ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
12 დეკემბერი, 2008


ვერც სააქაო,ვერც საიქიო

როგორ მიხაროდა,როდესაც მე,
ერთი ბატკნის წონა
(მამის სიტყვებია),
საწოლთან დაფენილ
დათვის ტყავზე ჩამოვცურდებოდი
და დედა პენსიით შეძენილ
უბრალო ხალათზე მიკრავდა ღილებს_
თითქოს ცისკენ მიმავალ ბილიკზე
დაწალიკებულ ყვავილებს შეხაროდა,
ისე მაღლდებოდნენ
ღილიდან ღილამდე
ნამგლით და თოხით გამაგრებული,
ფერმკრთალი თითები.

განსაკუთრებით ის მიყვარდა,
როდესაც ბოლო ღილის შეკვრისას
თითები ყაპოზე მეხებოდნენ
და მერე ქოჩორსაც მისწვდებოდნენ
და გამისწორებდნენ...
იმ წუთებში დედა იყო
სხვაგვარად ფიქრიანი,
სხვაგვარად ჩუმი და გარინდებული,
თითქოს დედა-შვილი რომელიღაც
ძველისძველ რიტუალს ასრულებდა
და ჰქონდა საოცარი
სურნელი ყველაფერს_
ხალათს,დედის ხელებს
და იმ ჰაერს,რომელშიც ვიდექით
და ერთმანეთის გულებიდან
ღმერთის სიხარული გვესმოდა.

როცა იქნება,თავის დროზე,
სიკვდილიც მისახსოვრებს ხალათს,
რომელიც იქნება
ისეთივე თბილი და უბრალო,
როგორც ის,მეორე,
დედის პატარა პენსიიდან
ამოზრდილი დიდი სიხარული,
კიდობანში სათუთად შენახული,
და იმ ხალათზე ისევ დედა
(უკვე გარდაცვლილი)
შემიკრავს ანგელოზის თვალებივით
მშვენიერ ღილებს
და გულის ამაჩუყებელი,
ბავშვობის დროინდელი,
ნაცნობი სურნელი
ექნება ყველაფერს_
დედის ხელებსაც,
სიკვდილისგან ნაბოძებ ხალათსაც,
ანგელოზის თვალებივით
მშვენიერ ღილებსაც
და ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაში
წავა დედა-შვილი,
როგორც ყველაზე ძვირფასი სახლის
პირველიდან მეორე სართულზე...

ვერც სააქაო,
ვერც საიქიო
დედის გარეშე
სამოთხეს ვერ დაემსგავსება.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები