ნაწარმოებები



ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
9 ოქტომბერი, 2014


გმირები

                                  "არიან ადამიანები,
                                  ხალისიანები, ხან დარდიანები,"

                                                            იორამ  ქემერტელიძე



არიან ადამიანები,
ხალისიანები,
ხან დარდიანები,
ცხოვრობენ მშვიდად,
გულით ერთგულები
იქ, სადღაც მიღმა...
ღმერთი ეგულებათ.
დადიან სიკეთით  ყელამდე სავსენი,
ნაბიჯით ჩუმით და ვერშესამჩნევი
და ნაცვლად მოგების,
და ნაცვლად ქონების,
თბილ ხელისგულებს ივსებენ წვიმებით
მიწას დაიყრიან, ყვავილებს ირგავენ,
დადიან და დააქვთ  ხელები- ქოთნები.

ვთქვათ გული ატკინა ვიღაცამ
და ისე წავიდა...
ან უფრო უღირსი, ვთქვათ კიდევ ამბისა:
გათელა ყველაზე ლამაზი, რაც ქონდა
სათუთად ნაზარდი, წვიმების ნამისა.
-არც საყვედურობენ,
არც ბოროტდებიან
და ისევ უწვდიან...-ისევ ენდობიან,
ღიმილით სანდომიან,-ყვავილებს თავიდან.
გულით ნაფერები,
სულით ნაფერები,
ხელებზე ნაშენი  იმ ყვავილნარიდან.

ეს ადამიანები, ვითომ უმნიშვნელო
დადიან მშვიდად და დადიან შეუმჩნევლად,
გული გვეუბნევა,
ჰო, გული გვეუბნევა,
ისინი არიან სამყაროს გმირები,
მისი გადამრჩენი,
და ღმერთის შვილები...
ჰო,ნაცვლად ქონების,
ჰო, ნაცვლად დროშების,
დადიან და დააქვთ
ხელები-ქოთნები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები