური უკავია მთელი დღე ხელში-
-მაშინ, მანტიორი მონახე-
-მანტიორს სად ვსდიო სტოლბებზე მე?-
-დაურეკე!-
-შენ ქალო, მარსიდან ხომ არ ხარ მოგზავნილი, რითი დავურეკო ქვასანაყით?!-
-ადი ნარგიზას ბალკომზე, იჭერს იქ!-
-ფუჰ, გადამრევს ეს ქალი-
- მიიხედე ეზო რას გავს, , ყორე ჩამოქცეულა, შემოლაგდებიან ღორები შიგ- წყალი აღარ მოდის, შესაკეთებელია, ალბათ სათავეში გეიჭედა., ეს ლოდიც გაათრიე გარეთ.
-დაგვაქცია ამ წყალდიდობამ,  ხო იცი,მოსპო ყველაფერი.-
ათვალიერებენ გაპარტახებულ ეზოს. ჰგავს ყანა ბოროდინოს ველს( ასე თვითონ შეადარეს), ნინუცას ბოსტანში ერთი ღერი ჭლაკვია მარტო ცოცხლად, სხვა ყველაფერი დასილულია.
-შეხედე, მირბის რიონი ქაჯივით-
ეს შუასოფელია, მაგრამ ადიდებულ რიონს კარგად ხედავენ ზევიდან. მიაქვს ყველაფერი რაც გზად ნახა და რაც სახლში დახვდა; მაცივარი, ტელევიზორი, ფეჩი, სკამი, ძროხა...ყვავილი....
-საკირლებს ქვეყნის რამე დაუჭერიათ წყალში-
-აბა, თევზი არ არის და ფეჩი მაინც დეიჭირონ-
ჯაბულომაც ამოყო ღობესთან თავი,-გამარჯობაო-მიესალმა მეზობლებს
-სად მიგყავს ეს ძროხა? -.
-საკირეში მიმყავს ბუღასთან-
-ამ ქცევაში რა ბუღა აგიტყდა?-
-ბუღა მე კი არა, ამას აუტყდა-
-ჩამოდი ერთი თუ კაცი ხარ, სტოლბას შემოურაკუნე იქნება გააკეთო დენი-
-დენი არ არის და ურაკუნე რამდენიც გინდა, ერთი კვირა მაინც არ იქნებაო-
-აგვწყობია საქმე-
-უი, შეიცხადა ნინუცამ, ჩემი სერიალი დამრჩა უყურებელი-
-ა, შეხედე შენ ამას ახლა, სერიალი კი არა ხალხს სახლები
დარჩა უყურებელი, წაართვათ წყალმა ყველაფერი-.
-შურას სახლი ბერდიკოს ეზოში ჩამოუტანია და ქე ცხოვრობენ ერთად, ვითომ ძაან უყვართ ერთმანეთი.-
ჯაბულო მაინც ჩავიდა ეზოში, გამოართვა ჭოლოკი და დაუწყო დენს ჩხიკინი. ვითომ შეაკეთა და იქვე ჩამოჯდა.
-რა ეშველება ამ ხალხს, ქვედა უბანი მთლად წაუღია-
- მთავრობა დაეხმარება-
-კი, უყვარს მთავრობას გაჭირვებული ხალხი...
სახლის ქვეშიდან ვარია გამოძვრა, გატყაული, გაპუტული, ჩაუარათ წინ მცხიკვებით
-გამოდი ქალო, სიცხე აქვს ქათამს, ოცდაცხრამეტი, დაალევიე რამე და ჩვენც დაგვალევიე-
-არა აჰ, ბუღა მყავს საძებარი-
-შენ დალიე და ბუღა აქეთ მოგაკითხავს-
ბუღა არადა იულიონის ბაბუცა კი გამოუხტა პოლიასტოს...
-თქვე ოხრებო და ტიალებო, ის წყალი რო მიგიშვიათ, ჩემ ეზოზე და გამიოხრა ყველაფერი, დამაქცია, თქვენ დეიქცით და დეიმხვეთ-
- შენ დეიქცი და არ გაგითენდა დილა-
და ასე შემდეგ ... პოლიასტოს ნინუცაც მიეშველა და ატყდა მეორედ მოსვლა, მეორედ...
ეს კამათი დღეს და გუშინ არ დაწყებულა მათ შორის, თავიდან კარგი მეზობლობა ჰქონდათ კარგა ხანს, ვიდრე ბაბუცას ღობიდან გამოშვერილმა მაყვლის ტოტმა, პოლიასტოს, ნაჭრის ქუდი არ ააძრო თავიდან.  მეზობლის ბურდღუნი ყურად ხვდა ბაბუცას და სწორედ იმ დღიდან ჩამოვარდა მათ შორის, არა  განხეთქილების  ვაშლი, არამედ მაყვალი.ძირითადი დავა მაინც  საზღვარმა გამოიწვია.ერთ დღეს გადასწევდა ათი სანტიმეტრით ღობეს პოლიასტო და ჩხუბობდა ბაბუცა, მეორე დღეს გადმოწევსდა ბაბუცა ღობეს და ჩხუბობდნენ პოლოისტო და ნინუცა.
ბაბუცას ქვედა მესაზღვრე მეზობელთანაც ჰქონდა დავა.. ეს უსიამოვნება განსაკუთრებით, თხილის მწიფობის დროს იჩენდა თავს, რადგან ვერ გაერკვიათ ორი ძირი თხილიდან რომელი ტოტი ერგებოდა თითოეულს...
ჩხუბობენ გაუთავებლად...ჟამიდან ჟამზე....
-რა გაქვთ საჩხუბარი თქვე კარგო ადამიანებო... ჩამოივლიდა ბრმა დოროთე ჯოხის რაკუნით...
-მოთმინებითა შენითა....მოთმინებითა შენითა...
გაისუსებოდნენ წამით...
როცა ეზოებში კეთილი სული გაიფანტებოდა, დასცხებდნენ ისევ...
-რა ჭირი უნდა შენს ქათამს ჩემს ეზოში, მაგი დაგიკალი საკურთხზე შენ-.
-ვერ მეესწრები ჩემ სიკვდილს და შენ კი გაფშიკავ მალე ფეხებს-
-ის ბალი ან შენ მოჭერი, ან მე მოვჭრი და შეშად ვიხმარ, ფოთლებითაა ეზო სავსე-
-მოგაჭრი თავს-
როცა საათიდან  გამოხტარი გუგული  ხუთჯერ იყვირებდა" გუგუს," ბაბუცა შალის თავსაფარწამოსხმული  ფართოდ გამოფაშფაშდებოდა ვიწრო შუკაში და დემონსტრაციულად ჩაივლიდა პოლიასტოს სახლის წინ.
ვაი ,თუ ერთმანეთს შეეფეთებოდნენ წინ, თუ არა და ბაბუცა კაპასის გარეშე  მაინც არ ჩაივლიდა და არ ამოივლიდა. ყოველ დღე ახალ- ახალ წყევლას იგონებდა, ერთფეროვნება არ უყვარდა ერთობ.  რა ხელს უშლიდა,  შუკაში დაყრილი პაპოროსის ნამწვავები., მაინც იტყოდა:
- რას ეწევი ამდენს, შენ მოწიე გველი...
-დილის არ გათენება შენი.-..ერთფეროვნად იგერიებდა პოლიასტო 
მთელი "მსოფლიო უყვარს' პოლიასტოს და ეს  ერთი ბაბუცა რამ შეაძულა ასეო- უკვირდა ხალხს.  არ უყვარდა და მორჩა!...
ასეთი პატარ- პატარა გაწევ- გამოწევა ყველა კუნჭულში იყო.
მაგრამ მაინც  მდორედ  მიდიოდა სოფლის ცხოვრება.
უმეტესწილად ,თავის დროზე მიდენ-  მოდენიდა მარუსა ცხვრებს. გაუდიოდათ პეტელი და ბაკუნ ბაკუნი...
მეც ვახერხებდი შეძლებისდაგვარად ქუჩაში გასვლას..
.და ერთ დღეს კი...
პოლიასტოს ღორი შეძვრა მეტოქის ყანაში, მომკლავსო გაიფიქრა, მაგრამ არავინ გამოხმაურებია. მეორე დღეს ღობე გადასწია, არც მაშინ გამოჩენილა ვინმე., წყალი მიუშვა, არც მაშინ...
ბაბუცას ეზოდან მხოლოდ მშვიდი ხმა გამოდიოდა...-მიწა ხარ და მიწად იქეციო-
ადამიანებს როგორც ყოველთვის, ან უმეტეს შემთხვევაში, წყდებათ გული თავიანთ მეტოქეზე, მაგრამ ეს ამბავი დიდად არ უჯავრია პოლიასტოს..
ცვივა მას შემდეგ ბაბუცას ეზოში ფოთოლი, ღობეც გადაწეულია., წყალიც თავის ნებაზეა,  პოლიასტოც  აგროვებს ჭოლოკებს ბლომად...
დენის საქმე არც ახლაა უკეთესად....
რიონი კი გარბის დროდადრო, აწყვეტილი ქაჯივით.
-

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები