ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
12 ნოემბერი, 2014


პერსი ბიში შელი - ზაფხულის საღამო სასაფლაოზე

ცაში ასული ანაორთქლი გაფანტა ქარმა,
რომ დაჩრდილავდა დასალიერს  დაისის ბრწყინვას,
მწუხრის კაშკაშა ნაწნავები საღამომ მკრთალმა,
დღის დაქანცულ თვალთ გარეშემო შემოახვია.
მწუხრიც, დუმილიც, ადამიანს რომ ჰგვრიან სევდას,
მოიპარება ბნელ ხევიდან ორივე ერთად.

შეასუნთქებენ გრძნეულებას დღეს უკვე გასულს
და გარს ერტყმიან მიწას, ჰაერს, ზღვას და ვარსკვლავებს,
სინათლე, ბგერა, მოძრაობა, სცნობენ ხიბლს ძალუმს,
პასუხად  თავის  საიდუმლოთ  დაუმალავენ.
არ იძვრის ქარიც, ან სამრეკლოს გამხმარი ხავსი,
არ შეირხევა ოდნავადაც ნაზი ნიავით.

და შენც სამრეკლოვ, რომ ჰგავს შენი კოშკურას წვეტი
ცეცხლში გახვეულ პირამიდას, ატყორცნილს მაღლა,
ვემორჩილები მოზეიმე ხიბლს მდუმარებით -
შენს შორეულ შპილს ჯერაც ზეცის ნათელი ფარავს,
თუმცა თანდათან იძირება სიმაღლეც ბნელში
და ვარსკვლავებთან გროვდებიან ღამის ღრუბელნი.

საფლავებიდან, სადაც ძინავთ  მარადი  ძილით,
საზარი ჩქამი გაისმება და მომგვრის ძრწოლას,
სანახევროდ რომ გრძნობა შობს  და ნახევრად - ფიქრი
და მატლიანი სარეცლიდან ხმას აწვდენს ცოცხალთ.
ის შეერევა წყნარ ცასა და მდუმარე ღამეს,
მერე საზარელ მყუდროებას ჩქამიც არ არღვევს.

სიკვდილი მოჩანს მოზეიმე, ნაზი და რბილი,
არ დამეცემა უმყუდროვეს ღამეში ელდა
და საფლავებთან მოთამაშე ანცი ბავშვივით,
ცნობისწადილით შეპყრობილი მეც ვცდი გარკვევას -
სიკვდილმა თუ რა საიდუმლო ჩვენგან დარაზა,
უსუნთქო ძილის ტკბილ სიზმრებს რომ  უდგას დარაჯად.
     

12 ნოემბერი, 2014 წ.


ორიგინალი იხილეთ აქ: http://www.poemhunter.com/poem/a-summer-evening-churchyard-lechlade-gloucesters/

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მელ.ზ. ვულოცავთ დაბადების დღეს