ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იანუსი
ჟანრი: პროზა
23 ოქტომბერი, 2014


მასამ საქმე გაარჩია

ზურაბი სახიფათო სახელია, შეიძლება ბევრნაირად იცვალოს სახე, დაკნინდეს - ზურა, ზური, ზურიკო...
შუაღამეს კარგა გადაცილებული იყო, ძილი დაჟინებით მიხმობდა და ცოტა ხანში გავეპასუხებოდი კიდეც, თვალები მეხუჭებოდა, მალე ლეპტოპს გვერდზე გადავდებდი, სმენას ყურსაცობებით დავიხშობდი (ბინის მოზიარეთა ხმაურს რომ არ შევეწუხებინე) და დავიძინებდი. მაგრამ ამ გეგმის განხორციელებაში ხელი ზურიკომ შემიშალა. არც დაუძახია, არც რამე უკითხავს, უბრალოდ შემომთავაზა (თან ისე, რომ ჩემი თანხმობა უკვე იგულისხმებოდა):
-წამო ერთი, კუნთებს გაგავარჯიშებინებ!
-ჰა? - ვერ მივხვდი რას მთავაზობდა, ენერგიული იყო, როგორც ყოველთვის და სიცილით ლაპარაკობდა, ნახევრადსერიოზულად. ამავდროულად, სინქრონში, ფეხსაცმელს აქტიურად იცვამდა და ჩემი კითხვისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ახლა გელას (ჩვენი ბინის მესამე მკვიდრს) გასძახა და მცირედი პერიფრაზით იგივე შესთავაზა.
-ქვემოთ ერთი ახვარი მელოდება, ბაზარი მაქვს შენთანო. - სასხვათაშორისოდ თქვა, რუტინული ტონით, თითქოს ღამის სამ საათზე „ბაზარი“ ყოვლად კანონზომიერი მოვლენა იყოს. მაგრამ ამ მოაგდებულო ტონის მიღმა მღელვარება მაინც შევატყვე.
-ისევ ცაროს ამბებია? - გელა ჩემზე უკეთ იცნობდა, მიუხვდა.
-ჰო, ბიჭო, ვერ ისვენებენ, რა... მიდი, ჩაიცვით და ჩავიდეთ ერთი...
ოოო, ცარო არა, უტარო ნაჯახი-მეთქი, ფიქრებში წავიბუზღუნე. მეძინებოდა, ეს ოხერი, აწითლებული თვალები მეხუჭებოდა, ძილზე ფიქრით ნერწყვმომდგარი პირი კი მთქნარებისაგან მეხეოდა და, ამ ყველაფრის ფონზე, რა გასაკვირი იყო, რომ ქურდული გარჩევა მიმზიდველ პერსპექტივად ვერ მესახებოდა. თან რომელი ძველი ბიჭი მე ვიყავი, ეგეთები არასოდეს მეხერხებოდა, ვერაფრით შევძელი იმ სისტემის გასიგრძეგანება, ქურდულ გარჩევებში რომ გამოიყენება. მხოლოდ რამდენიმე აქსიომა დავიმახსოვრე წარმატებით: მოწმე ბოზია; „პლასტინკას“ თუ იცვლი, დიდი ალბათობით შენც ბოზი ხარ; სიტყვაზე გამოკიდებაც ბოზებს სჩვევიათ. ეს წვითა და დაგვით მოპოვებული მწირი ცოდნა კი, აბა, როგორ უნდა დამხმარებოდა სრულმასშტაბიან გარჩევაში, ქვემოთ რომ გველოდა.  თუ ბევრნი იყვნენ (ბუნებრივია, „მოსარჩელე“ უამფსონოდ არ მოვიდოდა), ეჭვი არაა, გაგვძუკნიდნენ, ბევრი მოგვხვდებოდა.
შეიძლება, ლაჩარიც ვარ, მაგრამ, მგონი, ამ ყველაფერს საღი აზრი უფრო მკარნახობდა, ვიდრე შიში და ბოლოს, ორივე დავძლიე - რა რაციონალური ყოფილაო, ნამდვილად არ იტყოდნენ ჩემზე, ქვემოთ ჩასვლაზე უარი რომ მეთქვა, ვთქვათ, კბილის ტკივილის მომიზეზებით. მარტივად დაასკვნიდნენ, რომ კაცური კაცი არ ვიყავი და მერე ეს სამარცხვინო დასკვნა მთელი დარჩენილი ცხოვრება ჩემი არაკაცური ზურგით უნდა მეთრია.
რაღა გავაგრძელო, ფეხსაცმელი ჩავიცვი და სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოვედი. მერე კი, სანამ კიბეებზე ჩავდიოდით, ამ მოვლენის დადებით მხარეებზეც დავიწყე ფიქრი (ბოლომდე ცუდი ხომ არაფერია). იქნებ სწორედ იმ ღამით უნდა მიმეღო, ბოლოს და ბოლოს, სათანადო ქურდული განათლება? გადავწყვიტე, გარჩევისათვის ფხიზლად მედევნებინა თვალ-ყური და ამ პროცესის განმავლობაში გაჟღერებული ფრაზები, ტერმინები თუ ურყევი მცნებები გულდასმით გამეთავისებინა, რათა ბითურობის ჭაობიდან საბოლოოდ ამოვმძვრალიყავი. მით უმეტეს, რომ ამ ორმა არა უწყოდა რა ჩემი გაუნათლებლობის შესახებ, ჰოდა, შემეძლო, ხმა არ ამომეღო და ამგვარად შემენარჩუნებინა შებერტყილის სტატუსი ყველას თვალში. ან, თუ აუცილებლობა არ დამინდობდა და ხმის ამოღებას მაიძულებდა, გრანდიოზული სისულელე არ წამომეყრანტალებინა და ყველაფერი კარგად ჩაივლიდა. ხოლო თუ ჩხუბზე მიდგებოდა საქმე, კიდევ უკეთესი, მე ხომ ასეთ შემთხვევებში ენაზე მეტად კუნთებს ვენდობოდი.
მოკლედ, ჩავედით.
ჩავუარეთ პანკურ ვარცხნილობასავით აღმართულ რამდენიმე ხეს და მტერსაც ვკიდეთ თვალი, გამიხარდა - ისინიც სამნი იყვნენ.
ერთმანეთს, რა თქმა უნდა, რუსულად მივესალმეთ („ზდაროვა, ბრატ.“), ხელებიც ხმაურით (ანუ - ვაჟკაცურად) ჩამოვართვით და ხანმოკლე დუმილის შემდეგ (რომლითაც პატივი, ალბათ, გმირულად დაღუპულ ქურდებს თუ მივაგეთ), საქმეს შევუდექით.
მე სერიოზული სახე კი დავიყენე, სხვა რა შემეძლო, მაგრამ, როცა დამხვთურთაგან ერთ-ერთმა (რომელიც, როგორც გავიგე, „ძმაკაცის პირით“ ლაპარაკობდა) საუბარი დაიწყო, მივხვდი, წარმოდგენა არ მქონდა, რა ხდებოდა, რაზე ვბაზრობდით. სულო ცოდვილო, ისიც კი არ ვიცოდი, ცარო ვინ იყო (სახელიც ისეთია, ვერ გაიგებ ბიჭს ჰქვია თუ გოგოს), ამ ზურიკოსთან ისეც არ ვმეგობრობდი, მისი ცხოვრების პიკანტური დეტალები იმ გელასავით მცოდნოდა, მეორე მხარს რომ მიმშვენებდა (შუაში ვიჯექი, ჰო. არადა, რა შუაში ვიყავი), უბრალოდ ერთ ბინაში ვცხოვრობდით. ჰოდა, ცოტათი დავინტერესდი კიდეც, ამიტომ საქმის არსში ჩასაწვდომად შეძლებისდაგვარად გავყურადღებიანდი.
„ძმაკაცის პირი“ გაქექილი ტიპი ჩანდა (ბუნებრივია, ამიტომაც დაიმსახურა ეს საპატიო ტიტული), თავგამოდებით ცდილობდა, ჩვენთვის ყველანაირად დაემტკიცებინა თავისი უპირატესობა, სახიფათოობა, თავზეხელაღებულობებისათვის სრული მზაობა და, ამ მიზნის მისაღწევად, წინადადებებს უჩვეულოდ წელავდა, მახვილებსაც უჩვეულო სიმკაცრით სვამდა, ისე, თითქოს ყოველი აზრის ბოლოს უხილავი „გასაგებია?!“ ჰქონდა ნაგულისხმევი:
-შენი საქციელი ამ კაცთან არასწორი იყო (გასაგებია?!). შენ თუ ამ კაცს („ამ კაცს“ - ძმაკაცს (ს.ს. ორბელიანი)) ძმაკაცივით უყურებდი და ოჯახის წევრივით აფასებდი, როგორც გითქვამს, ყველაზე ნაკლებიიიი, უნა მისულიყავი და ცაროზე ყველაფერი აგეხსნა (გასაგებია?!).
-რა უნდა ამეხს...
-ნუ მაწყვეტინებ, ბრატ, ჯერ არ დამიმთავრებია სათქმელი (გასაგებია?!).
-მიდი, გააგრძელე, ძმა. - ეს გელამ უთხრა და სიტუაციურ სადავეებს ამ სიტყვებით წაეპოტინა. იმან არ შეიმჩნია:
-უნა მისულიყავი და გეთქვა, შენი შეყვარებული ცაროსთან არ უნდა მეგობრობდეს, ცარო ასეთი და ასეთია და იმიტო, უნა გაგეფრთხილებინა, ძმაოოო (გასაგებია?!).
აქ მცირე პაუზა ჩამოვარდა, ზურიკო ერთ ორმოში მეორედ აღარ ჩავარდა და ამჯერად შეიცადა, რომ დარწმუნებულიყო, არავის არაფერს ვაწყვეტინებო. მერე ამეტყველდა:
-ეს ბაზარიიი, საერთოდ ზედმეტია, ძმა, იმიტო რო...
-ბაზარი?! – „ძმაკაცის პირი“ ნავთგადასხმული ცეცხლივით აბრიალდა, ფეხზე წამოვარდა. - შენ ამას ბაზარს ეძახი, ბიჭო?!
და მე გავიფიქრე, რომ, როგორც პატარძალს პირველ ღამით, ისე არც ჩვენ აგვცდებოდა. ჩხუბი.
-ბაზარი, ლაპარაკი, სხვა რაა, ძმა?! - ზურიკოს აშკარად წაუვიდა ფერი. არ ამდგარა. ადგომა რინგის ზარივით იქნებოდა, დამჯდარს კიდე მარტო ბოზები ურტყამენ, როგორც მახსოვს.
-რა ბაზარი, ბიჭო, აქ ვაჭარს ვის ხედავ?! - ნამდვილად არ ხუმრობდა, ისევ ცეცხლივით გიზგიზებდა, მამალივით იფოფრებოდა, მოზიდული ისარივით, შეყენებული თოფივით და მომარჯვებული ხმალივით სახიფათოდ გამოიყურებოდა.
-დაჯექი შენ, ჩემი ძმა, ერთი წუთი! - კვლავ გელა ჩაერია და მე უხერხულად შევიშმუშნე, იმიტომ, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ხმის ამოღების შანსი არ მომეცა, მაგრამ მერე იმათ მესამე ამფსონს გავხედე, ისიც ჩემსავით ჩუმად იჯდა, ვინ იცის, იმასაც ეძინებოდა, და ცოტათი დავმშვიდდი.
მე კი დავმშვიდდი, მაგრამ სიტუაცია პირიქით, კულმინაციისკენ გაიქაჩა: „ძმაკაცის პირი“ ომახიანად გაჰყვიროდა, მიპასუხე, ვინ ნახე აქ ვაჭარიო, გელა არანაკლებ ომახიანად დაჯდომისკენ მოუწოდებდა, ზურიკო ვერ გავიგე რას ბურტყუნებდა, და ბოლოს ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ რომელიღაც აივანზე ჩვენი მიზეზით ძილგამტყდარი რომელიღაც მეზობელი გადმოდგა და გაბრაზებულმა დაგვიტატანა - მოშორდით აქედან, თქვე უსაქმურებო, ამ შუაღამით რომ პირი მოგიღიათ, ხალხი ცხოვრობს აქო.
უსაქმურები ვიყავით, აბა რა, გვამხილეს, ფაქტობრივად და ჩვენც უხმოდ ამოვიძუეთ კუდები.
ზურიკომ ბაღისკენ წავიდეთო, შემოგვთავაზა და წავედით კიდეც. გზაში ჩვენ სამნი ერთად შევქუჩდით, ისინი ცოტათი ჩამოგვრჩნენ.
-ვაჭარიო, ჩემი, რამხელაზე შიგ აქვს ტიპს!
-ბიჭო, რატო აბედინებ ამდენს, გაუქანე ერთი და მერე ჩვენც მოგეშველებით, შენ თუ არ დაარტყი, პირველი მე ხო არ ავწევ ხელს?! - გელამ თქვა.
-აუ, ამათ ახა ჩემი ბიძაშვილები უნდა დავაყენო, გაგიჟდება ზაური, ვაჭარზე რო ვეტყვი! - და მობილური დააძრო.
ზარი ახლობელთან.
მე კი წავიწუწუნე, რად გვინდა დამატებითი ძალები, ამათ ჩვენც ხომ მოვერევით-მეთქი (გელა დამეთანხმა, მოვერევით კი არა, დედებსაც იმასვუზამთო), მაგრამ ზურიკო, ეტყობა, ძაან შიშნაჭამი იყო, თან დიდად არ ვეიმედებოდით და მაინც დარეკა.
როცა ბაღთან მივედით, იმათ აუხსნა, ახლა მოვა ჩემი მხრიდან ხალხი და უკეთ გავარჩევთ ყველაფერსო. იმათმაც, თხა თხაზე ნაკლებიო და ვიღაცებს გადაურეკეს.
დავამთქნარე.
ახლა საწოლში უნდა ვიწვე, ტკბილად მეძინოს, მე კიდევ ჯგუფურ გარჩევაში ამოვყავი თავი (არადა, ასეთ დროს ძილზე უარს მხოლოდ ჯგუფური სექსისთვის თუ იტყვის ჭკუადამკდარი კაცი).
დამხმარე ძალებმა უჩვეულო პუნქტუალურობა გამოიჩინეს, იმათ ორი კაცი მოუვიდათ, ჩვენ - სამი. წრე შეიკრა. მე კიდევ ერთხელ დავამთქნარე და ამ წრის მახლობლად, ბორდიურზე ჩამოვჯექი.
საუბარი შედარებით მშვიდად წარიმართა, მესმოდა ისეთი ფრაზები, როგორიცაა - „ცარო ბოზია“ (საწყალს ალბათ სლოკინი ახრჩობდა); „არ იყო სწორი საქციელი“; „უნდა გაგეფრთხილებინა“ და სხვ. თავს ვერ გამოვიდებ, რომ გულისყურით ვუსმენდი. ალბათ ცოტა ხანში ჩავთვლემდი კიდეც, მაგრამ მალე გელა მომიახლოვდა და ისე მითხრა, მარტო მე რომ გამეგო:
-ადექი, რა!
რატო, რა იყო, რა შავდება ჩემი ჯდომით-მეთქი, ბუზღუნით წამოვდექი და მეც წრეში ვდურთე თავი, ამ დროს კი ზურიკომ თავისი მონოლოგი შემდეგი სიტყვებით დააბოლოვა:
-მე და ამ კაცმა ვიცით, რა...
„ძმაკაცის პირმა“ ისევ ყველას დაასწრო (ძმაკაცის ფიზიონომიურ პირსაც):
-ანუ შენ ამ კაცთან იაგანში გინდა ლაპარაკი?!
აი, ეს ტერმინი თუ დავიმახსოვრე, აუცილებლად გამომადგება-მეთქი, გავიფიქრე და მერე მნიშვნელობის ამოცნობას შევეცადე. ნარდში რომ იაგანს აგორებენ, ვიცი, მაგრამ საქმის გარჩევასთან რა შუაში იყო, ვერ მივხვდი, სანამ თავსატეხისაგან ზურიკომ არ მიხსნა:
-ჰო, რა. ახლა ჩვენ გვერდზე გავალთ და ერთი-ერთზე ვიბაზრებთ (ეს ბოლო სიტყვა ხაზგასმით წარმოსთქვა. დაეტყო ბიჭს დაცული ზურგი).
-კაი, ძმა. - და ამ გარჩევის ორი მთავარი შემოქმედი განზე გავიდა, ჩვენ კი მთავარსარდლების მომლოდინე ბანაკებად ვიქეცით (მე, მართალია, ჩემის დაუდევრობით, მტრის ბანაკში ამოვყავი თავი (იმათკენ უფრო კომფორტული სკამები იდგა), მაგრამ ჩემიანებმა დროზე გამომიხმეს).
ახლა ამათმა კონსენსუსს თუ მიაღწიეს, კიდევ მექნება დრო, ამაღამ ჩემი საწოლით სათანადო ტკბობა განვიცადო-მეთქი, გულში იმედებს ვაწყობდი და უკვე აღარც მანაღვლებდა ერთმანეთს თუ დავერეოდით, ოღონდ დროზე დამთავრებულიყო ყველაფერი. რა გახდა ბოლოს და ბოლოს ეს ვიღაც საეჭვო რეპუტაციის მქონე ცარო, მაგის მიზეზით თერთმეტი კაცი რომ ღამეს ათევდა?!
მთავარსარდლები მალევე მობრუნდნენ და თავ-თავიანთ ბანაკებს მიაშურეს. ზურიკოს სახეზე გამარჯვებულის ღიმილი დასთამაშებდა - იმათ თუ აღარაფერი უნდათ, მორჩა, ყველაფერი გავუიასნეო, მოგვახარა, და ჩვენც „იმათ“ განაჩენს მორჩილად დავუწყეთ ლოდინი.
ხანმოკლე ბჭობის შემდეგ მოგვიახლოვდნენ, „ძმაკაცის პირი“ დაწინაურდა:
-გაიასნებულია, ბრატცი, ყველაფერი. - კინაღამ ჩავეხუტე სიხარულისგან. - მაგრამ ერთი კითხვა რჩება... - სუნთქვა შემეკრა.
-რა კითხვა, ძმა? – „ჩვენებიდან“ ერთ-ერთმა ჰკითხა.
-თქვენი მოყვანა რა საჭირო იყო? - ჩვენს დამხმარე ძალას მიაშვირა თითი.
-ამ კაცს მასის აზრი აინტერესებდა, ძმაოო, ამიტო დაგვირეკა! - არ დავიბენით, მეამა.
-კაი, მაშინ აქვე კიდე ერთი კითხვა იბადება...
ეს და ამისი კითხვები. კაი ვიქტორინის წამყვანი დადგებოდა ამისგან.
-თუ მასის აზრი აინტერესებდააა, იაგანში რატო გაიყვანა ეს კაცი?
აშკარად მიზეზს ეძებდა საჩხუბრად, მაგრამ ჩვენ კვლავ მოწოდების სიმაღლეზე აღმოვჩნდით:
-ეგ მასამ გადაწყვიტა, ძმაო, იაგანში გარჩევისკენ მასამ უბიძგა...
-მასას წინ ვერავინ დაუდგება, ხო იცი...
აი, კიდევ ერთი საყურადღებო ფრაზა, ქუჩური სიბრძნე - მასა ხელშეუხებელია, მასა შეუმცდარია, მასა ბრძენია. ამ კოლოსალურმა არგუმენტმა „ძმაკაცის პირსაც“ მოაკეტინა:
-კაი, ძმა. გასაგებია. ყველაფერი გაიასნებულია, მაშინ. ჩვენგან არაფერი და თუ თქვენგანაც არაა რამე, დავიშალოთ...
ჩვენგან რა უნდა ყოფილიყო, გუნებაში შამპანიური გავხსენი და ფოიერვერკები გავისროლე!
რუსულადვე დავემშვიდობეთ ერთურთს („ს ბოგამ, ბრატცი“) და შინისაკენ წავჩანჩალდით. გზადაგზა „ჩემიანები“ ყველაფერს უფრო დაწვრილებით (მოლეკულურ დონეზე) არჩევდნენ და ბოლოს და ბოლოს იმისი შანსიც მომეცა, გამეგო, ვინ იყო ცარო, მაგრამ აღარ ვუსმენდი.
ავედით ბინაში და მე მაშინვე ჩემს მონატრებულ ბალიშს ვეძგერე, მერე კი, სანამ ძილში ჩავყვინთავდი, ამაყად გავიფიქრე:
„დღეს მასის ნაწილი ვიყავი, საქმე გავარჩიე.“

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები