ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლიუსი
ჟანრი: პროზა
10 ოქტომბერი, 2014


ცხოვრება, როგორც სინამდვილეშია

ეძღვნება უსაყვარლეს პოეტს, ბელა ქებურიას

I.

ბამბუკისგან დაწნულ სკამზე იჯდა ქალბატონი მართა, ლოდინისგან დაღლილი და შეძრწუნებული.
უკანასკნელი საბიბლიოთეკო ექსპონატი, გაყიდვას გადარჩენილი წიგნი, ეჭირა და ფურცლავდა. გულმოდგინედ როდი, უფრო ზედაპირულად.
- ლაჩარი! ნუთუ შვილზეც აიცრუა გული?! - ისეთი პირი უჩანს, აღარასდროს დაბრუნდება, რადგან ჩემთან ცხოვრება ველოსიპედის ტარებასავით ადვილი არ აღმოჩნდა. არაფერია, ერთით ნაკლები სადარდებელი მექნება, ბოლო დროს მაინც ბევრს ეწეოდა და უზომოდ სვამდა.
ცრემლი მოიწმინდა, მძინარე ვაჟიშვილს გადახედა, გაახსენდა დაპირება, რომელიც ვერა და ვერ შეუსრულა საბრალოს. რას არ გაიღებდა, ოღონდ ერთი სათამაშო მანქანა ეშოვნა.
- „ახლა სჭირდება, მერე იქნებ დაგვიანდეს კიდეც. მართალია ჯერ მხოლოდ სამი წლის არის, მაგრამ დანაშაულია ასე უდროოდ  წავართვა ბავშვობა. ცხოვრება ისედაც არ დააკლებს მარწუხებს“.
ეგონა ბუტბუტს ვერავინ გაიგებდა, მაგრამ მოხუცი მამის მწყრალი ხმა შემოესმა:
- არა უშავს, შვილო. ბევრი რამ გვჭირდება, მაგრამ რაკი არ არის, ვითმენთ.
ბერიკაცს აკანკალებდა.
ოთახში საშინლად ციოდა...
ზამთარი სახლის ცივ კედლებში იმაზე ძლიერ იგრძნობოდა, ვიდრე გარეთ იყო...
მართა სიცივისგან შეწუხებულ მამას თვალებში ჩააცქერდა, მზერა უმალ მძინარე ბავშვზე გადაიტანა და აღმოჩენამ გააოცა:
- მოხუცს ერთადერთი თბილი მოსასხამიც ბავშვისთვის დაეთმო.
[ბედად, რომ ამ რთულ ყოფაში, ზნეობით მაინც ვსაზრდოობთ].
უნებურად გაახსენდა, წინა დღით, ავადსახსენებელ ლიტერატურის გაკვეთილზე, დათბილული, ქურქში გახვეული მდიდარი მოსწავლე როგორ უგრძნობლად და უემოციოდ იძახდა: „როგორმე ზამთარს თუ გადავურჩიო“, არც კი ესმოდა ალბათ სიტყვების მნიშვნელობა. [თბილი ღუმელი... და ფუფუნებაგამოვლილი  მოზარდი რას მიხვდებოდა პოეტის მარტოობას].
სკოლის კიბეებთან შეჩერდა, საათს დახედა, - ესეც გაჩერებულა, ღმერთო!.. ელემენტის ბრალია, უთუოდ.
შეატყო დაგვიანებოდა...
სახლიდან სკოლამდე რამდენიმე კილომეტრი ფეხით გამოევლო.
„ხურდა ფულის დაზოგვაც არ აწყენს ჩემს ყოფაში მყოფ ადამიანს“.
დაგვიანებისთვის დერეფნიდან დირექტორის მორიგი საყვედური გაისმა:
- „ბავშვებს ვერ ვაჩერებთ, დაიმხეს მთელი საკლასო ოთახი, ქალბატონო და რა იქნა ამ დრომდე თქვენი მოუსვლელობა!“
საყვედურზე მეტად იმას უკადრისობს, რომ მის სამოსს ამრეზით უყურებს დირექტორი, რომელსაც სახეზე ეტყობა თუ როგორ აღიზიანებს მასწავლებლის ღარიბი შესამოსელი.
„რას ვიზამთ. სკოლა, სადაც მდიდართა და არისტოკრატთა შვილები სწავლობენ, უგემოვნოდ, ღარიბულად ჩაცმული ქალი იოლი შესამჩნევია. დიდება უფალს, ზნეობა ყოფნის  და ტანსაცმლის გამო საჯაროდ არ დამცინის. მაგრამ ხომ ისედაც ნათელია, ვინ რას ფიქრობს ჩემ შემხედვარე“.
და აი, მოაგონა ამ ყველაფერმაც ნ. დუმბაძე, საკლასო ოთახის სიუჟეტი ჯერ წიგნის ფურცლებიდან, მერე კი კინოფილმიდან დაუტრიალდა თვალწინ! მაგრამ როგორ გინდა აუხსნა იმ ხალხის შთამომავალს სიტყვა „შიმშილი“, რომელთაც ერთხელაც არ ექნებათ ის განცდილი.
- თქვენ ამ სიტყვის მნიშვნელობას აუცილებლად გაეცნობით ლექსიკონში. თუ იქაური განმარტება ბუნდოვანი აღმოჩნდა, დაიხმარეთ გამოცდილი ადამიანები, ამ საქმის ნამდვილი “ექსპერტები“.
მანამდე კი, არ დავიზარებ და ვეცდები შეძლებისდაგვარად განვმარტო, სხვათა შორის, ეს ზნეობრივი აღზრდისთვის მასწავლებლის ვალდებულებაა... [გაიფიქრა, იქნებ წინადადების ეს წყობა გაცილებით სჯობს, - აღზრდისთვის მასწავლებლის ზნეობრივი ვალდებულებაა].
და ამონარიდი წაიკითხა:
>>ჭადის სუნმა მამაც აიტაცა. კეციდან ჭადი აიღო, გატეხა, გასაგრილებლად დაბერა და „გასასინჯათ“ ლუკმა პირში ჩაიდვა. მთელ სხეულს განუზომელი მადა აღეძრა...
მეორე ლუკმა...
სწვავდა ენას და მაინც სჭამდა>>
გულისცემაც გაუხშირდა და როცა ნაწარმოებიდან ამოიკითხა: <<რა ვქენი! დედა ხომ არ იზამდა!!.>> თავშეუკავებლად იტირა.
-აუუუფ, დაიწყო რააა! რა უსმენს ახლა ამის ჩხავილს, - თქვა ვიღაცამ!
- ნუთუ სხვა მასწავლებელი არ შეიძლება გამოგვიყონ? - გამოეპასუხა მეორე.
- შიმშილი, სიცივე, ტკივილი, მარტოობა. უფრო ყოფითი მოიფიქროს, ყელში ამოვიდა რააა.
- ფეხსაცმელზე თუ დააკვირდით? - ნიშნისგებით აღნიშნა პირველ მერხზე მჯდომმა მოსწავლემ.
- აუ, ეს რომ კოკო შანელს ენახა, ფაიზაღი გაგიჟდებოდა, - პასუხი არ დააყოვნა უკანამ!
- გაბრიელა ტანსაცმლის დიზაინერი იყო, ფეხსაცმლისა არა!.. - შეუსწორა მოდის მიმდევარმა თანაკლასელმა გოგონამ. თან თავისი განათლების დასადასტურებლად დასძინა: - გაბრიელა იგივე კოკო შანელიაო.
- ამ ჩემს ფეხებსო, -  და ამის თქმას მოჰყვა ხარხარი.
მასწავლებლისგან დასმულ კითხვაზე, „რატომ ჰქვია ნაწარმოებს ტრაგედია უგმიროთ“-ო პასუხი გაისმა:
- იმიტომო!
და ეს გნიასი მართამ შეადარა ნოველის პერსონაჟი ბავშვების ხმას, თავისთვის დაასკვნა:
- ესაა თაობათა განსხვავებული მსოფლმხედველობა. ამაზე მეტს ვერავინ შეაგნებინებს.

II.
...
სკოლის კარები ყველაზე გვიან  სწორედ მან გამოიხურა.
ხელში ძველმანი ტყავის პორტფელი ეჭირა; ცდილობდა გაცრეცილი ხელთათმანის მორგებას...
- ხელფასიც იგვიანებს! რისთვის დავბრუნდე სახლში!
პირველი შემთხვევა იყო, როცა ეცადა ქმრის სახლიდან წასვლის მიზეზი აეხსნა. ეცადა და მოახერხა კიდეც დასაბუთება:
- თავმოყვარე იყო და ვერ გაუძლო სიდუხჭირეს. მეც ხომ არ წავსულიყავი საზღვარგარეთ? ბოლოს და ბოლოს, დამლაგებელი მაინც დასჭირდებათ, დროული ხელფასის გადახდის სანაცვლოდ.
ხურდა მოიძია, დაენანა ისიც, მაგრამ თუ ტრანსპორტით არა, ფეხით სახლამდე სულს ვერ მიიტანდა.
ავტობუსში ასვლისთანავე  მისი ყურადღება რადიომიმღებმა მიიქცია.
კითხვა საოცრად პრიმიტიულად ჟღერდა, თუმცა რა მნიშვნელობა ჰქონდა ახლა სირთულეს?
დარეკეთ ნომერზე ..., გვითხარით სწორი პასუხი, რამდენ მარცვალს შეიცავს სიტყვა „სირცხვილი“ და მიიღეთ საჩუქრად რძის პროდუქტი.
სირცხვილია, უმაღლესი განათლების ლიტერატურის პედაგოგმა დარეკოს და საკუთარი გვარ-სახელით მოახსენოს ბანალური კითხვის ავტორს სწორი პასუხი, მაგრამ...
დარეკვად მაინც ღირდა...
უფრო სწორია ითქვას, ყველაფერი ღირს, რაც ადამიანს სჭირდება.
ისიც კი გაიფიქრა, სკოლის ადმინისტრაციაც თუ უსმენს, ეგებ მომდევნო დღეს დაგმონ მისი ეს საქციელი და უთხრან: - არ შეგრცხვათ, პატივცემულო კოლეგავ, რძის პროდუქტის გამო რომ დარეკეთ სტუდიაშიო? ვის რას აუხსნი, რა იყო დარეკვის მიზეზი. კაცობრიობის ნახევარს ადამიანური მაინც არაფერი შემორჩა.
სუნთქვა შეეკრა. მწერალთა სახლთან შეჩერდა. სახლში მისვლამდე იქ გადაწყვიტა შესვლა.
შავი როიალი ეგულებოდა;
განწყობის მიუხედავად, ინსტრუმენტზე მოცარტის „რექვიემის“ დაკვრა იმ დროს ახსენებდა, როცა მუსიკალურ სკოლაში ეუფლებოდა კლასიკური ნაწარმოების მაღალოსტატურ შესრულებას, თითების სიმეტრიულ განლაგებას და შინმისულის - გაუსაძლის, რამდენიმესაათიან მეცადინეობას.
ეგებ დავუკრა, რათა გავექცე რეალობას. მუსიკა ხომ ქრისტესავით ყოვლისშემძლეა, ღმერთმანი.

III.
...
მწერალთა სახლში წიგნების აუქციონია.
გამოფენა-გაყიდვა ყველა ჟანრის ლიტერატურის.
ისმის წამყვანის ხმა:
- ჩვენ დაგვრჩა ჯ. ქარჩხაძის „ანტონიო და დავითი“.  დამსწრენო, შეგახსენებთ, ის ქართული პროზის "ხელმწიფეა", რომელიც სიტყვას "სამეფოსავით" განაგებს. ვამაყობ, რამეთუ პერიოდულად, ჟამიჟამ გამოჩნდებიან ხოლმე მწერლები, რომლებიც ყოველგვარ ეპოქალურ დანაკლისს ხელის ერთი მოსმით ავსებენ.
"ანტონიო და დავითი" მხოლოდ ეროვნული ნაწარმოები კი არა, გენიალური რელიგიურ-ფილოსოფიური ნამუშევარია, აწ უკვე შედევრად რომ ქცეულა...
მე რომ შვილების მამა ვიყო, აუცილებლად ქარჩხაძის ნაწერით აღვზრდიდი მათ!..
და თუ რომელიმე ოჯახის ბიბლიოთეკაში ვიპოვიდი დამტვერილ წიგნს დიდებული მწერლისას  - ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გადმოვიღებდი, მტვერს გავაცლიდი, გულში ჩავიკრავდი და ვიტყოდი: - ღირებულებისა და ფასეულობის დრო, ალბათ, მალე მოვა, ავტორო და ნუ შეშინდები. მაინც გიპოვნის გონიერი მკითხველი და "უძეგლოდ არ დაკარგავს" შენს ნამოღვაწარს...
და აი, წიგნი ელოდება გონიერ მკითხველს!
ნუთუ მსურველი არავინაა?..
... [იქნებ აჯობებს მრავალწერტილის, პაუზის და დუმილის შესახებ დაიწეროს, ვიდრე უბრალოდ სასვენი ნიშანი დაისვას]
როგორ არა!!! მაგრამ ვინც იცის ნამდვილი ლიტერატურის ფასი, ის ჯიბეს იქექავს. ხურდა ფულით კი არათუ წიგნის ყიდვას, გადაადგილებასაც ვერ შესძლებს კაცი.
მაინც გაუმართლა, რაკი მსურველი არავინაა, წიგნი სიმბოლურ ფასად გაიყიდა. [ამის შემდეგ კაცი ვერ იტყვის, მთლად უბედურიაო].
შერცხვა ამისიც და დღეს ხელმეორედ იგრძნო, რომ მეტისმეტად ბევრჯერ შეაწუხა სირცხვილის გრძნობამ.

IV.

ზამთარი განაგებდა თბილისს.
ბოძთან აფიშას მოკრა თვალი:
“ღმერთო დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები”
თავისუფალი თეატრი, პრემიერა შედგა - 29.11.2007 - ში
სპექტაკლი დაიდგა -  მარია ლადოს "ერთი უბრალო ამბავი"-ს მიხედვით.
ადაპტაციის ავტორი: ავთანდილ (ავთო) ვარსიმაშვილი.
„ღმერთო დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები“, დასწრება არც სჭირდება სპექტაკლს, ისედაც ყველაფერია ნათელი.
სახლში შესვლისთანავე იგრძნო, მოხუცი მამისა და უასაკო ვაჟიშვილის მზერა  ხელებისკენ იყო მიმართული.
ქალს „ანტონიო და დავითი“ ეჭირა.
- ორი დღე ეს გვასაზრდოებს, ამასობაში, დაპირებისამებრ, ხელფასიც იქნება, - თქვა მორცხვად და დანანებით.
- სათამაშოც?
- საჭმელიც?
- ყველაფერი!..
აბაზანაში გავიდა და მოგუდულად იტირა.
დაიმშვიდა თავი, „უშემოსავლოდ მთელი წელი ცხოვრობს საზოგადოება!.. ხელფასით თავის გატანა იოლი საქმეა, უნდა შევძლოთ, უხელფასოდაც არსებობა”.
[თეორიულად ნათელია ეს მოძღვრება, პრაქტიკაში ხორცშესხმაა შეუძლებელი].
შვილი მაინც გადამირჩინე, დედაო ღვთისავ,
და „როგორმე ზამთარს თუ გავუძელიო“, „მოთქმა ხმითა თავ-ბოლო ერთი“
ისევ ქრის.
ისევ წვიმს,
ისევ თოვს...
ზამთარი არ აპირებს დამარცხებას.
ღმერთო, მართლა დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები!..


ირაკლი შამათავა
04.12.2013 წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს