ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პროზა
11 ოქტომბერი, 2014


ლურჯყდიანი რვეული(ვანდობ ყველა ჩემს სურვილს,რწმენას,იმედს,წარუმატებლობას და იმედგაცრუებას )

                 


გვერდი პირველი

ხანდახან მინდა ემბრიონის ფორმა მივიღო ან  სპირალივით დავიხვე....თითიდან
გამოწოვილი სისხლით გამოვიკვებო და კნუტივით პატარა და მიუსაფარი, ვინმეს მივეკედლო.
არავინაა ჩემით სავსე და მე თვითონ ვარ გამოფიტული.
არ არსებობს დედამიწაზე ადგილი,სადაც უფრო კარგად ვიგრძნობდი თავს,ვიდრე აქ.
დრო გადის და ჩემთვის არაფერი იცვლება.

  დრო?  რომელი დრო?  საკითხავია რა არის დრო?

დრო არაფერია, რადგან მას  არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული? დროის განზომილება ხომ
პირობითია.
  წამი,წუთი,საათი,კვირა ან თვე, მხოლოდ პირობითი ერთეულებია...არ გჯერათ?
აბა ვინმემ დრო დაინახა ან შეიგრძნო?
ის  მხოლოდ  ჩემთვის,  სიცოცხლის ასათვლელადაა შექმნილი , რომ დამეთვალოს  წუთები და
საათები,რომ დროში გავრცობილი ჩემი სხეული დანაწევრდეს და უფორმო და უსახო, ისე გაიბნეს
კოსმოსში,როგორც მეტეორი იმსხვრევა და ნაწევრდება    ატმოსფეროში შემოსვლისას.
სამყაროს არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული.მე კი მისი ერთი წამი ვარ....
ერთი  წამი და ერთი პრანა.  საოცრად მარტივი და ამავე დროს ძალიან რთული...
მე  ხომ ამ სამყაროში გაბნეული ერთი პრანა ვარ....სადაც უნდა ვიყო,ჩემი სამყარო კუსავით
ზურგზე მაქვს აკიდებული და  საშინელ სიმარტოვეში თან დამაქვს.



გვერდი მეორე.



ჩემი სამყარო , რომელიც ზურგზე მაქვს აკიდებული, ჩემი ბაკანი, ძალიან  მძიმეა  და ძალიან უხეში, თუმცა საიმედოა და უსაფრთხო.  შევძვრები ხოლმე მასში და ემბრიონის , ხანდახან ზამბარის ფორმას მივიღებ ...
თუმცა სიმძიმისაგან ნეკნები მტკივა და  მარტო მიჭირს მისი ტარება...
სწორედ ამ დროს ვფიქრობ, თუ სამყარო უსასრულოა, და მე მისი ნაწილი ვარ, მეც უსასრულო  ვარ....უსასრულოა ჩემი შესაძლებლობები და სურვილები.  უკიდეგანო და უსაზღვროა ჩემი რწმენა  .შესაძლებლობებისა და სურვილების ზღვარი კი  დაუდგენელია. ვინ დაადგინა ცეცხლისა და წვიმის ძლიერება  , ანდა ვინ გაზომა ქარის ძალა. მე კი....
მე კი  დაუსრულებელი  და ძლიერი ქარი ვარ, უფრო კი ქარიშხალი, მშვიდ და წყნარ ამინდში, 
მხურვალე და მოგიზგიზე  ცეცხლი ვარ , თუნდ  წყალთან ახლოს და ძლიერი , თავსხმა წვიმა ვარ, მზიან და უღრუბლო ამინდში....

ლურჯ ფერს ვერასდროს ვიტანდი...
ამ ლურჯ რვეულს კი ვერაფრით შეველიე.

არ დავწერ მასში  არაფერს...არასდროს ჩავწერ მასში ჩემს ტკივილს და სევდას...არც იმედისა და სასოწარკვეთის გაზიარება მინდა ვინმესთვის...

შევინახავ მას ისეთს, როგორიც ვიყიდე,  ცარიელს და ხელუხლებელს.
სამყაროზე ჩემი წამოდგენის მიუხედავად, ჩემი სიცოცხლე  სიკვდილზე უფრო ძლიერია.




     
გვერდი მესამე

(ამ გვერდს ვუძღვნი დედაჩემის ხსოვნას)

გამახსენდა,  რომ რამდენიმე დღეა დღიურში არაფერი    დამიწერია. რვეული მოვიძიე. საწოლის ქვეშ აღმოჩნდა. ძალიან დაჭმუჭნული  და წამლის სუნიც ასდის.  როგორ მძულს წამლების სუნი, გულს მირევს.  მესამე გვერდზე გადავშალე.გვერდი ცარიელი დამხვდა.კარგად დავაკვირდი და სიტყვებმა თვალები ამიჭრელა. გუგები გამიფართოვდა  და სათვალე მოვიმარჯვე. ყველაფერი ამოტივტივდა და  ახლა სუფთა გვერდზე ვკითხულობ, ვკითხულობ იმას, რაც  ჩემი ბედის მწერალმა დიდი
ხნის წინ უკვე დაწერა:

როგორ მინდოდა ყვავილები მქონოდა...ყვავილების ორანჟერეა....

ყოველ დილით ყვავილების მოვლა დიდ სიამოვნებას მომანიჭებდა.  მაშინ ღამით წამლებსაც  სიხარულით დავლევდი,იმის შეგნებით,რომ მათ ვჭირდები.  სასიამოვნოა იმაზე ფიქრი,რომ ვინმეს ახსოვხარ ან ვინმეს სჭირდები. 
ყვავილები  რომ  „ვინმე“არაა?! 
არაუშავს...
მე მათი მესმოდა და სიხარულით ვესაუბრებოდი ხოლმე.დავანაყრებდი,წყლითა და საკვებით მოვამარაგებდი
  პატარა ყლორტებს დავუკოცნიდი, მოვეფერებოდი...

აღარც მახსოვს,თორემ ჩესმ ბეღურებსაც ხომ ვჭირდებოდი...ყოველ საღამოს ფანჯრის რაფაზე მიკაკუნებდნენ ,მე კი ჩემს მთავარ საქმედ მათი დანაყრება მიმაჩნდა. ჩემთვის მოტანილ პურს ხელის გულით კარგად დავფშვნიდი,  დავანამცეცებდი და ფანჯრის რაფაზე დავყრიდი...
  როცა ვუყურებდი, არც კი მიფრთხოდნენ  ხოლმე...კენკავდნენ და  კენკავდნენ...სიცივით გათოშილებს პური მაინც ხომ უნდა ეჭამათ,რომ არ მომკვდარიყვნენ....
ჩემსავით იყვნენ ამ ბებერ სახლზე შეჩვეულები და არსად წასვლას არ აპირებდნენ.
მე  სიცოცხლე ამ პატარა ფრინველებმა გამიხანგრძლივეს.
ახლა კი ჩემი სული, დანაწევრებული და სამყაროში გაფანტული , ჩემი ბეღურებივით უსუსური და უმწეოა...



      გვერდი მეოთხე

  დიდი ხანი არაა, რაც  ჩემ გარშემო უცნაური ,პარანორმალური, მოვლენები ხდება .  აი,მაგალითად ,  ჩემ გარშემო მიზიდულობის ძალა გაქრა.  ირგვლივ ყველაფერი მიმოიფანტა  და ქაოსურად ყრია.
იმ ყველაფერმა,რაც ჩემა  გარშემო ტრიალებდა , მაფიქრებდა,მამოძრავდა ,მაოცებდა,მაყვარებდა,მაძულებდა  ,  მიზიდულობის ძალა გაარღვიეს,დაძლიეს, გაწყვიტეს და ადგილი შეიცვალეს დროსა და სივრცეში. დამშორდნენ....
ეტყობა მუხტი დავკარგე,  დადებითი მუხტი,  მიზიდულობის ძალაც ამიტომ გაქრა....

სამყაროში რამდენი დადებითი მუხტიცაა,იმდენივეა უარყოფითი,  რომ წონასწორობა იყოს შენარჩუნებული...მე კი წონასწორობა დავკარგე...ჩემმა პოლუსებმა ურთიერთმიზიდულობა დაძლიეს და გამინაპირდნენ.

ამას კიდევ როგორმე გადავიტანდი,მაგრამ  აგერ უკვე ორი წელია, რომ „ისინი“  ჩემთან ერთად ცხოვრობენ (ან მე ვცხოვრობ მათთან),მე მათ ვერ ვხედავ,მაგრამ ვგრძნობ,მესმის მათი სუნთქვა,უხმაურო და უსაფრთხო.მათი აურა ჩემზეც გადმოდის ,მათ სითბოს ჩემი სხეული გრძნობს,ჩემი კანის შრეები...ინფრაწითელ გამოსხივებას,რომელსაც ორი წყვილი თვალი აფრქვევს...რომლებიც გვერდიდან არ მცილდებიან , ქვეცნობიერში მისახლდებიან და სტიმულს მაძლევენ....
მე მხარში დგომას ვეძახი...არა,ისინი სულში დგომას    უფრო ახერხებენ...ძილშიც,ცხადშიც,სიზმარშიც კი ჩემთან არიან,ჩემ საწოლში წვებიან,ენერგიით და სიყვარულით მავსებენ....ხანდახან მწვავენ,მაგრამ ეს წვაც მსიამოვნებს.ეს ცეცხლიც,რომელიც ნებისმიერ წვაზე უფრო სასიამოვნოა...

თუ მე ის მუხტი,რომელიც დედამიწასთან მაკავშირებდა, დავკარგე და ეს ორი წყვილი,ინფრაწითელი გამოსხივების მქონე თვალი ყოველდღე მწვავს,მაშასადამე,მე უკვე სხვა სამყაროში და სხვა გამზომილებაში ვარ....ტოპოლოგიურ სივრცეში და მეოთხე  განზომილებაში.....
უდიდესი ენერგია....
უსასრულო ზეცა....
ბოლოში გვირაბი....
მე დავბრუნდები....



                გვერდი მეხუთე


რამდენიმე წელია  ,  სიკვდილის შიში დავძლიე...ჩემი  რწმენის სიძლიერე მხოლოდ ღმერთია.  ის ჩემშია და
მთლიანად მავსებს.
მე მწამს სახეცვლილი დაბადების..

თუ შენს ახლოს შენივე ჩრდილს დაინახავ,იცოდე რომ ეს ჩემი ჩრდილიცაა...

თუ მინდვრის ყვავილებში ყველაზე მეტად თავდახრილ და უღონო ყვავილს შეხვდები,იფიქრე,  რომ მასშია
ჩემი სული აღმოცენებული...

თუ უეცრად ანთებული სანთელი ჩაგიქრა, გაიხსენე,  რა ანცი ვიყავი და როგორ  ვთამაშობდით ბავშვობაში კუკუდამალობანას..

ხოლო თუ მოულოდნელად შენი ყავის ჭიქაში ყავის დონე დაკლებული დაგხვდა,იცოდე  ,  მე შეგეზიარე. მიყვარს შენი ბაგის შენახები ჭიქის შეხება...

შენ ვერასოდეს იგრძნობ ჩემ სუნთქვას,მაგრამ თუ ქარმა თმა აგიწეწა,მასში ჩემი სუნთქვაცაა შეწყმული და აუცილებლად იქნება თბილი და ალერსიანი.

  მე ყველაზე ძლიერი მაშინ ვარ,როცა არ მეშინია გარდაცვალების...
  მე მწამს სახეცვლილი დაბადების....





    ლურჯი რვეულის უკანასკნელი გვერდი


მითხრეს,რომ ჩემ  დაავადებას  ამნეზია ქვია,  თუმცა ეს  სიტყვაც არაფერს მეუბნება;  მავიწყდება იმ წამლის სახელი,რომელიც უნდა დავლიო...ვერ ვპოულობ წამლების ყუთს და არც ვსვამ....ანდა რისთვის უნდა დავლიო?
არაფერი მტკივა:    არც მშია ,არც მწყურია,  არც მცივა. უბრალოდ ,ყურებში რაღაც გუგუნი ჩამესმის.
დავდივარ სახლში და ეს ქალ-ვაჟი ვინაა არ ვიცი...არც ამათი სახელები მახსოვს....შვილებიაო,  მეუბნებიან.
არ მახსოვს რა მქვია,ანდა რამდენი წლის ვარ.
აშკარაა,რომ ქალი ვარ....
რისთვის ვარ აქ,  ამ სახლში,ვერ ვხვდები...საკუთარი ადგილი არ მაქვს
საერთოდ რისთვის ვარსებობ,ეს უფრო გაუგებარია
ირგვლივ ყველაფერი მეუცხოება.    მაკვირვებს,  ის რომ მაგიდაზე პიანინო დევს...ხანდახან დაუკრავად მღერის, კლავიშების გარეშე და ახლა ამას კლავიატურას ეძახიან.მეც კი ვუკრავდი,ადრე სულ ადრე...ჩემი თითები აცეკვდებოდნენ კლავიშებზე და ვუკრავდი,
სიყვარულით და გრძნობით...

როდის იყო ეს? 

როცა ჯერ კიდევ დაბადებული არ ვიქნებოდი....
სად დავიბადე ან როგორ გავიზარდე, ვერ ვიხსენებ.



ვერავის ვიხსენებ...აი ეს,  ჩემ წინ რომ დგას,ვინაა ვერ გამიგია...ცხვირი და სახე  ნაცნობი აქვს,თმაც,მაგრამ ვინაა არ ვიცი...
ხელი მინდა შევახო... სარკე ყოფილა...

ანუ ეს მე ვარ?!

ვისაც წარსული არ აქვს, ვერც    მომავალი ექნება...

მე წარსული დამეკარგა და ახლა მომავალს ვეძებ.

და რადგან ზუსტად არ ვიცი,სად ვეძებო,  ამიტომ ვეძებ ყველგან,მათ შორის,  შენს თვალებშიც.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები