ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ჯოანა
ჟანრი: პოეზია
22 ივლისი, 2014


* * *

მოდი ჩემო მეგობარო
გადავდოთ ყველა საქმე.
ჩვენს კაცებთან პაემანზე აღარ მივიდეთ.
გავთიშოთ ტელეფონი.
ჩავკეტოთ ყველა კარი.
გავაღოთ დარაბები
და ის თეფში - თეთრი რომაა,
ცისფერი ყვავილებით,
დროსაგან დაბზარული და დასერილი,
ის თეფში დავატრიალოთ.
დავანთოთ კელაპტრები,
ახლად დაკლული -
მყვირალა მამლის
თბილი სისხლი მიმოვაქციოთ.
ერთი-ორი შელოცვაცა ვთქვათ,
იმან, რომ გვასწავლა და გვითხრა
არ გამცეთ, არავის არ უთხრათ
რომ ღამღამობით კუდიანი ვხდებიო.
ისე ჩვეულებრივი ბებერქალა იყო.
ნაოჭებით და თავშლით შავით.
ჩემო მეგობარო, დღეს სულებს უნდა
გამოვუძახოთ.
თვითმკვლელი ბავშვების სულებს უნდა მოვუხმოთ.
მოვიწვიოთ ჩვენს გაყვითლებულ
ძველ ოთახში
და გავუმასპინძლდეთ
თბილი სისხლით,
ძველი შელოცვებით,
ცოტაოდენი სიყვარულითაც.
ჩემო დაო,
დობილო ჩემო -
კარგად ვიცით კითხვებზე პასუხი
და სიკვდილის მომხიბვლელობაზეც
გვიფიქრია.
როცა ვიყავით ბავშვები და გვინდოდა
ცაში - თამაში ანგელოზებთან.
მაგრამ, იქნებ მაინც გვეკითხა,
ძველი თეფშის ბზრიალზე -
მოფრენილი, მოფარფატე
ბავშვურ სულებისთვის,
როგორ მიატოვეს
საბრალო, ღილის თვალება
წაბლა დათუნია.
ან თმა გაცვევნილი
დეპრესიული,
მკერდ ჩაფუშული
ბარბის თოჯინა.
არ ეტკინათ მაინც?
თეთრი ყელები -
როცა უხეში ყულფი უჭერდათ ძლიერ.
ან როგორ ყლაპეს ჭუჭყიანი, უგემური
მწვანე წყლის ქაფი, სავსე
ბაქტერიებით და ათასი ბავშვებისთვის სახიფათო
მიკრობებით.
როგორ შეძლეს მოეპარათ მამისთვის
იარაღი.
არ შეეშინდათ?
ან როგორია
შეგრძნება, როცა
ტყვია შენს სხეულს კვეთს
და რკინის სიცივე გეჭრება ტანში.
ბავშვებო, სევდიანებო
და მოწყენილებო -
რა დაგახვედროთ, რა გენატრებათ ყველაზე უფრო.
მოდი, მოდი დავატრიალოთ
თეფში - დაბზარული
უხეში ხელით მოხატულ-მოჯღაპნილი.
ქმრებს ვუთხრათ -
დღეს თქვენთვის არ გვცალია,
ნუ დაგველოდებით.
სტუმრად სულები გვაყავს,
მათ უნდა ვუმასპინძლოთ
და დავახვედროთ ის ცოტაოდენი
სიყვარული
ასე რომ აკლდათ აქ და მგონი ვერც იქ იპოვეს.
იქნებ დაბრუნდენ
და აღსდგნენ მკვდრეთით.
და თუ ვეღარ იპოვეს საკუთარი ბავშვური სხეულები
ჩასახლდნენ თოჯინებში,
ჩაიდნებში, ფინჯნებში, სარკეებში,
ჭრელ-ჭრულა კაბებში, კედლებში, დარაბებში.
იქნებ ამატყველდეს ყველა საგანი
და ქონდეთ სული.
ბავშვების სული.
მერე მოვლენ დედები,
მამებიც მოვლენ,
ბებიები და და-ძმებიც მოვლენ.
შეიყვარებენ ფინჯნებს, ჭიქებს, დარაბებსაც და გაცოცხლებულ
თვალებ მოხამხამე თოჯინებსაც.
უსიყვარულობისგან
გაქცეული შვილების,
შვილიშვილების, დების და ძმების
სულები ექნებათ.
ო, როგორ შეიყვარებენ!
დაუწყებენ კოცნას, ამბორს
გულში ჩახუტებას.
მორთავენ ყვავილებით,
აფრქვევენ სურნელებებს,
მოიყრიან მუხლებს და მოყვებიან ლოცვების ბუტბუტს.
ოღონდ, ჯერ სიყვარული
სულ ცოტა სიყვარულია საჭირო.
უნდა ვიშოვოთ.
აუცილებლად დაგვჭირდება.

რაც კი კუბიკი არსებობდა ამ ქვეყნად,
ყველა კუბიკი აწყობილია.
ყველაფერი თავის ადგილას ზის.
ასაწყობი აღარაფერია დარჩენილი.
ბავშვებმა მოიწყინეს, ძალიან მოიწყინეს.
ეს სიყვარულიც, რა ძნელი საშოვარი გახდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები