ნაწარმოებები



ავტორი: ტასო
ჟანრი: პროზა
3 სექტემბერი, 2014


ეს და ის

აქ მზე სახლის უკან, მარცხენა კუთხეში ამოდის, შუაღემდე კრამიტს ათბობს, ჩასვლამდე აივანზეა და ოთახებში იჭყიტება დარაბებში დარჩენილი ღრიჭოებიდან. ეს თუ კარგ ხასიათზეა ხანდახან კარს უხსნის და უშვებს სახლში. თვითონ რკინის საწოლის ცივ თავს ცხელ საფეთქელს ჩამოადებს და მანამ უყურებს შუქში აცეკვებულ მტვერს, სანამ ჩრდილი არ გამოჩნდება. ჩრდილის გამოჩენამდე არათანაბარი ნაბიჯების ხმა ისმის, ჯერ ეზოში, მერე კიბეებზე, მერე აივნზე დაგებული ნახევრად დამპალი ფიცრები აჭრიალდება და მზისგან კარის ფორმაზე განათებულ, წითლად შეღებილ იატაკზე ვიწრო მხრების და არაბუნებრივად დიდი თავის ჩრდილი იხატება, ბოლოს ჩრდიზე არანაკლებ დიდი თავის მატარებელი ის შედის ოთახში, პატარა კალათით. კალათზე ჩაის ტილოა გადაფარებული და ეტყობა ამ ტილოს რომ კაცმა გარეცხა. ლაქები აქვს სხვადასხვა ფორმის და ყველა ლაქას ცნობს. თეთრი და ძალიან სუფთა იყო ეს ტილო როცა პირველად დააფარა კალათს, მერე ნელნელა გაუჩნდა ლაქები კალათის შიგთავსიდან. სანამ დიდი თავის მატარებელი ვიწრომხრებიანი თავისი კოტიტა თითებით პროდუქტს მაგიდაზე ალაგებს ლოგინის კიდიდან თითების მტვევის ხმა ისმის ,,პური ჩვენი არსობისა, დღეს, ხვალ, ზეგ.. აზრი ჩვენი არსობისა?" _ ფიქრობს. არ ლაპარაკობს, მადლიერებას თავის დაქნევით გამოხატავს. ყველას მუნჯი ჰგონია. თვითონ სჯერა, რომ თუ მოუნდება რამის თქმა, იტყვის. ის გონჯია და თვლის, რომ ბედისგან დაჩაგრულებს ერთმანეთის უნდა ესმოდეთ, სულ ცდილობს გამოელაპარაკოს, მაგრამ მხოლოდ იმას ახერხებს, უპატრონოდ დარჩენილს საზრდო უზიდოს. ყოველ დღე ავსებს კალათს და მოპირდაპირე მთის ძირს მდგარი სახლის ეზოდან უთვალთვალებს როდის გაიღება კარი. მერე გამორბის მთელი ძლით, მაგრამ მზეს ოთახში შესვლას ვერასდროს ასსწრებს. თვითონაც უყურებს საკუთარ ჩრდილს ჩსვლისას და სჯერა: ასეთი ჩრდილი რომ არა, ბევრად მეტის გაკეთებას შეძლებდა. იქნებ გამოლაპარაკებოდა კიდეც. ეს ყოველ ღამე ჩუმად გამოდის აივანზე, გამოზომილი ნაბიჯებით, ზუსტად იცის სად არ უნდა დაადგას ფეხი, რომ ღამის სიჩუმე არაფერმა დააფრთხოს. სვეტს მიეყრდნობა და თავიდან ცას უყურებს. ცა ისე ახლოა გეგონება ვარსკვლავებს ხელით მიწვდები, ირგვლივ სულ მთებია და მთი საცხოვრებელი ამ მთების ძირების შეერთების ადგილასა. როცა ყველა ხეს ფოთლები დასცვივდება ჩიტის მიტოვებული ბუდეებივით ჩანს მთის კალთებზე მიტოვებული ხის სახლები. წელიწადის ამ დროს აივნიდან სასაფლაოც ჩანს და სვეტს მიყრდნობილი ეს სიკვდილზე ფიქრობს. რომ არ ეზაებოდეს, წავიდოდა და მისი საყვარელი ადამიანების სხეულებით ნასაზრდოებ ყველა ხეს მოჭრიდა სასაფლაოზე. მაგრამ ეზარება. ყველაფერი ეზარება საერთოდ. ხომ არსებობენ ადამიანები სიცოცხლის ხალისით. ხდება ხოლმე საერთოდ არაფერი აქვთ კარგად და მაინც უხარიათ სიცოცხლე. არსებობს ეს და აზრს ვერ ხვდება არსებობისას. არსებობს ის და ყოველდღე უმტკიცებს საკუთარ თავს რომ მასაც აქვს არსებობის უფლება. ღამე სუნთქვაშეკრული უყურებს მისთვის ძვირფას სილუეტს და საკუთარ ჩრდილზე ფიქრობს. როცა ცაზე ვარსკვლავები გაფერმკრთალებას იწყებენ ეს ფრთხილად, ისეთივე გამოზომილი ნაბიჯებით უბრუნდება ოთახს და სიჩუმეა. შემდეგ ისევ იჭყიტება დარაბების ღრიჭოებიდან მზე. ისევ ელის ის კარის გაღებას იმ იმედით, რომ მზეს შეასწრებს ოთახში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები