ნაწარმოებები



ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
11 დეკემბერი, 2014


გაფრენა

რა ძნელია დამრჩენთა გაემიჯნო მარაქას,
სადაც ყველას, უკლებლივ, დედამიწა აცვია,
ზე აფრინდე, როდესაც ზურგზე ფრთები არა გაქვს
და არ იცი რა უყო წყეულ გრავიტაციას.

რა რთულია გაუგო გემო მწარე სიცოცხლეს,
როცა ტკბილი სიკვდილის ნერწყვი გადგას ენაზე.
გაასაღო, ანდა, ეგ უცოდველი სიმორცხვე,
როცა მხოლოდ სიშიშვლის მოთხოვნაა სცენაზე?!

ამის პარალელურად, მაინც, სასწაულების
მტკიცედ შეგრჩეს იმედი, მდოგვის მარცვლისოდენა,
თან, არ გქონდეს რწმენაც და იყო ისე სულელი
რომ ბოლომდე გეგონოს დაგკიდებენ ორდენს და...

ჰო...,
რთულია!..,
ვინ ამბობს, რომ გაფრენა არ არის
რთული, ვინ ოხერია ისე შეუგნებელი?!
მაგრამ თუნდაც ამისი არ ჯეროდეს არავის,
მაინც ვიტყვი: არ არის, ფრენა შეუძლებელი!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები