ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტობი
ჟანრი: პროზა
8 დეკემბერი, 2014


ნაზკას მაიმუნის ყურები

1

დაღამდა. აბრდღვიალებული ირმის ნახტომის ფონზე ვერცხლისფერი სავსე მთვარის ყურება ერთ რამედ ღირდა. დედამიწის ერთგული თანამგზავრის წყალობით, ნაზკას ხაზების ტერიტორია ნათელი ღამის საბურველში გახვეულიყო. ნაზკას ხაზები, რომელშიც იგულისხმება: სამკუთხედების, სპირალების, ცხოველების და ფრინველების გამოსახულებები, მეოცე საუკუნის გარიჟრაჟზე მფრინავებმა აღმოაჩინეს. ხსენებული ფიგურების აღქმა მათი სიდიდის გამო მხოლოდ ზემოდან დახედვისას არის შესაძლებელი. პერუს სამხრეთით მდებარე უდაბნოში, ნაზკას ცივილიზაციის დროინდელი ნახატები მკვლევარების აზრით ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეექვსე საუკუნეში უნდა იყოს გაჩენილი. რამ, როგორ და რატომ შექმნა ეს ფიგურები დღემდე გამოცანად რჩება. უდაბნოში მრავალ ცხოველთან და ფრინველთან ერთად მაიმუნიც არის გამოსახული, რომელიც ცოტა უცნაური მოყვანილობისაა – მას გველივით წაგრძელებული ტანი, სპირალივით დახვეული კუდი, წინა ერთ კიდურზე ოთხი თითი, მეორეზე ხუთი თითი და ჩვეულებისამებრ ორი ყური აქვს ამოტვიფრული, ოღონდ ერთი მეორეზე ოდნავ დიდია. ყურები პატარა არ გეგონოთ – თითო ყურის გარშემოწირულობაში საჭიდაო ტატამიც კი დაეტევა. ჰოდა უფრო მცირე ზომის ყურში ნაზკას ხაზების ორ მკვლევარს ხორხე გარსიას და უგო დიასს ცეცხლი დაენთოთ, კარავიც იქვე გვერდზე დაედგათ და ტუმბესურ* თამბაქოს ეწეოდნენ. ცის კამარა კრიალებდა და ნაზკას მკვლევარები დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში, მოსარკული ცის ერთ მონაკვეთს ცხოველი ინტერესით შესცქეროდნენ, რადგან იმ მონაკვეთში რაღაც უცნაური ხდებოდა – თითქოს სინათლის წყაროსა და ნახევრად გამჭვირვალე ეკრანს შორის თოჯინების თეატრის დასს ჩრდილების წარმოდგენა გაემართათო. მოსარკული ცის ყვავისფერი ჩრდილები თავიდან აბსტრაქტული ფორმისანი იყვნენ, მერე ისინი გაიფანტნენ, გაუჩინარდნენ და საბოლოოდ ცის თაღზე მხოლოდ ერთი გაუგებარი გამოსახულებაღა დარჩა, რომელმაც ნელ-ნელა უფრო და უფრო გასაგები ფორმა მიიღო... გავიდა კიდევ რამდენიმე წუთი და ნაზკას მკვლევარებმა უკვე თავისუფლად შეძლეს მოძრავი ფიგურის გარჩევა. ცის ტატნობზე ფრთოსანი მერანი, მითიური პეგასი გამოჩნდა. ის არცთუ სწრაფად ხმელეთის მიმართულებით დაეშვა და როგორც კი დედამიწას მიუახლოვდა უმალ ფორმა შეიცვალა, – დაემგვანა რა ზუსტად ისეთ ხომალდს, როგორიც დედამიწის მკვიდრთ წარმოგვიდგენია უცხოპლანეტელთა მფრინავი თეფში. თეფშის ფორმის მფრინავი ობიექტი ნაზკას მაიმუნის მეორე, შედარებით უფრო დიდ ყურზე დაჯდა. ხომალდის ერთი ნაწილი მწვანე ფერით შეიმოსა. მწვანედ აელვარებული ადგილიდან ვიღაც გამოვიდა, შემდეგ კი გარდასახული ფრთოსანი მერანი ნელა აიწია ჰაერში და რანაირადაც ჩამოფრინდა ისევე ანუ არცთუ ისე სწრაფად გაფრინდა – მერე თანდათან სიჩქარესაც მოუმატა და შეუერთდა შორეულ ვარსკვლავებით მოჭედილ ცას, სავარაუდოდ ცის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მდებარე დიდი პეგასის თანავარსკვლავედს. ზეციდან მოვლენილი არსება უცნაური აღნაგობის უცხოპლანეტელი არ აღმოჩნდა, ის ჩვეულებრივი, დედამიწაზე დაბადებული ადამიანი იყო, რომელიც ფლობდა უდიდეს ცოდნას – ეს ცოდნა ადამიანთა უფანტაზიო, უბრალო რუტინულ ყოფიერებაზე მომართული გონისთვის წარმოუდგენელი რამ იყო.

ახლადმოსული პერუელ მკვლევარებთან მივიდა. ხორხემ და უგომ ვულკანივით ამოფრქვეული გაოცება ოდნავ დაიცხრეს, ზეციდან მოვლენილ ადამიანს გაეცნენ და ტუმბესური თამბაქო შესთავაზეს. მან შემოთავაზებას თავის გაქნევით უპასუხა, თამბაქოზე უარი თქვა, კოცონთან ჩამოჯდა და მასპინძლებს გაეცნო.

– მე რაიბულ არაბული ვარ. საქართველოდან გახლავართ! – ესპანურად ბრძანა ზეციურმა სტუმარმა.

ხორხე გარსია და უგო დიასი უფოლოგები** იყვნენ და მტკიცედ სჯეროდათ, რომ მოხატული ნაზკას ტერიტორია უცხოპლანეტელების ნახელავი იყო და ისინი მათ მფრინავი ხომალდების ასაფრენ-დასაფრენი ბილიკებისთვის შეექმნათ, თუმცა ვერ ამოეხსნათ ერთი ამოცანა – უცხოპლანეტელებს რომლებსაც ვარსკვლავეთის სივრცეებში სინათლის წლების გამოფრენა შეეძლოთ, რაღაში დასჭირდათ დახაზული ასაფრენ-დასაფრენი ბილიკები? სიმართლე უნდა ითქვას და მკვლევარებმა ზუსტად არც ის პრინციპი იცოდნენ თუ როგორ შეიძლებოდა სინათლის წლების დაფარვა და დედამიწაზე ჩამოსვლა – ისინი უბრალოდ უცხო ცივილიზაციის მაღალ განვითარებას მიაწერდნენ ამას.

– ჩვენ ნაზკას ამ იდუმალებით მოცულ ტერიტორიას ვიკვლევთ. დარწმუნებულები ვიყავით, რომ ამ სასწაულებრივ ნახაზებში უცხო ცივილიზაციის ხელი ერია. ძალიან გაოცებულები ვართ ყოველივე იმით რაც ვიხილეთ, მაგრამ ალბათ დედამიწაზე მცხოვრები ნებისმიერი ადამიანი, იმის ნახვით, რაც რამდენიმე წუთის წინ მოხდა, ბევრად უფრო მეტად იქნებოდა გაოგნებული, რადგან ჩვენ პროფესიით უფოლოგები ვართ, უცხოპლანეტელების არსებობის გვჯერა – იმაშიც ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ ნაზკას ეს ნახაზ-ნახატები დედამიწელების შექმნილი არ არის. თუმცა მე და დარწმუნებული ვარ ჩემს მეგობარ უგოსაც ერთ კითხვაზე პასუხის მოსმენა სურს.

– მზად ვარ დავაკმაყოფილო თქვენი ცნობისმოყვარეობა.

– ჯერ იყო და ცაზე ფრთოსანი მერანის გამოჩენამ მიიპყრო ჩვენი ყურადღება, შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები თქვენც კარგად მოგეხსენებათ – დედამიწას, კონკრეტულად ნაზკას ტერიტორიას აშკარად უცხო ცივილიზაციის ხომალდი ესტუმრა, მაგრამ თქვენ, იმ ეგრეთწოდებული მფრინავი თეფშიდან გადმოსული არსება ისეთივე ხორცშესხმული ადამიანი ხართ, როგორც ჩვენ. იძახით საქართველოდან ვარო, თან ესპანურად მშვენივრად საუბრობთ. მე და ხორხეს ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე გვსმენია შავ ზღვასა და კასპიის უდიდეს ტბას შორის გადაჭიმული კავკასიური ქვეყნის შესახებ და გვაინტერესებს რას უნდა მივაწეროთ ყოველივე ეს. სად უცხო პლანეტიდან ჩამობრძანება, სად საქართველო და სად ესპანური ენის ესე კარგად ფლობა?

– მოგახსენებთ. მე ბავშვობაში მრავალმხრივი ნიჭი აღმომაჩნდა, უკვე თექვსმეტი წლის ასაკში ვფლობდი არაერთ უცხო ენას: ინგლისურს, რუსულს, ესპანურს, ფრანგულს, არაბულს... ასევე საქართველოს კუთხეების უძველეს ენებს: მეგრულსა და სვანურს. მაგ ასაკშივე ვფლობდი ძველ ქართულ დამწერლობებს: ასომთავრულსა და ნუსხურს. სკოლაში ჰუმანიტარულ და ტექნიკურ საგნებს ერთნაირი წარმატებით ვეუფლებოდი, განსაკუთრებით კი ისტორია და ფიზიკა მიყვარდა. მეტაფიზიკური*** ფილოსოფიის სიღრმეებსაც დასტრიალებდა ჩემი გონება. თექვსმეტ წლამდე, დაახლოებით თორმეტი წლის ასაკში ბიბლიაც სრულად წავიკითხე, მაგრამ როდესაც სახარებას ხელმეორედ გავეცანი, ჩემი სული და გონება მოიცვა ერთმა სურვილმა – გადავწყვიტე სასულიერო აკადემიაში ჩამებარებინა და ღვთისმსახური გამოვსულიყავი. დაახლოებით ცხრა წელი იყო გასული მას შემდეგ რაც ეკლესიაში ვმოღვაწეობდი და ვემსახურებოდი სამყაროს შემოქმედს. მიუხედავად მღვდლობისა, პატიოსნად ცხოვრებისა და გარეგნული თავმდაბლობისა, ყოველთვის ვგრძნობდი ჩემს უპირატესობას გარშემომყოფებთან მიმართებაში და ეს გარკვეულწილად ამპარტავნების მუხტს აღვივებდა ჩემს არსებაში. ერთ დღესაც გადავწყვიტე, რომ ჩემი აღმოჩენა, რომელიც შეეხებოდა სამყაროს განზომილებებს, რომელიც თავდაყირა დააყენებდა მეცნიერებას და მილიონი წლით წინ წაწევდა ჩვენს განვითარებას – სააშკარაოზე გამომეტანა. იმ დღეს ბევრი ვიფიქრე და ფიქრით დაღლილი დასაძინებლად დავწექი. დამესიზმრა თითქოს პეგასზე ამხედრებული მითიური ბელეროფონტი**** ვიყავი და ღმერთთან გასაჯიბრებლად მივაფრენ-მივაჭენებდი ფრთოსან მერანს, – ჰო-და უცებ, როგორც ბელეროფონტი, მეც, გარდასახული ბელეროფონტი პეგასმა გადმომაგდო, არ მოეწონა ამპარტავნება, რომელსაც ქვეშეცნეულად მოეცვა ჩემი გონება. გადმოვარდი რა მფრინავი ცხენიდან, გავახილე თვალები და მალევე მივხვდი, რომ დედამიწაზე არ ვიმყოფებოდი. არც ის არსებები გავდნენ ადამიანებს რომლებიც თავს დამტრიალებდნენ და არც საცხოვრებელი პირობები ჩანდა ისეთი, დედამიწაზე, რომ ვართ შეჩვეული, თუმცაღა შიში არ მიგრძვნია. მე მოვხვდი ორგანზომილებიან გარემოში.

– ორგანზომილებიან გარემოში?

– ორგანზომილებიან გარემოში როგორ ცხოვრობდით, რამდენი ხნით იყავი მანდ? თუ იცით რა მანძილით იყავით დაშორებული დედამიწას და როგორ ახსნით იმას, რომ ჯერ დაიძინეთ, შემდეგ კი სიზმრიდან აღმოჩნდით სხვაგან – ორგანზომილებიან გარემოში. ამას ვერ დავიჯერებდი, მაგრამ ფაქტი სახეზეა – ცოტა ხნის წინ მე და უგომ ჩვენი თვალით ვიხილეთ თუ როგორ ჩამოფრინდა უცნაური მფრინავი ხომალდი, რომელმაც თქვენ ჩამოგიყვანათ.

– ბავშვობაში ჩემს სახლთან ახლოს თხელი გუბურა იყო, სადაც ხშირად მივდიოდი და გუბურაში მოცურავე თევზების ყურებით ვერთობოდი. რომ წამოვიზარდე თევზებს და მათ ყოფას სულ სხვანაირი კუთხით დავუწყე ცქერა. ერთხელაც საკუთარ თავს დავუსვი ასეთი შეკითხვა: – ნეტავ როგორია ორ განზომილებაში ცხოვრება? ამ გუბურაში თევზებს შეუძლიათ წავიდნენ მხოლოდ წინ და უკან ან მარჯვნივ და მარცხნივ. ვფიქრობდი როგორი უცნაური იქნება ამ თევზებისთვის ზემოთ ასვლა – მესამე განზომილებაში, – განზომილებაში, რომელიც მათთვის უცხოა. იმათთვის ვინც მე ამ ღამეს დედამიწაზე ჩამომიყვანა, ჩვენ იმ თევზებივით ვართ, რომელსაც მე ბავშვობაში ვადევნებდი თვალს. თუმცა არა... ჩვენ ვმოძრაობთ წინ და უკან, მარჯვნივ და მარცხნივ, ზემოთ და ქვემოთ ანუ ვცხოვრობთ სამ განზომილებაში. გუბურაში მოცურავე თევზები ცხოვრობდნენ ორ განზომილებაში, ხოლო ჩემი მასპინძლებისთვის, რომლებიც ჩვენგან მრავალი სინათლის წლით არიან დაშორებულნი, ცნობილია სამყაროში არსებული თერთმეტი განზომილება, სადაც არის სიმები და მემბრანები*****, რომლებიც განიცდიან ვიბრაციას. სწორედ იმ თერთმეტი განზომილებიდან ერთ-ერთია სიზმარი, – თუმცა ისინი, ჩემი მასპინძლები, ორგანზომილებიან გარემოში ცხოვრობენ.

– სიზმარი? თქვენ სადღა ცხოვრობდით, განა შეძლებდით ორ განზომილებაში ცხოვრებას?

– რადგან მე ორ განზომილებაში არსებობას ვერ შევძლებდი, მათ მე გადამიყვანეს იმ ერთ-ერთ განზომილებაში, რომელშიც ადამიანებს გაუცნობიერებლად უწევთ ხოლმე ყოფნა. მე სიზმრის განზომილებაში მიმიჩინეს ადგილი.

– სიზმარი ერთ-ერთი განზომილებაა? ერთხმად შესძახეს პერუელმა უფოლოგებმა!

– დიახ, სიზმარი სწორედ განზომილებაა... აი რას გეტყვით მეგობრებო! – მოგეხსენებათ დედამიწაზე არსებული სინათლე წამში 300 000 კილომეტრს გადის, ხოლო კოსმოსში სინათლე წელიწადში 9461 მილიარდ კილომეტრს ფარავს. სინათლის ტალღის სიგრძე იმდენად მცირეა, რომ ერთ მილიმეტრში 2500 უმცირესი ტალღა ეტევა. თავისთავად ცხადია, სინათლე ჩვენს სამყაროში იდუმალი და ამოუცნობი ფენომენია. მაგალითად სამყურას ნისლეულიდან სინათლის დედამიწაზე მოღწევას 4500 წელიწადი სჭირდება, ხოლო მე სამყაროს ერთ-ერთი განზომილების საშუალებით მოვხვდი ისეთ ადგილას, რომელიც სამყურა ნისლეულზე გაცილებით შორს არის. სინათლის წლების მალე და ადვილად დაფარვა კი სწორედ იმ თერთმეტი განზომილების უბადლო ცოდნით არის შესაძლებელი.

– თქვენი წაყვანის მიზანს რაღა წარმოადგენდა?

– ხო, მართლაც. გთხოვთ გვიპასუხოთ ამ კითხვაზეც...

– ჩემს უცხოპლანეტელ მასპინძლებს დედამიწის ცივილიზაციასთან მხოლოდ ერთი რამ ჰქონიათ საერთო. ეს არის ქართული ასომთავრული დამწერლობა, რომლის გაშიფრვაც აღმოჩნდა რომ იციან, ხოლო ჩემი წაყვანის მიზანს წარმოადგენდა მეთორმეტე განზომილება. მათ მე ამომირჩიეს და მე მათ მეთორმეტე განზომილებისაკენ მიმავალი გზა ვუჩვენე. უნდოდათ გაეგოთ როგორი იყო სამოთხეში მოსახვედრი გზა. ჰო-და ავუხსენი როგორი უნდა ყოფილიყო სამოთხისაკენ მიმავალი გზა. ვუთხარი, რომ სამი ღვთიური სიტყვა იყო მეთორმეტე განზომილების გასაღები. სამი ღვთიური სიტყვა: სიყვარული, სინანული და თავმდაბლობა. დიახ, თავმდაბლობა!

მეორე ნაწილი

ჭაღარათმიანმა რაიბულ არაბულმა ჯუჯა ხეს წყალი დაუსხა და შავ წვერ-ულვაშზე მარჯვენა ხელის თითები გადაისვა. იგი ერთხანს ჩაფიქრებული იდგა, შემდეგ კი ტელეფონზე დარეკა და ნაცნობი ახალგაზრდა ჟურნალისტი ლევან ბერიშვილი დაიბარა. ორიოდ საათში ლევანი რაიბულის სახლის წინ კარის ზღურბლზე იდგა.

– გამარჯობა ბატონო რაიბულ! როგორ ბრძანდებით?

– გამარჯობა ბატონო ჩემო! მობრძანდი, მობრძანდი...

კარგა ხანი იქნებოდა რაც ლევანი ამ სახლში ნამყოფი არ იყო და უმალ მისი ყურადღება რამდენიმე მომცრო ზომის ხემ მიიქცია, რომელთაც შენარჩუნებული ჰქონდათ ბუნებრივ პირობებში არსებული ხეების მთელი სილამაზე.

რაიბულ არაბულმა ჟურნალ „გალაქტიკის“ კორესპონდენტს კონიაკი და შოკოლადი მიართვა და თვითონაც მის პირდაპირ მუხის ძველებურ მაგიდასთან მოკალათდა.

– ჩემო ლევან, ვერა და ვერ მოვიცალე... იმ დღეს კი შეგპირდი, მაგრამ... როგორც გითხარი დრო ვერაფრით გამოვნახე.

– არაუშავს ბატონო რაიბულ, არც ეხლაა გვიან. აი ეს გამომართვით.

ლევანმა რაიბულს ნაზკას უდაბნოში დახატული მაიმუნის პატარა ნიმუში გადასცა საჩუქრად.

– ვაა, რა კარგად არის გამოძერწილი. დიდი მადლობა ლევან საჩუქრისთვის, დიდი მადლობა!

– რას იტყვით, დავიწყოთ ინტერვიუს ჩაწერა?

– კი ბატონო, დავიწყოთ! თუმცა მოიცადე, ჯერ სადღეგრძელო ვთქვათ. მოდი შენს მობრძანებას და ჩემს დახვედრას გაუმარჯოს. ჭკვიანი კაცი ხარ ჩემო ლევან და შენთან საუბარი ყოველთვის საინტერესოა ჩემთვის. წარმატებებს გისურვებ, მუდამ გამარჯვებებისთვის მიგეღწიოს შენი ცხოვრების გზაზე!..

– მადლობა ბატონო რაიბულ! ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ურთიერთობა და საუბარი... გაგვიმარჯოს!

რაიბულმა და ლევანმა კონიაკი გადაკრეს. მათ შორის ასაკში სხვაობა ოცდახუთ წელს შეადგენდა, მაგრამ ეს გარემოება მეგობრობაში ხელს არ უშლიდათ, თუმცა ურთიერთობაში გარკვეული მოწიწება და მოკრძალება ლევანის მხრიდან მაინც შეინიშნებოდა, – ეს კი ალბათ მაინც უფროს-უმცროსობისა და უწინარეს ყოვლისა რაიბულ არაბულის რესპექტაბელური ბუნების ბრალი იყო.

რაიბული მართალია სიგარეტის აქტიური მწეველი არ იყო, თითქმის არც ეწეოდა, მაგრამ განსაკუთრებულ შემთხვევებში, ათასში ერთხელ, პერუდან წამოღებულ თამბაქოს გააბოლებდა ხოლმე და ეხლაც კონიაკის დალევის შემდეგ სახელდახელოდ ქაღალდში გახვეული ტუმბესური თამბაქო მოქაჩა.

ლევანმა კონიაკს შოკოლადი დააყოლა და თავის უფროს მეგობარს პირველი კითხვით მიმართა:

– ბატონო რაიბულ რა საუცხოო ტყე გქონიათ გაშენებული, მართლაც რომ საოცრებაა...

– ჰო, ოთახის პირობებში გამოზრდილი ეს ხეები იაპონური კულტურის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც ბონსაის ეძახიან, რაც სიტყვასიტყვით „ლანგარზე გაზრდილს“ ნიშნავს.

– რამე ამბავს ხომ არ უკავშირდება ჯუჯა ხეებით გატაცება?

– არა, უბრალოდ მცირე ხანი იაპონიაში ვცხოვრობდი და სწორედ იქ ვნახე, მომეწონა და დავეუფლე ბონსაის ხელოვნებას. სხვათაშორის ბონსაის გამოზრდა იოლი საქმე არ არის. უნდა შეირჩეს ისეთი მცენარე, რომელსაც ბონსაიდ გახდომის თანდაყოლილი მონაცემები ექნება. აუცილებელია, რომ გამოითვალოს მზის სინათლის საჭირო ნაკადი, წყლის რაოდენობა, სასუქები და შესაფერისი ნიადაგი. საჭიროა ასევე: გადაჭრა, გადარგვა, ცალკეული ტოტების მავთულით შეკვრა და ასე შემდეგ... ყოველივე ამის შედეგად იზრდება პროპორციული, მაგრამ მინიატურული ხე. ბონსაის გამოზრდა მართლაც რომ ხელოვნებაა და იმ პროცედურების ჩატარება, რაც ამ ხეების გახარებას ემსახურება ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

– თქვენმა წიგნმა „ნაზკას მაიმუნის ყურები“, რომელიც მრავალ ენაზე ითარგმნა დიდი მითქმა-მოთქმა და აჟიოტაჟი გამოიწვია მსოფლიო მასშტაბით. ლიტერატორებმა ის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში დაწერილ შესანიშნავ ნაწარმოებად აღიარეს, ხოლო თქვენს განცხადებაზე, რომ წიგნში აღწერილი მოვლენები სრული სიმართლეა – მეცნიერული წრეებიდან ირონიული კომენტარები მოჰყვა.

– მე მხოლოდ იგივეს თქმა შემიძლია – სრული ჭეშმარიტებაა ყველაფერი ის, რაც წიგნში არის აღწერილი.

– ის პერუელი მეცნიერებიც დაბეჯითებით აცხადებენ, რომ წიგნში აღწერილი მოვლენები სრულ სიმართლეს შეესაბამება.

– დიახ, ისინი მართალს ამბობენ.

– ბატონო რაიბულ, თქვენს წიგნში სამყაროს განზომილებების ირგვლივ ვითარდება მოვლენები. პირველ რიგში გთხოვთ მკითხველთა ფართო წრეების გასაგებად განმარტოთ ცნება – სამყაროს განზომილებები...

– თავის დროზე აინშტაინის ფარდობითობის თეორემამ დიდი ძვრები მოახდინა ფიზიკაში. არა მგონია ბევრმა ვინმემ იცოდეს, რა როლს ასრულებს აღნიშნულ თეორიაში აბსტრაქტული ოთხგანზომილებიანი სივრცე. ფარდობითობის თეორიისთვის არ კმარა მხოლოდ მოძრავი წერტილის მდებარეობის განსაზღვრა, რისთვისაც საკმარისია სამი განზომილება. აუცილებელია ვიცოდეთ თუ რა მომენტში უკავია წერტილს ეს მდებარეობა. აქედან გამომდინარე ცნობილ სამ განზომილებას ემატება მეოთხე – დრო.

– აბსტრაქტული ოთხგანზომილებიანი სივრცე როგორ გავიგოთ?

– ამ ცნებამდე მათემატიკოსები ჩვეულებრივი სამგანზომილებიანი სივრცის თეორიული განზოგადებით მივიდნენ და მას არავითარი რეალური შინაარსი არ ჰქონდა – ეს მხოლოდ და მხოლოდ აბსტრაქცია იყო. მოგვიანებით კი, აინშტაინის აღმოჩენის შემდეგ გასაგები გახდა, რომ ეს სივრცე რეალურია, ისევე როგორც სამგანზომილებიანი. ეს აბსტრაქტული აზროვნების რეალურ სამყაროსთან სიახლოვის კიდევ ერთი ბრწყინვალე დადასტურება იყო.

– გამოდის, რომ მეცნიერები ოთხგანზომილებიანი სივრცით დაკმაყოფილდნენ, თქვენ კი თქვენს ნაწარმოებში არაერთ განზომილებაზე საუბრობთ...

– მოითმინეთ ბატონო ლევან, მოვლენებს ნუ დავასწრებთ. მათემატიკოსები მხოლოდ ოთხგანზომილებიანი სივრცით არ დაკმაყოფილებულან – ისინი განიხილავენ მრავალგანზომილებიან და შეიძლება ითქვას უსასრულოდ ბევრ განზომილებიან სივრცეებსაც კი...

– მაინც რა არის მრავალგანზომილებიანი სივრცე, როგორ განისაზღვრება და რა თავისებურებებით ხასიათდება ის?

– მე ყოველივე ამას ჩემს წიგნში ნაწილობრივ ვუპასუხე – თუმცა კი დავამატებ, რომ ვერანაირი გეომეტრიული წარმოდგენა ვერ მიგვიყვანს მრავალგანზომილებიანი სივრცის ცნებამდე, ვინაიდან გარშემო არსებული გარე სამყარო სამგანზომილებიანია და ჩვენ არ ძალგვიძს წარმოვიდგინოთ, მაგალითად, ოთხგანზომილებიანი, – კუბი, რომელსაც 16 წვერო და 32 წიბო აქვს.

– ბატონო რაიბულ, პლატონი განსაკუთრებულ როლს ანიჭებდა გეომეტრიას, როგორც სამყაროს ფილოსოფიური არსის შეცნობის წინაპირობას. სიმეტრია სრულყოფილების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საზომია და ჯვრის, კუბის, პირამიდის, – ბოლოს კი სფეროს იდეები სრულყოფილების ადამიანური გაგების საფეხურებად ითვლება. თქვენ დაბეჯითებით გამორიცხავთ რომ კაცობრიობა გეომეტრიული გზით მრავალგანზომილებიანი სივრცის ცნებამდე ვერ მივა?

– ჯერ კიდევ ძველი ბერძნები იცნობდნენ ხუთ წესიერ მრავალწახნაგას: ტეტრაედრს, ოქტაედრს, ჰექსაედრს ან, როგორც მას ჩვეულებრივად ვუწოდებთ, კუბს, იკოსაედრს და დოდეკაედრს – მას შემდეგ კი არაერთმა საუკუნემ ჩაიარა. ჩემო ლევან მე ვთქვი, რომ რადგან ჩვენს გარშემო სამგანზომილებიანი სივრცეა, ოთხგანზომილებიანი სივრცის წარმოდგენა გაჭირდება ანუ ჩვენს თვალებს და ტვინს ოთხგანზომილებიანი სივრცის დანახვა და აღქმა გაუძნელდება, თუმცა გააჩნია რას როგორ შეხედავს ადამიანი. ჩვენი თვალები უმეტესწილად კარგად ფუნქციონირებს, მაგრამ ზოგჯერ გვატყუებს... მოითმინე ცოტა ხანი.

რაიბული ადგა, ფურცელი და ფანქარი აიღო, კვლავ მაგიდასთან მივიდა, დაჯდა და რაღაც დახატა.

– ლევან მითხარი აბა, რამდენ კუბს ხედავ ამ ნახატზე?

ლევანმა ნახატს დახედა, დაფიქრდა, რაიბულს თვალებში შეხედა და უთხრა:

– ექვსს რაიბულ ბატონო.

– კარგად დააკვირდი.

ლევანმა დაახლოებით წუთნახევარი უყურა ნახატს.

– ექვსის მეტს ვერ ვხედავ.

– კიდევ ერთხელ დააკვირდი.

ამჯერად ლევანმა დაახლოებით სამი წუთის განმავლობაში უცქირა ნახატს და შემდეგ წამოიძახა:

– ჰო, ჰო... შვიდ კუბს ვხედავ.

მას შემდეგ რაც მან შვიდი კუბის დანახვა და აღქმა შეძლო, წინა წყობა, რომელიც ექვს კუბად იყო განლაგებული დაეკარგა და მის ხელახლა პოვნას თითქმის ისევ სამი წუთი მოანდომა. ლევანმა როგორც იქნა იპოვა ექვსკუბიანი ვარიანტი და შემდეგ შვიდკუბიანი განლაგება დაკარგა და ასე გაგრძელდა...

– ჰოოო... ეს მართლაც საოცარი ნახატია ბატონო რაიბულ.

რაიბულ არაბული ისევ წამოდგა, ფურცელი აიღო, მასზე ფანქრით ხაზი გაავლო და მის გამოჭრას შეუდგა. ის ისევ დაბრუნდა მაგიდასთან, დაჯდა და ჭიქები კონიაკით შეავსო.

– მოდი ჩემო ლევან შეუცნობელსა და ღვთიური ნიჭით გაცისკროვნებულ მოვლენებს გაუმარჯოს!

– გაუმარჯოს!

ჭიქებმა დაიწკრიალა!..

– ლევან ქაღალდისგან გაკეთებულ ამ რგოლს მებიუსის ლენტი ქვია. მას ბევრი საინტერესო თვისება აქვს, რომელთაგან უპირველესი ის არის, რომ იგი... ცალმხრივია! ამიტომ შეუძლებელია მისი ისე შეღებვა, რომ ერთი მხარე, ვთქვათ ყვითელი იყოს და მეორე ლურჯი, ხოლო თუ მის ზედაპირს შუაში გამავალი ჩაკეტილი ხაზის გასწვრივ გავჭრით ორ რგოლს არ მივიღებთ – მებიუსის რგოლისებური ლენტი არ დაიშლება – ჩვენ კვლავ ერთ რგოლს მივიღებთ. აი გამომართვი, თავად დარწმუნდი, რომ ეს ასეა.

– ლევანმა მებიუსის ლენტის გაჭრა დაიწყო, ხოლო ამასობაში რაიბულმა ჭიქები ისევ შეავსო.

– ჩემო ლევან მე მსურდა, ექვს-შვიდკუბიანი ნახატითა და მებიუსის ლენტით მეთქვა, რომ არსებობს ძნელად დასანახი და აღსაქმელი გეომეტრიული ფიგურები, თუმცა ექვს-შვიდკუბიანი ნახატიცა და მებიუსის ზედაპირიც სიახლეს არ წარმოადგენს. ისინი დიდი ხანია გამოიგონეს და ადამიანის გონისთვის მისი აღქმა ერთი შეხედვით მარტივი არა, მაგრამ შესაძლებელი გამოდგა. ისინი ისეთ გეომეტრიულ ფიგურებს წარმოადგენენ, რომლებსაც ადამიანი დაძაბული კონცენტრაციის შემდეგ აღიქვამს, თუმცა ჯერ-ჯერობით ვერც ერთი ადამიანის გონებამ ოთხი და მეტგანზომილებიანი გეომეტრიული მოდელის წარმოდგენა ვერ შეძლო. მაგრამ ადამიანის ტვინი ისეთი ამოუწურავი შესაძლებლობების მექანიზმია, რომ არ გამოვრიცხავ ოდესმე ოთხ და მეტგანზომილებიან ცნებამდეც მივიდეს, – თუნდაც გეომეტრიული გზით. ამისათვის მთავარია ღვთისგან მინიჭებული უნარი აღქმისა - დანახულის სრულყოფილად აღქმას ვგულისხმობ.

– ბატონო რაიბულ, წიგნი – „ნაზკას მაიმუნის ყურები“ მეტად საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის, კერძოდ თქვენ ბრძანებთ, რომ სიზმარი სამყაროს ერთ-ერთი განზომილებაა და თქვენ სიზმრის საშუალებით, დედამიწისგან უამრავი სინათლის წელიწადით დაშორებულ ადგილას უმოკლეს დროში მოხვდით, მანდ კი როგორც თქვენ ბრძანებთ კარგად იცნობენ სამყაროს თერთმეტ განზომილებას, ხოლო თვითონ ისინი, იმ ადგილის ბინადარნი ორ განზომილებიან გარემოში ცხოვრობენ და რადგან თქვენ ორგანზომილებაში ცხოვრებას ვერ შეძლებდით მათ გადაგიყვანეს იქვე ახლოს არსებულ სიზმრის განზომილებაში. როგორ გავიგოთ ეს?

– დიახ, სიზმრის განზომილება მებიუსის ლენტივით არის, ის უსასრულობის სიმბოლოა. ის არის ყველაზე მოკლე გზა მრავალი სინათლის წლის დასაფარად. მისი საშუალებით წამებში არის შესაძლებელი უამრავი სინათლის წელიწადის დაფარვა.

– კარგით, მაგრამ სიზმრის განზომილებაში რომ გადაგიყვანეს, ეს ხომ ნიშნავს, რომ თქვენი სხეული დედამიწაზე იყო, უბრალოდ სული თუ ცნობიერება მოხვდა ორგანზომილებიან გარემოში უცხოპლანეტელებთან და შემდეგ იქიდან სიზმრის განზომილებაში გადახვედით. სხეულით როგორღა დაგაბრუნეს?

– თერთმეტი განზომილების ცოდნა მაღალ განვითარებაზე მიუთითებს. თერთმეტი განზომილებიდან რომელიღაცით ან განზომილებების ურთიერთკომბინირებული საშუალებით, სიზმარში გადასული ჩემი ცნობიერება მათ თავიანთ განზომილებაში გადაიყვანეს, იქ კი ჩემივე მატერიალური სხეულით შემმოსეს და როდესაც ეს ოპერაცია წარმატებით განხორციელდა მე დედამიწაზე სხეულითაც გავქრი. ყოველივე ეს მოწმობს, რომ ტექნოლოგიურ ასპექტში დედამიწელებთან შედარებით ისინი ძალზე წინ არიან წასული. აქ კი ეხლახანს მივიდა მეცნიერება იმ აზრამდე, რომ ჩვენთვის უცნობი განზომილებით ან განზომილებებით შესაძლებელია მატერიამ დაფაროს მრავალი სინათლის წელიწადი უმოკლეს დროში. აი მეთორმეტე განზომილებად ნახსენები სამოთხე კი ღმერთთან ასოცირდება, ღმერთთან რომელმაც შექმნა ეს სამყარო, თუნდაც იმავე განზომილებებით. ასე რომ ფიზიკური ხერხებითა და თუნდაც უცხო ცივილიზაციის ტექნოლოგიური შესაძლებლობების შედეგად სამოთხისა და მისი საიდუმლოების ფლობა შეუძლებელია. სამოთხე მეტაფიზიკური ფენომენია.

რაიბულ არაბულმა კონიაკით სავსე ჭიქა ასწია და ომახიანად წარმოსთქვა შემდეგი სიტყვები:
– სამყაროში ერთადერთ სრულყოფილ ადგილს – სამოთხეს გაუმარჯოს!!!

--- 2014 წელი ---


სქოლიო:

*ტუმბესი _ რეგიონი პერუში.

**უფოლოგია _ ადამიანის მოღვაწეობის სფერო, რომელიც მოიცავს ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე დაკვირვებების შეგროვებას და მათი ჭეშმარიტების დადგენას. ტერმინი უფოლოგია ინგლისურ ენაში გაჩნდა 1959 წელს. აბრევიატურა „UFO“ ასე იშიფრება - Unidentified Flying Object.  მისი ქართული ანალოგიაა „ამო“ - ამოუცნობი მფრინავი ობიექტი.

***მეტაფიზიკა _ იდეალისტური ფილოსოფიური მოძღვრება, რომელიც განიხილავს ცდისმიღმურ მოვლენებს (ღმერთს, სულს და მისთ.) ბერძ. meta ta physika - „ფიზიკის შემდეგ“ (ასე უწოდეს არისტოტელეს ფილოსოფიურ თხზულებებს, რომლებიც განთავსებული იყო მისი ფიზიკის ტრაქტატების შემდეგ).

****ბელეროფონტი _ ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ერთ-ერთი გმირი, რომელმაც პეგასზე ამხედრებულმა მოკლა ურჩხული ქიმერა.

*****სიმები და მემბრანები _ უხილავი პატარა სიმები სავარაუდოდ ფუნდამენტური მასალა იყო სამყაროში არსებული ყველანაირი მატერიისა. მაგრამ მეთერთმეტე განზომილების დამატებამ ეს მოსაზრება შეცვალა. გაკეთდა კიდევ ერთი გამაოგნებელი დასკვნა, რომ სამყაროში აბსოლუტურად ყველა მატერია უკავშირდებოდა ერთ დიდ სტრუქტურას – მემბრანას. ანუ ჩვენი სამყარო ფაქტობრივად მემბრანა აღმოჩნდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები