ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
1 აგვისტო, 2014


ჯორჯ გორდონ ბაირონი - ჰაროუს შორეული ხილვისას (საბოლოო ვერსია)

* Oh mihi praeteritos reierat si Juppiter annos!
Vergillus*



ბავშვობის ტკბილო სურათებო, რის მოგონებაც
მიწამლავს აწმყოს, როს ვადარებ  გარდასულ ამბავთ;
როცა პირველად შეიმეცნა ცოდნა გონებამ
და ჩაისახა მეგობრობა,  გამქრალი სწრაფად.

ნაცნობ სახეებს წარმოაჩენს კვლავ წარმოსახვა,
მაკავშირებდა რომლებთანაც  სვე და იღბალი;
რა საამოა მოგონება, უშრეტი ახლაც,
გულში რომ ცოცხლობს, იმედია თუმცა მიმქრალი.

საასპარეზო ვინახულე ისევ ალაგნი,
მდინარე, სადაც ვბანაობდით, ბრძოლების ველი,
სკოლის ოთახი, სადაც გვკრებდა სასკოლო ზარი
და გვიკითხავდა შეგონებებს მასწავლებელი.

ვნახე ადგილნი, საათობით  ვფიქრობდი სადაც,
ის სამარის ქვა, მწუხრისას რომ მჩვეოდა ჯდომა,
ეზო, რომელშიც ხეტიალი ძლიერ მიყვარდა -
    ჩამავალი მზის შევცქეროდი სხივთა გაკრთომას.

მაყურებლებით შემორტყმული ვნახე ადგილიც,
ზანგას როლში რომ გადავქელე ალონსოს გვამი;
აღტაცებული  ტაშითა და ხალხის ძახილით,
წარმოვიდგინე, რომ ვაჯობე მოსოპს თამაშით.

ან, როგორც ლირი ვუგზავნიდი წყევლას და კრულვას
გონ და სამეფო წართმეული - ორგულ ქალიშვილთ;
საკუთარ თავთან პირფერობა მევე რომ მსურდა,
თითქოს თამაშით გავაცოცხლე თავად გარიკი.

ეჰ, ოცნებებო სიყრმის, როგორ დამენანებით!
გული ინახავს თქვენს ჩაუმქრალ და ძვირფას ხსოვნას;
არ მავიწყდებით მიტოვებულს და სავსეს სევდით:
და წარმოსახვით ისევ ძალგიძთ სიამის მოგვრა.

მივუბრუნდები იდას ხსოვნას სულ უფრო ხშირად,
მომავლის ჩრდილებს ბედისწერა სანამდე გაშლის,
ოდეს სიბნელემ იმედები სრულად დაჩრდილა,
წარსულის სხივი ძვირფასია, მეტადრე, მაშინ!

მაგრამ თუ წლების მდინარებით წინ მელოდება,
სასიამოვნო სურათები, თვალის წარმტაცი,
ვიტყვი, განცხრომით განიხარებს გული როდესაც,
რომ ბავშვობაში განმიცდია დღეები მსგავსი.

1 აგვისტო, 2014 წ.



შენიშვნები:

1. * ეჰ, იუპიტერს რომ დაებრუნებინა ჩემთვის წასული წლები! - ვერგილიუსი (ლათ.)
2. ზანგა; ალონსო – მხედველობაშია ზანგას მონოლოგი ალონსოს ცხედართან ტრაგედიაში “შურისძიება” - ინგლისელი პოეტის ედუარდ იუნგის (1683-1765) ნაწარმოები.
3. მოსოპი ჰენრი (1729-1773) - ინგლისელი მსახიობი, ზანგას როლის ცნობილი შემსრულებელი.
4. გარიკი დავიდ (1717-1779) – გამოჩენილი ინგლისელი მსახიობი და რეჟისორი.



G.G.Byron  - On A Distant View Of Harrow
Oh mihi praeteritos reierat si Juppiter annos!
                                  Vergillus*


Ye scenes of my childhood, whose lov'd recollection
Embitters the present, compar'd with the past;
Where science first dawn'd on the powers of reflection,
And friendships were form'd, too romantic to last;

Where fancy, yet, joys to retrace the resemblance
Of comrades, in friendship and mischief allied;
How welcome to me your ne'er fading remembrance,
Which rests in the bosom, though hope is deny'd!

Again I revisit the hills where we sported,
The streams where we swam, and the fields where we fought;
The school where, loud warn'd by the bell, we resorted,
To pore o'er the precepts by Pedagogues taught.

Again I behold where for hours I have ponder'd,
As reclining, at eve, on yon tombstone I lay;
Or round the steep brow of the churchyard I wander'd,
To catch the last gleam of the sun's setting ray.

I once more view the room, with spectators surrounded,
Where, as Zanga, I trod on Alonzo o'erthrown;
While, to swell my young pride, such applauses resounded,
I fancied that Mossop himself was outshone.

Or, as Lear, I pour'd forth the deep imprecation,
By my daughters, of kingdom and reason depriv'd;
Till, fir'd by loud plaudits and self-adulation,
I regarded myself as a Garrick reviv'd.


Ye dreams of my boyhood, how much I regret you!
Unfaded your memory dwells in my breast;
Though sad and deserted, I ne'er can forget you:
Your pleasures may still be in fancy possest.

To Ida full oft may remembrance restore me,
While Fate shall the shades of the future unroll!
Since Darkness o'ershadows the prospect before me,
More dear is the beam of the past to my soul!

But if, through the course of the years which await me,
Some new scene of pleasure should open to view,
I will say, while with rapture the thought shall elate me,
Oh! such were the days which my infancy knew.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები