ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: mrs.smith
ჟანრი: პროზა
1 დეკემბერი, 2014


მივიწყებული სიზმრების ღამე

                                                                                                                                                                  ,,ყოველთვის უნდა გაითვალისწინო ის,
                                                                                                                                                                            რასაც დუმილით აუარეს გვერდი.“

                                                                                                                                                                                                      მილორად პავიჩი


  ვცხოვრობდით სამნი.
  კარგად მახსოვს, თავიდან მე და კალიმ სახლი რომ ვიყიდეთ, ჯერ ჩემი შავი კატა, ღამე შევუშვით და სადაც ის წამოწვა, იქ დავდგით საწოლი.
  საერთოდ, ბედნიერებისთვის არასდროს გვჭირდებოდა ბევრი რამ. კალის ორი რაღაც აკმაყოფილებს: საწოლი და მაგიდა. მე სამი-საწოლი, მაგიდა და ჩემი მწვანეთვალება ღამე.
  ბავშვივით არის კალი. ღამით ეშმაკები თუ დაესიზმრება, დგება და სიზმარს წყალს აყოლებს. უკვირს ყველაფერი ბუნებრივი. იმ დღეს მოვუყევი, ტელევიზორში თქვეს, თურმე ვიღაც კაცმა მაღაზიის გამყიდველი დააჰიპნოზა და გაქურდა-მეთქი. ისეთი სახე მიიღო, ვითომ ვერც გაიგო, რა ვუთხარი. მერე მთელი ღამე ისე მეფერებოდა, აშკარად გაურბოდა შიშს. არადა მშიშარა არ არის, მაგრამ ამის მიუხედავად, მისთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანია სიმშვიდე.
_მე გასწავლი, რომ მშვიდობა არასოდეს მოვა._ვეუბნები ხოლმე. და ნელა ვიწყებ მის წინ გახდას.
  კალის სილამაზის შიში აქვს.




  არიდრა.
  არიდრა. არიდრა.
  ვაწერ ყველგან, გულში ვიმეორებ ხშირად, დილაობით კი საძინებლიდან გამოსული, ჯერ კიდევ ნამძინარევი,  დაბოხებული ხმით ვეძახი ხოლმე სამზარეულოს ფანჯარასთან მდგომ ჩემს ცოლს:
_არიდრა.
  ის ბრუნდება ნელა და იდუმალი ღიმილით სახეზე.  ასეთ დროს სულ მეშინია, რომ უფრო ლამაზია, ვიდრე წინა ღამით იყო.
  როცა მის სახელს ვახსენებ, ჩემი დემონები იწყებენ ფორიაქს.
_არ აქვს მნიშვნელობა, რას აკეთებ. მთავარია, ლამაზად აკეთო._მეუბნება ხოლმე და ნახევრადშიშველი იწყებს ჩემთვის საუზმის მომზადებას.
  თმას საოცარი სიზუსტით იყოფს შუაზე. ყველა ქალი თავისებურად ხსნის ამინდს. არიდრა გახედავს ფანჯარას, ჩაიღიმებს და ღამეს გადაუსვამს ხოლმე შავ ბეწვზე ხელს. კატა, როგორღაც, მეტად მიმზიდველს ხდის. მე ვერ წარმომიდგენია სექსი ოპერის გარეშე, მას-თავისი კატის გარეშე. პირდაპირ საწოლზე გვიზის და თვალს არ გვაშორებს. ჩემს ცოლთან წოლა მაშინ უფრო მომწონს, როცა ის სხვაზე ფიქრობს. ასეთ დროს ყველაზე მეტად მაშინებს მისი სილამაზე.
  ჩემი დემონის სახელია არიდრა.
  ძალიან გვიან გავიგე, რომ, თურმე, ვცხოვრობდით სამნი.





  სადილს ყოველთვის გრძნობებისგან ვუმზადებდი. იმ დღეს ამინდი დუმილს წინასწარმეტყველებდა, ამიტომ თევზის წვნიანი გავუკეთე. როცა კალიმ პურის დაჭრა დაიწყო და დანა გაუვარდა ხელიდან, სწორედ მაშინ მოვიდა ჩვენს სახლში მესამე. მე და ღამემ მაშინვე ვიგრძენით მისი მოსვლა. კალიმ ვერაფერი გაიგო.
  მას შემდეგ ვცხოვრობთ სამნი.
  თავიდან მესამე ჩვენთან ერთად ჭამდა ჩემი გრძნობებისგან მომზადებულ სადილს. არ ვუშლიდი. ღამემაც თავისიანად მიიღო. კალი ვერ ამჩნევდა.
  მერე უფრო გათამამდა მესამე და სავსე მთვარის დღეებში ჩემსა და კალის შორის წვებოდა. სწორედ ასეთ ღამეებში ესიზმრებოდა კალის მესამე, თვითონ კი ეშმაკები ეგონა და სიზმარს წყალს აყოლებდა.
  ერთხელაც სამივეს ერთად გვქონდა სექსი. კალიზე ძლიერი ხელები ჰქონდა და უხეშად მეფერებოდა. კალის თან აშინებდა ჩემი განსაკუთრებული ვნება, თან სიამოვნებდა, რადგან ეგონა, სხვაზე ვფიქრობდი. ორგაზმისას ჩემთან ერთად დაიჩხავლა ღამემ და საწოლიდან ჩახტა.
  მერე ვიწექით მე და კალი და გათენებამდე ვუთვალთვალებდით კედლის ჩრდილებს, რომელთა შორისაც, დროდადრო, მესამეც გადაირბენდა ხოლმე.
  ასე გრძელდებოდა იქამდე, სანამ ღამე კალის მხარეზე არ გადავიდა. თანდათან ამჩნევდა კალი, როგორ ქრებოდა ჩემი ტუჩებიდან ღამით წასმული პომადა, მაგრამ მას სჭირდებოდა სიმშვიდე. ამიტომაც დუმდა. ბოლოს ქალური სიზმრების ნახვა დაიწყო.
_შენი ღამესავით შავი ყვავი მესიზმრა._მითხრა ერთხელ და მე მივხვდი, რომ მან ღალატი იგრძნო.
  იმ ღამეს დიდხანს მეფერა მკერდზე, სჯეროდა, რომ ასე ცოდვებისგან იწმინდებოდა. მერე ჩურჩულით მითხრა:
_ჩემი დემონის სახელია არიდრა._და სიმშვიდეს დანატრებულმა დაიძინა.
  ჯერ მეორე სიზმრის ნახვა არ დაესრულებინა კალის, რომ მესამე მომიწვა და გაყინული ხელით გადამხადა საბანი.
  კალის ჩემი სიამოვნების ხმები ჩაესმა სიზმარში და მოჯადოებულივით წამოხტა. ჩახედა ჩემს ერთიანად გამწვანებულ თვალებს და შეპყრობილივით მითხრა:
_არიდრა. შენი თვალები.
  მესამემ ცივად გამიშვა გაყინული ხელები და დაფეთებულმა, თითქოს ის-ის იყო გააღვიძეს, გახედა ჯერ საწოლზე წამომჯდარ ღამეს, მერე კალის. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა კალიმ დაინახა მესამე.
  ჩემმა შავმა ღამემ, რომელსაც მწვანე თვალების მაგივრად სიბნელე უელავდა, სიამოვნებისგან დაიკრუტუნა და საწოლიდან ჩახტა.
  დილით ისეთი შეგრძნებით გავიღვიძე, თითქოს ისევ ქალწული ვიყავი.
  იმ ღამით კალი და მესამე შიშისგან დაიხოცნენ.
   



  მას შემდეგ ვცხოვრობთ მე და ჩემი დაბრმავებული, შავი კატა, რომელმაც დაბრმავების მერე მთელი თავისი მისტიკა დაკარგა. ახლა მე ვიხედები მისი მწვანე თვალებიდან.
  ყველაფერი გაცილებით საშიში იყო, სანამ ვცხოვრობდით სამნი.
  ხშირად მესიზმრება, როგორ მოდის და მხდის საბანს მესამე. და უფრო ხშირად მახსენდება, როგორ დაიხოცა იმ ღამით  შიშისგან ორივე.
  ყველაფერი გაცილებით ლამაზი იყო, სანამ ვცხოვრობდით სამნი.
  ჰო, მესამე შენ იყავი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები