ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
14 აგვისტო, 2014


უნდა მიშველო

შენ ვერ მიხვდები,ამ ცხოვრებამ როგორ დამღალა,
როგორ მომბეზრდა ოცნებები,დარდი, სიცილიც,
აღარ სრულდება-დაღმართს ისევ მოსდევს დაღმართი,
უაზროდ ნასროლ სიტყვებსაც კი ვეღარ ვიცილებ.

აღარ მაღელვებს-ეს ღამე თუ არ გათენდება,
და რა ხანია ფრენაზეც კი აღარ ვოცნებობ,
უჰაერობამ გამაწამა-მტკივა ფერდები,
და მგონია რომ ჩემთვის ღმერთიც აღარ მოცდება,

შენ ვერ მიხვდები-რატომ ვგლოვობ ლექსებს დასაწერს,
როცა ვიცინი-მაშინაც კი მომდის ცრემლები,
ყველა ოცნება,ტირანივით ისე დავსაჯე,
რომ სიკვდილიც კი აფთარივით ირგვლივ მევლება

და ეშინია,რომ მიკბინოს- ვეღარ მიბედავს,
თვითმკვლელობა კი სასაცილოდ ბანალურია,
შენახულ ტკივილს,ნაწილ-ნაწილ გულის ჯიბიდან
ვიღებ და ვხვდები შევიშალე,ვგავარ შურიანს,

რომელსაც სხვების სიხარულზეც გული ერევა,
და ენას ღეჭავს,რომ გააქროს,მოკლას-შიმშილი,
ცამ მზე დაკარგა,არ მაღელვებს,ვამბობ-მერე რა?!
რაც მთავარია,შენ აქ მყავხარ,აქ და მიშველე...

უმნიშვნელოა ეს სიგიჟე გესმის თუ არა,
უნმიშვნელოა ყველა ლექსი,ყველა აისი,
მხოლოდ ერთს გთხოვ,რომ არასოდეს მითხრა უარი,
თორემ ლულაში ტყვია ბორგავს...ხო და-გაისვრის...

მე შენ მიყვარხარ,შენ გიყვარვარ,ტყვია კვლავ ბორგავს,
და ჯერ-ჯერობით,მშვიდად ბრუნავს ბედის ბორბალი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები