ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაგდალენა ბეი
ჟანრი: პოეზია
25 ნოემბერი, 2014


გაქცევა

გაქცევა


თითქოს ფეხებთან ჩამომიგორდა მთვარე,
ისე გამონათდა შენი ნახვის სურვილით
მანამდე ჭვარტლით ცხვირგამურული ბნელი მიწური.
"უბედური!"_გავიფიქრე და ძირების ნახარშს გადავაყოლე
შურისძიების ოშხივარში გამოყვანილი სიძულვილი.
ორთქლთან ერთად კი ცხენის ძუასავით ამედევნა
წლებგამოყოლილი და ყელზე ამოყელყელავებული ცნობისმოყვარეობა.
ცეცხლსმიჩენილი რძის ქვაბივით გადამავიწყდა ჩემი მოვალეობა
და ელდად და მეხად მუხლებზე ამოვისხიპე შენი დაჭრის ამბავი...
და მარტო ამბად მოტანილი რომ არ მგონებოდა,
გულგოროზ ღამეს თავ დავუარე, ნახშირით შევულოცე
და იღლიების ფუღუროში შიშდამწყვდეული
შენი ტიალი ტორების სანახავად ბილიკებზე წამოვემწყემსე.
გზადაგზა წყევლით გავუწყალე გული გზაწვრილებს,
აპეურებივით რომ გადაჭერილან მთების წელ-გავაზე.
კისერწაგრძელებული ჩავკიოდი კლდის ქიმებზე
წერაქვის წვერივით წარბგადახეთქილ ღამეს.
რამეს კი არ ვაბრალებდი ამ მთებს და ხევებს,
რამეს ხელახლა კი არ ვაწერდი კოპებშეკრულ შუბლზე!
თუ წვლილია, მაგათი წილიცაა ჩემ წუხილში.
წკვარამ დარდში რომ გამოიმწყვდიეს
და გულ-მუცელში ჩამიწიხლეს ყმაწვილქალობის წაწლობის წლები.
დაწყვაც ვერ მოვასწარი საკუთარი უბედურების,
ქისტის ტყვია აღმართში რომ დაეწია
ჩემს გზებს გამოდევნებული ძმების სიცოცხლეს.
ხევის გახევებულ სიცხადეს დღემდე ახსოვს
ხევსური ვაჟების ქარაფებიდან წამოსული,
კლდის გულმკერდზე გადაფხრეწილი ექო.
ქისტებმა კი... ექვს დღეში ქორწილი გადამიხადეს.
მუცალის ფერხთით მომასვენეს ფერად მუთაქებზე
და ქერისფერი ღამეების მოლოდინში
ოქროსფერ სირმებს ჩაბმული,სევდიანი,
სვე-ბედს დავტიროდი მტრის კალოზე.
თან სველი თვალებით სვავებს შევთხოვდი,
შეესვათ ჩემი სურვილის სისხლი
და თეთრ ქვებზე ასხლეტილი კლანჭებით ეტანჯათ
ქმრის სარეცელს გადაჭდობილი გასათათრებელი ტანი...
და თუკი ადრე ცას შევნატროდი გაშლილ ტატნობს ტრფობის სარეცლად,
თურმე ტაფობში მიცდიდა ღამე
და რა ვიცოდი, ღიმილის ნაცვლად
ვარდისფერ სახეს თუ ხელეჩოებს დავატოლებდი.
ვმარტოხელობდი საკუთარ თავთან
და თავთუხების მდინარეში თუ ჩავწვებოდი,
თავს იგიჟებდა აშარი ქარი.
ქვა-ღორღს ამიფრენდა შარაზე მიმავალს
და გზადაგზა ქოქოლას მაყრიდა.
გაღმიდან გადმოსული სამხრობის ჩრდილიდან კი
თვალს არ მაშორებდა ურჯულო ქმარი.
რვაჯერ გავიპარე მისი ბნელი ღამეების ოღრო-ჩოღრო გზებიდან,
რვაჯერ ჩავხერგე სასთუმალთან გაყვითლებული ალერსის მდინარე,
მაგრამ ყოველ ჯერზე თავის უყვავილო სიზმრებს მახვევდა მხრებზე ღვიის ფოთლებად
და ღრუბლებთან ფეხშიშველა თამაშს
ცხვირპირიდან ანწლისფერ წვიმად მადენინებდა.
მაშინ ვინატრე სულ პირველად ნატვრისთვალის მონატრებით,
დაანატრე-მეთქი ტერფებით სიარულს! ისე დაანატრე-მეთქი, რომ
ტირიფებსაც კი მასზე უკეთ შეძლებოდეთ მკლავების გაშლა და
წნორიანში ტოლ-სწორებთან ტოტების შრიალი...
...
ტრიალ მინდორში რიკ-ტაფელასავით გავარდა
ტუჩ-კბილს მოწყვეტილი ჯერ კიდევ ცხელი სურვილის ენა.
ექომ სიცხადედ დამიბრუნა
ცხვრის ფარის სიმშვიდეს შეჭიდებული დათვის ღრიალი.
ღრიანკალივით ამომაბობღდა ტანზე
პირდაღებული ჭრილობიდან გადმობალღამებული ტკივილი.
დაღამებული ველიანის გამხმარი იელის ბუჩქებთან დავაგუბე
პირქვე გადმოტრიალებული ცრემლიანი თვალების ურვა.
_"არული კუდიანებს! არული!"
აღარ შემაშინებს დაზაფრული ღამეების ჩრდილებად ჩამომდგარი რული.
გახუნებული სურვილის ფერიც ავისრულე.
რვაჯერ ჰაერში ნასროლი ისარი მეცხრედ პირუკუღმა დამიბრუნდა.
ამიერიდან აღარავინ დამაბრკოლებს
დაბრმავებული საღამოების ნაპირებთან.
მდევარსაც ვეღარ დამადევნიან
და სულ უბრალოდ გავიკრიფები
ქმრის თეთრი სიზმრების აკაფული სასთუმალიდან.
სასწაულია!
თუ მართალია, რაც ახლა მესმის,
რად არ უნდა მერჩოდეს მუხლი?
და შურთხისფერი სიბნელიდან რად არ გავრბივარ?
რას ვემალები,
ან რაღას ვუფრთხი?
...
სინათლედაფერთხილი ნისლის ფარდაგიდან
საკაცით გადმომიტანეს და შინ მომიბრუნეს
ცხვარში წასული მოსისხლე ქმრის დატორილი სხეული.
დათვს გადაყროდა უდროოდროს
თეთრი ღრუბლებისა და შავი ხეობის გასაყარზე.
ტანს დამაყარა ჩუტყვავილად ქატოში ამოგანგლულმა ამბავმა.
არამად შემერგო იმ დღეს ერბო-კარაქში გამომცხვარი ხმიადის ყუა.
ქვის ყორე ჩამოშლოდა ეზო-გარემოს...
და მაგივრად იმის, დროზე გავცლოდი ამ არე-მარეს,
მეც რიყის ქვებში გავერიე და გულმკერდზე
იდაყვები დავუბჯინე ავყია დღეებს.
...
ავადაა ჩემი დილა და საღამო,
დღე უდღეური და ღამე უსაშველო ტკივილებგარეული.
არის და აღარ არის ჩემი ქმარი, - შავ ნაბადში გადახვეული.
ეულად კიდია კედელზე გობელენი, ვერცხლის ქამარი და სატევარი.
მთის წვერზე კი ლეკის აჩრდილივით იპარება თეთრად ნათენები ნაცრისფერი.
_"ქალობას შენსას! შე, ბედზე იღბალ-ქობა-მიუკერებელო!
ქორ არწივების კლანჭებ მიუკარებელო.
ქალ-ნასახლარო, სახნავ-სათეს დაუბინავებელო.
ბან-დაქცეულო, დიაცობავ გულ-გამოხრულო.
გამოიჭამე ახლა მუჭში დამწყვდეული ჟამიანი დრო!
გამოიდარე, შენი ქმრის ნაფეხურებში მზე ჩასვენებულო!
მიწა-გახეთქილო, მაგ გულმკერდზე გიშრისთვალებშეუბმელო,
სირსვალ მარცვლებად შეიზილე შიშველ სხეულზე ანწლისფერ სისხლიანი ქვიშა.
ტანზე ხორკლებად ამოგეყაროს დილის სისხამზე გაუღვივებელი შენი ქალობა.
ქარდაკარგულო, თავდაკარგულო, გზადაკარგულო!
როდემდე უნდა აბნიო ქარში თეთრ გულისპირზე დაბნეული ღილკილოები?
დაიგეშე და აიღე! დაიგეშე და აიღე შამბნარს მოდებული მურა დათვის სუნი!"
...
ვერ ჩავუსწარი...
ჟღალ თმაზე მისი მიწისფერი ამომაბობღდა.
ქვიშა სიმლაშედ გადაკვროდა დადორბლილ ლაშებს
და ლენცოფებით გაყვითლებულ ყრუ ჭალაში გადათრეულ ტანს
უგრძნობ ტორებთან დაუჯდა მთვარე.
ვთვალე და ვთვალე ვარსკვლავები ცისკრის ზეგანზე.
მანამდე ვთვალე,
სანამ სულეთის დედაბერი ბნელი ღამე არ გავთვალე.
თვალებით ნაბიჯები გადავთვალე
და თალხი ფერის მოსასხამი
მთვარეს ვერცხლისფერში გავუცვალე.
გამიცინა. გავუცინე და ხელებიც გავუწვდინე.
მერე ყელიც გავუწიე. ვემუდარე.
_აჰა, ჩემი მკლავები და სამკაული-თქო,
სამკალ ყანაში მაგ ჯმუხ ტანზე გადაატარე.
იქნება, სუნი აიკრას და
იქნება, სული სახლამდე მივიტანო.
კერიასთან რომ ღრუბელი მისვენია,
ერთდროს საავდროდ შეყრილი ღრუბელი...
ახლა აღარც დარია და ავდარია,
არცერთი დრო აღარ არი წელიწადის.
ძალით გათენებული დღე და დაუღამებელი ღამეა.
აღარც მთვარეა და ვარსკვლავები,
აღარც საკლავი და დასაკლავი.
ეზო და ვაკე სიკვდილ-სიცოცხლის საზღვარია.
ჰოდა, ბეწვის ხიდზე ხელთავიდან უნდა გავიარო
და  თუ ყველაფერი უკვე ათასჯერ ნანახი სიზმარია,
გაუღვიძებლად ვერ ავიკრავ ძველ გუდა-ნაბადს.
ცოლი ვარ მაინც, ცუდი ქმრის და ამ კლდის კაჟი ქვის.
ბედია ესეც და ვინ იცის, იქნებ, ახლაც მცდის?
უწამლოდ უკან დაბრუნება ვის გაუგია?
არც იგავშია, არც არაკში და არც მითშია.
ბერდედას იმ ძველ ზღაპრებშიდაც არ შემხვედრია.
ჰოდა, დრო ახლა ალიონზე მამალივით მიყივის ყურთან.
ჰოდა, დროა და დამიბრუნე ჩემი მკლავები__
მტრის სამკალში ნამგლაურები,
უნდა წავასხა შინისაკენ მიმავალ გზაზე
და სურნელოვან ხვიარებად მოვახვიო ხმელ სასთუმალზე.
იქნება, იკრას ნადირის სუნი.
იქნება, ეჭვის ქარმა დაუქროლოს.
იქნება, საავდროდ დამემუქროს.
იქნება, მუხლი გაიმაგროს,
იქნება, ბეჭებშიც გაიმართოს.
ვინ იცის, იქნებ, ცაც თავისი ფეხით ბარში ჩამოვიდეს...
ღელესაც წავყოლივარ,წყალსაც წავუღივარ,წარღვნაც დამწევია.
სიცოცხლე გამქცევია, სახლი დამქცევია, სისხლიც ჩამქცევია.
სულ თეთრი ლეჩაქით შემეხვიოს ჭრილობა ყველა.
ყველა სირცხვილი მლაშე ცრემლით ჩამომერეცხოს!
ოღონდაც, ოღონდ,
სულ ცოტა და იმედის კვერი!
ოღონდაც, ოღონდ,
დამიყენოს ისევე მტვერი!
ღმერთი ისედამც გამწყრომია,
თავი, - ჯანდაბას!
აღარც ოჯახი, აღარც ჯაფა,
აღარც ჯალაბა!..
...
ტრიალებს, ბრუნავს დოლაბის ქვა,
სულ თეთრად ბარდნის.
წუხელ სიზმარი დამესიზმრა,
მოჰგავდა ნამდვილს.
თქვენც თუ გგონიათ,
ქისტეთს ვზივარ
და ლექსებს ვჯღაბნი.
ჯანი გავარდეს!
არ გამყვება
მაგათი ჯავრი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები