ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გრეგორ ზამზა
ჟანრი: დრამატურგია
20 სექტემბერი, 2014


ანგელოზი ჯოჯოხეთში

ა ნ გ ე ლ ო ზ ი    ჯ ო ჯ ო ხ ე თ შ ი
                                              ტრაგიკომიკური ფანტასმაგორია
                                                      ხუთ სურათად

მოქმედი პირნი: სანდრო
                              სალომე
                            თინა, შეშლილი მოხუცი
                              მათხოვარი
                            ანორექსიით დაავადებული გოგონას სული


1. ოროთახიანი ბინა. სიბნელე. ჩამსხვრეული სარკის წინ ზის ქალი. წყვეტს ხმამაღლა  ტირილს და თავის დაჩეხილ, დანაწევრებულ ანარეკლს აკვირდება. ხმამაღლა იცინის და მერე სერიოზულ სახეს იღებს. მაკიაჟს ისწორებს. თმას ივარცხნის. რაღაცას თავისთვის ღიღინებს.

სალომე: იცი, უწინ რა ლამაზი გოგო ვიყავი?
 
პაუზა.
სალომე: არ გჯერა?  (პაუზა) თუ გინდა, შუქს  ავანთებ და უკეთ დამინახავ (სალომე  მთქნარებით ანთებს შუქს). განათებული ბინის ინტერიერი საკმაოდ ღარიბულია. კარადა. პატარა მაგიდა. კედელი სავსეა დიდი, ცარიელი ჩარჩოებით. ცენტრში დგას საწოლი,რომელზეც საბანგადაფარებული სანდრო წევს.

სალომე: ისევ არ გჯერა? მერე რა,რომ ორმოცი წლის ქალიშვილი ვარ? მერე რა,რომ ჯერ არ შეხებია მამაკაცის ბინძური, ბანჯგვლიანი ხელი ჩემს ფაიფურივით სათუთ და კრისტალივით სუფთა სხეულს?! მერე რა,რომ ჯერ ისევ ბავშვი ვარ? 40 წლის ბავშვი, რომელმაც ცხოვრების ეს უმნიშვნელოვანესი ხანა, ეს დაუვიწყარი, ლამის დარიაჩანგის ბაღივით ლამაზი და მრავალფეროვანი პერიოდი  გამოტოვა და ამდენი წლის შემდეგ ინაზღაურებს დანაკლისს? 
სანდრო (თავს წამოყოფს): აუ, არ დაიღალე? მოდი რა, გათბა საწოლი.
სალომე: მაკიაჟი გამიფუჭდება. უნდა წავიდე.
სანდრო: სად მიდიხარ, შუაღამეა, შე ავადმყოფო!
სალომე: მერე რა!
სანდრო:მამაჩემის მამასთან წასულხარ!  (მთქნარებით)
სალომე: ვერ გაიგე, ექიმმა რა თქვა?
სანდრო: არ ვუსმენდი, იმ დროს უნიტაზზე ვიჯექი და ჩემი მუცლის ბუყბუყით ვტკბებოდი .
სალომე ( არ უსმენს) : გაუშვით, სადაც უნდა იქ წავიდესო...
სანდრო ( ნერვები ეშლება) დაწექი,შე ჩემა!
სალომე: თუ გიყვარვარ, პიანინოზე დაუკარი.
სანდრო: აუ, დაახვიე, რა!
სალომე : მე ასეთი სულელი გოგო სულ კი არ ვყოფილვარ… ხომ გესმის ჩემი,არა? (პაუზა) მინდა რომ სადმე შორს წავიდეთ... მე და შენ, სხვა არავინ...  (პაუზა) ზოოპარკში მაინც წამიყვანე… იცი,როგორ მიყვარს ცხოველები? მიყვარს ბოჩოლას ლამაზი თვალები, კურდღლის ქათქათა ყურები, ლომის მრისხანე , მეფური მზერა, ლეოპარდის სისწრაფე, ცხენის ამტანობა. მიყვარს ადამიანი მთელი თავისი სისუსტეებით, სიხარულით თუ ტკივილით,  აუხდენელი ოცნებებითა და აბსურდული იმედებით ... ( პაუზა) მოდი, ჯოჯოხეთში ვიმოგზაუროთ!
სანდრო ( მთქნარებით):რატო, ზოოპარკი ასე მალე შეგძულდა თუ რა ხდება? იქნებ იმან შეგაშინა,რომ ორი კვირის წინ ვიღაც 18 წლის ლაწირაკებმა პატარა შველუკა გააუპ…
სალომე(აწყვეტინებს)  ჯერ ჯოჯოხეთი ვნახოთ , მერე- სამოთხე. ნუთუ კვლავ ცხელ კუპრში იხარშება ჰიტლერი? ნუთუ კვლავ ერჭობა ბასრი დანები უკუღმა დაკიდებულ მუსოლინის?  ნუთუ კვლავ მოთქვამს  ჩვენი საბრალო, საბრალო ჰამლეტი?  (პაუზა) სამოთხე ერთფეროვანი და მოსაწყენი იქნება, არა, სანდრო? 
ისმის ხვრინვა და ბუტბუტი ( როგორც ჩანს, სანდრო ძილში ლაპარაკობს)
სალომე: დაცემული ანგელოზები არ ბრუნდებიან( იცინის.მერე  ტუმბოზე მიმოყრილი ნივთებიდან სიგარეტის კოლოფს იღებს და ერთ ღერს აბოლებს). შენ ისევ აქ ხარ? (ვიღაც უხილავს მიმართავს)
სხვა ოთახიდან მსხვრევის ხმა ისმის.
სალომე: შენი ბრალია ყველაფერი, შენი ბრალია.
სალომე: კაკ-კუკ, კაკ-კუკ, კაკ-კუკ. გგონია, მაშინებ? შემოდი, შემოდი, სადაცაა გათენდება. კარი იღება. არავინაა. სალომე კვლავ სარკის  წინ ჯდება  და თმას ივარცხნის.
სანდრო (მთქნარებით): ქალო, შენ კიდევ არ გძინავს?
სალომე: არ მეძინება. სანდრო, იცი რა მოხდა, სანამ შენ გეძინა?
სანდრო დუმს.
სალომე: სამოთხეზე ვფიქრობდი. იცი,რომ დაცემული ანგელოზები უკან არ ბრუნდებიან?
სანდრო: სად უკან?
სალომე: აბა, გამოიცანი… ეჰ, რა უბადრუკები ვყოფილვართ ადამიანები. რა საზიზღარ და გიჟებით სავსე სამყაროში ვცხოვრობთ... ( პაუზა) იცი, მე გაფრენა მინდა შორს, ძალიან შორს, მაგრამ არც ვერტმფრენით, არც აეროსტატით და არც რაკეტით.
სანდრო: აბა, რითი? ( ნერვიული ხმით)
სალომე: ფრთებით, საკუთარი ფრთებით. მე ხომ ერთი პაწია მერცხალი ვარ!
რვა წლის ასაკში მეძახდა ასე ზინა ბებო, ჩვენი მეზობელი. ეჰ, საწყალი ზინა ბებო... როგორ გააწამეს 99 wlis ქალი იმ ლაწირაკებმა და იდიოტებმა... არა, არა, უკვე საბოლოოდ მომბეზრდა ეს უღიმღამო, ჩამყაყებული რეალობა… ასე მგონია, სულ ვიღაც მიყურებს, მითვალტვალებს. ვიძაბები. ვიღლები. ხან ვტირი, ხან ვიცინი ( ნერვიულობს). ადამიანი საოცარი ქმნილებაა. უცნაურიც და შემზარავიც. ის თავადვე აშენებს სიყვარულის და იმედის კოშკებს და როცა მოესურვება მაშინ ანგრევს ხოლმე. ( (პაუზა) რატომ ვიჯერებთ, რომ ვინმეს შეყვარება აღარ შეგვიძლია? რატომ, რატომ...
სანდრო ( ყვირის): თავი ამტკივდა, ვა!
სალომე: რა გაყვირებს, მეშინია. ნუ ყვირი, დაიძინე ( ამბობს მშვიდი ხმით და ღამის პერანგს ისწორებს).ისე, ნამდვილად არ მესიამოვნებოდა ჯოჯოხეთში შარვალჩახდილი  სტალინის ნახვა…

პაუზა.
თენდება. სალომე კვლავ სიგარეტს ეწევა და იცინის.
სალომე: ისევ მოხვედი? ( სიგარეტს საფერფლეზე დებს) რა გინდა ჩემგან? წადი, თავი დამანებე.ამ დროს სცენაზე მათხოვარი შემოვარდება ( მაღალი,  გრძელწვერულვაშიანი მოხუცი, ბინძური პალტოთი და ყავისფერი შლაპით).
მათხოვარი: შენ ის გოგო არ ხარ, თორმეტი წლის წინ, მანქანებით გადაჭედილ ქუჩაზე რომ გადამიყვანე?
სალომე : დიახ, მე ვარ.
მათხოვარი: მადლობელი ვარ, ქალბატონო ( აცემინებს).
სალომე: სიცოცხლე!
მათხოვარი: არ მინდა ეგ შენი სიცოცხლე! ცხოვრობ, ცხოვრობ და მერე რა?! კუბო. გვამი. მატლი. პარაკლისი. ქელეხი. გრძელი სუფრა და ჭამისთვის შეკრებილი საზოგადოება. აი, ეს არის შენი ოხერი ცხოვრება... რას მისტირიან უბადრუკი ადამიანები, ცხოვრებას? სიკვდილის კი არ უნდა გეშინოდეს, ღვინით უნდა დახვდე და ისე წახვიდე ამ წყეული წუთისოფლიდან. რამდენი ავადმყოფის, რამდენი ჩაბერილის გარემოცვაში ვარ… ბოლოს და ბოლოს, შენც გაგიჟდები. იწურება, იწურება სიკეთის და სიყვარულის მარაგი სამყაროში. ვიღუპებით, ვი-ღუ-პე-ბით!!! ( პაუზა) იცი, მე ხშირად რაზე ვოცნებობ? გაფრენაზე, ოღონდ არც ვერტმფრენით, არც აეროსტატით და არც რაკეტით.
სალომე: აბა, რითი?
მათხოვარი: ფრთებით, საკუთარი ფრთებით.
სალომე: რა მაგარია! მეც მიფიქრია გაფრენაზე.
მათხოვარი: ღამით ხომ არ შეგაშინეთ? საჭმლიანი ქვაბი გამივარდა ხელიდან, უბრალოდ, ძალიან მშიოდა, ძალიან.
სალომე: მე სულ მშია, ოღონდ ექვსის მერე არ ვჭამ, გასუქების მეშინია, ვერ გავფრინდები.
მათხოვარი: ერთად წავიდეთ. მე გამოგზაურებ ჯოჯოხეთში.თან
მოკლე გზით მიგიყვან. გარეთ საშინელი საცობებია, გაატრაკეს ამ მძღოლებმაც,რა!
სალომე: თქვენ არ გავხართ ჯოჯოხეთგამოვლილ კაცს. ხომ არ მატყუებთ?
მათხოვარი : ( ხარხარებს) მე და ტყუილი? ჩემო კარგო, მატყუარები პარლამენტში მოიკითხე. როგორც უკვე გითხარით, ჯოჯოხეთისკენ მიმავალი მოკლე გზაც ვიცი და თავად ეშმაკის სამფლობელო მაქვს ნანახი ამ ჩემი ჟანგისფერი  თვალებით.ყველაზე მეტად  ჰამლეტის გიჟურმა მონოლოგმა აღმაფრთოვანა . ვუსმინე დორიან გრეის ქვითინს, მეფე ლირის ბუზუნს, ოტელოს ყვირილს, ჰიტლერის,,მამაო ჩვენოს''  და სტალინის ქართულ გინებასაც კი...... იცით, ჯოჯოხეთში ფიცჯერალდს უსმენენ, ხან ლუი არმსტრონგს. მოკლედ, ყველაზე მეტად ჯაზია მანდ პოპულარული. მინდა გაგახაროთ,რომ იქ ბორხესსაც კითხულობენ. კამიუსაც. სტენდალსაც. გიყვართ სტენდალი? პაუზა. ბნელდება.


2. იცვლება სალომეს ბინის დეკორაცია. სალომეს დედის საძინებელი. ტუმბო. ძველებური კარადა. ვიწრო, აულაგებელი საწოლი. კედელზე გაკრულია სოფი ლორენისა და ჯონ ლენონის პლაკატები.  ინვალიდის  ეტლში ზის თინა, სამოცდა ათი წლის მოხუცი, თმაგაწეწილი თოჯინა ყავს მიხუტებული.
თინა: დაიძინე, გენაცვალე, იავნანინაო!
თოჯინას  უბრაზდება.
თინა( ყვირის) რატო არ იძინებ, შე სასიკვტილე, , რატო არ იძინებ? დაიძინე, შე მოსასპობო, თორე მიგაყოლებ იმ შმორიან  მამაშენს. შემეცოდები გგონია?

კარებზე ზარია.
პაუზა.
თინა: ვინ არის? ბავშვს ვაძინებ, არ მცალია.
სალომე: მე ვარ დედიკო, კარი გამიღე.
თინა: რომელი ხარ? ვერ გიცანი.
პაუზა.
სალომე: სალომე ვარ, შენი ქალიშვილი, კარი გამიღე.
თინა:  არ მჯერა შენი. რა ვიცი,იქნებ გუდიანი კაცი ხარ?
სალომე: დედა, ექიმთან უნდა მიგიყვანო, წამლები უნდა გამოგიწეროს, გამიღე კარი. სალომე ვარ, შენი შვილი.
თინა: მე არ მყავს შვილი, დიდი ხნის წინ მომიკვდა. ლამაზი გოგო იყო, ცისფერთვალება. მანქანა დაეჯახა, დიდი მანქანა (ბავშვივით აქვითინდება  )

პაუზა.
სალომე: დედა, მე ცოცხალი ვარ, ცოცხალი!
თინა( პირჯვარს იწერს): ფუი ეშმაკს, ფუი ეშმაკს!
თინა: წადი, თორემ პოლიციას გამოვუძახებ, წადი-მეთქი.
სალომე( ტირის): დედა, დედიკო, დედა…
ისმის ფეხის ნაბიჯების ხმა. კართან არავინაა. პაუზა. თინა იღებს თოჯინას და თმას უვარცხნის.  რაღაცას ბუტბუტებს, ხან მღერის.
3. სალომეს ბინა. არეულ-დარეული საძინებელი. სიბნელე. პატეფონიდან ისმის  ბეთჰოვენის ,,მეცხრე სიმფონია’’. სალომე საწოლზე ზის. ღამის პერანგი მუხლებამდე წვდება. სუნამოს კოლოფს აკვირდება.
სალომე: Lune d' ete. რას უნდა ნიშნავდეს? წესით, ლამაზი სიტყვაა- ჰაეროვანი, როგორც რაფაელო.
ფლაკონს უჯრაში დებს  და შარვლის ჯიბიდან ,,ქემელს'' იღებს.                                                                                                            -ტვინდარტყმული, იდიოტი, პირუტყვი, ავადმყოფი, სულელი, თარსი, საქონელი,
მშიშარა, დეგენერატი...( ნახევრად მოწეულ სიგარეტს საფერფლეში აგდებს. ამთქნარებს.)  პაუზა.
რეკავს ტელეფონი. სალომე ყურმილს იღებს.                                                                                                                                      სალომე: ხო, რა იყო? ar მომეწონა. რატომ? რატომ და იმიტომ. იმიტომ-მეთქი! რა შენი საქმეა? არ მიყვარხარ. რა? არა, არც მძულხარ. აღარ დარეკო. მოდი და მნახე თუ გინდა, სამსახურის მერე ( დებს ყურმილს. მოწყენილია).
სალომე: სადა ხარ? სადა ხარ, მათხოვარო?                                                       
შემოდის მათხოვარი.
მათხოვარი: აქა ვარ, აქ. სხვაგან სად უნდა ვიყო.                                                 
სალომე: მოდი, ახლავე გავფრინდეთ. ერთად გავფრინდეთ და გავარღვიოთ ზეცა, ოღონდ არც ვერტმფრენით, არც აეროსტატით და არც რაკეტით, გასაგებია?
მათხოვარი: ცალი ფრთა მოტეხილი მაქვს. მიმკურნალე!
სალომე ( ტირილნარევი ხმით): რა დაგემართა? არ დამიმალო., მითხარი, მითხარი რა დაგემართა...
მათხოვარი: ადამიანებმა დამჭრეს. დამიჭირეს და დამჭრეს, სრულიად უმიზეზოდ. ეჰ, რა უგულო არსებაა ადამიანი!
სალომე: ვერაგი და სასტიკი. სამყაროში, ჩემო კარგო, ორი ადგილი მოიძებნება: გიჟებისთვის და ჭკვიანებისთვის. ადრე შეიძლებოდა ამ ორის გარჩევა. მაგრამ ეგ იყო ადრე, ოდესღაც. ახლა კი გიჟს ჭკვიანისგან ვერ გაარჩევ...
მათხოვარი(ყვირის) ახლა ჭკვიანი გიჟებიც არიან . ვიღუპებით, ვიღუპებით!!!
სალომე: რა გაყვირებს? შემეშინდა.
მათხოვარი: ,, დავიკრეფ ხელებს და გრიგალივით
                            გამაქანებენ სწრაფი ცხენები!
                            ღამენათევი და ნამთვრალევი
                      ჩემს სამარეში ჩავესვენები.’’
    გიყვართ გალაკტიონი? მე ძალიან.
სალომე( ტაშს უკრავს. უხარია): ბრავო! ბრავო!  მეც ძალიან მიყვარს გალაკტიონი და ახლა რა ტაეპსაც მოისმენთ, იმას ცხონებული მამაჩემი სიკვდილის წინ ბუტბუტებდა , კარგად  გაზეპირებულ ლოცვასავით:                                                                                                                                                                    ,,                            ,,საშინელება, სიბნელე, გესლი,
                                      დემონიური ცეცხლის პროფილი,

მათხოვარი :            ბოროტო, სუნთქვა რად გამოძნელე,
                                    მადლობელი ვარ, ვარ კმაყოფილი!’’

ორივე ერთად : ო, რა გენიალურია!


მათხოვარი: წამო, გამოგზაურებ ჯოჯოხეთში! ჩემი ,, ჟიგულით'' წაგიყვან. იცი, რა სწრაფია?
სალომე: ,,ჟიგულით''? აბა გავფრინდეთო?
მათხოვარი: მე ხომ ცალი ფრთა მაქვს მოტეხილი. სხვა დროს გავფრინდეთ, ახლა ,,ჟიგულით'' წაგიყვან. შორს არ არის, რუსთაველზეა.
სალომე: მართლა? კარგი, წავიდეთ. დამელოდე, შარფს წამოვირებ. გარეთ ყინავს. იქნებ წასვლის წინ ყავა დაგველია?
მათხოვარი: მე ნაღდ ცეილონურ ჩაის გეახლებით, ან არაყს, ოღონდ იაფფასიანს. სიგარეტი გნებავთ? ( აწვდის)
სალომე: არა, არ მინდა. გზაში მოვწევ.
მათხოვარი : თუ საიდუმლო არ არის, რამდენი წლის ბრძანდებით?
სალომე ( იცინის): ქალებს ასაკს არ ეკითხებიან, ჩემო კარგო.
მათხოვარი: მაინც?
სალომე( თმებს ისწორებს):  მოითმინე,  გზაში გეტყვი.
მათხოვარი: მომხიბვლელი ქალბატონი ბრძანდებით. გათხოვილი ხართ?
სალომე: არა, უფრო სწორად, ვიყავი, თხუთმეტი წლის წინ.
მათხოვარი: გიყვარდათ?
სალომე: ვინ?
მათხოვარი: თქვენი ქმარი.
სალომე: რომ მყვარებოდა, არ გავშორდებოდი.
მათხოვარი ( სალომეს უღიმის): მე რომ ახალგაზრდა ვიყო, ცოლად მოგიყვანდით, ოღონდ ბრილიანტის ბეჭდის ნაცვლად, შავ პარკში გახვეულ ბ უ ლკებს მოგართმებდით.
სალომე: მიყვარს,როცა მამაკაცი  საჩუქრებით მანებივრებს.
ხო მართლა, აღარ წავიდეთ?
მათხოვარი: მე თქვენ გელოდებით. წავიდეთ?
სალომე: ხო,ხო წავიდეთ. ჯანდაბას შარფი!
გადიან. ისმის გასაღების ჩხრიალის ხმა. ოთახი ცარიელია. პაუზა.



4. იგივე დეკორაცია. კვლავ სალომეს საძინებელი. აფორიაქებული სანდრო ოთახში ბოლთას ცემს. სალომე ძველ ყუთებში იქექება.
სანდრო ( ყვირის. გაბრაზებულია) რამ გადაგრია ამხელა ქალი… მიპასუხე, რა გემართება.
სალომე: იცი, ექიმმა რა თქვა? გამოკეთდაო.
სანდრო ( ცინიკურად) : კი,როგორ არა.
სალომე: რატომ მიწყრები,რა გინდა?
სანდრო: რა მინდა? კიდე მე რა მინდა?
სალომე: ხო, შენ. აბა მე მშვიდად ვარ.
სანდრო: რა გინდოდა რუსთაველის პროსპექტზე?
სალომე:  არ მახსოვს, გადამავიწყდა.
სანდრო: აბა, ვის ახსოვს?
სალომე:  ,,პილიკოკი, პილიკოკი, ტიტლი,ტიტლი,ტიტლი.''
სანდრო: ნუ მეთამაშებ, გაფრთხილებ! მითხარი, მითხარი ვიღაც ახვრის მანქანით რუსთაველის პროსპექტზე რა ჯანდაბა გინდოდა?
სალომე : იქ მე ჯოჯოხეთს ვეძებდი. სწორედ იქ არის ჩვენი სანატრელი ჯოჯოხეთი. გალსტუკიან და კოსტუმიან დემონებს აც მოვკარი თვალი.                                                                                                                                                                                  სანდრო (  ყვირის): რა ჯოჯოხეთი, რის გალსტუკიანი დემონები, სულ შეიშალე?
სალომე: არ მითქვამს შენთვის,რომ ნამდვილი ჯოჯოხეთი დედამიწაზეა? კაცობრიობა ტყუილად ეძებს სამოთხეს. სამოთხე ხომ ზეცაშია, უფლის სამფლობელოში და ათასში ერთს თუ ეძლევა შანსი იქ მოხვედრისა. ჩვენ ხომ ცოდვილები ვართ. სულმყრალი და ძონძადქცეული არსებები...
ვის უნდა ახლა აღსარება? ვინ დადის ახლა ეკლესიაში? თუ დადიან, მხოლოდ იმიტომ, რომ სხვის თვალში ამაღლდნენ და მორწმუნეთა ნიღაბი მოირგონ. როგორი დაუცველები და უსუსურები ვართ ადამიანები... ეს დევკაცები, ლილიპუტებად და ჯუჯებად ვქცეულვართ... გიჟი ჭკვიანისგან ვერ გაგვირჩევია, კეთილი- ბოროტისგან, მკაცრი- ლმობიერისგან, კატა -ძაღლისგან,ჯალათი-მსხვერპლისგან… ეს არის ჩვენი სანატრელი ცხოვრება? ამისკენ მიილტვის კაცობრიობა? ოხრადქეულა და წაბილწულა ჩვენი ტანჯული ქვეყანა. ერთმანეთს უმოწყალოდ ვხოცავთ. უბედურები ვართ, დიახ, უბედურები და ეგაა ჩვენი პრობლემაც... სამშობლო უბრალო მიწის ნაგლეჯად მიგვაჩნია. არც ერთმანეთის გრძნობებს  ვუფრთხილდებით. ცხოვრება აბსურდის თეატრს დამსგავსებია. მსახიობობენ ადამიანები. ჰამლეტობენ და დეზდემონობენ. ისინი მიწასთან ასწორებენ ყოველივეს და ამ აბსურდულ სიგიჟეს, ამ ტრაგიკომედიას ფინალი არა აქვს…
(პაუზა. გაშლილ ხელებს მაღლა აღმართავს): ო, დიდო კამიუ, შენ ყოველთვის მართალი  იყავი! მერსო ჩვენი წყეული და გულისამრევი  რეალობის ახალი ქრისტეა! ეს ქრისტე ჩვენ, ,,მკიდია'' არსებებმა, ინდიფერენტულმა მოძალადეებმა დავიმსახურეთ. (ხანგრძლივი პაუზა) დაცემული ანგელოზები არ ბრუნდებიან. დაცემული ანგელოზები არ ბრუნდებიან.
სანდრო: დამღალე შენი ფილოსოფიით. რას გულისხმობ, რისი თქმა გინდა მაგ ფრაზით?
სალომე: არ ვიცი .
სანდრო( ყვირის. ნერვიული, აკანკალებული ხმით): ნუ მაგიჟებ, ნუ მაგიჟებ-მეთქი!
სალომე: სანდრო, რა გინდა? მე ხომ მიყვარხარ, სულელო.
სანდრო: შენ არ იყავი, რომ გირეკავდი და მითხარი- აღარ მიყვარხარო?
სალომე ( დაფიქრდება. მცირეხნიანი პაუზის შემდეგ): ხო, არ მყვარებიხარ.
უ ეცრად შუქი ქრება. კარადის წინ, მაგიდასთან ჩნდება პატარა გოგონა.  სცენა ამ დროს ნახევრად ჩაბნელებულია.
სალომე: ვაი, შენ ვინა ხარ?
სანდრო( იცინის): ვაა, სტუმრები გვყოლია!
სალომე: ვინა ხარ, აღარ იტყვი?                                                                                                                                                            სული  : მე ერთი ცოდვილი გოგონას სული ვარ. საწყალი და ობოლი. თუ გინდა, ობოლი სული დამიძახე ( პაუზა) მოჩვენებების ხომ არ გეშინია?
სალომე ( ღიმილით): არა, არ მეშინია. მიამბე შენს შესახებ, თუ არ გეჩქარება.
სული: ორი წლის წინ, მოპირდაპირე ქუჩაზე რომ ფსიქიატრიულია, იქ ამომხდა სული.
სალომე და სანდრო ( ერთდროულად): რა გინდოდა ფსიქიატრიულში?
სული: მე იქ მშობლების წყალობით მოვხვდი. საგულდაგულოდ გამომიძებნეს ერთი მყუდრო პალატა და იქ გამომკეტეს. თუმცა, ახლა ვხვდები,რომ ყველაფერი ჩემი ბრალია.
სალომე: ასეთი რა ჩაიდინე?                                                                                                                                                              სული: არ ვჭამდი. გასუქების მეშინოდა. მე ხომ ასეთი მომხიბვლელი და კოპწია გოგო ვიყავი. ყველაფერი მქონდა: ლეპტოპიც, ციფრული აპარატიც, მოდური სამოსიც, შარფებიც, კოსმეტიკაც, მაგრამ... საწყალი დედაჩემი სულ მეხვეწებოდა, მემუქრებოდა, მთხოვდა,რომ პირში ლუკმა ჩამედო, ხილი მაინც მეჭამა, თუმცა მე ერთი ,, კაპრიზნი'' და ეგოისტი გოგო ვიყავი. ბოლოს, ფსიქოლოგთან მიმიყვანეს.                                                                                                                                                                  სალომე: რაო, რა თქვა?                                                                                                                                                                        სული: ანორექსიაო, ისაო, ესაო.  მოკლედ, ხომ იცი მაგათი ამბავი.
სალომე: მერე, მერე?
სული: მოკლედ, გამკოჭეს და გიჟებთან ერთად გამომკეტეს. იცი, რამდენი ნაპოლეონი და მერლინ მონრო გავიცანი? არ ვიცოდი, სტალინიც თუ ჩემნირი იქნებოდა.

სალომე ( სანდროს ): უი, საწყალი!
სანდრო ( შეშლილი სახით ): ახლა ეგღა მაკლდა... გაახურეთ რა საქმე! თქვენ მე გამაგიჟეთ, თქვენ მე ჭკუიდან შემშალეთ, მეც ხომ ადამიანი ვარ, ბოლოს და ბოლოს.
პაუზა.
სანდრო სიგარეტს ეწევა. ნერვიულობს.                                                                                                                                            სული: უნდა წავიდე. დედა უნდა მოვძებნო და პატიება ვთხოვო. სასოწარკვეთილი ვარ. სასოწარკვეთილი და მარტოსული.
სანდრო( ყვირის): დაიკარგე, შე ლაწირაკო  აქედან! ფუ, ამის დედაც...
შუქი ქრება. მერე ინთება. გოგონას აჩრდილი გაუჩინარდა. სანდრო სააბაზანოში შედის ( ეს ოთახი არ ჩანს . ალბათ, სახეზე წყალს ისხამს.  ) მერე  იღებს პალტოს და გადის ოთახიდან.
პაუზა.
სალომე ჩამსხვრეული სარკის წინ თმებს ივარცხნის  და  შიშნარევი მზერით აკვირდება თავის დანაწევრებულ ანარეკლს.                                                                      სალომე: ასეთი ვარ სინამდვილეში. უფრო სწორად, ამ ცხოვრებაში ვარ ასეთი, თორემ... გავფრინდები და მერე ჩემს დაკარგულ სახესაც დავიბრუნებ ( (წამიერად დადუმდება. რაღაც ხმა შემოესმება უი, გაწვიმებულა! ახლა ვეღარ გავფრინდები, ეჰ, ვერა, ვერ გავფრინდები. დავსველდები და გავცივდები.  მეზარება აფთიაქში ჩასვლა.
სალომე ამთქნარებს და თვალებს იფშვნეტს. ეძინება. ხალათის ჯიბიდან მობილურს იღებს და შემოსულ ზარებს ამოწმებს. ამთქნარებს. ჩანს,საშინლადაა მოწყენილი. მობილურს რთავს და ბალიშის ქვეშ დებს.
სალომე: ,, ყოფნა?... არყოფნა?... საკითხავი, აი, ეს არის. სულდიდ ქმნილებას რა შეჰფერის? ის,რომ იტანჯოს და აიტანოს მჩაგრავ ბედის ნეშტრითა გმინვა, თუ შეებრძოლოს მოძღვავებულ უბედურებას და ამ შებრძოლვით მოსპოს იგი? მოსპოს სიცოცხლე.'' მიყვარს შექსპირი. ბავშვობაში დანტე მიყვარდა და... დიდი გოეთე. ახლა  შექსპირსა და ეკზიუპერზე ვგიჟდები.
ანტუან დე სენტ - ეკზიუპერი... სალომე დე სენტ- ეკზიუპერი... ხომ კარგი წყვილია? წარმოიდგინეთ,რომ ჯვარს იწერენ ანტუან და სალომე დე სენტ- ეკზიუპერები. ფუ, რა იდიოტობაა!
პაუზა.
რა სასაცილოები ვართ ეს პატარა და დაუცველი ადამიანები. გვინდა დავისახოთ მიზნები, ავიშენოთ სახლები, აგარაკები, მოვეწყოთ სამსახურებში, ვიაროთ უნივერმაღებში, სალონებში, სოლარიუმებში, ბირჟაზე, რესტორნებში, კლუბებში, საყვარლებსა და ბინძურ ბორდელებში... ვის ცხელა დღეს ჭეშმარტი, ფაქიზი გრძნობებისთვის და ნამდვილი ურთიერთობისთვის? ვინ აღელვებს, ვის აინტერესებს ოჯახის ბედი? იღუპება, იღუპება კაცობრიობა!
სალომე ტირილგარეული ხმით კითხულობს ოთარ ჭილაძის ლექსს:                                                                                          ,,აღსასრულისკენ სამყარო მიქრის,
ვით პატრონმკვდარი ველზე ქურანი…
ღმერთო, მასწავლე მოთოკვა ფიქრის,
ანდა წამართვი ფიქრის უნარი.

ფიქრისგან ფიქრი ჩნდება, ჭავლივით.
არ წყდება მტანჯველ ფიქრთა ნაკადი,
თითქოს ათასჯერ უკვე ჩავლილი
და ვერჩავლილი მაინც აქამდის.

გზა კი იგივე რჩება მიზნამდი
და ახლა გულშიც ვერ მითქვამს შიშით:
ფიქრი მაწრთობდა ცხოვრებისათვის,
თუ დავემალე ცხოვრებას ფიქრში…’’

-კაცობრიობა ველურდება,  გრძნობები ილექება, ადამიანი იღუპება,ირგვლივ ყველაფერი იწვის. მთას ცეცხლი უკიდია, ზღვას ცეცხლი უკიდია, სახლს ცეცხლი უკიდია, ჰაერს ცეცხლი უკიდია, ყინულსაც ცეცხლი უკიდია, ღერძგადატეხილ დედამიწას ცეცხლი უკიდია, ცხოველებს ცეცხლი უკიდიათ, ბავშვები ცეცხლმოკიდებულ სკოლებში დადიან...არა,არა,არა...  დაცემული ანგელოზები არ ბრუნდებიან. დაცემული ანგელოზები არ ბრუნდებიან…
სალომეს მონოლოგი უეცრად წყდება. კარზე ზარია. სალომე კარის გასაღებად მიდის. სცენა ერთხანს ცარიელია. ოთახში მათხოვარი შემოდის.
მათხოვარი: ხომ არ მოიწყინე?
სალომე: ცხოვრება მოსაწყენია, ჩემო კარგო.
მათხოვარი:გინდა, გავფრინდეთ? ფრთა უკვე მომირჩა. აღარ მტკივა. მოდი, ჩავკიდოთ ხელი ერთმანეთს და გავშორდეთ ამ გიჟურ, უანტრაქტო და დაუსრულებელ ტრაგიკომედიას. ჩავკიდოთ ხელი ერთმანეთს და გავეცალოთ იმ ჯოჯოხეთს, რასაც ცხოვრება ჰქვია.
სალომე ( ბავშვივით უხარია): გავფრინდეთ, გავფრინდეთ.
პაუზა.
მათხოვარი: მიდი, ჩაიცვი და მე მანამდე ფანჯარას გამოვაღებ. ოთახი განიავდება. სალომე: კარგი, ახლავე მოვალ.
სალომე  თბილ სამოსს ეძებს.
მათხოვარი (ფანჯარას აღებს. ცას ახედავს): ვა, წვიმას გადაუღია. ოჩენ ხარაშო!
( წამიერად ჩაფიქრდება.  თავისთვის): ,,ეს ღარიბ-ღატაკი, გაძარცული და გამოფხეკილი, კორუფციით გულგამოჭმული სამშობლო რაღა გაგვიხდა.''
სალომე: რაო, რა თქვი?
მათხოვარი გაუმეორებს.
სალომე: ხო, ეგ მართალია.
მათხოვარი: ხოო.
სალომე: ბატონო მათხოვარო, სიგარეტი ხო არ გინდა? მაქვს ორი ღერი და გავიყოთ. მათხოვარი: არა, არ მინდა. სიგარეტი მეც მაქვს.
სალომე: ,,პრიმას'' ეწევი?
მათხოვარი: ხო, შენ?
სალომე:  მე ,,ქემელს''. მიყვარს მისი მომწარო გემო.
პაუზა.
მათხოვარი ჯიბიდან არყის ბოთლს იღებს :შენ გაგიმარჯოს! ჩვენს გზას გაუმარჯოს! ფრთებს გაუმარჯოს! (ყლურწავს არაყს და კვლავ პალტოს ჯიბეში იდებს).
სალომე: მადლობელი ვარ, ჩემო კარგო, დალოცვისათვის. აი, მეც მზადა ვარ. გავფრინდეთ?
მათხოვარი: სასწრაფო საქმე გამომიჩნდა. არაყი უნდა ვიყიდო. ხო იცი, თუ მთვრალი არ ვარ, ისე ვერ ვიფრენ.
სალომე ( ბრაზდება): ყველა კაცი ერთნაირია! კარგი, წადი და მერე შემომიარე.
პაუზა.
მათხოვარი: ყველა კაცი რომ ერთნაირი იყოს, ქალებს რა გეშველებოდათ! (სიცილით გადის ოთახიდან.)
5. სალომეს დედის ბინა. საძინებელი. ტუმბო. კარადა. ლოგინი. კედელზე გაკრულია მარლენ დიტრიხის და სოფი ლორენის ფერადი სურათები. ინვალიდის ეტლში ზის მოხუცი თინა და ქერათმიან თოჯინას აძინებს, იავნანას უმღერის ( პაუზა)                                                                                კარზე ზარია. შემოდის სალომე და დედას ეხუტება.
თინა: გადი, გამშორდი, მოჩვენებავ.
სალომე: დედა, რა გჭირს, შენი შვილი ვარ, დაგავიწყდა?                                                                                                                      თინა: ჩემი პატარა ანგელოზი კალთაში მიზის. ხმადაბლა ილაპარაკე...
სალომე: დედა, გადააგდე ეგ ოხერი თოჯინა. მომეცი, მომეცი-მეთქი.
თინა ( კივის): მიშველეეეეთ! ხალხნო, შვილს მართმევენ, მიშველეეეეეთ!
სალომე: კარგი, დამშვიდდი. არ შეიძლება შენთვის ნერვიულობა, ცუდად გახდები.                                                                                                                        თინა მშვიდდება და თოჯინას ხელებს უკოცნის ( პაუზა. სათვალეს იკეთებს და სალომეს აკვირდება) არა, შენ არ ხარ ჩემი შვილი, არა, არა და არა! არც მე მგავხარ და არც ცხონებულ ნოშრევანს. ვინა ხარ, აღარ იტყვი? შენთვის არ მცალია. ჩემი პატარა ანგელოზი, ჩემი შვილუკა უნდა დავაძინო.
სალომე( ტირილგარეული ხმით): სალომე ვარ, დედა, სალომე...
თინა: ჩემი შვილის სახელი რატომ დაირქვი?
სალომე: შენ არ დამარქვი,  მამას ვიღაც ორმოცი წლის ბოზის გამო სურდა ჩემთვის მზევინარის დარქმევა. აღარ გახსოვს?
თინა: პაშლი კ ჩორტუ! ( თოჯინას აკვანში აწვენს და შუბლზე კოცნის. მერე ინვალიდის ეტლს პატარა ტელევიზორისკენ აბრუნებს და პულტით რთავს).
სალომე: დედა, რას უყურებ?                                                                                                                                                                თინა: ,, მიკი მაუსს''. ნახე, ნახე, პლუტოს როგორ აწვალებენ ( ხითხითებს).
სალომე: ანუ, საპნის ოპერებს აღარ უყურებ?
თინა: ეს ცხოვრება სერიალივითაა, ოღონდ დასასრული ყოველთვის ბედნიერი და სანაქებო როდია…
სალომე: მე კი მგონია,რომ ცხოვრება დამღლელ საფეხურებს ჰგავს. გინდა რომ ზევით ახვიდე, სულ მაღლა და მაღლა იარო, მაგრამ ან გეზარება, ან... ფეხები აღარ გემორჩილება.. ვაი,რომ უკან დაბრუნებაც აღარ შეგიძლია...
თინა: რატომ ფილოსოფოსობ? ახლავე მოკეტე და გაეთრიე ჩემი სახლიდან ! აქ მოსული აღარ დაგინახო!
სალომე: დედა, ყველაფერი იმ წყეული დღის ბრალია. მე არ მეგონა თუ ასე გაგირთულდებოდა შიზოფრენია. რატომ გგონივარ, დედა, მკვდარი? რატომ ართულებ ამ ისედაც გართულებულ და გაძაღლებულ ცხოვრებას?
თინა ( აღშფოთდება): მე ვართულებ ცხოვრებას? ამ ვიწრო ბინაშიც კარგად ვცხოვრობ. სხვათაშორის, ყოველდღე ახალგაზრდა მამაკაცები მაკითხავენ და თბილ წინდებს მჩუქნიან, მე კი,  ჩაით ვუმასპინძლდები. მიყვარს მამაკაცი,რომელიც ქალს წინდებს ჩუქნის.
სალომე ( კისკისებს): უიმე, აღარ შემიძლია!
თინა( ბრაზდება): რა არის აქ სასაცილო, ა?
სალომე ( სიცილს ძლივს იკავებს) არა, არაფერი.
თინა: შენ ალბათ ხახვისთვის მოხვედი. მაცივრის ტავზეა ორი ცალი და წაიღე, არ მჭირდება.
სალომე: არ მინდა ხახვი. შენს სანახავად მოვედი.
თინა: როგორი ყურადღებიანი მეზობელი მყოლია.
სალომე: დედა, გახსოვს, ბავშვობაში შენთან ერთად რომ ვიძინებდი? მაშინ მარტოობის მეშინოდა... ახლა გავიზარდე და აღარ მეშინია, შევეჩვიე. არაფერია საშიში და საგანგაშო მარტოობაში. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ისე აეწყო ჩემი ცხოვრება,რომ თხუთმეტი წელიწადია, კაცთან სერიოზული ურთიერთობა არ მქონია. თხუთმეტი წელიწადი... ვბერდები ქალი და ოჯახი ვერ შემიქნია. ეს არის სამართალი?
თინა: შვილი არ გინდა?
სალომე: შვილი როგორ არ მინდა, მაგრამ მარტო ხომ ვერ გავაჩენ! ქმარი რომ გყავს სახლში, რაღაცნაირად შეზღუდული ხარ. ამიტომაც არ მინდა დაოჯახება.
თინა: ჩემო კარგო, არც ასე ვართ თავისუფლად, დამიჯერე.
სალომე: ისე ვიბრძვით და ვიღუპავთ თავს,რომ წარმოდგენაც არ გვაქვს, რა არის ეს ოხერი თავისუფლება...
თინა: ხოდა, რა არის თავისუფლება?
სალომე: არ ვიცი. არც მე და შენ ვართ თავისუფლები და არც ერია, სიმართლეს რომ თვალებში ჩავხედოთ.
თინა: გაქვს  მომავლის იმედი?
სალომე: თუ ტყუილში და  სიბნელეში არ ვიცხოვრეთ, მომავლის გზა ხსნილია! მაგრამ, ჩვენმა პოლიტიკოსებმა რომ ყოველთვის სიმართლე ილაპარაკონ, სამსახურსაც დაკარგავენ და ხალხის ნდობასაც. სიმართლეს მხოლოდ გიჟები ამბობენ… შენ რა გგონია, აღსარების დროს ყველას გამოაქვს სააშკარაოზე თავისი ბინძური ცოდვები?
თინა: ამიტომაც აღარ დავდივარ ეკლესიაში.
სალომე: მხოლოდ ამიტომ?
თინა: ერთხელ წავედი და ზოგს მათხოვარი ვეგონე. გამივსეს კალთა ოცთეთრიანებით.
სალომე( ეღიმება): დაცემული ანგელოზები არ ბრუნდებიან.
თინა( უკვირს): ეგ ფრაზა ვინ გასწავლა? მაგას სულ ჩემი შვილი გაიძახოდა…
სალომე: იცი, რას ნიშნავს?                                                                                                                                                        თინა:არა,საიდან უნდა ვიცოდე.
სალომე: ეგ კარგი ფრაზაა, ჩემი საყვარელი ფრაზა.
თინა:ალბათ, ჩემმა შვილმა გასწავლა.
სალომე ( ღიმილით უქნევს თავს. დედის გაბრაზება არ სურს): ხო.
პაუზა.

თინა: მეზობელო ,ჯოჯოხეთი ნანახი გაქვს?
სალომე: რა?
თინა: ჯოჯოხეთი.
სალომე: ერთმა კეთილმა მათხოვარმა მანახა, ოღონდ შიგ არ შეგვიშვეს. ვიღაც ავტომატიანი კაცები იცავდნენ შესასვლელს.
თინა: მართლა? იცი, როგორ მაინტერესებს?
სალომე: ამბობენ, იქ ნამდვილი ჯოჯოხეთიაო.
თინა: ხოო?
სალომე: ხო, ასე ამბობენ.
პაუზა.
სალომე: ასე მგონია, თითქოს ჩაკეტილ, იზოლირებულ სამყაროში ვცხოვრობთ. დამღალა ერთფეროვნებამ. დამღალა ამ მარტოობამაც, უკაცო სახლმაც, ჭუჭყიანმა ჭურჭელმაც და სანდრო გაუთავებელმა ეჭვიანობამაც... დავიღალე, და-ვი-ღა-ლე!
თინა: მეც დავიღალე, ოღონდ შენი ყურებით და შენი გაუთავებელი ლაპარაკით.ასე მგონია, მუცელში რადიო გაქ გაკვეხებული.
სალომე ( თავისთვის) რატომ გავურბივართ ერთმანეთს? რატომ ვქმნით უპერსპექტივო ოჯახებს? ასე როგორ დავსუსტდით და დავპატარავდით? როგორ დაჩლუნგდა ადამიანის გონება, როგორ მოეღო ბოლო ყველაფერს... როდემდე, ამდენი პასუხგაუცემელი კითხვა, როდემდე, როდემდე, როდემდე?!..
თინა ( კივის) გაჩუმდი, გაჩუმდი-მეთქი, შე ალქაჯო!
სალომე: რატომ გავჩუმდე, აღარც მალაპარაკებ?

პაუზა.
სალომე( ტირილგარეული ხმით): მე ბევრს ჩაბერილი ვგონივარ. ეჰ, როგორ ცდებიან ისინი... იცი,ყოველთვის ერთი რაღაც მიკვირდა: რატომ გვგონია,რომ ვინც სხვანაირად აზროვნებს, ის ან გიჟია ან  ავადმყოფი? (პაუზა)ეჰ, როცა ყველას ვახსოვდი, ჟურნალისტები ხშირად მსტუმრობდნენ ხოლმე ინტერვიუსათვის. ვსაუბრობდით ადამიანებზე, წიგნებზე, პოეზიაზე, ხელოვნებაზე, საყვარელ ავტორებსა და ჩემი მდიდარი ფანტაზიის წყალობით შექმნილ და გაცოცხლებულ, ძალიან უცნაურ, ნახევრად გიჟ და ნახევრად ჭკვიან პერსონაჟებზე...
მერე ერთმა ჟურნალისტმა მკითხა: როგორი იქნება თქვენთვის ის დღე, როცა არავის არ ემახსოვრებით? მე ერთი იდეა ამეკვიატა და სულ რაღაც ერთ კვირაში საკუთარი სიკვდილის სცენა გავითამაშე, ხოდა, დავრწმუნდი,რომ ,, სამუდამოდ ასამარებს კაცთა ხსოვნას სამარის ქვა.'' მითხარი, რა აზრი აქვს ასეთ ცხოვრებას? აღარც სანდრო მინდა, არც ჩემი საშიში და ბნელი ოროთახიანი, არც ჯერ კიდევ შეუქმნელი ოჯახი, მოკლედ, არაფერი, არაფერი, დიახ, არაფერი !!! დავიღალე, დედა, და-ვი-ღა-ლე!
მიკვირს, რატომ უნდა ვცხოვრობდე აბსურდული იმედებით, როცა ნებისმიერ დროს შემიძლია ფრთების გაშლა და გაფრენა იადონივით ან პატარა კოლიბრივით.
მითხარი, რატომ უნდა ვცხოვრობდე ამ წყეულ ქალაქში, რომელიც ასე ძლიერ მძულს, თანაც ამ მახინჯი და ავადმყოფი ხალხის გარემოცვაში?
თინა: შენ ფრენა შეგიძლია?
სალომე: შეუძლებელი არაფერია, მითუმეტეს ადამიანისთვის...
თინა: ხო, მართალი ხარ.
კარზე ზარია.  სალომე კარს აღებს ( ჩანს, რომ ნერვიულობს. გაფითრებულია).  მათხოვარი შემოდის, რომელსაც ზურგზე  ანგელოზის ფრთები აქვს მიკრული ( ბედნიერია. სახეგაბრწყინებული): აი, მეც მოვედი... გაფრინდეთ?
სალომე ( გუნება გამოეცვლება. ისიც ბედნიერია): შემოდი, მოვემზადები.
მათხოვარი: ძლივს ამოვედი მერვე სართულამდე. ორჯერ დავგორდი, წარმოგიდგენია?
სალომე: უი, შე საწყალო. შემო,შემო და ახლავე გაფრინდეთ, დაუყოვნებლივ.
მათხოვარი თინას შენიშნავს. შლაპას მოიხდის და ხელზე კოცნის. პალტოს ჯიბიდან შავ, თბილ წინდებს იღებს და თინას აწვდის.
თინა: ოხ, რა ჯენტლმენი ბრძანდებით! მიყვარს,როცა მამაკაცები მანებივრებენ...
მათხოვარი: ჰამბურგერი თუ გიყვართ, მადამ? ფანტა?
სალომე :  არ იცის დედაჩემმა ეგეთები.
თინა( ბრაზდება): რამდენჯერ უნდა გითხრა,რომ არ ვარ მე დედაშენი, გასაგებია? ჩემი შვილი აკვანში წევს. ხვალ ადრეა ასადგომი, გამოცდები აქვს.
მათხოვარი: რა ხდება აქ?
სალომე ( დედას უახლოვდება): დედა, ის ხომ თოჯინაა... ერთი უსულო არსება...                                                                            თინა: არა, ჩემი შვილია, რით ვერ გაიგე, შე გამოყრუებულო, ა?
სალომე ( შეშლილს ჰგავს. ყვირის): ო, როგორ მომბეზრდა ეს წყეული ტრაგიკომედია! შემაზიზღეს თავი ამ უსაქმურებმა... მძულს ეს უვიცი და უწიგნური საზოგადოება და საერთოდ, ეს ქალაქი, სადაც მზეც აღარ ამოდის... რა, გიკვირთ? კიდევ დიდხანს უნდა ვიფხანოთ  ბუასილიანი ტრაკები?  … დედა, დედიკო, ან ეს თოჯინა გადააგდე ან მე გავფრინდები და სამუდამოდ გადავიკარგები... დავიღალე, დავიღალე, დედა!
როგორ მომბეზრდა ეს სიყალბე, ეს უანტრაქტო ტრაგიკომედია... გვეყო, გვეყო ამდენი ტყუილი, ამდენი ძალადობა, ქურდობა, ნარკომანია, ამდენი პედოფილია... სიმყრალე, რომელიც ჩვენს გულებში ჩაგუბებულა, მანიაკალურ ზრახვებს აღვივებს ადამიანში... გგონიათ, ეს კარგის ნიშანია?
მათხოვარი: გავალ, წყალს დავლევ, პირი გამიშრა ( გადის).
სალომე: გააღეთ, გააღეთ ფანჯრები! დაცემული ანგელოზები არ ბრუნდებიან... დაცემული ანგელოზები არ ბრუნდებიან... არა, უნდა გავფრინდე, უნდა გაფრინდე…  დედას გახედავს,რომელიც საცვლას უცვლის თოჯინას და თავისთვის რაღაცას ღიღინებს.
სალომე: დაცემული ანგელოზები არ ბრუნდებიან, არა, არ ბრუნდებიან!
მიდის სარკმელთან.აღებს. ხელებს შლის,თითქოს გაფრენას აპირებდესო და ხტება.

დასასრული. 2012 წელი. აგვისტო.
გურამ მგელაძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები