ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
12 დეკემბერი, 2014


მოხუცი,ქუჩა და ძაღლები

ქუჩა აიკლეს ყეფით ძაღლებმა,
მთვარე ღრუბლებზე მშვიდად ირწევა,
თოვლის ფიფქები-თეთრი  ნაღმები,
ღამეს დუელში ნაზად იწვევენ...

ეს ქუჩა ხევის პირას მთავრდება,
ამ ქუჩას,ბევრი ტკივილი ახსოვს,
წარსულს იგონებს,შავ-თეთრ კადრებად,
ცრემლებს, არასდროს იკარებს ახლოს,

მხოლოდ ის უყვარს-პირველი თოვლი,
ხო! პირველ  თოვლზე დასმული კვალი,
ამ დროს ძნელია შორიდან მოვლა,
და სასაფლაოს მთავარი კარით,

შედის ტაძარში თეთრი ბაბუა,
დამსკდარი ბაგით დაკოცნის ხატებს,
(სიბერემ, ლოდინს ვერ შეაგუა)
ახალ საფლავთან,წვრილ ფიჩხებს ამტვრევს,

ფიქრობს-ის იგრძნობს კოცონის სითბოს,
ის, ვინც უყვარდა,ის ვინც გაექცა ...
უფლისგან მხოლოდ სიკვდილსღა ითხოვს,
და გრძნობს,რომ მალე უნდა დაეცეს.

ეს ქუჩა, ხევის პირას მთავრდება,
ამ ქუჩას,ბევრი ტკივილი ახსოვს,
წარსულს იგონებს,შავ-თეთრ კადრებად,
ცრემლებს არასდროს იკარებს ახლოს.

ქუჩა აიკლეს ყეფით ძაღლებმა,
ციდან კი ცვივა ფიფქის ნაღმები...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები