ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
19 ნოემბერი, 2014


ჩემი შემოდგომის დღეები

ჩემი შემოდგომის დღეები ხელიდან მეცლებიან,
ბგერებად დაშლილი სიტყვები ჰაერში განიავდნენ,
ახლა იმედები შორს გადაფრენილი მერცხლებია,
ბუდე რომ დატოვეს წვიმაჩაგუბებულ აივანზე.

რითმა აეწყო და აბა აწი რაღა შემაჩერებს,
ყელში ჩაბუდებულ ბურთსაც უნდა მივცე გასაქანი,
გულით დავეძებდი რასაც, ვერ ვიპოვე ვერაფერი,
ჩემთვის არც ყოფილა ალბათ არაფერი, რაც აქ არის.

იქაც, მგონია, რომ კარგი არაფერი მელოდება,
ფოთლის ჭკნობისფერი დაჰკრავს ადიდებულ ემოციას,
სულში მოიკიდა ფეხი მარტოობის მელოდიამ,
ცისკენ წამიყვანა და ღრუბლის კიჩოსთან შემაცია.

ჩემი შემოდგომის დღეებს სტრიქონებად ჩამოვყევი,
ქარის მდუმარება მალე გაავდრებას მოასწავებს,
მხოლოდ სიყვარული იყო ერთ დროს ჩემი სამოსელი,
ახლა შიშველი ვარ ბორკილდადებული მონასავით.

ზამთრის სურნელია გამჯდარი ნისლჩამდგარ ეზოებში,
ფრთების დაღლას გრძნობენ ძაღლივით ერთგული ბეღურები,
დარდის გადმოტანას თითებით ფურცლებზე ვერ მოვეშვი,
ლექსით არსებობას გავურბი და მასვე ვეგუები.

მადლი იქნებოდა, სულ რომ არაფერი დამეწერა,
პოეზიით მაინც რომ ვყოფილიყავი დაუსჯელი,
დგება ალიონი ღამეგანათენებ სარეცელთან,
თვალებს მიხუჭავს და ყურში ჩამჩურჩულებს - გაუძელი.

ჩემი შემოდგომის დღეები სიზმრებში გადადიან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები