ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
22 სექტემბერი, 2014


პოეზია

თეა თაბაგარს

გწერ, ყველა ჯერაც დაუწერელ ლექსების ნიშნად,
ახლა ღამეა და ქალაქში ზაფხულის თვეა,
რომ გაზაფხული პოეზიის სულიდან იშვა,
იქნებ ოდესმე დაგვიჯერონ ქარებმა თეა.

მდინარის პირას ნიმფებივით მზეებზე ვმღერით,
სუსტი ხელებით ვერკინებით ავსა და ბოროტს,
დედამიწაზე რომ მოვდივართ სიზმრების ფერით,
და სამყაროსთან ვერშეწყობის შეგრძნებით ვცხოვრობთ.

უფლის მადლია, რომ დაგვყვება თან მადლი ლექსის,
და ვემსგავსებით შეუმჩნეველ ნათებას მთვარის,
რადგანაც თითქმის არასოდეს არავის ესმის,
ლექსებს აყოლილ, მეამბოხე პოეტი ქალის.

რადგანაც სულით ხორცამდე და ღმერთამდე გვიყვარს,
ის, ვინც გვიყვარს და ხან ჩასული მზითაც კი ვთბებით,
დრო ახლა უკვე საკუთარი თავიდან გვრიყავს,
ვერ გვაპატია მიწამ მხრებზე ცისფერი ფრთები.

ქუჩაში ქარი ფოთლებივით ფეხ-და-ფეხ გვსდევდა,
გვშველოდა თეთრი რითმები და ფინჯანი ყავა,
გულს რომ გვტკენდნენ და გვიტოვებდნენ თვალებში სევდას,
ღმერთმა ხომ უწყის ვაპატიეთ ყველას და ყოველს...

არ დავბრუნდებით, თუკი ერთხელ ნამდვილად წავალთ,
შორ ბავშვობიდან გამოყოლილ ფერადი ნატვრით,
დავეცემით და წამოვდგებით მრავალჯერ კვლავაც,
ისევ და ისევ საკუთარი სამშობლოს ხათრით!

ჩამოვიტოვეთ სიყალბის და ღალატის ზღურბლი,
და პოეზია უკვდავებას პურივით გვიყოფს,
რომ საკუთარი თავისა და წინაშე უფლის,
მისხალ-მისხალ და მარცვალ-მარცვალ მართალნი ვიყოთ.

ეულ ვაგონებს ერთმანეთზე გაურბით თვალი,
ახლა ღამეა და ქალაქში ზაფხულის თვეა,
გწერ, როგორც პოეტს პოეტი და როგორც ქალს ქალი,
იმას, რასაც სხვა ვერასოდეს მიხვდება თეა...

ქეთევან ნათელაძე



თეა თაბაგარს

აქ ჩემო თეა, მზე ცის თაღზე ღმერთებს ამოჰყავთ,
თვალს ვერ ვუსწორებ,ამაყია უშბა იმგვარად,
დოლრას ამ დილით კალმახების გუნდი ჩამოჰყვა,
ნისლი მთებიდან ხევხუვებში ჩამოიღვარა...

ტყეს სიმწვანეში შეეპარა ოქროს ფერები,
აქ ყვავილები ნაირ-ნაირ ზღაპრებს ყვებიან,
დალი ბეთქილთან ღამეს ათევს ისევ ფერებით
და ამის მოწმე გარინდული თეთრი მთებია...

ვარსკვლავებს ხელით შეწვდები და ჩამოკრეფ ციდან,
ისე ახლოა ჩემთან ახლა ზეცა სვანეთის,
მეზობლის ბავშვი, მხიარული, სულ ერთი ციდა,
სამყაროს იტევს მოკაშკაშე, ლურჯი თვალებით...

ჭკიდანარიდან დილის ნიავს მოაქვს რძის სუნი,
თვალების ფშვნეტით ეგებება დღეს ბალის ქედი,
ცხეკვანში სგიმზე ერთხელაც თუ არ ხარ მისული,
ლამარიასთან ერთელ კრძალვით თუ არ მიხვედი...

რაა მამული  პოეტისთვის შვება რა იყოს,
რამ აამღეროს სულში ლექსი, მზით დაფერილი,
იქნებ სურვილმა ამზევება ამით დაიწყოს,
იქნებ მეგზურად გამოგადგეს ჩემი წერილი...

რა ლეგენდები, რა სიზმრები, სინამდვილეა
ყველა მითი და მოსმენილი ყველა ზღაპარი...
ჰოდა, თუ გინდა ეზიარო სამოთხეს, თეა,
ჩემთან ამოდი - სამოთხე ხომ სწორედ აქ არი...

ეკა კვიციანი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები