ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პროზა
12 აგვისტო, 2014


ცა_მეტი

მოგზაურობა ცამეტი წლის ასაკიდან დავიწყე...რომელი მოგზაურობაო, ალბათ გაგიკვირდებათ და  შეიძლება არც დამიჯეროთ, მაგრამ ზუსტად ასეა.  ცამეტი  წლის ვიყავი, როცა ავდექი და გზას გავუდექი...
შინაგანად ,  წასვლა მინდოდა,  სულ ერთი იყო, რატომ (ალბათ არც პირველი თინეიჯერი ვიქნებოდი და არც უკანასკნელი ,  სახლიდან წასვლა რომ უნდოდა) ,  გარეგნულად კი ეს ჩემი აკვიატება წასვლის შესახებ ასე განვამტკიცე:
სწავლა  მინდა და მათემატიკურ სკოლაში გადამიყვანეთ მეთქი.
თუმცა არც ასე ლაითად არ მითქვამს.  დედაჩემთან სამსახურში მივედი და ფეხები დავუბაკუნე...

-----ხვალ ბოლო დღეა,  საბუთების შეტანა გვაგვიანდება , აუცილებლად შეიარე სკოლაში საბუთების წამოსაღებად,
მეგობრებს უკვე დავემშვიდობე და მე უკან სკოლაში აღარ მივბრუნდები-მეთქი.
დედაჩემს ჩემი სურვილი ასეთი ძლიერი არ ეგონა და ალბათ ფიქრობდა, რომ გადამაფიქრებინებდა...დროს წელავდა  .  უჭირდა ნაბოლარა შვილის ასე უშუშრად  სახლიდან წასვლა.
მე?
მე მეჩქარებოდა.  13 წლის ვიყავი და თავი დამოუკიდებელი მეგონა. ყველაფერი სხვანაირად მეჩვენებოდა.ლამაზ ფერებში ვხედავდი მარტო ცხოვრებას , როგორ მომენატრებოდა ჩემი პირველი შეყვარებული და რა რომანტიკა იქნებოდა, როცა მონატრებულზე  ერთმანეთს ვნახავდით ხოლმე...

ქალაქში მარტო არ გამიშვეს, ჩემი და გამაყოლეს  და საბუთები ჩავაბარეთ.  მერე იყო გამოცდები და ჰოპლა...
(გავა წლები და ამას ვინანებ, მაგრამ ახლა არა:  ახლა ყველაზე მთავარია სახლიდან წავიდე...)თურმე პირველი გაქცევა სახლიდან და მშობლებიდან ამ ასაკში გეწყება და თუ არ გაიტანე, მერე აუცილებლად გაწბილდები.

დამოუკიდებელი ცხოვრება  ადვილი რომ არ იყო, ამას მალევე მივხვდი.
ისეთ ასაკში ვიყავი, რომ ცხოვრება გამიჭირდა.სრულიად მარტო, პანსიონში ცხოვრება და სწავლა. არავის იცნობ, არავის ჭირდები და შენზე არავინ ზრუნავს.სწავლა, რომელიც მთავარი გეგონა, სულაც არ აღმოჩნდა უპირველესი საქმე...
მთელ ღამეს გტანჯავს სიზმრები, რომელიც შენს ადრინდელ ცხოვრებას გახსენებს და დილით ბალიში სველია...თუმცა ისეთი ჯიუტი ხარ, რომ უკან დახევას არ აპირებ და ამას არავინ გაიგებს, არასოდეს...



  ჯერ  იწყება ბრძოლა საკუთარ თავთან და ამ ბრძოლაში აუცილებლად  იმარჯვებ, ემოციების და სითბოს დავიწყების ხარჯზე.თოთხმეტი  წლის უკვე ჩამოყალიბებული ხარ, როგორც დამოუკიდებელი , სუბიექტი  და არც კი გინდა  ვინმეს ნახვა და მათთან ურთიერთობა...ნუ გაგიკვირდება...სწორედ ამ ასაკში  ზუსტად ასეა...
მერე იწყება  გაუთავებელი მოგზაურობები , არდადეგებზე, პანსიონიდან სახლში და სახლიდან პანსიონში . თუმცა  ყველაფერი გბეზრდება და ერთ დღესაც ხვდები, რომ სახლში, მშობლებთან  წასვლა არ გიხარია და გირჩევნია, ახლობლების ნახვას და მათთან უქმეების  გატარებას, დარჩე და მთელი შაბათ-კვირა ჯოკერი ითამაშო,  ახალ  ადამიანებთან ერთად,  ანდა სიგარეტი გააბოლო და ქალაქში იხეტიალო...

დედას წერილზე ან ტელეფონზე პასუხობ და არწმუნებ,  რომ აუცილებელია სკოლაში დარჩე, რომ დამატებით მეცადინეობა გჭირდება და  აქ  შენი ყოფნა აუცილებელია...

ყველაზე  მეტად იცი , რატომ  არ  გინდა უქმეებზე ოჯახში ჩასვლა?

მხოლოდ  იმიტომ,  რომ მატარებელი გძულს და მგზავრობა გეჯავრება...

  ვისაც არ გამოუცდია, ვერც გაიგებს, რას ნიშნავს მატარებელში, ოთხკაციან კუპეში , ძირითადად ღამე, ვიღაც პახმელიაზე მყოფ  ან უარეს შემთხვევაში, მთვრალ კაცთან ერთად მგზავრობა, პირიდან ნივრის ან ხაშლამის სუნი  რომ ამოსდის და ვითომ მამაშვილურად გარიგებს, სინამდვილეში კი ფეხებზე გიყურებს, რის გამოც თავს უხერხულად გრძნობ და კანი გეწვის...

უარესიც...ისეთი გულუბრყვილო ხარ, რომ როცა მატარებლის  ბილეთის რიგში დგახარ და უეცრად ახალგაზრდა მამაკაცი პირველი რიგებიდან გადმოგძახებს, თამო, მომე ფული , ბილეთს შენც  აგიღებო, ფულს აწვდი და არც კი გაინტერესებს, რატომ გახდი თამო, როცა სინამდვილეში მარი გქვია...
ამას მხოლოდ მაშინ გაგებ, როცა ის ახალგაზრდა მამაკაცი შენს გვერდით აღმოჩნდება ორადგილიან კუპეში , რადგან  თქვენი ბილეთები გვერდიგვერდაა...( ამ დროს უკვე 15 წლის ხარ)
ატყობ, რომ სასმელის სუნი აქვს და ცოტა გეშინია...

ბილეთის ფასი  კი იმაზე ორჯერ მეტია, ვიდრე შენ გადააწოდე...

  ბრაზდები , მაგრამ ვერაფერს ახერხებ, რადგან ყველა კუპეში ცოლქმარი ანდა წყვილებია დაბინავებული    და 
მათთან გაცვლას და  თხოვნა-დამცირებას, გირჩევნია, როგორმე გაძლო ამ ადამიანთან, დილამდე...უფრო სწორად მთელ
ღამეს დერეფანში ატარებ  და მეორე დილით, იმის თავიც არ გაქვს, რომ გაკვეთილები არ გააცდინო.

ახალგაზრდა კაცი? არა, ის თავხედია და  ვითომ მოხერხებულობაც არ აკლია, მაგრამ როცა ხვდება, რომ მთლად ბავშვი ხარ, შენს მოტყუებას კიდევ ერთხელ ცდილობს , მაგრამ ვერაფერს იღებს და მალე არხეინად იწყებს ხვრინვას, ლაპარაკიც კი ეზარება...


  სამაგიეროდ, 17 წლის ასაკში უკვე ისეთი ძლიერი ხარ, რომ  თვითონაც გიკვირს, რისთვისაა  საჭირო სენტიმენტები და ემოციები... უკვე თავდაჯერებული ხდები, ვერასდროს გატყუებენ და იმხელა  ნიღაბი გაქვს აფარებული, რომ ვერავინ გიბედავს რამეს და არც  ცდილობ იკეკლუცო ,  არც  მაკიაჟს ხმარობ...ფსევდომამაკაცური თვისებები შეიძინე, დაჩაგრულს ესარჩლები და აბოლებ ისე, როგორც გაბოლებდნენ...


  ჩემთვის ყველაზე ბედნიერი  დღე მაშინ დგებოდა, როცა ჩემი შეყვარებული მომწერდა. წერილს ჩუმად ავიღებდი და მერე ღამით , მარტო ვკითხულობდი ხოლმე.  არ მინდოდა ვინმეს გაეგო, რომ "ის" მყავდა, ვისზეც ვოცნებობდი...

  პასუხს  დავწერდი და გავაგზავნიდი.  მალე  მინდოდა, რომ პასუხები  მომსვლოდა და ფოსტას ყოველდღე ვაკითხავდი..,
წერილი დროზე ადრე არასდროს მოდიოდა, ამიტომ მთელი კვირა ლოდინში ვიყავი ...მთელი გულით ველოდებოდი.
მე და ნიკა  ერთმანეთს ათას სისულელეს ვწერდით, მასთან ისევ ისეთი თბილი და მგრძნობიარე ვიყავი.სწორედ ეს მომწონდა, მე მისთვის არ შევცვლილვარ და არც ის იცვლებოდა ჩემს მიმართ...ერთმანეთს ყველაფერს ვწერდით, თუმცა არასდროს ვწერდი ისეთ
რამეს, რაც მას გულს ატკენდა.  ვსწავლობდი მხოლოდ მისი ხათრით, რომ ამით ჩვენი ცალცალკე ცხოვრება  გამემართლებინა...

  ჩემში ორი განსხვავებული ადამიანი დასახლდა:  საკმაოდ უხეში გოგონა, რომელიც ვაჟებს არაფერში ჩამოუვარდება , ბიჭების მოპარულ  ფულს ხანდახან,  გამჟღავნების  შიშით  უკან  "სუფთად" აბრუნებდა და გოგონა, რომელსაც რომანტიკულად უყვარდა...

მიყვარდა და მისთვის ყველაფერს დავთმობდი. ნიკას  ერთხელაც რომ ეთქვა, უშენოდ მარი სკოლა დაცარიელდა და  მარტო  მიჭირს სკოლაში სიარულიო, მზად ვიყავი და დავთმობდი ჩემ სიჯიუტეს...მას ამის ძალა არ აღმოაჩნდა.  მან ვერ აიღო თავის თავზე ჩემი მომავალი...ყველანაირად მგულშემატკივრობდა ,  იცოდა რომ უნდა მესწავლა...

მის მაგივრადაც უნდა მესწავლა...

ასე ვიყავით "შეთანხმებული", სანაცვლოდ ის "კარგად" უნდა ყოფილიყო, რადგან სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა.

   


  ჩემი ხასიათი თანდათან იწრთობოდა...მშობლებთან ფიზიკური  კავშირი  არ გამიწყვეტია, მაგრამ ყველაზე მთავარი ძაფი,
რაც მათთან მაკავშირებდა, ის გაწყდა.  მე მათი არ მესმოდა და მათ ჩემი.  სრულიად განსხვავებულ აზრზე ვიდექით და არც ვცდილობდი, რომ დედასთან დაახლოება მეცადა.  ის კი არა, ხანდახან საწინააღმდეგოსაც კი ვაკეთებდი, მგონი განგებ, ანდა
იმის გამო, რომ ძლიერი მეგონა თავი და არავის დახმარებას არ  მჭირდებოდა.
დედა და  ახლობლები ისე დავკარგე, სინამდვილეში ამას ვერავინ ხვდებოდა.

(  მხოლოდ  ხანდახან მომაწვებოდა გულზე....რა მაწვებოდა არც კი ვიცი... დახრჩობას ვერ ახერხებდა, მაგრამ მგუდავდა, ჰაერს ხელს უშლიდა, რომ ფილტვებს ესუნთქათ...  ეს ალბათ ჩემეული ნოსტალგია  იყო...)

    მე ვთქვი, რომ არასდროს დავიხევდი უკან, არასდროს ნახავდნენ ჩემ ცრემლს და არავინ მჭირდებოდა, საკუთარი თავის გარდა.
ამიტომ გადაწყვეტილება მივიღე, რომ უნდა მესწავლა, რომ მყარად ვყოფილიყავი ფეხზე დამდგარი,  რადგან ამხელა მსხვერპლი როგორმე გამემართლებინა...
მიჭირდა, მაგრამ ვსწავლობდი.

რამდენჯერმე დედაჩემიც ჩამოვიდოდა, რომ ვენახე. გარეგნულად ყველაფერი რიგზე მქონდა, ამიტომ დამშვიდებული , იმ დღესვე ბრუნდებოოდა უკან...დალაპარაკებასაც ვერ ვასწრებდი...

    როცა თავს და ცხოვრებას ებრძვი,  მარტო ცხოვრებას ძნელად უმკლავდები და  სწორედ ამ დროს მოგდის წერილი ნიკას დედისგან, რომელშიც  წუხს, რადგან  ნიკასადმი მიწერილი შენი წერილი  წაიკითხა, რომ  ნიკა საავადმყოფოშია, რამდენიმე კვირაა ონკოლოგიურში მკურნალობს  და  ამ წერილით  ცდილობს  გაგაგებინოს პასუხის დაგვიანების მიზეზი.... რომ მასაც უხარია შენი გულთბილი დამოკიდებულება  ნიკასადმი და ასე შემდეგ...

      ეს ელდა იყო

  ნიკას ავადმყოფობა მოულოდნელი არ იყო, მაგრამ მისი დიაგნოზი ახლა უფრო ცუდად ჟღერდა...17 წლის ბიჭს ასეთი დიაგნოზი სპორტისაკენ გზას უღობავდა...  უარესიც,  სიკვდილ--სიცოცხლეზე იდგა საქმე...
ონკოლოგიური საავადმყოფოს გზა პირველად და უკანასკნელად მაშინ ვნახე.  ნიკას  საავადმყოფოში მივაკითხე, მაგრამ რაღაც პროცედურების გამო, მისი ნახვა ვერ მოვახერხე...იმ დღეს პანსიონში წამოვედი,  მესამე დღეს კი საავადმყოფოდან  გაწერილი და ქუთისში დაბრუნებული დამხვდა. მას პალატაში წერილი დაუტოვებია, რომელიც ჩემთვის გადმოსაცემად  იქ გაცნობილი ბიჭისათვის  ჰქონდა მიბარებული. 
მე ნიკასთვის მიტანილი ყვავილები მათ ტუმბოზე  დავდე და გაწბილებული  უსიტყვოდ გამოვედი გარეთ...

    ნიკა  წერილში მწერდა, რომ  აღარ ვუყვარდი..

არა, მთლად ამას არ მწერდა, მაგრამ მაგრძნობინებდა...
ვიგრძენი, ამის დაწერა როგორ გაუჭირდებოდა...

  მე ვიცოდი, რომ ის ჩემზე  უარს  ავადმყოფობის გამო ამბობდა და პირველად ვიტირე , სახლიდან წამოსვლის მერე .
მან  წამოსვლის წინ დადებული ჩვენი  "შეთანხმება" დაარღვია.

მე ისეთი ძლიერი ვიყავი,  დამოუკიდებელი და აქტიური, რომ  არ შეიძლებოდა ჩემს გვერდით სუსტი მამაკაცი ყოფილიყო, ისეთი, რომელიც ჩემგან ზრუნვას მოითხოვდა. ჩემს გვერდით სუსტი მამაკაცი თვითონ დაიტანჯებოდა... მან ეს  კარგად იცოდა.  ნიკა და მე ვერ დავუშვებდით, რომ ჩვენს სიყვარულში როლები შეცვლილიყო...

    მალე  სტუდენტი გავხდი და ერთი ნაბიჯით  კიდევ დავშორდი ნიკას.

    მძულდა უნივერსიტეტი იმის გამო, რომ ნიკაზე მაღლა მაყენებდა...უთქმელადაც  ვგრძნობდი...


  ჩემი მოგზაურობა კი არ წყდებოდა....თბილისიდან სახლში და სახლიდან თბილისში...ერთხელაც მატარებელში ვიღაც უგონოდ  მთვრალი კუპეში შემომივარდა და ბღლარძუნი დამიწყო.  მე  ჩანთა ავიღე  და  მას სახეში  ვაფარე...ჩანთა გაიხა და ფული  და სტუდბილეთი გადმოვარდა...ვიღაც გამომესარჩლა...ვიღაც ფულს ეცა...ვიღაც სტუდბილეთს...არ  დავინტერესებულვარ, ვინ და როგორ,  მაგრამ ერთ-ერთმა    ჩემი გაცნობა მაინც მოახერხა. 

  ათი დღის მერე ეს ბიჭი ჩემი ქმარი გახდა,  (თუმცა მისი საგმირო საქმეებიდან ეს პირველი და  უკანასკნელი იყო.)
მე კი  მეათე  დღეს მას  ცოლად გავყევი და დავასამარე ყველაფერი  წარსული...

  თუმცა მალევე  მივხვდი, რომ ჩემს თავთან ბრძოლაში დავმარცხდი და მწარედ ვინანე...ჩემი დამოუკიდებლობაც და  ბრძოლაც საკუთარ თავთან, რომლითაც აქამდე ,  ქვეცნობიერად, ვამაყობდი,  ღრუბელმა წვიმის წვეთებივით შეისრუტა და სადღაც, სხვის თავზე უხვად გადააქცია...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები