ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
22 აგვისტო, 2014


სიმძიმე

უცხვირპირო მასპინძელივით ვექცევი სიტყვებს,
მოუცლელობით  სტუმარი რომ არ უხარია,
ისინი კი მაშინ ამოტივტივდებიან ხოლმე,
როცა თავად სურთ
და იმავე წუთს თუ არ ჩაავლე
იძირებიან დავიწყების უძირო ჭაში...
ვნანობ
და მოგვიანებით ვცდილობ მათ ამოქაჩვას,
უკვე სიღრმიდან, მაგრამ ამაოდ,
ვერცხლისწყალივით მძიმდებიან,
თოკს წყვეტენ და სამუდამოდ იკარგებიან,
სამაგიეროს მიხდიან ასე...
ახია ჩემზე,
მაგრამ სიტყვებისტვის სადღა მცალია?!
"ბედნიერებას" ხომ ვერ ვუღალატებ?!
რომელიც ზოგჯერ ისე მამძიმებს...
ამის ხმამაღლა თქმას რომ ვერ ვბედავ.
უფალს ამიტომ ვეჩურჩულები...
ნუ იფიქრებთ წამალი არ ვიცოდე ამ სიმძიმისგან,
მაგრამ განა ადვილად მოტყუვდება "ბედნიერება"?!
გამყიდიან ჩემი თვალები, თანაც
მე__ხორციელი თუ დავითანხმე,
არ დამნებდება მე__ჩვევის მონა...
სამწუხაროა,
რომ მძიმდებიან სიტყვები ისე,
გიჭირს სხვასაც აუხსნა რა გჭირს,
რომ ტრაგედიის მიღმაც მძიმდებიან სიტყვები ზოგჯერ
და რომ სიტყვების დამძიმებაც ტრაგედიაა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები