ნაწარმოებები



ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
25 ივლისი, 2014


მაპატიე!

მაპატიე,
კალაპოტად რომ ვერ გამოგადექ,
ჯებირებად რომ არ აგიშენდი,
წახვედი და სხვა გზა აირჩიე,
ადიდდი და მხოლოდ კიდით მომწვდი,
სხვები წალეკე და მე ვერც ამითრიე,
ნეტავ არ მქონოდა ლოდივით სიმძიმე,
ხიდი ვყოფილიყავ სუსტი, საცალფეხო,
წელში გაგეტეხე და ისე წაგეთრიე...
თუმცა ბოდიშს რისთვის გიხდი?
უჩემობით შენ რა დაგაკლდება?
რა შენი ბრალია
დროს რომ ჯალათივით მოვექეცი,
მას კი ირონია არსად დაუკარგავს,
თვალს არ მაცილებდა ისე დამცინოდა
ყოველ ჯერზე, როცა ვკლავდი.
ახლა გეკითხები, რიღასთვის შემეხე,
თუ არ გინდოდა რომ ხელში აგეყვანე,
შორს გაგეტანე და მხოლოდ იქ დაგეხრჩვე?
ასეთი სიმწრისთვის როგორ გამიმეტე?
ყველა საბოდიშო სიტყვა უკან მიმაქვს!
მხოლოდ ჩემს თავს ვეუბნები__
მაპატიე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები