ნაწარმოებები



ავტორი: მათე
ჟანრი: პოეზია
7 დეკემბერი, 2008


თავისუფლება

                                        ,,და ამჯობინა ღმრთის ხალხათან
                                                    ერთად ტანჯვა, ვიდრე ჰქონოდა
                                                          მცირე ხნით ცოდვილი განცხრომა..."
                                                                                                  ებრ. 11. 25.

        თავისუფლება -- ეს სიტყვაც ისეთი საოცარია, როგორც თავად გრძნობა...
        თავისუფალი ვარ! რას ნიშნავს ნეტა?!...
        თავის უფალი დაბადებით ხომ ვართ და  მაინც რაღას დავეძებთ?!...
        რას ვერ ვიგებთ?!... რისი გვაქვს ეჭვი?!...
        არფერიც.  გვადევს ბორკილი ჩვენივე ხორცის!
        და ეს არ გვაძლევს უფლებას ვიყოთ უფალნი თავის, უფალნი იმის,
        რითაც უფალმა გამოგვარჩია, როცა გვაჩუქა და...… სწორედ ამით კაცად გვაქცია.…

        თავისუფლება -- ეს არჩევანის უფლებაა...… და რწმენა იმის,
        რომ ამ არჩევით, შენ თავადვე ხარ გამგებელი შენივე ბედის და კიდევ ერთი!…
        საზღვარი ჩემი თავისუფლების ნეტავ, სად გადის?!...
        იქ, სადაც მე მსურს?!... თუ?... მაშინ სხვისი უფლება?...
        საზღვარი ჩემი თავისუფლების გადის იქ, სადაც იწყება უკვე შენი უფლება!
        ძნელია?... არა! მაშ, სულ მუდამ რატომ გვეშლება?!...
        და ამის გამო ეს სანუკვარი თავისუფლება, ვით ზღაპრული, უცხო ფასკუნჯი, ხელიდან მუდამ რატომ გვისხლტება?!...…

        თავისუფლება -- სულს სულ სწყურია! გულიც მას ელტვის...… აი, ხორცი კი,
        ხორცს სულ ბრჭყვიალა მოსართავებზე უჭირავს თვალი...…
        სხვას რომ აცვია!... სხვა რომ მიირთმევს!... სხვა რით მჯობია?!...
        და როცა იღებს, რაც მას ასე სურს, თანაც იაფად...…
        ეს სიიაფე, ასე ნაქები, სულ არაფერი თურმე ნასუქალს არ დასჯდომია...…
        მხოლოდ და მხოლოდ დათმო ,,პატარა" თავისუფლება...… რა სათქმელია?!...
        და მოოქროვილ  სულ პაწაწინა, ელვარე ბორკილს ელაციცება!

      თავისუფლება -- გაყიდული ასე იაფად, უკან არასდროს აღარ ბრუნდება!...
      ან დაბრუნდება ცრემლის ფასად...…ფასად წამების უმანკო სულთა..…
      ან სისხლის ფასად! რა ღირს სისხლი ჩვენი შვილების ?...
      როგორ თუ, რა ღირს?!... მას ფასი არ აქვს!... აქვს!...
      ეს არის ფასი ,,სარფიანად" გაყიდული თავისუფლების!...

      თავისუფლება -- წილნაყარობა უფალთან ჩვენი -- სახე გვაქვს ერთი...…
      იტვირთე უფლის კურთხევა ზეცით?... მაშ, მოიღე თავის უფლება...
      და არ დაუთმო არავის ნებით! ღვთის საჩუქარი არ იყიდება!


                                                    2008 წელი. 7 სექტემბერი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები