ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ჯოანა
ჟანრი: პოეზია
2 აგვისტო, 2014


  ჩამოტვირთვა

ირემ ქალა - ქალ ირემა



(სიყვარულს - ასე ამოუხსნელს)

ქალი ვარ.
მაგრამ ბოლომდე ქალი არა.
- შენ რა ქალი ხარ,
ჩამძახიან სხვა ქალები.
შავები და ავები.
ბოლომდე ქალები და ბოლომდე ადამიანები.
მწყევლიან სხვა ქალები
მოკვდი, მოკვდი
მოუკვდი შენს კაცს.
მიწა, მიწა
შავი მიწა შენ.
ჩამძახიან ქალები -
ბოლომდე ქალები,
მთლიანად ადამიანები.
რა ვქნა,
რომელ წყალში გადავვარდე
ან რომელ ხიდან გადმოვვარდე.
ნახევრად ირემი ვარ,
ირემ ქალა
ქალ ირემა.
- სიკვდილო, რომ მოხვალ
წინასწარ მითხარი,
წინასწარ მანიშნე.
ჩემი სიზმრები უნდა გავაფრთხილო,
ფერადები
და ასე სუფთები
ერთგულები.
არასდროს არ მტოვებენ,
სულ ჩემთან არიან.
არ აინტერესებთ
რქები რომ მაქვს
და ირმის ფეხები.
სიკვდილო,
მითხარი
მოსვლას რომ დააპირებ -
სიზმრები უნდა გავუშვა
გავანთავისუფლო.
ცოდონი არიან
მიწისთვის.
მეცოდებიან
დასალპობად და
გასახრწნელად
ტკბილი სიზმრები -
მწარე სიკვდილო.
როგორ მინდა ვიყო
ქალი -
ჩვეულებრივი ქალი
და არა ირემ ქალა.
მაშინ სიყვარული
შენი ჩემდამი
იქნებოდა
ბოლომდე
სრულყოფილი.
აღარ დაგაფრთხობდა
ბალანი ირმის,
ჩლიქები ირმის,
რქები -
ირმის
და მკერდი ქალის.
ნამდვილი ქალის -
მრგვალი და თეთრი.
დედა ჩემი -
ჩემი გამჩენი,
ჩემი ჩამსახავი
ირემი ყოფილა
ბოლომდე ირემი.
მამა მონადირე
ადამიანი,
ირმების მკვლელი
და დედაჩემის ბოლო მომღები.
რომ დავბადებულვარ
მამას, მონადრეს
მკაცრსა და რუხს
ვერ აუტანია
შვილი ირემ -ქალა.
გაცეცხლებულა
გაბრაზებულა
ო, როგორ
გაცოფებულა
და მოუკვლია ცოლი ირემი.
სასოწარკვეთილს
და გონება წამხდარს
მოუჭრია ცური
ცოლ ირმის.
შეუწვავს ცეცხლზე
და უჭამია.
რომ უჭამია ცური
ტკბილი და სავსე
კაეშნით, -
მკვდარი ირემი ქცეულა ქალად.
სულ ცოტა ხანით,
სულ ერთი წუთით
გაცოცხლებულა.
შეუხედავს მონადირისთვის -
ნაღველით,
სევდით,
დიდი ტკივილით
და სიყვარულით.
გამჭვირვალე და მსუბუქი ჰაერი
გამხდარა მძიმე და შავი.
ცოლის ცურ ნაჭამი მონადირე,
შეშლილი, ჩამქრალი მზერით
დაემხო მიწას.
ხოლო ირემი
სიკვდილით ქალად
გამხდარი,
ქმრისგან მოკლული
და ცურ მოჭრილი -
ირმებმა წაიღეს.
წაასვენეს.
ირმებმა იგლოვეს -
რქა რქას შემოადეს
კისერი კისერს,
ცრემლი დაღვარეს
და მორთეს ყვირილი.
ირმების ყვირილი
შესაზარი,
სულის შემძვრელი.
საბრალო დედაჩემი,
საწყალი, ბეჩავი დედაჩემი -
მორთეს, მოკაზმეს
ოქროს თმაში
ყვავილები, ბალახები
ჩააწნეს, ჩააქსოვეს.
წაქცეულ და მკვდარ ხეზე დააკრეს,
დაამაგრეს.
და მდინარეს
დიდსა და ავს
მკვდარი ირმების,
მკვდარი ხეების წამღებს და ბოლო
ჭირისუფალს
გაატანეს,
ჩააბარეს.
- წაიღეო, ირემიო
ქმრისგან მოკლულიო
სიკვდილის შემდეგ ქალად ქცეულიო,
ცურ მოჭრილიო.
წაუღია მდინარეს ავსა და შავს.
უტარებია როგორც
ნავი, ქაღალდის მყიფე.
როგორც ღრუბელი
და როგორც მზე
სავსე სინათლით და მცხუნვარებით.
მდინარეს
მგზავრი თავისი -
მორთული ყვავილნარით,
ირმების ცრემლებით და
მონადირის სიგიჟით
ავსილი -
დიდ ზღვაში მიუყვანია.
მკვდრები -
ხე და ქალი.
ზღვას გულში ჩაუკრავს,
ჩაუხუტებია.
ფსკერზე დაუსვენებია.
თევზ ქალებს დაუტირებიათ,
უგლოვიათ.
დაუმღერიათ.
- ერთნაირი ბედისანი ვართ,
ადამიანების, კაცების სიყვარული
ჩვენი წყევლაა.
ჩვენ ქაფად ვიქცევით,
შენ ქალად.
თან მკვდარ ქალად.
ქაფი გაქრება,
დაიფანტება
ზღვის ავ ტალღებში
გაიბნევა ჩვენი სხეული
ასე ტურფა და ასე ნაზი.
მკვდარი ქალი,
ქმრისგან ცურ მოჭრული
საწყალი ირემი,
ზღვის ფსკერზე დალპება
ისიც გაქრება.
მე დავრჩი ობლად
პატარა ირემ ბავშვი.
ვიზრდებოდი ტყეში -
სადაც დედამ ჩემმა
უკანასკნელად
უსაზღვრო, სამყაროს დამტევ
სევდით და კაეშნით
სავსე თვალებით
შეხედა მონადირეს.
მზრდიდა დიდი და ბებერი ხე
კოჟრიანი
უხასიათო.
დედაჩემთან ერთად წყალს გატანებული
მკვდარი ხის
დედა.
ფესვზე ვყავდი გამობმული
მთელი ბავშვობა.
მის ჩრდილქვეშ დავქალდი ირემი.
სახე ქალის.
მკერდი ქალის.
ფეხები ირმის.
რქები ირმის.
ხემ ვერ აიტანა
ჩემი ქალობა
ხმობა დაიწყო.
და ერთხელ
ღამით -
ლურჯ პეპლებსაც კი
ისე ეძინათ -
ესიზმრებოდათ
ფერადი ბალახები
და კოშმარები -
ვითომ ქცეულან
მახინჯ მუხლუხოებად.
მე მოვიშორე ბებერი ხის
ფესვი - მყრალი.
გადავღრღენი
ადამიანური კბილებით ჩემით.
და გავიქეცი.
ჰოი, სიკვდილო
რომ მოხვალ ჩემთან -
ცოცხლად დატოვე
სიზმრები ჩემი.
რაც იყო ჩემში ასე ირმული
რქები მაღალი
და ფეხი გრძელი -
მთხოვდა დარჩენას
ტყის სიღრმეებში
ირმების ჯოგთან.
მაგრამ შენ
შეგხვდი
და შემიყვარდი.
არც მიფიქრია
ისე ვარჩიე
ტყეს უღარნს, საშიშს
ასე მშობლიურს
სამყარო შენი.
იქ შენ იყავი, იქ შენ ცხოვრობდი
იქ შენ სუნთქავდი.
გამოგეკიდე.
გამოგყევი.
- ირემ ქალო
ირემ ქალო.
მანდ რა გინდა ქალ ირემო.
საშიშია
სამყარო მისი.
განადგურდები
გაიხსენე დედა შენი
შენი მშობი.
დარჩი ჩვენთან
იცხოვრე ჩვენთან -
ირმების ქალო
ირმების ქალო.
მომძახოდა, მომკიოდა
ჯოგი ირმების.
ყვიროდნენ
ირმები,
მომდევდნენ ირმები.
მე გავიქეცი.
მოვედი შენთან.
ქორწილი მოინდომე
მე გამიხარდა
სიხარულით ირმულით
და ადამიანურით.
ჩამაცვეს თეთრი კაბა -
გრძელი და ფართე
რომ დაეფარათ
ჩლიქები ირმის.
გამომიჩინეს მკერდი ქალის
თეთრი და მრგვალი.
რქები ჩემი,
ასე გრძელი და დატოტვილი
მომირთეს
ლალით
ძოწით, ოქროს ძაფებით
ქრიზოლიტებით და მთვარის ქვებით.
ქალები -
ნამდვილი ქალები
მიყურებენ
შავი, შავი თვალით.
ქალები ნამდვილი ქალები ჭორაობენ
შავი, შავი გულებით.
თავადაც შავი ქალები.
ირემ ქალააო,
რქები აქვსო,
რქებიო.
გრძელ - გრძელ კაბას
მივათრევ
ვცდილობ ჩლიქებით
ადამიანურად ვიარო
ნამდვილ ქალს დავემსგავსო,
აღარ ვიყო ქალ ირემი.
ნაბიჯს ნაბიჯს ვუწყობ
შენ მოგყვები.
ო, სიკვდილს რათა ვგრძნობ,
რა უნდა სიკვდილს ქორწილში.
დაჩუმდით ირმებო,
ნუღარ ყვირიხართ-
ნუღარ ბღავიხართ.
ნუღარ მაჩვენებთ სევდიან თვალებს.
გაჩუმდით ირმებო.
ხეო -
ბებერო
და უხასიათოვ,
ნუ მომდევ უკან.
ნუ გტკივა
გადაღრღნილი ფესვი
მყრალი.
ქორწილი მაქვს -
ქორწილი,
ცოლად მივყვები
კაცს - ადამიანს.
ქორწილში
ტირილს,
ქორწილში
ბღავილს რა უნდა.
სიკვდილი, სიკვდილი აქ არის,
გგრძნობ სიკვდილო.
ვგრძნობ შენს სიცივეს.
ფიცი.
ფიცს დებს
კაცი ჩემი
სიყვარული ჩემი.
მეყვარება ჩემი ირემ ქალა
მეყვარება მისი რქები
ცად აწვდენილი.
ამბობს და გულში ეღიმება.
ო, როგორ უნდა
ჩემი სიკვდილი.
ნეტავ რადა ვგრძნობ,
როგორ ვხვდები მის გულის წადილს.
არა, არ მინდა
მომაშორეთ თავიდან ეს წინხედვა,
ქორწილი მაქვს
ქორწილში სიკვდილს რა უნდა.
გადით ფიქრებო ასე
სასტიკებო
და ბოროტებო.
ნუ მაჩვენებთ
ნუ მაგრძნობინებთ
რომ კაცი მომკლავს
ქმარი ჩემი.
საგულდაგულოდ გაასუფთავებს
ჩემი თმებისგან
ნაცრის თმებისგან
რქებს ირმულს.
ხის ფესვებივით ასე დატოტვილს.
მერე აჩვენებს ყველას
ძლიერ ამაყი და თავმომწონე -
- აი ნადავლი,
ის რაც დარჩა ქალ ირემისგან.
და მიაჭედებს ლურსმნის წვერით
რქებს ჩემსას -
საწოლის თავთან
კედელზე.
იქ სადაც
ჩემი საქორწილო სარეცელი
მიმელის ბეჩავს.
სიკვდილის სუნთქვას
ყურის ძირთან ვგრძნობ.
სიზმრებო, ჩემო საყვარლებო
გაფრინდით უმალ
იქნებ გადარჩეთ
გახრწნას და მიწას.
ირმების ბღავილი
სმენას მიხშობს.
კაცი - მოუთმენელია
სურს დაასრულოს
ქორწინების ცერემონია -
ჩემს ხელს ასე ცივს და მოცახცახეს
და ასე ქალურს
თავის ხელს კიდებს უხეშს და გამზრდელი ხესავით
კოჟირიანს.
სურს გამიკეთოს
ბეჭედი მრგვალი.
უნდა გავიქცე.
არ მსურს სიკვდილი.
არ მსურს ქალობა.
მინდა
ირმობა.
ირმობა მინდა.
გავრბივარ.
კაბა
მეხევა,
მეხლართება.
ირმულ ფეხებს აღარ ვმალავ.
ქალების, ნამდვილი ქალების
თვალები - ლამის გადმოცვიდნენ,
გადმოიყარნენ.
და ჩემს ირმის ფეხებს აეკიდნენ
გამომყვნენ.
ჭორიკნები
ბოროტები და ავები.
ვფიქრობ -
უნდა გავიქცე -
გავექცე ყველას.
აი ტყეც გამოჩნდა,
კაბა შემოხეულია
თითქმის არ მაცვია.
ძვირფასი თვლები და ოქროს ძაფები ჩემს რქებს
ალაგ- ალაგღა ამჩნევია.
არ მინდა ადამიანო
შენი სიმდიდრე
შენი ოქროები წაიღე უკან.
აღრაც შენი სიყვარული მინდა
ადამიანო.
მე ქალ ირემი
ლამის ირმად ვიქცე
მხოლოდ ირმად
დავკარგო ქალობა.
თმები გაწეწილია.
გული ფეთქავს
თან როგორ ფეთქავს.
უღრან ტყეს უნდა მივცე თავი
უნდა გავიქცე უნდა შევვარდე.
უცებ ვჩერდები -
ტყიდან შემოდგომა მოდის, მეძახის.
ყვითელი წიწილები,
ყვითელი ფოთლები მოქრიან ჩემსკენ.
მოდიან ფოთლები - მწყობრად
თანაბრად - ძალიან სწრაფად.
ფოთლებო, ყვითლებო
საყვარლებო რა გინდათ ჩემგან.
სიკვდილს უთხარით
რომ მოვა ჩემთან
შეიბრალოს სიზმრები ჩემი.
მეცოდებიან ფსკერზე დასალპობად.
ვიცოდი, ვგრძნობდი
ამიტომ შევჩერდი -
ამიტომ მომადგა ფოთლების გუნდი -
რომ შენ მოხვიდოდი.
და მოხვედი.
ჩუმად მოხვედი.
საოცრად შევიგრძნობ ნაბიჯებს შენსას
არ ვიხედები
ისევ ტყეს გავცქერი.
ცრემლები თვალებიდან
მწყდებიან.
ჩიტებად იქცევიან და ზეცას მიდიან,
თვალს ვაყოლებ ჩემს ცრემლებს ქცეულებს
ჩიტებად -
რუხებად და ნაცრისფერებად.
მომიახლოვდი - არ განვძრეულვარ.
მომიალერსე
თმებს მიეფერე.
ვნებით ავენთე -
როგორ მიყვარხარ.
და ბასრი დანა
მკვდარი ხის ტარით
ყელს გამომისვი.
სისხლი თბილია
და წითელია
ძოწის თვლებივით.
სულ მომისვარა
თეთრი გული -
კაბის საქორწინოსი.
სისხლი ასე ცხელი
და ასე ბლანტი
წურწურით ჩავიდა
და ჩაიღვარა ჩემს ქალურ მკერდში.
ვხედავ - როგორ ჩამოიყარნენ გაგიჟებული ყვითელი ფოთლები
ყვითელი წიწილები.
როგორ შეიღებნენ წითლად
როგორ შეწყვიტეს თავაწყვეტილი რბოლა ჰაერში.
გაჩერდნენ, მოკვდნენ.
ვხედავ ცრემლებს ქცეულებს ჩიტებად
როგორ მოსწყდათ თავები.
ისინიც ძირს ცვივიან
სევდიანი და მოწყენილი
ჩიტების თავები.
ტკივილს ვერ ვგრძნობ.
მხოლოდ სისველე და სითბო
სისხლის რჩება ჩემთან.
რა უცებ ჩამობნელდა, ალბათ დაღამდა.
მთვარე არ ჩანს.
სიზმრებიც გავუშვი
სულ მარტო ვარ.
შენი ხელებს
შენს სურნელს
შენს სუნთქვას
ისევ ვგრძნობ ჩემს კისერზე -
როგორ მუშაობენ
როგორ მარჯვედ, მოხერხებულად
ჭრიან სისხლძარღვებს,
ხრტილებს
ქსოვილებს
კანს
თეთრსა და ქალურს.
გამარჯობა სიკვდილო,
მოგესალმები მე ირემ ქალა.
ყელ გამოჭრილი საყვარელ კაცისგან.
მინდა გითხრა, რომ
მუდამ ვგრძნობდი შენს გულის ცემას
და აი გიხილე.
ასე შავო, მწარევ და უბედურო,
ბეჩავო, ბეჩავო - სიკვდილო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები