ნაწარმოებები



ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
9 აგვისტო, 2014


მხოლოდ ვინატრებ!

მზე რომ დახატავს,მისებრ დახატვა
მთელს სამყაროში ვის შეუძლია?
საუკუნეებს ითვლის და მისთვის
სიბერეს ხელი არ შეუშლია.

არც ეზარება, არც ეჩქარება,
ხატავს ყოველ წამს, დროს არ იპარავს,
დღე სხივს შეახებს ყოველ არსებას,
ათბობს და სხეულს შუქით უქარგავს.

არც ღამე ტოვებს უყურადღებოდ,
მთვარეს აწოდებს თავის სინათლეს,
ის კი თავის მხრივ მზეს ვერ ედრება,
მაგრამ ასრულებს მნათეს იმედებს.

მზე დილით ადრე დახედავს მიწას,
გაანათებს და გულსაც გაუთბობს,
მიწიდან ყლორტებს როცა წამოყრის,
მერე თავის წილს წყალსაც დაუთმობს.

წყალი და მიწა გალაღდებიან,
ამოქოქავენ მისტიურ ძალებს
და მზესთან ერთად დაუზარებლად
კვლავ წამოზრდიან საფარველს მწვანეს.

ჯეჯილიც უმალ აბიბინდება,
ხეც ისევ გაშლის დატოტვილ მკლავებს,
მწიფე ნაყოფსაც მიეფერება
მზე და აჩუქებს პაწაწა ხალებს.

მინდვრად გაფანტულ უამრავ ყვავილს
ჩამოურიგებს ფრიალა აფრებს
და ყველას ერთ ფერს აჩუქებს განა?!
ცისარტყელიდან ფუნჯებით ნაფერს.

მზისგან გამთბარი ცელქი ნიავი
დაკოცნის მინდვრის პრანჭიას ულევს,
ყვავილები კი მადლობის ნიშნად
თან გაატანენ საამო სურნელს.

მერე მზე ხატავს ადამიანებს,
ან ყველას ერთად როგორ ახერხებს?
და ამ ხატვაში ყოველდღიურად
მის უნებურად ყველას აბერებს.

ჯერ ბავშვებს ხატავს, სულ პაწაწინებს,
ცქრიალა, სუფთა, დიდი თვალებით,
როცა თვალებში აზრს ჩაუხატავს,
ფეხს აიდგამენ დიდი წვალებით.

მერე სიყვარულს ჩახატავს თვალში
და თვალის გავლით გულში ჩაწვდება,
უსასრულობას შეიძენს წამიც,
ლურჯი ოცნებაც მაშინ ახდება.

ნელ-ნელა ფიქრიც ჩაიხატება,
მერე მას სევდაც მიემატება
და სიყმაწვილეც გაქრება სადღაც,
ახალგაზრდობის წმინდა ხატება.

მზე შეუდგება ნაოჭის ხატვას,
ჯერ ერთს დახატავს, მერე მომდევნოს,
მშვენიერ სხეულს ნელ-ნელა მოხრის,
მიეფერება უძლურს და ცოდოს...

ხატავს და ხატოს, ჩვენც ეს არ გვინდა?
გვათბობს და კვლავაც ასე იქნება,
მხოლოდ ვინატრებ, მზე ჩვენი ხატვით
დაე ნურასდროს ნუ დაიღლება! 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები