ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით მოსეშვილი
ჟანრი: პოეზია
20 ოქტომბერი, 2014


მეტა-ბროწეული (ციკლიდან ოთხყარო)

მომბეზრდა უქმად ყოფნა და გავედი ჩემი ტანიდან.
მივატოვე,ან დავამსხვრიე ყველა ჩარჩო,რაც მაკავებდა და ყველა სარკე,რომელშიც ვირეკლებოდი.
თვალი გავაყოლე ოთხყაროს სიღრმეებს და კიდესთან როცა მივედი,
აღმოვაჩინე,რომ იგი უზარმაზარი ბროწეული იყო,შიგ მოთავსებული უთვალავი მარცვალ-გალაქტიკებითა და მეტაგალაქტიკებით.
მაშინ გავხიე ატლასის კანი და როდესაც გარეთ გავიხედე,ჰოი საოცრებავ!
ბილიონჯერ აღებული ბილიონი მსგავსი "ბროწეულებით" გამოტენილი კალათები დავინახე,
რომლებიც ერთმანეთისა და რაღაცა ძალის გარშემო ტრიალებდნენ ისე,რომ ერთმანეთს არასდროს ეჯახებოდნენ.
აი აქ შედგა ჩემი გონება,რადგან მეტს ვეღარ გასწვდა ფიქრი ჩემი და გადავწყვიტე სამოგზაუროდ წასვლა.

ავიღე დიდი ურო,რომელსაც ტარად საკუთარი ფეხის ძვალი გავუყარე
და დავიწყე ვაგონების გამოჭედვა საკუთარი თავის ქალის გრდემლზე,
მაგრამ ერთი სიცოცხლე არაფრით მეყო და გამოვითხოვე ერთი "ბროწეულის" მარცვლებისოდენა სიცოცხლეები,
ნახევარი მომეცა პარალელურ სამყაროში და გავაგრძლე ვაგონების ჭედვა..

ჭედვას რომ მოვრჩი,უკვე დაჟანგებულ ვაგონებში ჩავტვირთე მთელი დედამიწა,
ყველა კენჭი და ბალახი,ყველა წიგნი და უსარგებლო,თუ სასარგებლო ჟურნალი,
ერთ ვაგონში ცალკე მოვათავსე წიგნების მტვერი,
ხოლო ბოლო ვაგონებში ჩავტვირთე შეგრძნებები და ინფორმაციული ნაკადები,
ელექტროიმპულსები და მაგნიტური ქარიშხლები,
დახშულ ვაგონებში მოვათავსე საშიში ავადმყოფობები და ვირუსები.
გადავღებე ყველა ეს ვაგონები სხვადასხვა ფერად და გავუშვი ბროწეულის კალათებს შორის სამოგზაუროდ,
სადაც ჭიაყელასავით ჩაიკარგა...
პირველი ვაგონიდან გაგზავნილი სინათლის ტელეგრამა,ბოლო ვაგონში ასიათასი წლის მერე მივიდა.
ბევრი ვიარე ჩემი ფიქრმავალით და დასაბამის საზღვრებს მაინც ვერ მივაგენი.
ამ მოგზაურობაში დამიცვდა ყველა რკინის ქალამანი,
დამიწყლულდა ფეხები და ყველა სიცოცხლე ამოვწურე,რაც მომეცა,
ხოლო ბოლოში როდესაც გავედი,
ხელი მოვკიდე სიკვდილ-სიცოცხლის კარის სახელურს და სანამ შევხსნიდი,
ამ ოთხყაროსავით უცნაურ ფიქრებისა და აზრების ზეგენერატორში,უცებ აღმოვაჩინე რომ
იქ,სადაც ვიმოგზაურე ამდენი სიცოცხლე,
რისი გამოკვლევაცა და შეცნობაც მინდოდა და რაც ვერ შევიცანი,
თურმე უფალი ყოფილა თავად...
მე ვმოგზაურობდი უფალში და ვეძებდი დაუსაბამობის დასაბამს,
ხოლო ის ჩემში იყო და სინანულით მიყურებდა...
ამის გააზრებაზე ჯერ შემრცხვა,
მერე დამენანა უაზროდ გაფლანგული დრო,
მერე ყველაფერი სულერთი გახდა და ცოტა გულზე რომ მომეშვა,
კოსმოსის ქარებით გამომშრალ სახეზე ნათელი ღიმილი მომეფინა და თამამად შევაღე კარი სინათლისა...

                                                                                                              დმ.17.10.2014წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები