ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი არაბიძე
ჟანრი: პოეზია
25 ივლისი, 2014


* * *

...

ნაირნაირი
სიტყვა მოდის
აქ, ამ მინდვრებში,
ჩალის კონებში.
აქ დუმილია იმნაირი,
მზიდან ცეცხლის ხმას გაიგონებ.

ნაირნაირი
ლექსი მოდის
და შენს წინ ჯდება
ჩუმი ჩიტივით.
თუ შეგამჩნია, რომ შეამჩნიე
მაშინვე ქრება.

აქ სიჩუმეა იმნაირი
საკუთარ ტკივილს გაიგონებ,
როგორც ცეცხლის ხმას
წითელი მზიდან...

...

ღამე მიგორავს,
ჩვეულებრივი და გაწელილი,
და ჩემი ტვინი ამ სიბნელეში
ჰგავს უძრავ წერტილს,
ანუ ტელესკოპს...
მე ვგრძნობ ჩემს თვალებს,
როგორც პლანეტებს
და ვაკვირდები...
და  მიგორავს ღამე ხრამისკენ,
და ჩაეშვება ღამე ხრამში,
და გათენდება დილა -
ჩვეულებრივი და გაწელილი...

...

როგორ მგავს ჩემი ტელევიზორი.
გავსებულია ამბებით და არაფერს ყვება.
გამორთულ ტელევიზორს ფიქრი შეუძლია.
(ჩვენ ხშირად ვფიქრობთ ერთმანეთზე)
სად იკარგებიან ახალი ამბები,
ტელევიზორი ფიქრში რომ მალავს?
რა მოსდით ლექსებს,
რომლებსაც არ ვამბობ?!

...

რა ეშველება ღრმა ორმოებს მის სულში?!

ის ხშირად ამბობს: "მივუყვები შენს ლექსებს,
როგორც საახალწლო ნათურებით გაწყობილ გზას
შვილის სახლიდან თავშესაფრამდე.
(მართლა ასეა გაწელილი ჩემი ლექსები)
შემხვედრი ხალხის ღია თვალები
ანთებული და მძიმე თვალები
შენს ლექსებში ნიშნავენ დუმილს."
ამბობს ასე და ყველა დუმილს თითებით რკალავს
რაც აქამდე წამომცდენია.

რა ეშველება ორმოებს მის ღრმა სულში?

...

უცნაურია,
წელს აგვისტოს დაჰყვა წვიმები,
ორი დღეა რაც გამოიდარა.
სწუხს ბერიკაცი ვაშლის ნერგებს: "მოდის სიკვდილი
და ჯერ ადრეა ამ ნერგების დაყმაწვილება."

ორი დღეა რაც გამოიდარა.
მდინარე ისევ დაუბრუნდა თავის კალაპოტს.
ამბობს მოხუცი: "მიდი, ღვინო გამოიტანე,
მინდა ზამთარზე გელაპარაკო."

...

რაღაც დამყვება თოვლისფერი ამ ცივ ღამეში,
თუმცა კი თოვლი არ არის ირგვლის.
ზეცის სიჩუმეს ბინდი ირეკლავს
და კვლავ ბრუნდება პლანეტების სიმყუდროვეში.
ზეცის სიჩუმეს ბინდი ირეკლავს
და მას მიჰყვება თოვლისფერი ჩემი დუმილიც.
საკუთარ თოვლში გზადაკარგულს ვინ დამიტირებს?!

რაღაც დამყვება თოვლისფერი ამ ცივ ღამეში.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები