ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა ტონია
ჟანრი: საბავშვო
9 ოქტომბერი, 2014


ჭიამაიას დედა დაეკარგა

ჭიამაიას დედა დაეკარგა

მოთხრობა
მზემ ჭიამაიას პაწია სოროშიც შეაჭყიტა, თვალებზე მიეფერა და შეახსენა:
- ადექი, ჭია-ჭიამაია. დღეს ხომ დედის დღეა?!
ჭიამაიამ თვალები მოიფშვნიტა და საწოლის თავთან დაკიდებულ კალენდარს გახედა, საიდანაც დიდი წითელი ასოებით უცქერდა 3 მარტი.
ჭიამაია წამოხტა, ხელ-პირი დაიბანა და დედის დაუკითხავად, ჩუმად ,გამოიპარა გარეთ, რომ მისთვის მინდვრის ყვავილების თაიგული მიერთმია და მიელოცა დედის დღე.
ყვავილების კრეფამ,ჩიტების გალობამ და პეპლების სილამაზემ ისე გაიტაცა, რომ კარგა შორს წავიდა და გზაც აებნა.როცა გონს მოვიდა, მიიხედ- მოიხედა და ნაცნობი ადგილები რომ ვერ დაინახა, მწარედ ატირდა:
- დედა მინდააააა!
იქვე, ბალახის ძირას, პაწაწინა ჭიანჭველებს ნამცეცები თხილის ნაჭუჭში შეეგროვებინათ, დედიკოსთვის მიერთმიათ და უკვე დედა-შვილები არხეინად შეექცეოდნენ ნუგბარს.
დედა ჭიანჭველამ, რომ დაინახა დაკარგული და ატირებული ჭიამაია, შეეცოდა, დაამშვიდა და უთხრა:
-მოდი, საყვარელო ჭიამაია, მე ვიქნები შენი დედა!
.ჭიამაიამ ტირილს მოუმატა. მადლობა გადაუხადა ქალბატონ ჭიანჭველა დეიდას, მოკრძალებულად უარი უთხრა და გზა გააგრძელა. თან ფიქრობდა:
- რა თბილი და თავაზიანი დეიდა იყო, მაგრამ ჩემს დედიკოზე ძვირფასი და საყვარელი არავინ არის.
უცებ, ხოჭოების ზეიმს წაადგა თავს. პაწია ხოჭოები თავიანთ დედიკოს ულოცავდენენ დედის დღეს. ქალბატონმა ხოჭო დეიდამაც მიიწვია სუფრასთან ატირებული და დაღვრემილი ჭიამაია და მანაც შესთავაზა დედობა, მაგრამ ჭიამაიამ მასაც მოკრძალებული უარი უთხრა და გზა განაგრძო.
ამასობაში, დედა ჭიამაიამ შენიშნა პაწიას სახლიდან გაქრობა, სასწრაფოდ მიატოვა ყველა საქმე და გაეშურა შვილის საძებნელად.
პაწია ჭიამაია გულში იხუტებდა დედისთვის მისართმევ ყვავილებს და კვლავინდებურად ხმამაღლა ეძახდა და ტიროდა. დედამ გაიგონა შვილის ძახილი და მისკენ გაეშურა.
ჭიამაიკომ , როგორც კი დედიკო დაინახა, გულში ჩაეკრა, თაიგული მიაწოდა და სლუკუნ-სლუკუნით მიულოცა დედის დღე:
"დედი, ჩემო თბილო და
სანუკვარო, ძვირფასო,
მხოლოდ შენ, შენ მინდიხარ,
ვინც რა უნდა მითხრასო.
აროდეს მოგშორდები,
რაც არ უნდა რა იყოს ,
ძლიერ, ძლიერ უყვარხარ,
შენს შვილს, ჭიამაიკოს.
შვილისაგან სიყვარულის გამოხატვით გულაჩუყებულმა დედიკომ ცრემლიანი თვალები დაუკოცნა ჭიამაიკოს და უთხრა, რომ მასაც, ყველაზე, ყველაზე ძალიან უყვარს და ეყვარება შვილი.
მშობლის პოვნით გახარებულმა ჭიამაიამ ციცქნა ფრთები პირველად გაშალა და დედიკოსთან ერთად სახლისაკენ წაფარფატდა.
მანანა ტონია

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები