ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: რ_____ო_____ი
ჟანრი: პოეზია
10 ოქტომბერი, 2014


  ჩამოტვირთვა

შენი ნეგატივი ზეციდან

იცი, ხშირად მიფიქრია:
რა მოხდება
ერთ საღამოსაც
ზღვაზე რომ ერთად წავიდეთ,
მე დავჯდე შენს წინ,
ზღვას ზურგი შევაქციო,
შენ უცქერდე ჰორიზონტს
და მზის ჩასვლას მაგ თვალებში ველოდებოდე?
მე მიფიქრია...
.
შენი წუთები სხვების წლებზე ბევრად ძვირი ღირს,
გადაშლილია ხომალდების ვრცელი ტაიგა,
მე კი სათქმელი შემრჩენია ისე ირიბი,
ლექსის გარეშე რთულია რომ რამე გაიგო.

ბინდდება, ქრება დროებითი ხაზი, ბილიკი,
ამღვრეულ ღელვას ჰორიზონტზე მიაქვს ნავები,
მზის ჩასვლის შემდეგ შენი მზერაც ისე თბილია,
ზღვაში კი არა მაგ თვალებში ვიბანავებდი.

სხეულშიც მეტი სიცხეა და მეტი ზეიმი,
ვიდრე ნაპირზე, ვიდრე ადრე, ვიდრე - ვიდრემდი
და როგორც ზღვაში მოტივტივე მეთევზეები
ითმენენ ლოდინს, გეფიცები ისე გითმენდი.

ვიცვლიდი ნიღბებს, იღვრებოდა ტალღის არია,
(თითო ნიღაბი გწამდეს ყველას გამოუჩარხავს)
მაგრამ მე ბედმა დამარწმუნა - უფრო მწარეა
ნიღბების მიღმა რომ გიყვარს და... რომ არ უყვარხარ!

იქნებ აღარ ღირს სიყვარულზე თავის შეწირვა?!
ქარს ვატან სიტყვებს ამიტომაც ქარის დინებით,
წუხელ გფიქრობდი და იმდენ ხანს არ ჩამეძინა
შენ რომ გცოდნოდა  ალბათ არც შენ ჩაიძინებდი.




მამის ლოცვა

(ეძღვნება დედას, რომელმაც შვილის სიკვდილის შემდეგ თავი მოიკლა)

ანაბელ, შეშლილი ღამეები, ცხედრები,
ანაბელ, შიშველი დღეები, მონასტრები,
ერთ ლოცვას სულ მცირე შენთვისაც მოვასწრებდი,
ერთ ლოცვას სულ მცირე... და ვედრებ-ვედრებით

მოვდივარ, სიჩუმეა, სევდაა, ანაბელ,
ეს ჩემი, ეს შენი, ეს ჩვენი შვილია,
რომელიც სიმღერით ძილისთვის განაბე
და ასე მშვენიერს და ლამაზძილიანს

ვიხსენებ... მერე მეც გავდივარ სიზმრიდან,
თქვენ ჩემთან აღარ ხართ, მე ლექსი ვიშვილე
და ახლა, ამ ღამით, უბრალოდ ის მინდა –
სხეულში ქარივით რომ ჩადგეს სიმშვიდე.

აქ აღარც ღმერთია, აქ აღარც ქარია,
მხოლოდ სიკვდილი და კარნახი მაჯებთა,
შეუნდე ანაბელს წმინდაო მარიამ,
ისიც მის პატარას უფლისთვის აჩენდა...

ერთ ლოცვას სულ მცირე მისთვისაც მოვასწრებდი! –
შეშლილი ღამეები, საფლავი, კანაპე,
ტკივილი, დახრილი თვალები, მონასტრები,
სიგიჟე, მონატრება, წუხილი, ანაბელ.




Conclusion

შენ როცა მოხვალ სიკვდილივით ჩემში დარჩები
და პოეზიის ბრწყინვალებას გულით განჭვრიტავ,
იცი, მე მინდა დავუსერო ღამეს მაჯები,
რომ დედამიწა დაიცალოს ჩვენი ფანჯრიდან
სისხლით.
ლექსებით.
შავი ფერით.
სირთულეებით.
შემდეგ დილამდე ვისაუბრებთ, ისევ უსიტყვოდ
და როიალის გრილ კლავიშებს სართულებივით
ჩაჰყვება შენი ბრმა თითების ცხელი მუსიკა.
მოხდება ძილი, როგორც სიზმრის ბოლო დაკაპო,
მე დავფიქრდები - ასე იყო ნუთუ წინათაც?
და ძველებურად რომ არ გსურვარ დილით დავასკვნი -
შენი ნათქვამი - წუხელ როდის ჩამეძინადან...



ჩვენი უბნის მელოდიები

რა ქალი იყო და კი არა
რა გოგო იყო და ამბები,
პირველად რომ ჩამოიარა,
მეორედ რომ ჩამოიარა,
მესამედ -
მივხვდით რომ გავებით
მახეში,
ზაფხული, კაბები.
რა გოგო იყო და კი არა -
ქუჩას მოძრაობას უცვლიდა!
მახსოვს რომ გვიყვარდა ზიარად,
ლექსებსაც ზიარად ვუძღვნიდით,
ვუძღვნიდით, სიმღერებს, ბაიათს,
ყვავილთა ეპოქაც მოვკრიფეთ,
სიტყვა მაგ გოგოზე - "კაია"
თვით სიტყვას ჩუქნიდა კომპლიმენტს.

რა ქალი იყო და გოგონა,
ჟრჟოლებით - თმებიდან - ნეკამდი,
გვინდოდა!... - და საკენს როგორაც
სიზმრებში მის კერტებს ვკენკავდით
და ზამთრის ქუჩებში გათოშილთ,
მიკვირს თუ როგორ არ მოგვწყინდა,
ის გოგო ჩვენს სადარბაზოში
სულ სხვებს და
სულ სხვებს
რომ კოცნიდა.

რა გოგო იყო და რა ქალი,
როგორ გვაოცებდა - მაოცებს,
ჩვენ ჩვენი ბავშვობა დავკალით,
ოცნებების სასაკლაოზე...

წლები თუ გასულა ათობით, -
იმედი იმედად გამოგვყვა
და შემდეგ ვუცქერდით გათხოვილს,
ვიტრინის გაღმა და გამოღმა.

ბოლოს კი ჭორებად აგორდა
ლექსები, სიმღერა, პიარი -
ნეტავ ჩვენს ქუჩაზე ამ გოგოს
საერთოდ არ ჩამოეარა.
პირველად მან ჩამოიარა
და მაშინ მივხვდით რომ გავებით
რა ქალი იყო და კი არა
რა გოგო იყო და... ამბები!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები