ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
3 აგვისტო, 2014


* * *

დავდივარ ქალაქში და ღიმილს დავეძებ,
დავეძებ უნიღბო,ბედნიერ სახეებს,
უბრალო სიხარულს,მიზეზის გარეშე,
იმ თვალებს რომელიც კაცისთვის მახეა,

მაგრამ ამ ქალაქში არავინ იღიმის,
არავის  უნდა,რომ  მოიხსნას ნიღაბი ,
არადა ქალაქი იმ წარსულს მისტირის,
როცა სიყვარული ათრობდა იმ ბაღებს

ახლა რომ მეძავებს დაუდგამთ საწოლი,
აქ ზეცას ღრუბელი მცველივით გაჰკვრია,
აქ ვისაც სიგიჟე ჩემსავით აწვალებს
სხედან და უსმენენ ირაკლი ჩარკვიანს,

და სჯერათ ოდესმე ყველა ზღვა დაშრება,
ოდესმე შეძლებენ, რომ ფრთები გაშალონ,
სჯერათ რომ ტკივილი უკვალოდ არ ქრება,
და მიწად იქცევა კლდეების ნაშალი,

ამიტომ,ჩვენ ერთად ავუშვათ აფრები,
გავცუროთ,მერე რა თუ ზღვაზე ქარია,
ლაჩრები იტყვიან ჩვენზე,რომ ჩვენ ვაფრენთ,
და რომ ყველაფერი ლექსების ბრალია,

მაგრამ ჩვენ სიციცხლის ბოლომდე ვიცინოთ,
მთის წვერზე კოცონი ნიღბებით დავანთოთ,
ოხ! როგორ უხდებათ ვარსკვლავებს ციმციმი,
ციმციმა თვალებით სამყაროს გავათბობთ!













კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები