ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ჯოანა
ჟანრი: პოეზია
5 დეკემბერი, 2014


მთვარეული


მაშინ როცა
სიცივე ძვლებსაც ამსხვრევს
არა თუ გულს.
სისხლს გიყინავს
და სულს გიშფოთებს.
მაშინ როცა მეტისმეტად მარტოდმარტო დაეხეტები
ქალაქის ნაცნობ ქუჩებში.
ღამეში -
დენის სადენებზე ქარისგან
ატაცებული
და გამოფენილი
ყვითელი, პოლიეთინელის პარკი
მთვარე გგონია.
თანაც სავსე მთვარე.
და შენ გგონია რომ სავსე მთვარობაა
თურმე სავსე პარკობაა.
შენ გგონია რომ
მთვარე გამღვრევს
არა და პარკია.
ყვითელი პარკისგან ამღვრეული
ნახულობ სიზმრებს,
სიზმრებში - გარდაცვლილებს.
რომლებიც გეუბნებიან, რომ
ეშინიათ და სცივათ.
სცივათ ისე როგორც შენ.
გეუბნებიან, რომ მითია
და არ დაუჯერო
რომ სიკვდილი მარტივია.
ბოლო ამოსუნთქვა ძნელია.
გეუბნებიან სიზმარში მიცვალებულები
თან ხელებში გაჩეჩებენ იასამნისფერ ლავანდებს.
- წაიღე, წაიღე, ბევრი წაიღე.
მოგვბეზრდა, მოგვბეზრდა ჩვენ
იასამნისფერი ლავანდები.
სიზმრებში ნახულობ რომ
თავზე ერთი თმის ღერიც არ შეგრჩა
რომ გცვივა და გცვივა.
ბღუჯა-ბღუჯა, ღერა-ღერა.
გაიღვიძე, გაიღვიძე
სანამ დროა.
სანამ შენ სიზმარში გაცვევნილ თმებს ითვლი
შენი კაცს მის სიზმრებში გველები ახრჩობენ.
გველები, გველები
მსხვილები და ლამაზები
ენა წაგრძელებულები, მოსისინეები.
ბორგავს და ოხრავს
ოხრავს და ბორგავს.
შენ კი მოტიტვლებულ
შენს თავს აკვირდები
და ფიქრობ - რომ მახინჯი ხარ.
თმები, რომ არა, თმები რომ არა.
მახინჯი ხარ.
ასე იცის სავსე პარკობამ, შენ რომ მთვარე გგონია.
ოჰ, ეს ქარი
როგორ უნდა ჩემი პარკი წაიღოს
მოსწყვოტოს სადენებს.
როგორ უნდა აქციოს ნაკუწებად
გააქროს, შთანთქოს.
მერე რაა რომ პარკია
მერე რაა რომ პარკია -
შენ ხომ მთვარე გგონია.
ვერ იღვიძებ
რა თქმა უნდა.
ასეთ დროს გაღვიძება შეუძლებელია.
ბებიაშენის დროინდელი
მწვანე ყვავილებ პერანგიანი
და ფეხშველა
მიუყვები ქუჩებს.
ო, როგორ ცივა!
თან სიზმრები,
სიზმრებში - მიცვალებულები
და ლავანდები, ისამნისფერი ლავანდები.
ნამდვილად მთვარეული ხარ,
არა, მთვარეული კი არა
პარკეული ხარ.
ყვითელ პოლიეთილინის პარკეული.
წვრილი კენჭები შიშველ ტერფებში გესობიან.
კვალს ტოვებ, სისხლიანს,
ჩემი კაცი გველებს ნახულობს
ჩემს კაცს გველები ეხვევიან
სიზმრებში გეჭრებიან სხვისი სიზმრები.
ახლა ორნი ერთ სიზმარში ხართ
და ერთად იგერიებთ გველებს და მიცვალებულებს
რომლებიც პირდაპირ ცხვირში გჩრიან აყროლებულ ლავანდებს.
-ჩვენ ლავანდები არ გვინდა! მოგვბეზრდა ლავანდები!
-წაიღე ლავანდები! შენი იყოს, შენ გქონდეს!
გველებიც სისინებენ და მწარედ იკბინებიან.
შენ - პარკეული -ფსევდო მთვარეული
ცდილობ ქალაქის დიდ კედელზე ასვლას
და რადგან სინამდვილეში არ ხარ მთვარეული,
შუა კედლემდე ძლივს აღწევ და უკან ვარდები.
ძირს - გაშლილი ხელებით და თმებით ეშვები.
ეკვრები მიწას.
შავ მოყინულ მიწაზე
ბებიაშენისეული ბამბაზიის პერანგის
მწვანე ყვავილები ყვავიან და იფურჩქნებიან.
დაეცი, მაგრამ პარკეული ხარ და
პარკი არ ტყდება, მხოლოდ იფუშება.
შენც ჩაიფუშე და გაგილურჯდა ზურგი.
ზურგმა ვერ აიტანა ამდენის ზიდვა-
ადგა და გალურჯდა.
უნდა ახვიდე, კელედელზე უნდა ახვიდე
როგორც ნამდვილი მთვარეული!
შენი კაცი გველებს უკვე ვეღარ იგერიებს.
ძალა გამოეცალა.
ერთ დიდი დაუღია პირი და ლამისაა თავი მოაჭამოს.
აღარ გაღელვებს, უნდა ახვიდე და იქიდან შეხედო
პარკს შენ რომ მთვარე გგონია.
და როცა სულ ორი ნაბიჯიღა დარჩა
გადმოფრენამდე -
მაშინ გეღვიძება.
არ გათენებულა.
ისევ ბნელა.
ირგვლივ ლავანდებია.
უამრავი. ეს საზიზღარი ლავანდები მაინც გამოგატანეს.
შენს ჩამსხვრეული, ღრიჭოებში ძონძებ გაჩრილი ფანჯრიდან
ყვითელი პოლიეთილენის პარკი მოჩანს
როგორც სავსე მთვარე.
მავთულზე კიდია და ქარი აქანავებს აქეთ-იქით.
შავი ყვავი აზის და ნისკარტით ჩიჩქნის -
როგორც ლეშს, ისე აცლის პარკს ნაწილებს -
თითქოსდა დამპალი კანი იყოს ან აყროლებული სისხლძარღვები.
ეგეც შენი სიზმრები -
შენი მთვარე აყროლებულა
ყვავის კერძად ქცეულა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები