ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
28 აპრილი, 2008


ნაწილი I. მაგდა. თავი 1. ბოლო გამოცდა ("მაგდა")

ივნისი იწურებოდა. მზე მთელი ძალით აჭერდა. მიწას ხვატი ასდიოდა. მზით გამდნარი ასფალტი ლაპლაპებდა და მის ზედაპირზე ჰაერი ლივლივებდა. ნიავი არსაიდან იძვროდა, - ფოთლები ხეებზე მიხატული გეგონებოდა... აღარც ჩიტების ჟღურტული ისმოდა, აღარც პეპლები დაფრინავდნენ... ყველაფერი გაყუჩებულიყო არანორმალური სიცხისაგან. თბილისი მისთვის უჩვეულო უმოძრაობას მოეცვა.

რვასართულიანი სახლის მეოთხე სართულზე, ტიპიური სამოთახიანი ბინის ერთ-ერთ ოთახში საწერ მაგიდასთან მიმჯდარი გოგონა სულს ღაფავდა სიცხისაგან, მაგრამ მეცადინეობას თავს არ ანებებდა: მაგდას ბოლო გამოცდა ჰქონდა ჩასაბარებელი, მერვე კლასს ამთავრებდა. დილემის წინაშე იდგა: სად გაეგრძელებინა სწავლა,  დაემთავრებინა საშუალო სკოლა თუ გადასულიყო მუსიკალურ ტექნიკუმში. მაგდა ფრიადებზე სწავლობდა სკოლაში. ფრიადებზე დაამთავრა მუსიკალური შვიდწლედიც.

ხვალ  ბოლო გამოცდა აქვს რუსულ ენასა და ლიტერატურაში. ხვალიდან ის მეცხრე კლასის მოსწავლე იქნება...

მაგდამ საათს დახედა.
"აკი, ერთად გავიმეოროთ ბილეთებიო? რად დაიგვიანა დათომ?! 9 საათზე ჩემთან უნდა ყოფილიყო... უკვე 12 საათია და ის კი ჯერ არ მოსულა! რამე ხომ არ შეემთხვა?! უნდა დავრეკო!..."

ის იყო, მაგდა სკამიდან წამოდგა, რომ კარზე ზარი დარეკეს.
- მაგდა, შენ იჯექი, კარს მე გავაღებ! - მოესმა დედის ხმა.

მაგდა დაიძაბა!...
"მოვიდა!... ის მოვიდა!..."
რა მოგდის, მაგდა?! რატომ აღელდი ასე დათოს მოლოდინში?! ნუთუ...

- დეიდა ნინო, მაგდა სახლშია? - დათოს გამოსავათებულმა სახემ ცოტა შეაშინა ნინო.
- მაგდა კი სახლშია, დათო, მაგრამ შენ რა დაგემართა, შვილო, ავად ხომ არ ხარ?!
- ავად? არა, ავად არ ვარ!... უბრალოდ, ძალიან ცხელა გარეთ...
- ჰო, ძალიან ცხელა... ივნისში ასეთი სიცხე ჯერ არ მახსოვს. შედი, შვილო, მაგდა თავის ოთახშია!...

***
მაგდა და დათო პირველი კლასიდან მეგობრობენ, ერთ მერხზე სხედან. ერთმანეთს თვალებში უყურებენ, უსიტყვოდ ესმით ერთმანეთის. ის დღე, როცა ერთ-ერთი სკოლაში არ იყო, მეორესთვის დაკარგულად ითვლებოდა. იმავე დღეს აკითხავდნენ სახლში, გაკვეთილებს უხსნიდნენ ერთმანეთს. ჩხუბი კი არა, ოდნავი წყენა არ ახსოვთ ერთმანეთისგან. მოკლედ, განუყრელი მეგობრები არიან.
მაგდას, დათოს გარდა, სხვა მეგობრებიც ჰყავდა: გია, ზურა, ნუკრი და ერთადერთი გოგონა - მაიკო. რატომ იყო მაიკო ერთადერთი? "გოგონამ, შეიძლება, უმნიშვნელო რამის გამო გიღალატოს, ვაჟი კი შენს მეგობრობას ბოლომდე გაიტანსო" - ამბობდა-ხოლმე მაგდა... თუმცა იმავეს არ ფიქრობდნენ მისი მეგობრები, რადგან მაგდას სახით მათ საოცრად კეთილი, ერთგული და გამტანი მეგობარი ჰყავდათ.
მაგდა და მაიკო სრულიად სხვადასხვა ხასიათისანი იყვნენ და, ალბათ, სწორედ ამიტომ გამონახეს საერთო ენა, - ისინი ერთმანეთს ავსებდნენ.

მაიკოს ფიცხი ხასიათი ჰქონდა, მაგდას კი - უფრო რბილი და დამყოლი, თუმცა უსამართლობას არავის შეარჩენდა. მაიკომ, თუ უცებ იცოდა გაბრაზება, შერიგებაც სწრაფად იცოდა, მაგდასთან გაბუტვა კი არც თუ ისეთი იოლი საქმე იყო, მაგრამ თუ გაბრაზდებოდა, მისთვის აღარ არსებობდა სიტყვა "პატიება"... ხშირად იცოდა თქმა: "ადამიანმა საქმე საპატიებლად არ უნდა გაიხადოსო..."

ნებისმიერ საზოგადოებაში ორივე ყურადღების ცენტრში ექცეოდა, თუმცა კი - სხვადასხვანაირად: მაიკო თავისი უცნაური ქცევით, ხმამაღალი სიცილითა და ლაპარაკით იქცევდა საერთო ყურადღებას, მაგდა კი - თავისი სისადავით.

მაგდა და მაიკო თავისი გარეგნობითაც ძალიან განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. მაიკოს ხორბლისფერ კანს, ხშირ, ოდნავ დატალღულ, მხრებზე დაფენილ სილურჯედაკრულ ყორნისფერ თმასა და შავ, ცეცხლოვან თვალებს ველური სილამაზე ჰქონდა, მაგდა კი, თავისი საოცრად თეთრი, თითქმის გამჭვირვალე კანით, ოქროსფერი ხვეული თმითა და დიდი, საოცრად ლამაზი ზღვისფერი თვალებით სათნოების განსახიერება იყო. მაიკოს გვერდით მაგდას სილამაზე, თითქოს იჩრდილებოდა, მაიკოს ყველგან თაყვანისმცემლები ეხვია გარს, ყოველთვის იმას ცდილობდა, რომ არავინ დარჩენილიყო მის მიმართ გულგრილი და ამას ახერხებდა კიდეც... და მაგდას ეს კი არ სწყინდა, პირიქით, უხაროდა, - მას ასეთი მშვენიერი მეგობარი ჰყავდა.

მაიკოს, მაგდას გარდა, მეგობარი არც ჰყავდა, არც გოგონა და არც ვაჟი. რატომ? იმიტომ, რომ იგი ყველასგან ერთგულებას მოითხოვდა, მისთვის ყველა თავდადებული და თავგადაკლული უნდა ყოფილიყო, მისი სიტყვა კანონი უნდა ყოფილიყო ყველასთვის... ამ მოთხოვნებს მხოლოდ საკუთარ თავს არ უყენებდა არასოდეს! ამის გამო გაურბოდა ყველა მასთან მეგობრობას, ყველა, მაგდას გარდა... და თუ სიმართლესაც ვაღიარებთ, თავად მაიკო ცდილობდა, მაგდას, როგორც მეგობრის, შენარჩუნებას, ვინაიდან მაგდა მეგობრის ერთგული იყო ყოველგვარი მოთხოვნის გარეშე...

*** 
დათო მაგდას ოთახთან მივიდა და ფრთხილად დააკაკუნა.
- მობრძანდი, ყმაწვილო! - ძალად დასერიოზულებული ხმით გასძახა მაგდამ და იგრძნო, ყელში როგორ მოაწვა ცხელი ბურთი, - 9 საათზე მოვალო, არა? რომელი საათია ახლა? სად ხარ აქამდე?!...
- მაპატიე, მაგდა, გადაუდებელი საქმე მქონდა!...
- გადაუდებელი საქმე... - გამოაჯავრა მაგდამ, - შენ რა, გგონია, გამოცდას გადაგიდებს ვინმე? თუმცა, რატომაც არა?! საშემოდგომოდ!... არა, მაინც რა საქმე გქონდა ასეთი?!
- მე... მე... - დათომ თავი ჩაღუნა. ვერ გაამხილა სიმართლე, რომ მთელი დილა მაიკოს სახლთან იდგა...
- კარგი, რაც იყო, - იყო! დრო აღარ გვაქვს, გამეორება დავიწყოთ. ბილეთი № 1. Биография И.А. Крылова. მოყვები თუ მოვყვე?
- შენ, შენ, მაგდა! მე მოგისმენ და ისე გავიხსენებ ყველაფერს, კარგი?
- კარგი, მისმინე: Великий русский баснописец Иван Андреевич Крылов родился... დათო, რაღაც მინდა გკითხო, მაგრამ პასუხი ზერელედ არ გამცე... ამით, შეიძლება, ჩემი მომავალი ბედი წყდება!...
- მაგდა, რა უცნაურად მელაპარაკები?! რომელი ბედი, რა მომავალი?
- დათო, მისმინე... ამ ორ დღეში უნდა გადაწყდეს, დავრჩები ჩვენს კლასში თუ გადავალ მუსიკალურ ტექნიკუმში... მე არჩევანის წინაშე ვდგავარ. არ ვიცი, როგორ მოვიქცე!...
- მაგდა, ეს მხოლოდ და მხოლოდ შენი გადასაწყვეტია, მაგრამ... მაგდა, მე ვერ გავძლებ უშენოდ!... ჩვენ ხომ მეგობრები ვართ?!... ვერც მე, ვერც ნუკრი, კახა, გია, ზურა, ვერც მაიკო ვერ გაძლებს უშენოდ, მაგდა!... გთხოვ, გევედრები, ნუ წახვალ ჩვენგან... დარჩი!...- დათოს ყელში გაეჩხირა სიტყვა, ძლივს გადაყლაპა ნერწყვი.

მაგდას არაფერი უთქვამს, მხოლოდ გაბრწყინებული თვალებით შეხედა მეგობარს. ხვალისთვის მას უკვე მზად ჰქონდა პასუხი: ის თავის მშობლიურ კლასში, თავის მეგობრებთან, დათოსთან რჩებოდა!

***
სკოლა დილიდანვე ხმაურობდა, მოსწავლეებით ივსებოდა. ჯერ გამოცდა არ დაწყებულიყო, თუმცა VIII კლასის ყველა მოსწავლე ადგილზე იყო: ზოგი ბილეთების საკითხებს ავლებდა თვალს, ზოგი - წიგნს ფურცლავდა, ზოგიც - ზეპირად ამბობდა ამა თუ იმ ადგილს რომელიმე ლექსიდან და თავის ცოდნას ამოწმებდა... დღეს VIII კლასს ბოლო გამოცდა ჰქონდა.

მაგდა და დათო ღია ფანჯარასთან იდგნენ და რომელიღაც ლექსს იმეორებდნენ. მაგდა, დროდადრო, თავს იქნევდა უარყოფის ნიშნად და დათოც თავიდან იწყებდა ლექსს.
- დათო, რა მოგივიდა?! ისევ შეცდომით ამბობ! არა, შენ ამ ლექსზე არ ფიქრობ! სხვაგან ქრის შენი გონება, თორემ, გუშინ ხომ იცოდი?!
- მართალი ხარ, მაიკო, მართალი!
- მაიკო? მაიკოც გამხადა! დათო, გამოფხიზლდი, რა მოგდის?! ბოლოს და ბოლოს, გამოცდაზე შედიხარ და სხვა რამეზე ფიქრობ? შენს ნიშანზე მე ვნერვიულობ და შენ - არა? აღარც გრცხვენია!!!!
- მაპატიე, მაგდა, ჩემო მეგობარო! ახლა ნამდვილად არ არის ამის დრო, სხვა დროს კი ყველაფერს გეტყვი, კარგი? - დათომ ხელი გადახვია და ღიმილით ჩახედა თვალებში.
- კარგი, ბატონო!... ისე კი, იცი რას გეტყვი? ხომ გაგიგონია, "დღევანდელი კვერცხი მირჩევნია ხვალინდელ ქათამსო"?... რაც მერე უნდა გეთქვა, ბარემ ახლავე მითხარი, რატომ უნდა გადადო?
- ახლა გითხრა? აქ?... - დათომ გაკვირვებით შეხედა მაგდას და მის თვალებში ჩაბუდებული ცნობისმოყვარე ეშმაკუნები რომ შენიშნა, ჩუმად ჩაილაპარაკა, - რა, და...

უეცრად დათომ მაგდას წელზე მოკიდა ორივე ხელი, ბუმბულივით აიტაცა და ფანჯრის რაფაზე შემოსვა.
- გაგიჟდი? რას შვები?!
ამის თქმაც კი ვერ მოასწრო მაგდამ ბოლომდე, რომ უკვე ფანჯრის რაფაზე იჯდა. დათო გვერდით მიუჯდა, ხელი გადახვია, ტუჩები ყურთან მიუტანა და ჩუმად, ძალიან ჩუმად უთხრა:
- მე ერთი გოგონა მიყვარს, ოღონდ ჯერ ვერ გეტყვი, ვინ არის იგი... სხვა დროს იყოს, სხვა დროს, ჩემო მაგდა!
დათო სწრაფად ჩამოხტა რაფიდან და არც მიუხედავს მაგდასკენ, ისე შეერია ბიჭების ჯგუფს.

მაგდა არ განძრეულა, მხოლოდ იგრძნო, თუ როგორ შეუვარდისფრდა ლოყები და შეუფრთხიალდა პატარა გული. მაგდამ თვალები დახუჭა და სუნთქვა შეიკრა, - თითქოს დროს შეაჩერებსო... არ ეთმობოდა ეს ერთი პაწაწინა წამი!...

თვალდახუჭული მაგდა ისევ ვიღაცის ხელებმა აიტაცა და ფრთხილად ჩამოსვა დაბლა. მაგდას გაეღიმა, თვალი გაახილა და... მის წინ გია გეგეჭკორი იდგა, პარალელური კლასიდან.

- უი, გია, შენ ხარ? - ნირწამხდარი ხმით თქვა მაგდამ და ირგვლივ მიმოიხედა. დერეფანში აღარავინ იყო.
- ჰო, რა იყო, არ მელოდი? ნონა მასწავლებელმა ბავშვები უკვე შეიყვანა... შენ, რა, დიდხანს აპირებდი აქ ჯდომას და ოცნებას?
- როგორ თუ შეიყვანა?! მერე და მე?
- ზუსტად მაგიტომ ჩამოგსვი, რომ დროზე შესულიყავი საკლასო ოთახში. ისე, რაზე ოცნებობდი და ვის უღიმოდი ასეთი ბედნიერი სახით?
- მერე გეტყვი! წავედი! - მაგდამ გიას ხელი დაუქნია და გაიქცა.
- აბა, შენ იცი! ხუთიანს გისურვებ! - მიაძახა გიამ და როცა მაგდა საკლასო ოთახში შევიდა, ახლა ის შემოჯდა ფანჯრის რაფაზე, ზუსტად იქ, სადაც სულ ცოტა ხნის წინ მაგდა იჯდა.

საკლასო ოთახში მაგდა, ჩვეულებრივ, დათოს გვერდით დაჯდა.
დაიწყო გამოცდა.
მასწავლებელმა პირველი ოთხეული გამოიძახა:
- ანთაძე ცისანა, ბარამიძე დათო, გეგეშიძე მაია, გელოვანი მაგდა... აიღეთ ბილეთები...
- მეოცე...
- მეშვიდე...
- მეთხუთმეტე...
- პირველი... - მაგდამ დათოს შეხედა და გაუღიმა.

მოსწავლეები მოსაფიქრებელ მერხებზე დასხდნენ: მაგდა - პირველ მერხზე, მაიკო - მეორეზე. მაგდას გასაოცრად, დათომ პირველ მერხს ჩაუარა და მეორე მერხზე მაიკოს მიუჯდა გვერდზე, მაგდასთან კი - ცისანა ანთაძე მოთავსდა.

მაგდას, თითქოს, რაღაც ჩაწყდა გულში, ხელ-ფეხი გაეყინა... უნდოდა, თავი მოებრუნებინა, დათოსთვის შეეხედა და სიტყვის უთქმელად, მის თვალებში ამოეკითხა, თუ რატომ არ დაჯდა დათო მის გვერდით... პირველად 8 წლის განმავლობაში!... ვერ შესძლო! თავი დაუმძიმდა, კისერი აღარ დაემორჩილა...

დრო გადიოდა...
- ბავშვებო, მზად რომელი ხართ? - ყრუდ ჩაესმა მაგდას მასწავლებლის ხმა...

მაგდას თვალწინ თეთრი ნისლი ჩამოწვა...
"რატომ არ დაჯდა დათო ჩემს გვერდით?..."
მაგდამ დაინახა, როგორ წამოდგა მერხიდან ცისანა და როგორ შეცურდა ამ თეთრ ნისლში...
"რატომ არ დაჯდა დათო ჩემს გვერდით?..."
მაგდას თვალწინ მაიკო გაუჩინარდა თეთრ ნისლში...
"რატომ არ დაჯდა დათო ჩემს გვერდით?... რა ეწყინა ჩემგან?!... "
- მაგდა, ჩემი ჯერია! შენს იმედზე ვარ, თუ რამე დამავიწყდება, კარგი?... - საიდანღაც, ძალზე შორიდან ჩაესმა დათოს ხმა...
მაგდამ არ უპასუხა, მხოლოდ ოდნავ შესამჩნევად დაუქნია თავი... 
"რატომ არ დაჯდა დათო ჩემს გვერდით?..."
- ყოჩაღ, დათო, კარგად გიმეცადინია! - ეს უკვე მასწავლებლის ხმა იყო, რომელიც ასევე შორიდან, ძლივს ესმოდა მაგდას.
- გელოვანი... მაგდა, შენ, რა, ჯერ მზად არ ხარ?

პირველ მერხზე, მაგდას გვერდით ახლა ნუკრი იჯდა ბილეთით ხელში. მაგდა წამოდგა და დაფისკენ წავიდა, მისი ადგილი კი - ზურამ დაიკავა.

- Биография Ивана Андреевича Крылова… - მექანიკურად ყვებოდა  მაგდა, თუმცა - უშეცდომოდ.
- მეორე საკითხი: Ю. Лермонтов. "Смерть поэта"...

სხვებმა ვერ შენიშნეს, მაგრამ ნუკრის თვალს არ გამოეპარა მაგდას გაფითრებული სახე და ტუჩების მოლურჯო ელფერი, ამიტომ კი არ უსმენდა, გაფაციცებით ადევნებდა თვალს მაგდას ყოველ მოძრაობას.
ჯგუფი გაიტრუნა. ყველას უყვარდა მაგდას წაკითხული ლექსის მოსმენა.
- "Погиб поэт, невольник чести,
  Пал, оклеветанный молвой,
  С свинцом в груди и жаждой мести,
  Поникнув... гордой... головой!..

  Не вынесла душа..." - ნონა მასწავლებელო...

მეტი ვეღარაფრის თქმა მოასწრო მაგდამ... მასწავლებლის მაგიდას ჩაეჭიდა და... ნუკრის ხელებში ჩაიკეცა.
- მაგდა!... მაგდა!... ერთი კი შეჰყვირა ნონა მასწავლებელმა, რომ კარიც გაიღო და ოთახში დათო შემოვარდა.
- რა დაემართა მაგდას?! რა მოხდა?... შეშინებული კითხულობდა იგი და ნუკრისა და ზურას ეხმარებოდა მაგდას მერხთან მიყვანაში.
მაგდა სკამებზე გადააწვინეს. ნონა მასწავლებელმა მისი თავი ჩაიდო კალთაში და თან წყალს ასხურებდა, თან ყურებს უსრესდა, რომ მაგდა გონზე მოეყვანათ.
მაიკომ ექიმი ამოყვანა საკლასო ოთახში. ექიმმა მაგდას ნიშადურის სპირტი აყნოსა, მკლავში ნემსი გაუკეთა და მალე გრძნობაზე მოიყვანა.

მაგდამ თვალი გაახილა და ნონა მასწავლებელის შეშინებული, ცრემლიანი თვალები დაინახა. იქვე დაინახა მისი მეგობრების შიშჩამდგარი თვალები და მისუსტებულმა შეძლებისდაგვარად გაუღიმა მათ.
- მაგდა, ჩემო გოგონა, როგორ შეგვაშინე!.. ალბათ სიცხემ იმოქმედა, არა?...
- დიახ, სიცხემ... ძლივს გასაგონად ამოიჩურჩულა მაგდამ, გამშრალი ტუჩები ენით მოილოკა და კვლავ გაიღიმა.
- წადი სახლში, მაგდა!... მე ვიცი, რომ შენ "ფრიადზე" იცი საგანი!... წადი, ჩემო კარგო! ბიჭებო, გააცილეთ მაგდა და მალევე დაბრუნდით...
- არ არის საჭირო, ნონა მასწავლებელო, ბიჭების წამოსვლა! მე და მაიკო წავიყვანთ... გამოცდა ჩვენ ხომ უკვე ჩაბარებული გვაქვს?!...
- კარგი, დათო! შენც და მაიკომაც "ფრიადი" დაიმსახურეთ. ნუღარ მობრუნდებით ნიშნის გასაგებად. წადით!... კარგად იყავი, მაგდა!...

(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები