ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პროზა
27 ნოემბერი, 2014


დამშვიდდით, სულ აქ ხომ არ დავრჩები (ლიტ, კონკურსი"ემიგრანტის წერილი" )


დამშვიდდით, სამუდამოდ კი არ ვაპირებ აქ დარჩენას--გულაჩუყებული და აცრემლებული  ვუმეორებ ირაკლის  და ჩემს შვილებს, (უფრო დაჟინებით კი ჩემს  თავს )  როცა  მათ  კვირაობით სკაიპით ველაპარაკები და ვესიყვარულები.

-დედი, როცა ჩამოხვალ,  წაგვიყვანე  რა ზღვაზე...წელს "ნინუცები" მიდიან  ( "ნინუცები" ჩემი დის ოჯახია)
--დედი,როცა ჩამოხვალ, მინდა ჩემი მეგობარი გაგაცნო---უფროსი  ვაჟი უკვე შეყვარებულია და  ემოციას ვერ მალავს...
---როცა ჩამოხვალ, იქნებ ერთად გვენახა დედაჩემი--მე ჩემი ფეხის გამო  ვერ მივდივარ და ის  აქეთ ვერ ჩამოდის---მორიდებით მეუბნება ქმარი.
ერთმანეთს ლაპარაკს არ აცდიან . მათი კარგი განწყობა მეც გადმომედება ხოლმე და ცრემლები სახეზე მაშრება.
ხუთი წელია, ისინი არ მინახავს,  არ შევხებივარ, მათი სურნელი არ შემიგრძნია. არ ჩავხუტებივარ შვილებს,რომელთაც წამოსვლამდე სულში ვიძვრენდი . ბავშვებს თმას  ძალად  ავუწეწავდი ხოლმე, რომ მერე ისევ დამევარცხნა და თან მოვფერებოდი , მერე სულისშეკვრამდე  ვკოცნიდი.
უჩემოდ წავიდა თამუნია სკოლაში, უჩემოდ ისწავლა ანბანი და მიმატება-გამოკლება, მეგობრებიც ისე გაიჩინა,მე მათთვის ერთხელაც კი არ მიმასპინძლია დაბადების დღეზე...არადა ამაზე სულ ვოცნებობდი.

ხუთი წელია ჩემი ქმარი , ავადმყოფობის მიუხედავად,    შვილებს აბანავებს და სარეცხს  რეცხავს, სარეცხი მანქანაც ვერ ვუყიდე...არაფერი გამომდის...ფულს ბარაქა ვერ დავატანე...ხანდახან უმუშევარიც ვარ და მათ არ ვეუბნები,  რომ არ შეშინდნენ .  მისი  ოპერაციისთვის  აღებული ვალები ჯერ არ დამიმთავრებია. მათ ვამშვიდებ და როცა სკაიპს გამოვრთავ,  მერე რამდენიმე საათით მე აღარ ვვარგივარ საქმისთვის.
რამდენი ხანია  ვპირდები, კიდევ ერთი წელი მინდა მეთქი.  ბავშვები ტყუვდებიან,  ირაკლი არა....
----როგორ დაგტანჯე--მომწერა ამ დილით    ბავშვებისგან უჩუმრად.
---- უშენოდ უფრო დავიტანჯებოდი....ვიცი,შენც ასე იზამდი.
----მეამაყები---მპასუხობს  და  ვგრძნობ, რომ გულის გაგლეჯამდე მენატრება და ათასჯერ უფრო მეტად მიყვარს, ვიდრე ოდესმე.
----ფულს ვაგზავნი დღეს, ორი კვირა მაინც გეყოფათ---სხვაზე  გადამაქვს სიტყვა, რომ არ მიმიხვდეს ,  ვტირი.
კვირა დღე ჩემთვის  დღესასწაულიცაა და სასჯელიც. 
მე  მათგან ერთი კვირის სამყოფი სითბო და სიყვარული მიმყვება.
ღმერთს მადლობას ვწირავ ,  რომ კარგად და ჯანმრთელად მყვანან...მე რა მიჭირს, სამუდამოდ კი არ ვაპირებ აქ დარჩენას, ქმარი და  შვილები მალე უნდა ჩავიხუტო.
2014

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები