ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეფერტარი
ჟანრი: პროზა
27 ნოემბერი, 2014


ბედუინი (ნაწილი XXIX სიცოცხლის გზა)

                                                                                                   

                                                                                  ...    И от века до века стремлюсь я в Звёздные дали -
                                                                                        Таков путь человека По Великой Спирали...
                                                                                                                               
                                                                                                                                  წამიკითხავს სადღაც...
                                                                                                                                                                                         
                                                                                                                                                                                                           
          თვალდახუჭული ალ კაბირი საკუთარ თავში ჩაღრმავდა და გაირინდა. დაღლილობისგან და დაძაბულობისგან განთავისუფლებას ცდილობდა. გავლილი გზის, მუდმივი უძილობის და  გადატანილი მძიმე  საათების კვალმა ერთბაშად იჩინა თავი.  უდაბნოს ისედაც სასტიკ გარემოში მოულოდნელი საფრთხეების დასაძლევად, მუდმივი სიფხიზლის შესანარჩუნებლად,  დაუღალავი მდევრისგან თავის გასარიდებლად დიდი სულიერი ძალა ჭირდებოდა. ამოჩემებული დუმილი, - ფიზიკურ და სულიერ მზადყოფნას უნარჩუნებდა,  სიტყვებისთვის ემოციას არ ხარჯავდა, თავს მოდუნების უფლებას არ აძლევდა, აბსოლიტური ყურადღების  კონცენტრირებისთვის ლაპარაკს თავს არიდებდა. მუჰამადის ნათქვამი გამახსენდა,  ალ კაბირს და მის ცხენს საჰარაში ტოლი არა ჰყავთო რომ მითხრა. ახლა დაუმცადარად ვიცოდი რომ სიტყვებს აქ,  მართლა დიდი ფასი ჰქონდა, მაგრამ სიმართლე ათასჯერ მაღალი აღმოჩნდა. გადავწყვიტე დასვენების საშუალება მიმეცა. ვცდილობდი  არ შევრხეულიყავი, მისი ყურადღება რომ არ მიმექცია. 

        მარჯვენა ფეხი ყრუდ მტკიოდა. ცეცხლს შევყურებდი და ვცდილობდი წარმომედგინა, როგორი მასპინძელი იქნებოდა თავის სახლში, ეს წარმოუდგენლად გამბედავი, საოცრად გონიერი და მიმზიდველი კაცი.  ალბათ კეთილშობილი, გულგახსნილი, თავშეკავებულად მხიარული და სტუმრიანობით გახარებული... 

საჰარაში სტუმარს მისი წონა ოქროს ფასი აქვს. ღმერთისა და კაცისგან მივიწყებულ ამ ადგილას, ახალი ამბებს  მხოლოდ სტუმრისგან თუ გაიგებ. განსაკუთრებული ცნობისმოყვარეობა ბედუინებს ახასიათებდათ.  ისინი ისედაც გამორჩეულები იყვნენ არაბულენოვან მომთაბარეებს შორის, მათ  ხომ წინასწარმეტყველი მუჰამედი და დიდი "ალაჰ" მისცეს ისლამს,  სხვა მომთაბარეებს ასწავლეს თხის და აქლემის ბეწვისგან მოსასხამების ქსოვა, საჯის ლავაშის ცხობა, ნაირნაირი ჩაის რეცეპტი, მათი აფთიაქი ხომ ნამდვილი პანაცეაა. 

      ბედუინები ჰორიზონტზე მგზავრს შენიშნავდნენ თუ არა, სამზადისს იწყებდნენ,  ნაირ-ნაირ ჩაის აყენებდნენ და სიხარულით ეგებებოდნენ სრულიად უცხო ადამიანს.  ხელპირს დააბანინებდნენ,  სუფრასთან იწვევდნენ და ნამდვილ დღესასწაულს აწყობდნენ. სადილის შემდეგ ოჯახის უფროსი სამფეხზე შემოდგმულ სინზე ჩილიმს ჩამოდგამდა  და ამბების გამოკითხვას იწყებდა.  ლერწმისტანა ნარგილე ჩადრმოხვეული ქალივით იდუმალი არომატით ივსებოდა. ჰაერში  ვარდის, ფორთოხლის და პიტნის სურნელს აფრქვევდა. ტკბილი საუბარი ხან ყავის, ხანაც ჩაის თანხლებით გვიან ღამემდე გრძელდებოდა.  სტუმრის ფინჯანს დიასახლისი ადევნებდა თვალს, როგორც კი ფინჯანი განახევრდებოდა, მაშინვე პირამდე უვსებდა.  სანამ ცაზე მთვარე არ ამოცურდებოდა, ღამის ცივ სიბნელეს ცხელი კოცონი ბზარავდა. შემდეგ კი სტუმრის მოსვენების ჟამი დგებოდა. ოჯახი გამთენიას უჩუმრად დგებოდა ფეხზე და საქმეს მზის ამოსვლამდე ასწრებდა. გაღვიძებულ სტუმარს  სახელდახელო ლავაშით, ცხელი რძით და ყველით უმასპინძლდებოდნენ...

თაკარა შუადღით კი  კარავში მთელი ოჯახი იკრიბებოდა და სტუმარი ამბების მოყოლას აგრძელებდა.  ივსებოდა და ივსებოდა სტუმრის განახევრებული ფინჯანი,  უდაბნოს ნიავი ქვიშაზე ფიანდაზად აფენდა ჭრელ-ჭრელ ამბებს.  სამი დღე-ღამე გრძელდებოდა სტუმარ-მასპინძლობის ადათი. ნელ ნელა მსუბუქდებოდა  ამბების ხურჯინი,  უფრო და უფრო იშვიათად ივსებოდა განახევრებული ფინჯანი და  როცა  დიასახლისი ცხელ  ჩაიდანს ცეცხლიდან ჩამოდგამდა, ეს მასპინძლობის დასასრულს ნიშნავდა. საგზალი, წყლით სავსე ტყავის გუდურა და თბილი ბედუინური მოსასხამი სტუმარს მოვლილ და მოსვენებულ აქლემზე ელოდა... 

  "  - რა იქნებოდა მართლა შემთხვევითი სტუმარი ვყოფილიყავი მის კარავში და ამდენი უბედურება არ გადაგვეტანა... რას უნდა ნიშნავდეს ეს საბედისწერო შეხვედრა, იღბლის ხაფანგია თუ ბედის საჩუქარი..."

თავი ისე მტკიოდა, ფიქრი აღარ შემეძლო. გადატანილ საშინელებას თავისი გაჰქონდა  და  შფოთიან ძილბურანში გავეხვიე. ხან რა მომიტანა კოშმარმა და ხან რა... ჯერ სახლი მესიზმრა, ისე იყო არეულ-დარეული კედლებზე ძლივს ვიცანი. დედაჩემი ტიროდა, ჩემი ძმა კოპშეკრული იდგა ხატების წინ. ჩემი მოკისკისე რძალიც უცნაურად მიჩუმებულიყო... სახლის ზმანება  ქარით მოდენილმა ქვიშამ გადაფარა და ისევ საჰარაში აღმოვჩნდი... თაკარა შუადღე იდგა, ჯადარი არ ჩანდა, მხოლოდ ალ კაბირი იდგა შორიახლო. სადღაც წასასვლელად ემზადებოდა. ჩანდა, ჩემს წაყვანას არ აპირებდა. მოფრიალე თეთრ გალაბაზე ქარი ქვიშას აყრიდა, სახე ბურნუსით ჰქონდა ახვეული... შიშნარევი გაკვირვებით შევცქეროდი მის სამზადისს... წყალი მოსვა, ჭურჭელს თავი მაგრად დაახურა  და მახლობლად დადო. არც წყლის წაღებას არ აპირებდა. ჩემსკენ მშვიდად მოიხედა, თავი დახარა, თითის წვერებით შეეხო ჯერ გულს,შემდეგ პირს და შუბლს.  მემშვიდობებოდა. ხელი მკერდიდან მოიშორა, თეთრ გალაბაზე მუშტისხელა სისხლიანი  ლაქა დააჩნდა, მარჯვენა ხელიც სისხლიანი ჰქონდა. მკერდიდან სისხლი სდიოდა, თეთრი სამოსი წითლად იღებებოდა, თვითონ კი ვერაფერს ამჩნევდა...ვცდილობდი დამეძახა, მაგრამ ხმა არ ამომდიოდა და მხოლოდ ხელს ვუქნევდი, ის კი ვერაფერს ხვდებოდა და მიბრუნებას აპირებდა...   

      სიზმარმა ქვის სასთუმალიდან წამომაგდო ... მაშინვე მუხლებზე წამოვიჩოქე და მძინარე ალ კაბირს  თვალი შევავლე.  ნაღვერდლების  ლიცლიცი,  ვეება ლოდზე ზურგით მიყრდნობილ,  თითქმის მომაკვდავ ადამიანს ანათებდა.

ელდა მეცა...კოცონს იქვე მოგროვილი პალმის ეშვები დავაყარე, ალმა იტკიცა და მოძლიერდა... მუხლებზე წამოვიწიე  და ყურადღებით დავაცქერდი. თითქმის არ სუნთქავდა. მკაცრად მოკუმული ტუჩები გალურჯებოდა, ყელზე არტერიის ფეთქვას ვერ შევნიშნე, საფეთქელთან გაწოლილი პაწაწინა მოცისფრო ძარღვი, ბრაზის დროს მეხივით რომ გაიკლაკნებოდა ხოლმე, ახლა ძაფივით დაწვრილებოდა, თვალის უპეები ჩაწეოდა, გონდაკარგულივით იწვა...მენიშნა ჩემი სიზმარი... შუბლზე ხელი მოვისვი, თავი  საშინლად მიხურდა და ისე მტკიოდა, თითქოს  უროს მირახუნებდნენ. ყველა დარტყმასთან ერთად, სიკვდილი ნაბიჯ-ნაბიჯ მიახლოვდებოდა იმ ერთადერთი ადამიანის წასაყვანად,  ვინც სამყაროსთან  სიცოცხლის ძაფით მაკავშირებდა... რაც მიხაროდა და  მენატრებოდა, მხოლოდ მისით გამხდარიყო ღირებული. ის იყო მთავარი კავშირი ჩემს წარსულთან, მომავალთან, ოჯახთან, მონატრებასთან,  საქართველოსთან და მთელ ჩემს სამყაროსთან.

როგორღაც მჯეროდა,  რომ ყველა ადამიანი რამდენიმე თვით ან დღით ადრე მაინც, აუცილებლად გრძნობდა სიკვდილის მოახლოვებას. ცოტა ხნით ადრე წარმოუდგენელი ენერგია ეძლეოდა ამქვეყნიური მირჩენილი საქმეების მოსაგვარებლად. " წამოახედაო..." ბებიაჩემი იტყოდა ხოლმე... ალ კაბირისთვის მსგავსი არაფერი შემინიშნავს, ალბათ იმიტომ, რომ მისი საქციელი ყოველთვის მოწმობდა  ნებისმიერ წამში  სიკვდილისთვის მზადყოფნას.  საჰარას  მკაცრი ჰავა და გარემო, ათასგვარი ბუნებრივი ხიფათით ისედაც  ყოველი ფეხის ნაბიჯზე  იყო ჩასაფრებული. ჩვენმა შეხვედრამ  ხომ მისი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა, ამდენი წლის მეგობრები - მტრებად უქცია და დაუღალავი ტუარეგები ალბათ აღარასდროს მოასვენებდნენ. ისედაც საშინლად ვგრძნობდი თავს ამის გამო, გადაუხდელი ვალი მედო მისი ჩუმი და უანგარო თავგანწირვის წინაშე... ახლა კი  ეს უტეხი, მოუდრეკელი ზეკაცი, რომლის მზერაში ხიწვიც კი რომ არასდროს შემინიშნავს, და რომელმაც  ღირსეული  მოკრძალებით ჩემი თავის სიყვარული მასწავლა, - სრულიად  ჩვეულებრივი ადამიანივით  ჩუმად მეცლებოდა ხელიდან...

თავზარმა ერთბაშად ზრიალით დამიარა ხერხემალში და ერთბაშად მივხვდი, რმ  ყველას დაკარგვას და სიკვდილს გადავიტანდი, როგორმე გადავხარშავდი, მაგრამ ამ სიკვდილს ვერასდროს. ეს ერთადერთი იყო, რაც მართლა გამტეხავდა ან შემშლიდა...ამ ტვირთის ტარება გამსრესდა და გამანადგურებდა. რაღაც უნდა მეღონა სანამ სიცოცხლე ისევ ფეთქავდა, სასწრაფოდ რაღაც უნდა მეღონა...

ტბასთან მივფორთხდი, პეშვით წყალი ამოვიღე, მინდოდა სახეზე მესხურებინა, მაგრამ გზა ცხენმა გადამიღობა. ჯადარს გვერდი ვუქციე და მუხლებით გავხოხდი ლოდისკენ, მაგრამ ისევ მომიჭრა გზა. გაკვირვებულმა ვანიშნე გაწეულიყო, მაგრამ ნაბიჯიც არ მოიცვალა...

        - ალ კაბირ,  გონს მოდი...გთხოვ... არ მოკვდე! გემუდარები... შენს მესაფლავედ ნუ მაქცევ... ამას ნუ მომისჯი... - შევჩერებოდი ლოდზე მიყრდნობილ ქანდაკებას  და უცრემლოდ ვსლუკუნებდი. 
   
წამით გონებაში გამიელვა რომ ალ კაბირი ახლა სულიერების რომელიღაც საფეხურზე  უცნობ ზეციურ რიტუალს ესწრებოდა ძალის მოსაკრებად. ამან ოდნავ დამამშვიდა, მაგრამ გადავწყვიტე მისთვის თვალი არ მომეცილებინა. მუხლებზე ვიდექი და დაკვირვებით ვუცქერდი. ახლა არაფერი, არცერთი წვრილმანი, არცერთი დეტალი, არცერთი ცვლილება არ უნდა გამომპარვოდა. 

          დრო ისე უსაშველოდ გაიწელა,  თითქოს დედამიწამ ბრუნვა შეწყვიტა და მთვარე ცაზე გაიყინა.  საათებად ქცეული წუთები ერთმანეთს მისდევდნენ. ალ კაბირის გამომეტყველება არა და არ  იცვლებოდა. სასოწარკვეთილი უხმოდ ვიცდიდი და  ლოდზე მიყრდნობილ სხეულს თვალმოუცილებლად შევცქეროდი.   

          კოცონი მთლად მინავლდა. სიცივემ დაისადგურა.
ლასლასით მივფორთხდი კერიამდე. ნაცარი გავქექე,  მხოლოდ ერთი ნახევრად ჩამქრალი ნაკვერჩხალი ვიპოვე,  სული რამდენჯერმე შევუბერე... გაღვივდა, გახალისდა, გაიხარა და  წითლად გაიღიმა. პალმების ხმელი ფოთლები და ეშვები დავაყარე, ცეცხლის ალი ცეკვით ამოიჭრა,  სითბო  და სინათლე  მომაშველა. პალმის ხმელი ეშვები კიდევ ეყარა, მაგრამ დილამდე საკმარისი არ იქნებოდა. ახლა უფრო მეტი  სითბო მჭირდებოდა, ლოდის გარშემო რამდენიმე კოცონი სიცივისგან კარგად დაგვიცავდა. გარემო მოვათვალიერე. ოდნავ მოშორებით რამდენიმე პალმა ეგდო. მთელი კორომი ერთად წაქცეულიყო და  ისე გამხმარიყო.  შეშად ნამდვილად ივარგებდა, მაგრამ როგორმე  ლოდამდე უნდა მიმეთრია.

ცხენი ვიხმე,  ჯადარი გვერდში ამომიდგა.  კისერზე დავეკიდე,  როგორც იქნა ფეხზე ავდექი და  ლისამი ავითრიე.  ჭრილობები მტკიოდა, დაბუჟებული ფეხები ისე დამსიებოდა ფეხსაცმელის ჩაცმაზე ფიქრიც ზედმეტი იყო, ღამის სიცივე ძვალ-რბილში ატანდა, გადატანილისგან არაქათი აღარ მქონდა. ჩემი უძლურება ისე მაღიზიანებდა, სიმწრის ცრემლი ნიკაპქვეშ  მეკვანძებოდა,  იმის წარმოდგენაც კი არ მინდოდა, რომ  ალ კაბირს ღამის სიცივისგან ვერ დავიცავდი. 

        როგორღაც  გუბურის ნაპირს მივაღწიე. ლისამის ერთი ბოლო  ჯადარს მკერდზე შევაბი,  მეორე პალმის მორს ჩავაბი და  ცხენს ნიშანი მივეცი. გონიერმა ცხოველმა ზუსტად შეასრულა ჩემი დავალება და ორივე მიგვათრია ლოდამდე. პალმის გრძელი მორი ბოლოთი კოცონზე დავაგდე და ისევ გუბურასთან მოვბრუნდით. მეორე პალმა უფრო ადვილად მოვიხელთე...  რამდენჯერმე დაჭრილი ფეხი წამოვკარი ქვებს,  ვეცემოდი, მუხლებს ვიჟეჟავდი, მაგრამ ცხენს ვეკიდებოდი და ისევ ფეხზე ვდგებოდი.  მესამე გზაზე ორი  პალმა ერთად წავათრიეთ და ბოლო მორისთვის მივბრუნდით...

        ვჩქარობდი. ყოველი წუთი მნიშვნელოვანი იყო... პალმის მორების გასწორება და მწყობრად დალაგება დიდ დროს წამართმევდა, ამიტომ როგორც მოვიხელთე, ზოგან ბოლოებში და ზოგან შუაწელზე ჯვარედინად დავაგდე ერთმანეთზე  და ყველგან კოცონიდან ატაცებული  ნაკვერჩხლები მივუყარე...  პალმების თმებმა  ტრუსის სუნი დაატრიალეს.  ცოტა ხანში გარშემო  კოცონები აგიზგიზდნენ  და პალმების წერწეტა  სხეულები  ალში გაახვიეს. სითბო ყველა მხრიდან შემოგვეხვია და ცეცხლი ხორუმით აცეკვდა.  ცხენს ვანიშნე  შუგულში  შესულიყო... ჯადარმა მორებს გადააბიჯა და  პატრონთან გაჩერდა.

        ლოდთან ჩავიჩოქე და ალ კაბირს  ფერდაკარგულ სახეზე დავაცქერდი. მისი სხეულიდან  მოახლოვებული სიკვდილივით  მოედინებოდა სიგრილე. მარაოსავით დაფენილი წამწამები  თვალის ჩაწეულ უპეებს მთლიანად ფარავდნენ... შუბლზე  ჩამოშლილ თმაში თეთრი ნასთი აბლაბუდასავით გაბმულიყო.  წარბთან დამჩნეული პატარა იარა მკვეთრად მოჩანდა. ღაწვზე პაწაწინა ხალი შავ წერტილად ქეულიყო და უფრო და უფრო მუქდებოდა... ცხვირის ნესტოები სანთლისგან ჩამოქნილს დამსგავსებოდნენ... მკერდზე, ზედ გულთან,  სისხლის მუშტისხელა ლაქა  მუქად აჩნდა... ჩანდა ჭრილობა ძალიან ღრმა იყო, პირს არ იკრავდა და სისხლდენა არ ჩერდებოდა.  არტერიის ფეთქვა  თითებით ძლივს ვიგრძენი. გული მომდიოდა რომ ისევ დამიმალე სიმართლე, ისევ არ მითხრა მძიმედ რომ იყო დაჭრილი.

        - სად ხარ, სად მიდიხარ ალ კაბირ...  არ ვიცი შენი ალაჰის გზას ადგახარ თუ წინასწარმეტყველ მუჰამედს სტუმრობ...მაგრამ სადაც არ უნდა იყო,  მეც შენთან ვარ, შენს გვერდით!.. შენი ხელი მაგრად მიჭირავს, არ გიშვებ...  არ გაგიშვებ... ორივე მოიცდის!  ჯერ შენი დრო არ დამდგარა ალ კაბირ... ჯერ არ დამდგარა...  მხოლოდ დაღლილი ხარ, ძალიან დაღლილი და დასასვენებლად წახვედი...ახლა  უკან  უნდა დაბრუნდე, ჩემთან...უნდა დამიბრუნდე, თუ  ძალა არ გყოფნის,  ჩემი გულის ძალას გაძლევ!  უარს ნუ იტყვი... გთხოვ მიიღე  და დამიბრუნდი! -  ალ კაბირი ისევ უძრავად იწვა და სახეზე ნელნელა ფითრდებოდა. დასივებული, დაჭრილი, დასერილი და დაჟეჟილი ფეხები აღარც მახსოვდა და გამწარებული წამოვხტი,  არ ვიცოდი რა მექნა, რა გამეკეთებინა... ერთი კი ვიცოდი, ახლა, აქ და ამ წუთში, ნამდვილი სასწაული  მჭირდებოდა... 

გარემო მოვათვალიერე და გაოგნებული გავშეშდი. ლოდის გარშემო კაშკაშა ცეცხლით გიზგიზებდა  ერთდროულად ორი მაგიური ნიშანი, ანუბისის ვარსკვლავი*  და  ჰიგიას  იდეოგრამა.*

ეს სიმბოლოები სამი ათასი წლის მანძილზე სიცოცხლის მცველად ითვლებოდნენ, ადამიანს საფრთხისგან, ბოროტებისგან  და ეშმაკეულისგან იცავდნენ.  შუა საუკუნეების ევროპამ ეს ნიშანებიც  არაბული მანუსკრიპტებიდან გაიცნო, როგორც ინტელექტუალური სიძლიერის გნოსტიკური ემბლემა.

ერთმა კოცონმა უცნაურად გაიტკაცუნა და მორმა მიწაზე გადმოვარდნა დააპირა. ცეცხლი ორად გაიყო და მათ შორის ღამემ დააღო პირი... ფაუსტთან შემძვრალი ეშმაკი თავისით ამოცურდა გონებაში.  "ალბათ ადგილის ბრალია.." - გავიფიქრე თუ არა,  მაშინვე  აგრიპა*  გამახსენდა და ისეთი ნათელი აზრი მომივიდა,  დაღლილობა სულ გადამავიწყა. 

აგრიპას "ოკულტური ფილოსოფიის" მიხედვით, ანუბისის ვარსკვლავში  ჩახატული ხელებგაშლილი ადამიანის  სხეულის  ხუთივე დაბოლოება - ვარსკვლავის ხუთ ქიმს და ამავდროულად ხუთ მთავარ ელემენტს შეესაბამებოდა:  ქვედა ორი - მიწას და ცეცხლს, ზედა ორი -ჰაერს და წყალს,  ხოლო თავი - სულს.

ეს ნიშანი სიმბოლო აგრიპამ ოკულტური სულიერების მატერიალურ სახედ და  ადამიანური  მიკროკოსმოსის სიმბოლოდ გამოაცხადა.  " სულში"  აგრიპა ადამიანის ნებისყოფის ძალას და  იმ ძლიერ პიროვნულ სურვილს გულისხმობდა, რომლითაც  სტიქიების და სამყაროს პროცესების მართვა იყო შესაძლებელი. ადამიანის თავზე  მოქცეული ვარსკვლავის ქიმი საწყის წერტილად ითვლებოდა. მისი წიგნი მაშინვე აიკრძალა. ვინ იცის,  გავლენიანი მფარველი გამოუჩნდა ფაუსტის ორეულს,  თუ "სულის " მნიშნვნელობა ახსნა რელიგიამ  სხვანაირად, მაგრამ აგრიპა კოცონზე დაწვას გადარჩა.   

სასწრაფოდ გავასწორე მორი  და სხვა კოცონებსაც თვალი მოვავლე. არ მინდოდა ბნელი ძალის შემოსაძვრომი ღრიჭო სადმე შემთხვევით გაჩენილიყო.  ანუბისის ვარსკვლავი ცეცხლით კაშკაშებდა. ალს თვალი გავუსწორე და აგრიპას სიმბოლოზე დავფიქრდი.  ჩვენს გარშემო ყველაფერი იყო, ხუთივე ელემენტი. ახლა გეგმა მჭირდებოდა, მოქმედების გეგმა... 

სრულიად დაუფიქრებლად,  თუ ქვეცნობიერის წყალობით,  ჩემდაუნებურად, პალმის მორებით ანუბისის ვარსკვლავი ჩემივე ხელებით  მქონდა აწყობილი და ახლა,  სამმაგი ოქროს კვეთის შემცველი  პენტაგრამა  თვითონვე მიჩვენებდა  როგორ უნდა მემოქმედა... 

        "-თუ  ვარსკვლავის გულში ოქროს მართკუთხედს ჩავხაზავ, მისგან  ოქროს სპირალის გამოყვანა შეიძლება,  ფიბონაჩის*  მწკრივი მჭირდება,  სპირალის საწყის წერტილში  მე უნდა ვიყო. თუ საჰარა ყველაზე მისტიური ადგილია დედამიწაზე, მაშინ ფიბონაჩის ოქროს სპირალმა უნდა იმოქმედოს,  კოსმოსიდან  წამოსული სასიცოცხლო ენერგია,  ჩემს  მიკროკოსმოსთან დასაკავშირებლად  - ოქროს სპირალზე დაიწყებს დინებას და ჩემი გავლით ავადმყოფის სხეულში გადავა...
ოჰ,.. ახლა სხვა ეპოქაში რომ ვცხოვრობდე ნამდვილი ჯადოქარივით დამწვავდნენ კოცონზე."

ფიბონაჩის სპირალი  ფურცელზე ათასჯერ მაინც მქონდა აგებული.  "ღვთაებრივი პროპორცია,"  ანუ "ოქროს კვეთის კანონი" ხელოვნების გაკვეთილებზე  "ვიტრუვიელი ადამიანის"  და  "მონა ლიზას" მიხედვით ვისწავლე.  მაშინ გავიგე, რას ნიშნავდა კაცობრიობისთვის  ფიბონაჩის საკრალური გეომეტრია და ოქროს სპირალი... ეს სამყაროს აგებულების მთავარი საიდუმლო იყო,  ანუ "სიცოცხლის გზა."  ატომის სტრუქტურა, დნმ-ის ჯაჭვი, ზღვის ტალღა, ნიჟარა, ფოთლების განლაგება მცენარეებზე, თვით ქარაშოტი და გრიგალი... ტვინის ხვეულები, პლანეტების ორბიტები, გალაქტიკები...  ამ სამყაროში ყველაფერი  მხოლოდ ფიბონაჩის ოქროს სპირალის მიხედვით ვითარდებოდა...

    სწრაფად ავიტაცე წვეტიანი ქვა. ანუბისის ვარსკვლავის შუაგულში დარჩენილი ხუთკუთხედი თვალით გავზომე.  "ოქროს კვეთის" კანონის მიხედვით, მანძილი ისე უნდა გამეყო ორ  არატოლ ნაწილად, რომ პატარა ნაწილის დიდთან შეფარდება, დიდის მთელთან შეფარდების ტოლი ყოფილიყო. 

ჯერ კვადრატი დავხაზე. ქვედა მონაკვეთზე პალმის ტოტით გადავზომე მანძილი და  შიგ ოქროს სამკუთხედი ჩავხატე.  ცოტა ხანში ოქროს მართკუთხედიც მზად იყო. მოკლე მხარეზე, ლოდთან ახლოს, სპირალის შემოხაზვა დავიწყე,  წრეებისთვის რადიუსებს ფიბონაჩის მწკრივის  რიცხვების  მიხედვით ვზომავდი და ვხაზავდი, შემდეგ  ამ რადიუსებზე  წრეებს ვხატავდი, ზედმეტ რკალებს ვშლიდი და მხოლოდ საჭიროს ვტოვებდი... მალე სპირალიც მზად იყო. მის ცენტრში ზურგზე ისე გავწექი, როგორც აგრიპას სიმბოლო მკარნახობდა. ალ კაბირს მაჯაზე ხელი მაგრად ჩავჭიდე,  ცაზე მბრწყინავ კაშკაშა ვარსკვლავს  მივაჩერდი,  მთელი შერჩენილი სულიერი ძალა მოვიკრიბე და კოსმოსიდან სასიცოცხლო  ენერგია ვითხოვე... ფიქრი დასრულებული არ მქონდა, რომ სხეულში ცხელმა ქარმა გამიარა, ხელისგულები სიმხურვალისგან  სასტიკად ამეწვა და გულისფიცარი ისე გამიხურდა, თითქოს კოცონის მოვარვარე ნაკვერჩხლებმა ჩემს მკერდზე გადმოინაცვლეს. 

      ალ კაბირის სხეულიდან წამოსული სიცივე  ხელისგულში ხანჯლად შემესო და  ცხელმა ქარმა ჩემი სხეულიდან წარმოუდგენელი სისწრაფით დაიწყო გადინება. გაჩერებული დრო ერთბაშად დაიძრა და  მთვარემ დარჩენილ ჰორიზონტი წამებში გაიქროლა...  სხეულს და ხერხემალს  - ვეღარ ვგრძნობდი, რაღაც ძლიერ და უხილავ დინებას ტალღის წვერზე  ვეჭირე. გონებიდან ყველაფერი გამიფრინდა... მხოლოდ ის მახსოვდა რომ მაჯაზე ჩაჭიდებული ხელი არ უნდა გამეშვა. სხეულში  ციებ- ცხელება მივლიდა,  თითქოს ქარში ვიყავი გახვეული და  უხილავი ნაკადი ჩემი  სხეულის გავლით ტალღებად მიედინებოდა... რამდენ ხანს ვიყავი ასე, გააზრება არ შემეძლო. 

ტალღების დინებამ ნელ ნელა კლება დაიწყო, მალე საგრძნობლად შესუსტდა  და  ბოლოს სულ შეწყდა. უცბად ვიგრძენი ჩემი მძიმე სხეული მიწას ხერხემლით როგორ შეეხო.  თავს ძალა დავატანე და ლოდისკენ მივიხედე... ჯერ საფეთქელთან დაბურცული ცისფერი ძარღვი შევნიშნე, შემდეგ  ჩემმა თითებმა იგრძნეს ძლიერი მაჯისცემა.  ავადმყოფს  შუბლი ოფლით დაეცვარა. ყელზეც ოფლის წვეთები აციმციმდნენ, მაგრამ  მის მკერდზე გამოჟონილი სისხლის მუქი ლაქა  უფრო გადიდებულიყო...  ალ კაბირის სახის გამომეტყველება თანდათან ისე იცვლებოდა, თითქოს გამობრუნებამდე კიდევ ერთი ბრძოლის გადატანა უხდებოდა.

      "-გამომივიდა... გამოვიდა...სრულიად წარმოუდგენელია...  მე ეს შევძელი... ნუთუ ეს მართლა მე შევძელი! ვინ იფიქრებდა რომ ოკულტიზმი ასეთი ძლიერი და სწრაფი იარაღი იქნებოდა..."  -  ადრე არასდროს მომსვლია თავში რაიმე მსგავსი გამეკეთებინა... სპირიტისტებს ყოველთვის დავცინოდი, გაგონებაც არ შემეძლო  იმ მაგიური წიგნების, რაზედაც ჩემი კურსელები ჩუმჩუმად ჩურჩულებდნენ, სიებს ადგენდნენ და დაუსრულებლად ეძებდნენ...

მაგრამ, ჩემი თავი სწრაფად დავიჭირე იმაში რომ ახლა, ძალიან მეშინოდა იმის, რაც მოვიმოქმედე... მე ხომ საამისოად არანაირი ცოდნა და გამოცდილება არ მქონდა.  შეიძლებოდა სრულიად საპირისპიროც მომხდარიყო. ძალიან დაბნეული და დამფრთხალი ვიყავი...  ღმერთისთვის  მადლობის გადახდა მინდოდა, მაგრამ ძალიან მრცხვენოდა. რატომღაც მჯეროდა რომ მისი ნების საწინააღმდეგო საქციელი ჩავიდინე და ძალიან ცუდად მოვიქეცი... მაგრამ მეორეს მხრივ ისეთი ბედნიერი ვიყავი  ჩემმა "მაგიამ"  წარმოუდგენლად ზუსტად რომ იმოქმედა...  დიდხანს ვფიქრობდი იმაზე, რამდენად ძლიერი და ამავდროულად სუსტი იყო ადამიანი.  ”არ ძალუძს მოკვდავს რაიმეს ცოდნა..."  -  შუბლზე შიგნიდან მეხლებოდნენ  ფაუსტის სიტყვები.

      კლდიდან დაგორებული ქვის რახარუხმა ბურანისგან გამომარკვია...  ქვამ სწრაფად ჩამოიქროლა დამრეცი კალთა, რამდენიმე ბღუჯა კენჭი მოიყოლა  და მიწაზე მოადინა ბრაგვანი. ხმა სამხრეთიდან მოდიოდა...

      ხელში ცეცხლიანი მუგუზალი მოვიმარჯვე...  ნადირის შიში არ მქონდა, ლოდის გარშემო კოცონები გიზგიზებდნენ და ცეცხლი კარგად გვიცავდა.  ალ კაბირი მძიმედ, მაგრამ თანაბრად სუნთქავდა. მისი მარტო დატოვება არ მინდოდა, ამიტომ გაუნძრევლად ველოდი რა გამოჩნდებოდა სამხრეთიდან... კლდის ნაპრალიდან წამოსულმა ექომ უცნაური ხმა  მოსდო არემარეს... ცოტა ხანში, ცეცხლის მოპრიალე ენებმა  წაგრძელებული კისერი, გრძელი ფეხები და ფილოსოფოსის ცხვირპირი გაანათეს...ჩვენი აქლემი მოაბიჯებდა. უნაგირი ფერდზე მოქცეოდა და ბარგის გადარჩენილ ნაწილს მიწაზე მოათრევდა. ჩემს  დანახვაზე  ნაბიჯს უმატა და თითქმის სირბილით გამოქანდა. 

      ”- ესე იგი აქლემი ცხენს ვერ დაეწევა, მაგრამ ცხენი აქლემს ვერ გაექცევა...ეს ყველაფერი ილუზიაა თუ მართლა სასწაულების ღამეა...” 

მისკენ ნაბიჯი გადავდგი, მაგრამ ფეხების ტკივილმა თავი შემახსენა, კოჭლობით ძლივს მივეგებე გაწამებულ ცხოველს,  კისერზე მივეხუტე, დაგლეჯილი და დაძონძილი გუდურები ჩამოვხსენი. დიდი ჯაჯგურის შემდეგ უნაგირისგან  და ლაგამისგან ძლივს გავათავისუფლე... საწყალს მკერდზე  გრძელი, პირდაღებული ჭრილობა აჩნდა,  გამურულს და გაჭვარტლულს ჩვენსავით დენთის სუნი ასდიოდა, ფეხები დაკბენილი ჰქონდა და  ნასერი ჭრილობებიდან სისხლი სდიოდა.  ვეება ცხოველი უკან პატარა ბაშვივით წამომყვა, მშვიდად გადმოაბიჯა ცეცხლიან მორებს, ჯადარის გვერდით დაიჩოქა და კაცივით ღრმად ამოიხვნეშა.

ბარგის ნარჩენები მოვაგროვე, ქვებზე რაღაცამ გაიჩხარუნა და გაგლეჯილი გუდიდან ლითონის ტოლჩა გადმოვარდა. მაშინვე წყლით ავავსე,  ნაკვერჩხალზე დავდგი და  უდაბურ გარემოს თვალი მოვავლე, მისმა უხეშობამ და სისასტიკემ  შემზარა.  ცეცხლის ძალა ნელ ნელა იკლებდა, მაგრამ გარშემო  სითბო და სიმყურდოვე იდგა. ცხოველები, ჭრილობების მიუხედავად მშვიდად იყვნენ. მათი სიმშვიდე მეც გადმომედო. ავადმყოფის მოვლა მინდოდა, მისი ჭრილობისთვის უნდა მიმეხედა, მაგრამ ნერვიულობისგან ხელები ისე მიკანკალებდა  - ვერ გავბედე.  მის გვერდით,  ლოდთან დავჯექი, ქვას ზურგით მივეყრდენი და რიჟრაჟის ლოდინი დავიწყე. დაღლილს, შიშგამოვლილს და ღამენათევს გული მიმდიოდა, ძალები მელეოდა და თვალები მეხუჭებოდა, მაგრამ მთელი ძალით ვებრძოდი თავს და დღის სინათლეს მხსნელივით ველოდი.

                                                                                            ( იხილე როგორ გაგრძელდა)

_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _                     
*  ანუბისის ვარსკვლავი - პენტაგრამა, პითაგორას საყვარელი სიმბოლო, იდეალური ფიგურა.
* ჰიგიას იდეოგრამა-უძველესი სიმბოლო, პენტაგრამის გარე კონტური, ხუთქიმიანი ვარსკვლავი, სიცოცხლის და ჯანმრთელობის მცველი.
* აგრიპა ჰენრიხ კორნელიუს– ფაუსტის პროტოტიპი, გერმანელი ასტროლოგი, ექიმი, ალქიმიკოსი, ფილოსოფოსი, მწერალი და ოკულტიზმის თეორიტიკოსი.  მისი  "ოკულტური ფილოსოფია"  აერთიანებს ჰერმესიზმს, ასტროლოგიას, ოკულტიზმსა და ფილოსოფიას.  მერი შელი ("ფრაკენშტეინის" ავტორი) წერს, რომ  აგრიპას  ალქიმიური ელექსირით მომაკვდავს  საოცარი ენერგია ეძლეოდა და  ჯანმრთელობას იბრუნებდა.
*ფიბონაჩი  (ლეონარდო დე პიზა)  -  რიცხვთა განსაკუთრებული მიმდევრობის აღმომჩენი, ათობითი სისტემის შემომღები.  ”ოქროს კვეთის“ მათემატიკური  სისტემის თეორიის ავტორი. ამ პროპორციით სისტემის ელემენტები ქმნიან ყველაზე სრულყოფილ ფორმებს  და აღწევენ უმაღლეს ჰარმონიას ფერწერის, ქანდაკებისა და  არქიტექტურის შედევრებში. 
* ფიბონაჩის მწკრივი  - 0, 1, 1, 2, 3, 5, 8, 13, 21, 34, 55, 89, 144,  უსასრულობამდე...(პრინციპი : ყოველი მომდევნო რიცხვი - წინა ორი რიცხვის ჯამის  ტოლია). ფიბონაჩის სპირალი და ფიბონაჩის მარაო დღეს აქტიურად გამოიყენება სრულიად ახალ სფეროში,  ფორექსის საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე  სავალუტო სპრედების ტალღური მოძრაობის პროგნოზისთვის. 
იხილეთ ილუსტრაციები.
-----------------------------------------------------------------------------------------------------

© საავტორო უფლება დაცულია საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები