ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ჯოანა
ჟანრი: პროზა
11 სექტემბერი, 2014


მნემოსის ცხრა მუზა, ცხრა მზე, ცხრა ქალი

 
1.  დედა - მნემოსი
ცხრა ვშობე, ცხრა ქალი ვშობე მე მარტო ქალმა.
ცხრა დღე და ცხრა ღამე ვსახავდით საოცარ ქალებს - წითელთმიანებს, წვრილ თვალებებს, ტუჩ მსხვილებს.
მეუბნებოდა რომ ვუყვარდი, მაგრამ ვიცოდი, ვგრძნობდი მისი სიყვარული ცხრა დღე გაგრძელდებოდა სანამ ჩვენი ქალების ჩასახვა და შობა არ დასრულდებოდა, მხოლოდ მანამდე ვეყვარებოდი, მხოლოდ მანამდე ენდომებოდა ჩემი გრძელი, თეთრი, მოშვებული სხეული, ჩემი იასამნისფერი თვალებიც მხოლოდ ქალების შობამდე ეყვარებოდა. მერე წავიდოდა, ისე როგორც მიდიან ჩვეულებრივი ღმერთები - ქალღმერთებისგან.
მე მეხსიერების ქალღმერთი მნემოსი ვარ, ცხრა დღის ცოლი და ცხრა ქალის მშობი.
რომ გავჩენილვარ თვალები არ მქონია, თურმე თუ ჩამხედავდი თვალების ღრმულებში, შიგნიდან მთლიანად ვჩანდი, შიგინდან ვშიშვლდებოდი. ისე მრცხვენოდა, ისე მრცხვენოდა, ავიფარებდი თვალების ღრმულებზე ხელს და უზარმაზარი წიფლის ძირში გულამოსკვნილი ვქვითინებდი. მოდიოდნენ პატარა ღმერთები, ქალღმერთები, პატარა გმირები, მზეთუნახავები, ურჩხულები, ვამპირების პატარა, სისხლიანი ნაშიერები, ალისფერ თმება ალქაჯების ქალიშვილები, ჩამხედავდნენ ღრმულებში და იწყებდნენ სიცილს: გამყინავს, ჟრუანტელის მომგვრელს, შემზარავს.
- შიგნიდან შიშველია მნემოსი, შიშველია. ჩახედეთ, კარგად ჩახედეთ როგორ უფეთქავს გული, გული აქვს, გული აქვს.. ჰააააა, ჰააააააა, უუუუუუუუუუ…
ღრმულებიდან წამოვიდოდა ცრემლები, თითქოს დოქით წყალი გადმოაქციესო, (რადგან თვალები არ მქონდა და არც საცრემლე აპკი გამაჩნდა შესაბამისად), ყველაფერი ჩემს ცრემლებში იყო ამოსვრილი, ამით უკმაყოფილო, მნემოსის ცრემლებით დასველებული პატარა ალქაჯები, ღმერთები და სხვა არსებების ნაშიერები, უკმაყოფილოდ, ბუზღუნ-ბუზღუნით გამეცლებოდნენ და მარტო მტოვებდნენ. მე მივწვებოდი მჩხვლეტავ, ჩემი სისველით გაჟღენთილ ხავსზე, ჩემს მწვანე თმებში გავეხვეოდი, ერთს ამოვიოხრავდი და  დავიწყებდი იმაზე ფიქრს, რა უბედური ვარ, რომ ასეთ სიცოცხლეს და ყოფას ისევ ადამიანობა მირჩევნია (თვალები ხომ მაინც მექნება ჩემი ), ეეჰ, რა ვიცოდი ეს წუთები იმასთან შედარებით, რასაც დღეს ამ წუთას განვიცდი უბედნიერესი წუთები ყოფილა.
როდესაც მივაღწიე იმ ასაკს, რომ დამოუკიდებლად უნდა მექალღმერთა, მემართა და მეძრომეალა მოკვდავთა მეხსიერების ბნელ ხვეულებში, იმ მთავარმა (ჩემი ქალების ჩამსახავმა), იასამნისფერი თვალები მაჩუქა, თვითონვე ჩამისვა ამოცარიელებულ,  ჩემი სისხლძარღვების, გულის, სისხლის - ღია სარკმელებში, ამოქოლა, ამოავსო იასამნისფერი ლორწოვანი მასით, შემდეგ საკუთარი ხელით, იასამნისფერ ლორწოში წითელი მძივების მაგვარი - გუგებიც კი ჩამიმაგრა, ჩამირჭო. ხოდა, პირველად სწორედ ის დავინახე - ჩემი თვალების ჩამსმელი, ჩვენი მთავარი, მთავარი ღმერთი. და რა გასაკვირვია რომ შემიყვარადა.
თვალების ჩასმით და ღრმულების ამოქოლვით - დავიწყე ქალღმერთობა, მოკვდავთა საოცრად დაბინძურებულ, ქაოსურ და ჩვენგან (ღმერთებისგან/ქალღმერთებისაგნ) განსხვავებულ ცნობიერში მოგზაურობა. მაშასდამე ჩემი ქალღმერთობა, თვალებით ხედვა და სიყვარული ერთდროულად დავიწყე.
რა თქმა უნდა მიხვდა, ის ხომ ღმერთია, თანაც მთავარი. რა თქმა უნდა მოვიდა, ის ხომ ღმერთია და სიყვარულზე უარს ვერ იტყვის. რა თქმა უნდა ჩავსახეთ, თან ცხრაჯერ, ცხრა ქალიშვილი და მერე ვშობეთ.
ქალებს მისი კანი გამოყვათ - მომწვანო და ლორწოვანი, თვალებიც მისი (მე რადგან თვალები ჩემი არ მქონდა, ჩემი თვალები შესაბამისად ვერ გამოყვებოდათ, ნაჩუქარი თვალების გამოყოლა ჩვენთან შეუძლებელია) - წვრილი, მოყვითალო, ხორბლისფერი წერტილებით. ტუჩები ჩემი - მსხვილი, წითელი, წყლიანი.
მარწმუნებდა მიყვარხარო, მაგრამ მე ხომ ვიცოდი, მე ხომ ვგრძნობდი.
ქალების შობამდე ვეყვარებოდი მერე წავიდოდა. თავის ნაჩუქარ ჩემს იასამნისფერ თვალებს მიივიწყებდა, ახალ თვალებს, ახალ ღრმულებს დაუწყებდა ძებნას, ახალ ჩასახვებს  მისცემდა თავს, ახალ შობებს.
მე დავრჩი. მარტო აღარ, ცხრა ქალი იყო ჩემთან ცხრა მუზა -  მოცეკვავე, მომღერალი, წინასწარმეტყველი, პატარა ქალღმერთები - ყოველთვის სევდიანი, კაეშნიანი გამოხედვით. იცოდნენ რა ბედიც ელოდათ, იცოდნენ და ეშინოდათ, წინასწარ განიცდიდნენ მომავალ ტკივილს, წინასწარ ეგლიჯებოდათ სხეული. იმაზე დიდი ტკივილი არ ყოფილა ქალღმერთებისთვის, როგორც საკუთარი შვილების მეხისიერებაში მოგზაურობა და იქ მომავალი უბედურებების აღმოჩენა.
თეთრ, გამჭვირვალე პერენგიანები, წითელ თმებიანი, ჩემი საწყალი შვილები.
და დაიწყო
ჩემი მზეების, ჩემი მუზების - ხოცვა.
2. 
“სულ პატარა ბიჭი იყო, ფანჯრიდან, რომ გადახტა და უკან მოუხედვად გაიქცა, მას შემდეგ არავის არ უნახია თვალით, მშობლებმა გამოიტირეს, ქალაქმა დაივიწყა, მეგობრებმა პანაშვიდი გადაუხადეს, არადა ის ცოცხალი იყო და დიდ საქმესაც შესჭიდებოდა, მუზების ხოცვის დიდ და საპასუხისმგებლო, დიად საქმეს.”
კაცი მსუქანი იყო და ქონიანი, კანიდან ამოსული ცხიმი და ქონი უპოხავდა თმებს, თავზე ხელებზე, მუცელზე. თავზე რამდენიმე ღერი თმა ქონდა, წინიდან უკან წაღებული და გადავარცხნილი, რომ დაეფარა მოტიტვლებული თავი. ცხვირი ისეთი გრძელი და ქვემოთ ჩამოწეული, წვრილი ბაგე არც კი უჩანდა.
ცხოვრობდა სარდაფში, უზარმაზარი საცხოვრებელი კორპუსის - ქვემოთ, მუდამ ნესტიან და ობიან, აყროლებულ ადგილას. დამტვრეული კიბეებით თუ ჩახვიდოდით მხოლოდ ქვემოთ, მის სამფლობელოში, თუმცა იქამდე შეიძლება ვერც კი მიგეღწიათ, აუტანელი სუნის და სინესტის გამო.
არავის არ იცნობდა, არავინ არ იცნობდა.
არ იცოდნენ საიდან მოვიდა, რატომ ცხოვრობდა, რატომ არსებობდა, რითი ცხოვრობდა ან სულდგმულობდა.
ეშინოდათ, ნამდვილად ეშინოდათ მეზობლებს, ეშინოდათ და ეზიზღებოდათ კიდეც, ამიტომ გაურბოდნენ, ამიტომ არიდებდნენ თავს.  ზოგიერთი იმასაც კი ამბობდა, რომ ღამით, როდესაც საათი სამჯერ ჩამოკრავდა - კივილის, მოთქმის და არაამქვეყნიური ტირილის ხმა ესმოდათ, ხმები სწორედ სარდაფიდან მოდიოდა, თან მკაფიოდ, თან აშკარად. მეზობლები მშიშრები იყვნენ, ვერ ბედავდნენ ამ საკითხის გამოკვლევას, მერე თავი დაიმშვიდეს გვეჩვენებაო, ამ დაძაბულ და რთულ ცხოვრებაში, გასაკვირი არ არის ამდაგვარი ხმები მოგვესმას-მოგვეჩვენოსო, აბების დალევა დაიწყეს, ღამით რომ არ გაღვიძებოდათ და არ შეწუხებულიყვნენ სარდაფიდან ამომავალი კივილით, ოხვრით და წივილით. ზოგიერთმა ბალიში წაიფარა თავზე, ზოგმაც ყურები დაიცვა, ზოგი ისე შეეჩვია ამ ხმებს რომ აღარც კი უკვირადთ, აღარც კი ესმოდათ.
არადა ღამის სამ საათზე იწყებოდა და დილამდე გრძელდებოდა. ქონიანი კაცის სარდაფში, სიფრიფანა, ლორწოიანი კანის და ხორბლიფერ წერტილებიანი, წვრილ თვალება მუზების ხოცვა.
დილით, გათენიისას, როდესაც მეზობლებს ისევ ეძინათ და ისე იყვნენ წამლებით გაბრუებულები, სიზმრებიც კი აღარ მიდიოდნენ მათთან, კაცს თავის სარდაფიდან ბღუჯა-ბღუჯა წითელი თმები ამოქონდა, თმებს დანაწევრებულ ლორწოიან სხეულებს და ოდესღაც თეთრ, სისხლისფრად შეღებილ პერანგებსაც ამოაყოლებდა, გამჭვირვალე, დამტვრეულ ფრთები მხრებზე გაედო, ხოლო პატარა ტომარაში წვრილი თვალები გამოეკრა. ამ ყველაფერს სარდაფის ზემოთ, ერთად მოაგროვებდა, ნაცრისფერ ნაჭერში გადაახვევდა და იქვე ნაჩქარევად ამოთხრილ ორმოში უკრავდა თავს. შემდეგ მიწას წააყრიდა, გაიოფლებოდა, დასველდებოდა, აქშინდებოდა, შუბლიდან მოიწმენდავდა მუზების მწვანე სისხლსა და ლორწოს. კმაყოფილი გაიღიმებდა და ბრუნდებოდა თავის სარდაფში.
საწყალი მნემოსის ცხრა მზე, ცხრა მუზა.
კაცი ბოროტი იყო, ძალიან ბოროტი. ბავშვობას გამოქცეული, სიძულვილით ავსებული, ეზიზღებოდა მუსიკა და პოეზია, ვერ იტანდა პოეტებს, და ხელოვანებს. რომ მიგეშვათ ყველას ერთიანად დახოცავდა და შეიძლება გემრიელადაც კი მიერთვა, ხორცი - ხორცად მოემზადებინა, შეეკაზმა, შეენელებინა, სისხლი -ღვინოდ დაეყოლებინა, მერე ამოაბოყინებდა კიდეც, გულზე ოფლიან ბეწვებსაც მოიფხანდა, მოიწიწკნიდა და გემრიელად ამოუშვებდა ხვრინვას.
თუმცა პოეტები, მუსიკოსები, მხატვრები ძალიან, ძალიან ბევრნი იყვნენ,  მთელს დედამიწას მოსდებოდნენ კალიებივით, სასიზღარი მწერებივით გამრავლებულიყვნენ, პეთეტურად წერდნენ და წარმოთქვამდნენ საზიზღარ ლექსებს, ჯღაბნიდნენ მახინჯ ნახატებს, სამყაროს ატრიალებდნენ, უკუღმა ხედავდნენ რეალობას, ცდილობდნენ ის სამყაროები გაეხსნათ, ეჩვენებინათ ყველასთვის, ის რაღაც, კაცს რომ ასე სძულდა, ეზიზღებოდა, ვერ იტანდა,  გული უწუხდებოდა.
ჯერ კიდევ ბავშვი იყო, რომ გაიგო  მუზების არსებობა, თურმე ამ მატრაკვეცა, უსაქმური ქალების დამსახურება ყოფილა ამდენი საზიზღარი პოეტის, მწერლის და კიდევ ათასი ჯურის უსაქმურის არსებობა, თურმე ეს თავხედი, მეძავი  ქალები, მიუბრძანდებიან ხოლმე ღამით ფანჯრებთან ამ ჯურის ადამიანებს, თავში ათას სუსულელეს უტენიან, ათას სისაძაგლეს აწერინებენ და ახატინებენ. იქნებ გაბედონ და მასთანაც მივიდნენ, მეტიც არ უნდა - ბობოქრობდა ჯერ კიდევ ბავშვი. მიზნად დაისახა, გადაწყვიტა მათი დახოცვა, განადგურება.  ის კი აღარ უფიქრია, რომ მუზები ღმერთის (თანაც მთავარის)  და იასამნისფერთვალება ქალღმერთის ქალები იყვნენ და უბრალო მოკვდავი მათ ვერ გაანადგურებდა. არა კი იფიქრა, როგორ არა, ამიტომ იყო, რომ მოუხშირა სიარული ერთ კუდიან დედაკაცთან, ქალაქში რომ იყო განთქმული მკითხაობით და მისნობით.
კუდიანმა მოუსიმინა ჯერ კიდევ ბავშვს, დააღო ნერწყვიანი, მეჩხერ კბილებიანი, სულ მთლად ბაგეების გარეშე დარჩენილი, დაჭმუჭნილი, მიწისფერი პირი და ხრინწიანი ხმით მოყვა ბუტბუტს:
-  მნემოს ნაცარი,
მნემოს ნახშირი,
ცხრა ქალი,
ცხრა მუზა - მიწას.
ფრთები - მიწას.
თვალები - მიწას.
პერანგები- მიწას.
მნემოსის იასამნისფერი თვალებს - ცრემლი,
გაუშრობელი
ცხელი
მარილიანი
ცრემლი.
მნემოსის ხავს
ყვითელსა და მჩხვეტავს
დალპობობა - ცრემლით.
მწვანე თმებს გათეთრება
თეთრ ტანს - შავი
შავი ტანი.
იწყევლებოდეს
იხოცებოდეს
ღმერთების ქალები.
მერე გაჩერდა, დაანთო სანთელი მიწისფერი და მყრალი. ცოცხლად დანაყა მოყიყინე ბაყაყის ვარდისფერი ენა, ჩაურია  გველის გამოცვლილი კანის შავი ქერცლი, წვრილად დაფშვნილი ვარდკაჭაჭას ცისფერი ფურცლები, ობობას მოხარშული და მოხუფული ქსელი(წინასწარ გამზადებული), მრავალძარღვას წვენი, ერთი ძლიერად მოურია, ჩაყო ხელები შიგ, თავი ზემოთ ასწია, ზეცას გაუსწორა წირპლიანი, ბებრული თვალები და გააგრძელა წყევლა, გააგრძელა მოთქმა:
და რომ გაცოცხლდნენ
მათი გაცოცხლება იყოს
დროებითი.
ისევ დაიხოცნენ
კაცის ხელით,
რომელსაც სძულს მუზები,
რომელსაც სძულს პოეზია.
ასე გაგრძელდეს
მუდამ
ასე გაგრძელდეს საუკუნეები
დაიწყევლოს დედა მნემოსი
მოუკვდეს შვილები,
დაიმარხონ და მერე გაცოცლხდნენ
მერე კიდევ დაიხოცონ,
მერე კიდევ დაიმარხონ
და რომ გაცოცხლდებიან კიდევ
დაიხოცონ.
დაიწყევლოს კაციც, გაიქცეს ბავშვობიდან
გადახტეს ფანჯრიდან
უკან აღარ დაბრუნდეს.
დაივიწყოს სახელი,
სახლი და ქალაქი
სადაც გაჩნდა.
მთელი ცხოვრება გაატაროს მუზების ხოცვაში,
პოეტების ფანჯრებთან ჩასაფრებაში.
და იყოს უკვდავი
როცა სიკვდილი მოუნდეს
მაშინაც არ მოკვდეს.
ბებერმა გაიცინა, გაიხარხარა, დაკრიჭა ღრძილები და ჯერ კიდევ ბავშვს ხელში, თავის ბინძურ ნარევში ამოვლებული დანა მისცა, მუზების დასახოცად, მათი სხეულების ასაკაფად.
საწყალი მნემოსის ცხრა მზის, ცხრა ქალის, ცხრა მუზის ასაკაფი დანა. ო, ასე საშიში, უბედურების და სიკვდილის მომტანი.
რა გეშველებათ პოეტებო, მხატვრებო. ხელოვანებო, მუსიკოსებო, რომ აღარ იარსებებს, კუდიანის შელოცვილი დანით აიკაფება ცხრა მშვენიერი მუზის სხეული, დაიჭრება, დაიმარხება მათი ფრთები - თქვენთვის ასე საყვარელი, ასე გამჭვირვალე და ასე თეთრი.
საწყალი დედა, საწყალი მუზები.
მნემოსის მოთქმა
ცხრა დღე გსახავდით
და ცხრა დღე გშობდით-
ჩემო ქალწულებო,
ჩემო მუზებო.
ყოველ წელიწადს,
დედამიწა ყვითელ სამოსელს-
იფარავს თეთრით.
იხოცებიან მუზები ჩემი.
ცხრა დღე ვაწყობ სხეულებს თქვენსას
დასახიჩრებულს,
დალეწილს და ფრთებ
დამსხვრეულს.
კაცისგან - რომელსაც სძულს მუზები
და სძულს პოეზია.
გაწყობთ ჩემს ხავსზე
ისევ ისე სველია ჩემი ცრემლებისგან
როგორც იყო ადრე,
თვალები რომ არ  მქონდა
და ღრმულებიდან მიჩანდა გული.
მხოლოდ ცოტა ხნით გაბრუნებთ ჩემთან,
რომ ჩაგეხუტოთ და თმა შეგისწოროთ
ასე წითელი და ასე სქელი.
შვილებო ჩემო, ჩემო მზეებო,
მიფრინავთ მერე
გამთელებული ფრთების ფარფატით,
რომ კიდევ მოკვდეთ  და დაიხოცოთ
ჩემო მუზებო.
წყეულიმც იყავ,
კაცო მოძულე ჩემი შვილების,
იყავი ცოცხალი მუდამ-
და არ მოკვდე არასდროს, მაინც
რომც  მოგინდეს სიკვდილი ძლიერ.
.
3.  ისევ კაეშანი
მნემოსის თმას მწვანე,  ხასხასას ერევა ჭაღარა, გადაყვა ქალღმერთი შვილების დარდს და კუდიანის წყევლას. თეთრი კანი უშავდება, იასამნისფერი თვალები ეცრიცება, სადაცაა ისევ ღრმულები დარჩება, იასამნისფერი ლორწო ჩამოდნა ცრემლებად, წითელი გუგებიც ამოვარდნის პირასაა.
შვილების გაცოცხლება ზეიმია, ყვავის მნემოსის ხავსიც ისხამს ნაყოფს, თავისუფლდება ქალღმერთის ცრემლებისგან. აბავს ფერხულს გაცოცხლებული ცხრა ქალწული, ეფერებიან დედას.
მერე ისევ თავიდან იწყება, ასეა მუდამ.
დარდისგან დნება მნემოსი. არ იცის რა ქნას, შვილების დასახიჩრებული სხეულები გულს უკლავს. ფრჩხილების ქვეშ მუდამ მიწა აქვს ჩარჩენილი, საკუთარი შვილების საფლავის ჩიჩქვნისას. ზურგი გადაუტყავდა დახოცილი მუზების, დახოცილი მზეების ზიდვის გამო. დრო კი გადის.
კაციც აბუზღუნდა, აიმრიზა, მოსწყინდა ხოცვა, ვეღარ ისვენებს. გადის დრო, იცვლებიან მისი მეზობლები, ინგრევა სახლები, სარდაფიდან სარდაფში, ქალქიდან ქალაქში დამოგზაურობს. ყველა პოეტს იცნობს, ყველა ხელოვანი ზეპირად იცის, ათენებს მათ სარკმელებთან, იჭერს მოფარფატე მუზებს, გამოამწყვდევს ტომარაში, ჩაყავს სარდაფში და სათითაოდ ხოცავს, კუწავს, ანაწევრებს, აძრობს თმებს, თვალებს, ფრჩხილებს, საგულდაგულოდ აფასოებს, სხვადასხვა ადგილას მარხავს, იქნებ დედა მნემოსმა ვერ იპოვოს, ვერ შეაერთოს, ვერ  გააცოცხლოს სხეულები, იქნებ საბოლოოდ დაიხოცნონ, გაიხრწნან, გაქრნენ და მოისვენოს თვითონაც.
წავიდა თავის ქალაქში, ვერ იცნო ქალაქი, თავის სახლი დანგრეული დახვდა, მშობლების საფლავს ძლივს მიაგნო - აბალახებულს, ძმის შვილთა შვილებს შეავლო თვალი, დაღონდა, მოიწყინა, მოიღუშა. უფრო გამწარებით შეუდგა მუზების სხეულების კაფვას. ეძება კუდიანი ვერ იპოვა, წასულიყო, კიდევ უფრო დაღონდა. არ უნდა გამოტყდეს რომ მობეზრდა სიცოცხლე, სიკვდილი უნდა, მაგრამ მუზები ისევ სძულს, უფრო ძალიან ვიდრე ოდესმე.
მნემოს  როგორ ეზიზღება კაცი, ო როგორ ეჯავრება. უნდა მივარდეს და ამოჩიჩქნოს თვალები, მოახრჩოს, დაკუწოს, რამხელა სიმოვნებას მიიღებს, როგორ დაისვენებს, შვილებს გადაარჩენს. მაგრამ არ შეუძლია, კუდიანის წყევლა უშლის ხელს,  ვერ ეკარება.
ისევ გადის დრო, მნემოს ცალი თვალიღა დარჩა, დააღო შავი პირი თვალის  ადგილას დარჩენილმა ღრმულმა, გამოჩნდა და გაშიშვლდა გულის ნაწილიც - ღია სარკმლიდან.
შეეცოდა ღმერთს, მთავარს, ქალღმერთი, ერთად რომ ჩასახეს მუზები, ქალებიც შეეცოდა - მამის კანი გამოყოლიათ და წვრილი თვალებიც მამის. ფიქრობს  რა იღონოს, კუდიანის წყევლა ძლიერია, კუდიანი ქვესკნელისაა, ქვესკნელს თავისი ღმერთები ყავს, ერთი - ისიც მთავარი. ამ ღმერთს, მუზების მამას ამასაც მთავარს, არ უნდა მტრობა ღმერთთან - ქვესკნელის. ამიტომ ფიქრობს, იკავებს თავს, მაინც ღმერთია, არ ყვება გრძნობებს.
გამოსავალი არ არის, ღონდება ღმერთი, ნელ-ნელა დნება დედა მუზების.
ცხრა ქალი ისევ იჩეხება და ცოცხლდება, ცოცხლდება და კვდება.
კაეშანია ისევ.
4. გაცოცხლება
მნემოსი  დამდნარი, დაუძლურებული თვალებ დაკარგული, დაბოდიალობს, დაეხეტება მოკვდავთა თავებში, თან მოთქვამს მწარედ, ტირის თავისი  ქალების ბედებს. საბრალოა დედა მუზების, თუ კი მოხვდება პოეტის თავში და წააწყდება იქ თავის შვილების სახე-ხატებას, ივსება მნემოსის  ცრემლით პოეტთა ტვინები და ირეცხება მათი  მეხსიერება მუზების სახეებისგან, მათი ხმებისგან, მათი სხეულებისგან.
ასეთი მოგზაურობისას, მნემოსი მოხვდა თავში, ადამიანის, რომელიც იცნობდა ქვესკნელის კუდიანს. ადრე ყოფილა მასთან სამკითხაოდ, სურდა გაეგო თავის საბედოს სახელი ტკბილი. დედაბერს მყრალსა და სუნიანს, ავსა და ბოროტს, მოსდომებია საუბარი და გადაშლა გულის, უტრაბახია, მოუყლია თავის ამბები, ისტორიები და გმირობები. თან ხარხარებდა და აფრქვევდა ნერწყვებს. უთქვამს:
დავწყევლე მუზების
დედა
და თავად ქალებიც.
ადამიანიც
რომლის სურვილიც
იყო ხოცვა ქალების,
მზეების.
მოუყოლია სულ წვრილ-წვრილად, ამბები ბნელი. ისიც კი უთქვამს რა ახსნის წყევლას და ჯადოს მძიმეს. საბედოს სახელის გაგების მსურველს, ეს ყველაფერი საგულდაგულოდ შემოუნახავს მეხსიერების ბნელ ხვეულებში და დედა მუზების, გაფაციცებით და გამალებით იკვლევს და იკვლევს.
დედა მნემოსმა, თავისი  გულის ნაწილი ერთი, რომელიც მოუჩანს თვალების ღრმულიდან, უნდა ამოიღოს სანამ ცოცხალია, სანამ თბილია და სანამ ფეთქავს, შემდეგ დაწუროს, დაშრიტოს კარგად, გამოუწუროს წვენი წითელი, შიგ შეურიოს ცრემლი თავისი, ბავშვობის დროდან შემონახული და შერჩენილი ხავსისის ყვავილებს. დააწუროს ლორწო ქალების და ღმერთის (მთავრის) სისხლის წვეთები. მოიჭრას თმები მწვანე და გრძელი, დაწნას კალათა მტკიცე, შეკრული, შიგ ჩააქსოვოს იმ წიფლის ფოთლებიც, რომლის ძირშიც უყვარდა  ჯდომა. ამ კალათაში ჩაწუროს სითხე მომზადებული, როგორც ავღნიშნე. და ეს ყველაფერი დალიოს კაცმა, ბოროტმა და მოძულემ მუზების. გამოქცეულმა ბავშვობიდან. და ამის შემდეგ მეხსიერების ქალრმერთი მნემოს, შევა, დაიპყრობს კაცის ცნობიერს და მეხსიერებას.
მნემოსი აყვავდა, გაიბადრა, გაიშალა ქალღმერთი მწვანე.
შეუდგა საქმეს,  ჩაიყო ხელი - გრძელი და თეთრი თვალის ადგილას გაჩენილ ღრმულში და ამოიგლიჯა გული წითელი, მფეთქავი, თბილი. მერე გამოწურა და ყველაფერი ისე გააკეთა როგორც კუდიანმა უთხრა ადამიანს, მისულს სამკითხაოდ.
მუზების დედამ შეოიხვია ლაბადა - შავი, ზურგზე შეაჯდა ქურციკს ღმერთების და სწრაფად გაჩნდა, მუზების მკვლელი კაცის სარდაფში. კაცი დაღლილია, წუხელ დახოცა ცხრა ქალი, დაანაწევრა კიდეც და სულ აქეთ-იქით, მიმარხ-მომარხა. სძინავს, მისი ხვრინვისგან კედლები ირწევიან. მეხსიერების ქალღმერთი მნემოსს სულმოუთქმელად, ძალიან ფრთხილად, შვილების მხოცველს, კაცს  პირში ასხამს საოცარ ნაზავს - მწვანეს და წითელს, დედის გულისგან გამოწურულს და შეზავებულს.
რა ბინძურია, რა სიბნელეა, რა სიმყრალეა, რამდენი ობია - მუზების მკვლელი, ბავშვობიდან გამოქცეული და ფანჯრიდან გადმომხტარი კაცის მეხსიერების ხვეულ-კუნჭულებში. აებნა თავგზა მუზების დედას, თან შეაძრწოლა, თან შეაჟრჟოლა - ირგვლივ სისხლია თავის ცხრა ქალის, ცხრა მზის, ცხრა მუზის.
და სიძულვილი უზარმაზარი - ტკბილი მუზების.
აჩქარდა ქალღმერთი - აღარ უნდა ხილვა სისხლების, შვილების სიკვდილის, ერთი სული აქვს ეს ყველაფერი გაანადგუროს, წაშალოს, მოსპოს.
ანადგურებს ამ მოგონებებს, მეხსიერების ამ ნაწილს მტანჯველს. კაცს დაავიწყა რომ სძულს მუზები და სურს სიკვდილი მათი. არ დაუტოვა არც ერთი დღე, არც ერთი წამი. უნდა გამოვიდეს ბნელი ადგილიდან, საძულველი კაცის თავიდან, რომ უცებ, მოულოდნელად, გაწმენდილი მეხსიერების სიცარიელეში, ყვითლად გამოანათა კაცის ბავშვობამ, მივიწყებულმა, დაობებულმა, დაძველებულმა მოგონებებმა და მეხსიერებამ.
ქალღმერთი ჭოჭმანობს ნახოს თუ არა, ეჩქარება შვილების განთავისუფლება სამარადისო.
რაც არის, არის, უნდა ნახოს, ვერ ითმენს დედა მუზების.
და რა იხილა - ბავშვი პატარა, დიდი თვალებით, წყლიანით, შავით. როგორ უყურებს: მამა სცემს დედას, სასტიკად ურტყამს, თმებს აგლიჯავს და თან დაჰყვირის, რომ  მუზებს უფრთხობს და არ აცლის წერას. ის მეტს იმსახურებს, ის პოეტია და ღირსია მეტის. ყვირილი ლანძღვა, სქელი ქამარი - მძიმე და ტყავის, ხვდება პატარას, ზურგს უწვავს და გულს უდაღავს. დედა კი კივის - ოღონდ ბავშვს არა. ბავშვი გარბის, გარბის  ბავშვობიდან, ხტება ფანჯრიდან, გარბის და გარბის.
მუზები ცოცხლდებიან, ქალღმერთი მნეომოს ბედნიერია, ღრმულები ევსება წითელი თვალებით, ბრწყინავს და ბრწყინავს. მღერის მნემოსი, თავს დასტრიალებს თავის გოგოებს:
ჩემი ცხრა ქალი
ცხრა მზე
ცხრა მუზა.
იქვე, მოხუცი, მსუქანი ბერიკაცი დგას, რაღაცას ფიქრობს, უნდა გაიხსენოს, მაგრამ ვერ იხსენებს, მერე იღიმება, თავს იქავებს და მუზებს უცინის. კიდევ ფიქრდება იქნებს გაიხსენოს, მაგრამ ამაოდ.
ფანჯრიდან ხტომა, და ფეხის წაბორძიკება თითქოს ახსენდება, დედის თვალებიც იელვებს თითქოს, ისევ ამაოდ.
დგას ბერიკაცი, იღიმება და ფიქრობს და ფიქრობს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები