ნაწარმოებები



ავტორი: უგლავა ალექსანდრე
ჟანრი: პროზა
1 დეკემბერი, 2014


რიონის ზვიგენები

მოპლეტიას ეძხდნენ მისი სირბილის გამო, კი არ გაიქცეოდა მოპლეტავდა ხოლმე,
სტადიონთან ცხოვრობდა. 13 წლის იყო მაშინ. ქუთაისში ვინც სტადიონზე დადიოდა ყველა იცნობდა, სულ ჯუნგლებში იჯდა და იქედან ,,ბალეშიკობდა” ტორბედოს. ,,ჯუნგლებში“ ვინც კარგად იგინებოდა მარტო ისინი ჯდებოდნენ, ტრიბუნა იყო ასეთი, დამტრვეული სკამებით.
მოპლეტიას ჰქონდა თანდაყოლილი მანკი: ტაშის დაკვრა არ შეეძლო, პირდაპირ იღლიიდან ეწყებოდა ხელის მტევნები, სამაგიეროდ ყველაზე კარგად იგინებოდა.
ჩვენც გვყავდა ჩვენი გუნდი, ჩვენც გვინდოდა ოდესმე ცენტრალურ სტადიონზე გვეთამაშა. იქვე კაუჩუკის მოედანზე ვეთამაშეობდით ხოლმე სხვა უბნელებს. მოპლეტია იყო ჩვენი მეკარე. მაგრად მეკარეობდა, სულ სახით იღებდა ბურთებს.
ტაშის დაკვრის გარდა კიდე ერთი პრობლემა ჰქონდა მოპლეტიას, რაშიც მოედნის ტერიტორიაზე ამოსულ ნაძვზე მიჭედებული ერთი შიფერის ლურსმანი შველოდა. იმ ლურსმნის დახმარებით ისე ადვილად ჩაიწევდა და ამოიწევდა შარვალს კაცს შეშურდებოდა. სულ შარდის სუნი იდგა იმ ნაძვთან.
ფეხბურთი უყვარდა მოპლეტიას და ლიმონი. ლიმონის ლიმონათზე თუ იყო თამაში გოლს ვერ გაუტანდი.
მისი სახლი ჩემი სახლის პიდაპირ იდგა. მზე მისი მხრიდან ამოდიოდა და ნელნელა უახლოვდებოდა იმ სახლის ჩრდილი ჩემს სახლს. ბავშვობაში ვფიქრობდი სახლებიც არსებობენ კაცები და ქალები. მოპლეტიას სახლი შეყვარებული კაცი იყო, მიზნამდე რომ ცოტა რჩებოდა მაშინ იხევდა უკან. მოპლეტიას რომ არ წყენოდა, იმიტომ ქონდა მის სახლს მოკლე ჩრდილი. ასე ვფიქრობდი მაშინ და სულ მეცოდებოდა.
მოპლეტიას მამა მეზღვაური იყო, ქუთაისელი მეზღვაური. კარგად არც ვიცნობდი და მე მგონია მოპლეტიაც არ იცნობდა. ერთხელ აკვარიუმი და აკვარიუმის ზვიგენები ჩამოუყვანა.  მოპლეტია იძახდა ზვიგენებიაო, რიონში რომ გაუშვა დიდებიც დაიზრდებიანო, მარა მაშინ რიონში ერთი კამაზი მარილი უნდა ჩაყაროო.
რაც აკვარიუმი ჩამოუვიდა უკვე ორი ადგილი იყო სადაც მოპლეტიას ნახავდი აკვარიუმთან და სტადიონზე. აკვარიუმის ფსკერი ხურდა ფულებით ჰქონდა მოფენილი, შიგნით ყრიდა, დედამისის შვილია და ვინმე ხელს ჩაყოფსო.
ერთ დილას გადავედი, ლიმონს კბეჩა-კბეჩით ჭამდა და ხურდების დათვლას ცდილობდა აკვარიუმში. რას გამოუვიდოდა, მარა სულ ცდილობდა. ბლომად კი ეყარა.
ლარიანი წითელი ბურთი უნდა ჩაგვედო ჩვეულებრივი ბურთის ტყავში, მძიმე კი გამოდიოდა, მარა სულ არაობას ჯობდა. ჩვენთვის მძიმე მოპლეტიასთვის მწარე. მაკრატელი დაგვჭირდა და ძებნა-ძებნაში დედამისის ტუმბოჩკაში კაპრონის ძაფზე მობმული მრგვალი მაგნიტი ვიპოვე. არ ვთქვი. მერე იმ მაგნიტს ძაფი მივაჭერი და რამდეჯერაც დედამისს დავინახავდი, სხვა მხარეს ვიხედებოდი.
სულ უყვარდა ვიღაცა, ხანდახან ერთად რამდენიმეც. ერთხელ შემჭამა, მეზობლის ტალავერზე გლიცინიები მომაპარინა, უზარმაზარი თაიგული გააკეთა და ჭავჭავაძეზე მაღაზია ,,ფუტკარში" (სადაც რკინეულობა იყიდებოდა) დეკოლტიანი გამყიდველი ქალისთვის მიმატანინა. ის იყო პირველი გახარებული ქალი, რომელიც დამამახსოვრდა და მაშინ აღმოვაჩინე, რომ დეკოლტე ზემოდან და დეკოლტე ქვემოდან ეს არის ცა და დედამიწა. დაღამებამდე იდგა მოპლეტია მაღაზიის წინ ჭადარს ამოფარებული და ვიტრინაში გამყიდველ ქალს უყურებდა, რომელიც რუდუნებით დაფოფინებდა თავის გლიცინიებს და მარცხენა ხელს წვრილი ლურსმნების ყუთში ურევდა. იმ ღამით მოპლეტიას დენდის კომპიუტერი გადავიტანე სახლში და მთელი ღამე თეთრად გავათენე, თუმცა შუქი მაინც არ მოსულა.
ტრუბადურა  ჩვენი გუნდის ცენტრალური მცველი იყო და ამის გამო თამაში არ იქნებოდა მოპლეტიასთან ბინძური სიტყვების დუელი არ ჰქონოდა. მოპლეტია სულ ჩაგრავდა, მარა სულ მართალი არ იყო. ტრუბადურა დადიოდა საყვირის დაკვრაში და უკრავდა მელოდიას ფილმიდან ,,პასპორტი". შეიძლება სხვებსაც უკრავდა, მარა მოპლეტია რამდენი საყვირით დაინახავდა სულ ამას აკვრევინებდა. შეეძლო ეს ერთი მელოდია მთელი წელი ესმინა.
ტრუბადურა ოცნებობდა საკუთარ ,,სტადიონზე" და დიდ ისეთ საყვირზე როგორიც მაგალითად ოღასკურას სასაფლაოს გვერდით მდებარე, მუსიკალური საკრავების მაღაზიაში მარჯვენა კედელზე ტრომბონის გვერდით ეკიდა.
ჩვენს უბანში მხოლოდ ტრუბადურას ეზოში იდგა ორი უნაბის ხე და მხოლოდ ამ ორ უნაბს შორის იყო გაბმული ჰამაკი, რომელიც მე, მოპლეტიას და ტრუბადურას სამივეს გვიძლებდა. ამ ადგილზე ყველაზე კარგად მოჰქონდა ნიავს გორდაძეების ეზოში მოყვავილე თეთრი ვარდების სუნი.
ერთხელ ჰამაკში ვზივართ, მოპლეტიამ თქვა ,,შენო" და ტრუბადურასკენ გაიხედა ,, შენო საორკესტრო საყვირი რო გქონდეს და ყოველ დილით საყვირით მაღვიძებდე ხო მაგარი იქნებოდაო"
ტრუბადურას ისედაც მობეზრებული ჰქონდა მოპლეტიას უხვსიტყვაობები. ,,შენი ტრუსიკებიც რო მერეცხაო" მიუგდო და ადგა. მეც გამეცინა, მოპლეტიასაც და ტრუბადურასაც. მოპლეტიაც ადგა, უკნიდან დაუდგა და ყურში არც ისე ჩუმად უთხრა ,,საყვირი თუ გაჩუქე პირიდან არც უნდა გამოიღოო“. ,,პირიდან" ძალიან რო მეგონა გააცინებდათ ისეთი რამის თქმა დავიწყე, ჰამაკი ჩამოწყდა და მოვიტეხე კუდუსუნის ძვალი. ერთი თვე ლოგინში გავატარე. ჰამაკში აღარასდროს ჩავმჯდარვარ. თურმე შიში მარტო სიყვარულს არ შეიქმნს.
ერთხელ ეზოში ვიჯექით მე და მოპლეტია. მამამისის ჯაყვით რომელზეც memento mori ეწერა, თხილის წკნელებს ვთლიდი. ისეთი თეთრი ღრუბლები იყო ცაზე ტანის გაქაფვა მოგინდებოდა
-თავსივა. დამიძახა უცებ მოპლეტიამ
-ოუ.
- სადაა თუ იცი ბევრი ფული?
- მოსკოვში
-ნწ
- თბილისში
- არა
- აბა?
- ლომის ტრაკში. მითხრა გაბრაზებით
- ლომის ტრაკში არა...
- სადაა ლომი თუ იცი?
- მოსკოვში
- ...
- თბილისში
- ფუ რა სლეა- უთხრა თავის მარცხენა ბეჭს- თბილისში ლომებს რა უნდათ? ამერიკაში.
- ზოოპარკი? შე სირო- და სანამ პასუხს მოიფიქრებდა - ხილი გაქვს რამე? ვკითხე
- კი, ლიმონი... აკლია.
- რას?
- აკვარიუმს
- მერე ჩაამატე
- ფული აკლია ბიჯო
- ზვიგენები შეჭამდნენ - ვუთხარი იმისთვის, რომ რამე მეთქვა.- ლომები ვერ მიგეპარებოდნენ დავაყოლე ფხუკუნით. სიტყვა არ დაუძრავს, უბრალოდ ისევ იმ სახით, ისევ მარცხენა ბეჭზე დაიხედა და კი არ გადააფურთხა, რაღაცნაირად გადააწიტა. ამ დროს ღრიალი გავიგონე. მთვრალი მამაჩემი მიძახდა. წამოვდექი. ,,გინდა ლიმონი?“ მომაყოლა უკან.
-არა.

ზუსტად 78ლარი და 50 თეთრი იყო, დაახლოებით დედაჩემის სამი თვის ხელფასი, დიდ ოცთეთრიან პარკში ერთ მესამედამდე ეყარა და მოპლეტიას ჰქონდა ბეჭზე გადაკიდებული, თავის პატარა, მარცხენა ხელით. ჩემთან იყო მოსული სახლში, მე მაგიდას ვუჯექი რომელზეც მოჭრილი ფრჩხილები ეყარა და მოპლეტიას თვალს არ ვაცილებდი. ,,საღოლ შენ" ამოვღერღე ბოლოს მარჯვენა ხელზე ფრჩხილების მოჭრა მეორე დღისთვის გადავდევი, მაგიდა ხელით გადავწმინდე და ოღასკურას სასაფლაოსკენ წავედით...
- გამომართვი რა, ნამეტანი დამძიმდა მითხრა ,მოპლეტიამ
- ტრუბადურა კვერცხს დაემგვანება ისე გაუხარდება, ვუთხარი და დიდი, ოქროსფერი საყვირი გამოვართვი. ეს იყო პირველი შემთხვევა როცა მოვდიოდით მე და მოპლეტია და ხალხის თვალი ჩემზეც ჩერდებოდა.
-როდის უნდა მისცე?
-როცა ვნახავთ.
საყვირი ჩემთან შევინახეთ და ქუჩაში ველოდებოდით როდის გამოჩნდებოდა ტრუბადურა. სიცხე ნაძვების ქვეშ ვერ შემოდიოდა. ,,კენ-გუ-რო-ჩიკს“ ვთამაშობდით მე და მოპლეტია ჩრდილში ტრუბადურა რომ გამოჩნდა მის ორ კლასელთან ერთად. სამივეს გაკეცილი, შავი პაპკები ეჭირათ და სიცილ-ხარხარით მოდიოდნენ. თამაშს თავი დავანებეთ და ტრუბადურას დავუძახეთ. სამივე მოვიდა, სიცილი არ შეუწყვეტიათ. ,,ზდაროვათ ზდაროვათ და ერთმა ახსენა ვენერაო, ტრუბადურამ მოპლეტიას შეხედა და ხარხარით ვენერა ქუთაისელიო თქვა. კვდებოდნენ სიცილით. მოპლეტიას შევხედე, შტერივით იდგა და სახეზე გაურკვევლობა ეწერა. მეთქი ამ ბებიაჩემის სახელს ტრუბადურა ახსენებს ახსენებს, ჯანდაბას, მარა ესენი სიცილით რას კვდებიან. ჩვენ არ ვიცინით. მოპლეტიას გავხედე შუბლზე ,,რაის ვენერა" ეწერა. თავი მე უფრო დიდი მქონდა ვიდრე მოპლეტიას და შესაბამისად ტვინიც მეტი მექნებოდა. ესენი ბებიაჩემს დასცინიან და იმ სამიდან რომელიც ყველაზე ჩემიანი იყო მივედი და ამხელა თავი პირდაპირ კბილებში ჩავარტყი. წასკდა სისხლი გახეთქილი ტუჩიდან. გამოვიქეცი, მოპლეტიამაც ადგილიდან მოპლეტა. მე ვიგინებოდი, მოპლეტია ხმას არ იღებდა. თითქოს რაც მოხდა კი არ მოხდა, ჩვენ წარმოვიდგინეთ. საღამოს უკვე იმას ვნანობდით იმ ფულით ბევრი ტყავის ბურთი რომ არ ვიყიდეთ.
მოპლეტია მომიტრიალდა უცებ და მოდი ზვიგენები რიონში გავუშვათო. ერთი კამაზი მარილი სად ვიშოვოთთქო და აკვარიუმში ძლებენ უმარილოდ, რიონში რავა ვერ გაძლებენო. რას ვერ გაძლებენთქო და მოპლეტიას ოთხი ზვიგენი ცელოფნის ოთხ წყლიან პარკში ჩავსვით და რიონისკენ დავაწექით. ბნელდებოდა.
-ყველა ცოცხალია?
-კი.
რიონის პირას ძველი წისქვილის ნანგრევებზე ტკბილი ბროწეული როა ამოსული იქ ავძვერით და იქედან ვაგდებდით წყალში ზვიგენებს. სამი თვითონ გაუშვა, ერთი ძლივს გამაშვებია მე. სამაგიეროდ ჩემმა ყველაზე სწრაფად გაცურა. ერთხანს ვუყურებდით თუ გამოჩნდებოდა რომელიმე, მარა რიონი ადიდებული და ძალიან მღვრიე იყო.
-ახლა რას შეჭამდი? მკითხა მოპლეტიამ. პასუხი არ მაცადა ჯიბე ჩემსკენ გამოწია - ერთი შენ ერთი მე. ორი ლიმონი იყო. მივეცი თუ არა ისე ჩაკბიჩა ქვედა ყბები ამეწვა, მე მხოლოდ დავსუნე, გაისად უკვე დიდები იქნებიანთქო ზვიგენებზე ვთქვი და ნანგრევიდან ჩამოვხტი, -სახლში წევიდეთ, თან აცივდა ცოტა ვთქვი და შარვალი დავიფერთხე.
მერე დიდხანს ვიხსენებდი გავიგონე თუ არა წყლის დგაფუნი, მარა ვერაფრით გავიხსენე გამეგონოს. მოპლეტია ნანგრევზე აღარ იჯდა, ბროწეულის ძირში ჩაკბეჩილი ლიმონი ეგდო. რიონი ჩვეულებრივი რიონი იყო, ნაპირზე სულიერი არ ჭაჭანებდა. მე შტერმა იმის მაგივრად რიონის ნაპირს ჩავყოლოდი, იქნება თვალი მომეკრა და რამე მეღონა სახლში გამოვიქეცი და დედამისთან მივვარდი. კივილი, კივილი, კივილი. მთელი ღამე რიონის ნაპირზე ვეძებდით, თითქმის რიონჰესამდე ჩავედით მთელი სამეზობლო, მაგრამ ტყუილად. მეორე დღეს ტრუბადურამ მოიტანა ერთი პლასტმასის შიპიანი მწვანე ბუცი, რომელზეც ოთხჯერ შემაბნევია თასმა წინა დღით მოპლეტიამ. ყველაზე ბოლომ ტრუბადურამ გაანება თავი მოპლეტიას ძებნას, მეორე ბუცი როცა იპოვა რიონის მეორე ნაპირზე, ნაწისქვილარიდან ერთ კილომეტრში. იმ საღამოს მივეცი მოპლეტიას ნაყიდი საყვირი. მე მეგონა თვალები მაინც აუწყლიანდებოდა. არა.
ორი კვირის თავზე 9სთ-ზე საინფორმაციო გამოშვებაში, ძალიან ლამაზმა ჟურნალისტმა კმაყოფილი სახით გამოაცხადა, რომ ვანის რაიონში რიონს გამოურიყავს უცნაური არსების გვამი, რომელსაც ხელების მაგივრად ფრაფლები ჰქონია და ქართველი იხტიოლოგების აზრით მამრობითი სქესის უნდა ყოფილიყო.
ამის მეტჯერ ტელევიზორისთვის არ მიყურებია.
იმ ღამით მამაჩემი მთვრალი იყო და ბუინობდა. სახლიდან გამოვიპარე, რიონის პირას გავიქეცი, ნანგრევზე ავძვერი, ბროწეულის ძირში ჩამოვჯექი და ხან ვტიროდი, ხან წყალს ვურყურებდი, ხან ცას. მოპლეტია ამოყავი თავი წყლიდანთქო ვჩურჩულებდი. მერე ჩამეძინა.
კანკალმა გამაღვიძა, ძალიან ციოდა. ხელები ფეხებზე რამდენჯერმე მაგრად ავისვ-ჩამოვისვი. რაღაც ნაცნობი ხმა მომესმა. ყურები დავძაბე, მელოდია იყო, მოპლეტიას რო უყვარდა ის. მუსიკა მომიახლოვდა, გვერდი ჩამიარა და რიონს დაუყვა ქვემოთ. მთელი ტანი დაბურძგნული მქონდა, ოღონდ არა სიცივისგან.
ჩამოხტომა მინდოდა ნანგრევებიდან და ტრუბადურას მინდოდა გავკიდებოდი, ოთხი პატარა ფარფლი გამოჩნდა წყლის ზედაპირზე. ისე ახლოს იყვნენ მოსული ყველა გავარჩიე. ლაღად ცურავდნენ, ყურადღებასაც არ მაქცევდნენ. ერთხანს იქვე იტრიალეს და უცებ კი არ ჩაყვინთეს, ან გაიქცნენ, ან გაცურეს...  მოპლეტეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები