ნაწარმოებები



ავტორი: თეთრი პოეტი
ჟანრი: პროზა
12 დეკემბერი, 2014


საბრალო ვივიენ

          ვივიენს ღმერთის სიყვარული დედამ ასწავლა და ყოველ საღამოს,ძილის წინ,ვივიენი დგებოდა მუხლებზე ამ დროს მისი გაშლილი თმა ეფინებოდა იატაკს,ვივიენი ორივე პატარა ხელს იდებდა გულზე და ამბობდა არა რომელიმე გაზეპირებულ ლოცვას,ისე უბრალოდ თვალებდახუჭული ესაუბრებოდა ღმერთს. ვივიენს სჯეროდა, რომ რაც უფრო მაგრად დახუჭავდა თვალებს,მით უფრო ახლოს იქნებოდა ღმერთთან...და ისაც მთელი ძალით ხუჭავდა ორივე თვალს.
  ვივიენს ახალი ფეხსაცმელები უყიდა დედამ,მთლად წითელი,იმ ღამეს გოგონას ერთი სული ჰქონდა ელოცა და მალე დაეძინა,რომ გათენებულზე ახალი ფეხსაცმელებით წასულიყო სკოლაში. დილით დედა შემოვიდა მის ოთახში,მძინარე თვალები დაუკოცნა და მხიარულად უთხრა_ადექი ვივიენ,მუხლამდე თოვლი მოსულა._ვივიენს ძალიან უყვარდა თოვლი,თვალები მოიფშვნიტა და ფანჯარას გახედა,ყველაფერი თეთრი იყო,სიხარულით ტაში შემოჰკრა პატარა გოგონამ. თავისი მძიმე ქურთუკი და წიგნებით გატენილი მამიდაშვილის ნაქონი ძალიან ბიჭური ჩანთა სულაც არ აწუხებდა,მთავარია თავზე საყვარელი წითელი ქუდი ეფარა და მისი ახალი ფეხსაცმელებიც თოვლზე ყველაზე ლამაზ კვალს ტოვებდნენ. სკოლაში მისვლისას საკლასო ოთახში რაღაც დიდი ქაოსი დახვდა,მისი ახალი ფეხსაცმელები არავის შეუმჩნევია,ვივიენი თავის მერხთან მოკალათდა და გულით ინატრა ნიკა არ მოსულიყო,ნიკა მის გვერდით იჯდა ხოლმე და როცა სკოლაში არ დადიოდა,ვივიენთან ბექა ჯდებოდა,ბექა ძალიან სასაცილო ბიჭი იყო,მართალია ცუდი ნიშნები ყავდა და ხშირად აწითლებული ყურებით დადიოდა,ვივიენს მაინც ძალიან ამხიარულებდა ბექა.ამ ფიქრში იყო ვივიენი გართული,რომ ნიკა შემოვიდა კლასში,გოგონას გული დაწყდა,მაგრამ არაუშავსო გაიფიქრა,ბოლოსდაბოლოს ახალი ფეხსაცმელები მაქვს და ამაზე ვიფიქრებო.
ნიკა მოვიდა თუ არა,სახაზავი ამოიღო და მერხის გაზომვას შეუდგა,რაღაცები ზომა,ხან სახაზავით,ხანაც მტკაველებით,ბოლოს ერთი წერტილი დასვა მერხის ზუსტად შუაში და უბრალო ფანქრით ჩამოხაზა,ვივიენს არც უკითხავს რას აკეთებდა,ახლა მხოლოდ თავის ახალ ფეხსაცმელებზე ფიქრობდა
_გესმის ვივიენ?_თქვა ნიკამ და ვივიენს თმაზე მოქაჩა.
_რა ჯანდაბა გინდა?
-ამის შემდეგ ამ ხაზს არ გადმოსცდე._მერხი შავი ხაზით იყო შუაზე გაყოფილი. ვივიენმა მხრები აიჩეჩა მხოლოდ.
  საზღვრის დადგენის შემდეგ ისე უყურებდნენ ერთმანეთს როგორც მტრები,ხოლო მას შემდეგ რაც საკონტროლო წერა დაიწყო მათემატიკაში,ვივიენს რამდენჯერმე შეაშლევინა წერა ნიკამ,მხოლოდ იმიტომ რომ ნიკას არ შეეძლო მარჯვენა ხელით წერა და მისი მარცხენა წერის დროს ყოველთვის ეჯახებოდა ვივიენის მარჯვენას,ისე იყო ვივიენის რვეული დაბღაჯნილი,მასწავლებელი ისევ ორიანს დაუწერდა ამის გამო,უცებ გაბრაზდა,ლოყები ოდნავ წამოენთო,ნიკას საზღვარი გადაკვეთა,სახაზავს დასწვდა და თავში მთელი ძალით ჩაათხლიშა.ამის გაკეთება იყო და მოესმა მასწავლებლის ხმა_ადექი და გადი გარეთ._ვივიენი მასწავლებელს არასდროს დაუსჯია აქამდე,ყურიც კი არ აუწევია და თვალებგაფართოვებულმა შეხედა,მაგრამ რომ დარწმუნდა მას ეუბნებოდნენ წამოდგა და უხმოდ გავიდა,ყელში ბურთი მოებჯინა,კლასის კართან ჩაიმუხლა და ღმერთთან მოუნდა ლაპარაკი,მაგრამ ღმერთიც გაბრაზებული იქნება ჩემზეო გაიფიქრა და პატარა ცრემლები ღაპაღუპით გადმოსცვივდა თვალებიდან.უცებ კლასის კარი გაიღო, ნიკამ მისი ქურთუკი და ქუდი გამოიტანა.
_ძალიან გეტკინა?_ჰკითხა ვივიენმა. და ქუდი თვალებამდე ჩამოიფხატა,აქაოდა ნამტირალევი სახე არ შემატყოსო.
_პირველად ხომარ ჩაგირტყავს._გაიცინა ნიკას და ლოყა ჩაეჩუტა._წამოდი ვივ,დიდი თოვლია სკოლის უკან და ვიგუნდაოთ.
_შენ არ უნდა დაბრუნდე გაკვეთილზე?
_გამომაგდო მეც._თქვა ნიკამ და ისევ გაიცინა. ვივიენსაც გაეცინა.
_მე ახალი ფეხსაცმელები მაქვს,ნიკა._თქვა ვივიენმა და თავის წითელ ლამაზ ფეხსაცმელებზე დაიხედა.
_ნამდვილი ჩექმებიანი კატა ხარ.
სკოლის უკან როგორც ჩანს არავინ ყოფილა ჯერ გამოსული,გაუკვალავ თოვლში კოტრიალით რომ იჯერეს გული და ვინ უფრო დიდ გუნდას გააკეთებსო,შეჯიბრებაც რომ ყელში ამოუვიდათ,ზარის ხმაც მოისმა და საკლაო ოთახში მთლად სველები და გაყინულები დაბრუნდნენ.
იმის მერე ნიკა აღარ მოსულა სკოლაში,ვივიენი აღარ ნატრობდა მის არ მოსვლას რომ ბექა დაჯდომოდა გვერდით,ვივიენს ბექას სასაცილო ლაპარაკზე ახლა სულაც არ ეცინებოდა,ყოველი კარის გაღებაზე ნიკას შემოსვლას ელოდა და ყოველი იმედგაცრუება ცრემლებამდე სტკიოდა.
  ერთ ღამეს ვივიენს სიცხემ მისცა და ბოდვა დაიწყო,მხოლოდ სისუსტეს გრძნობდა მეტს არაფერს,იწვა და ნიკაზე ფიქრობდა. მაინც სად გაქრა ნიკა, სკოლაში რომ მივა,აუცილებლად უნდა ჰკითხოს მასწავლებელს. კარი გაიღო,კარში მამა იდგა,თმააჩეჩილი და ჩასიებული თვალებით.
_რა მოგივიდა, ჩემო გოგონა?_თქვა მამამ და მის საწოლთან დაიხარა,ვივიენმა საშინელი სუნი იგრძნო,სიგარეტის, თუ სასმლის, თუ რაღაც ასეთის,ოდნავ შეიშმუშნა და თავი გვერძე გადაწია.
_მთვრალი ხარ,დაანებე ბავშვს თავი._მოესმა ვივიენს დედის ხმა.
_მოკეტე შე ბოზო. ბავშვს ასწავლი რომ ლოთი ვარ? შენ რომ ბოზი ხარ ის არ გითქვამს ჯერ? არ იცის? დედაშენი ბოზია საბრალო ვივიენ._მამა მთელს ხმაზე გაჰყვიროდა ამას და ამის მსგავს სიტყვებს,ვივიენმა იცოდა,რომ ამ დროს,მას უნდა დაეწყო ტირილი და ყველაფერი დასრულდებოდა,მის ტირილზე მამა ყოველთვის იხურებდა ქუდს და კარის გაჯახუნებით მიდიოდა. მაგრამ ვივიენს არ შეეძლო ახლა ტირილი,თვალებს სიმშრალე უწვავდა.
_მამა,წადი._დაიყვირა მთელს ხმაზე ვივიენმა,ამისთვის მთელი ორი წუთი ემზადებოდა,თავისი ხმა თვითონვე ეუცხოვა და უცებ სულ ვეღარაფერი იგრძნო,მოუნდა დაეძინა. გონზე რომ მოვიდა მარტო იწვა ოთახში,დედა არ იყო მასთან ერთად,მისაღები ოთახიდან ხმაური გამოდიოდა,ვივიენი წამოდგა და ბარბაცით გამოხსნა ოთახის კარი,დიდი ოთახი ხალხით იყო სავსე, ყველა ერთხმად და ცალ_ცალკე ლაპარაკობდა,ვივიენი ფეხშიშველი გავიდა დიდ ოთახში,დედას ეძებდა,უნდოდა ეკითხა ხვალ თუ გაუშვებდა სკოლაში,ხვალ ვივიენს აუცილებლად უნდა ეკითხა მასწავლებლისთვის,რატომ არ დადიოდა ნიკა.
_დედა სად არის?_უმისამართოდ იკითხა ვივიენმა. მის ხმაზე ყველა გაჩუმდა,რამდენიმე მეზობელი ქალი ერთად მივარდა ვივიენს. თმაზე უსვამდნენ ხელს,კოცნიდნენ,ეფერებოდნენ...“საბრალო ბავშვი“,“რა ბედი ჰქონია იმ საცოდავს“,“ახალგაზრდა ქალი როგორ გაიმეტა იმ პირუტყვმა“,ესმოდა ვივიენს აქეთ_იქიდან მსგავსი ფრაზები,მაგრამ ახლა ეს ხალხი სულაც არ აინტერესებდა,დედასთან უნდოდა ძალიან.ვიღაც დიდ ქუდიანი კაცი მიუახლოვდა,თმაზე ხელი გადაუსვა და გაუღიმა
_გოგონი,აბა მითხარი,რამდენი წლის ხარ?
_ცხრის.
_როგორი ლამაზი ხარ,ჩემი გოგონაც სწორედ შენი ტოლია._თქვა იმ უცნაურქუდიანმა კაცმა და ისევ გაუღიმა. ვივიენს ასეთი კაცები მხოლოდ ფილმებში ენახა,ფილმებში ყოველთვის ძალიან მოსწონდა ასეთი ქუდებით მოსიარულე,მაღალი და გამხდარი ბიძიები,რომლებიც იარაღს ატარებდნენ,ვივიენს ყოველთვის წყლის ფისტოლეტებით თამაში ერჩია თოჯინებს და მსგავს დებილობებს._შეგიძლია მითხრა რა ნახე?_გამოარკვია ფიქრებიდან ისევ ამ კაცმა,თან ღიმილი არ შორდებოდა სახიდან.
_მე...მე დედას ვეძებ,მინდა ვკითხო, ხვალ თუ გამიშვებს სკოლაში._თქვა გოგონამ და თავი დახარა,ამის თქმაზე ისევ გაისმა ოთახში ჩურჩული „საწყალი“,“საცოდავი“,“საბრალო ბავშვი“

ვივიენი სიცივისგან დახეთქილ ტუჩებს იკვნეტდა.
თვალი გაეშტერებინა ტალახიანი თოვლისთვის და საჩვენებელ თითთან გახეულ ხელთათმანს თავისდაუნებურად წიწკნიდა მარცხენა ხელით.
აბურდულ თმაში ფერად_ფერადი თმისამაგრები უწესრიგოდ ეკეთა, ერთი შეხედვით იფიქრებდი,რაც ჰქონია ამ გოგოს, ყველაფერი თავზე გაუკეთებიაო,ასეც იყო.
ვივიენს გრძელი მანტო ეცვა,მუქი შინდისფერი უნდა ყოფილიყო ეს მანტო თავიდან, მანტოს არც ერთი ღილი არ ჰქონდა შერჩენილი, მაგრამ ისე მოხდენილად ატარებდა გადაღეღილსაც, ,რომც ჰქონოდა ღილები,არავითარ შემთხვევაში არ შეიკრავდა ალბათ.
ფეხზე შავი,თასმებიანი ფეხსაცმელი ეცვა,ცხვირები გადაქლეთილი ჰქონდა იმ ფეხსაცმელებს,თასმები გახსნილი და ენაგადმოგდებული_პატარა ლეკვებს მოგაგონებდათ ერთი შეხედვით.
  გრძელი კაბა ეცვა,მანტოს სიგრძეზე ოდნავ გრძელი,კაბა კუბოკრული იყო,თავის შეკერილი უნდა ყოფილიყო ძველი პლედისგან.
ყელზე შავი კაშნე ეხვია,კაშნე იმდენჯერ შემოეხვია  ყელზე,რომ ნიკაპიც კი დაემალა და დახეთქილ ტუჩები ძლივს უჩანდა.
ავტობუსის გაჩერებაზე იდგა , მხარზე ზურგ_ჩანთა მოეკიდებინა,ზამთრის მზე,რომელიც ღრუბლებიდან იჭყიტებოდა, მწვანე თვალებს ჭრიდა. მანქანამ სულ ახლოს ჩაუქროლა და ტალახიანი თოვლით გაწუწა. ვივიენი თითქმის ახლა გამოერკვა, უკმაყოფილოდ დაიხედა გათხუნულ ტანსაცმელზე_ნაგავი_ჩაილაპარაკა თავისთვის და ჯიბეები მოიჩხრიკა,დიდი ხნის ძებნის შემდეგ,(ადვილი არ არის გახვრეტილი ჯიბიდან ნივთების ამოფხეკვა)როგორც იქნა მიაგნო,პატარა,ყავისფერი წამლის ბოთლი ამოიღო,კბილები მოუჭირა და სახურავი მოხსნა,ორი ცალი მომწვანო აბი ჩაიდო პირში. ოდნავ დაიჯღანა. მერე კი ისე გაიღიმა,თითქოს რაღაც ძალიან კარგი ამბავი გაეგოს.
  როგორც იქნა მოვიდა ავტობუსიც,ვივიენმა თვალი შეავლო ხალხით გაჭედილ ყვითელ უზარმაზარ ყუთს,რომელშიც აუცილებლად უნდა ასულიყო, მერე ღრმად ჩაისუნთქა და ყუთმაც მოთმინებით მიიღო კიდევ ერთი მგზავრი.
  დაგვიანებით შევიდა ვივიენი ლექციაზე,ათასნაირი სუნამოს შეზავებული საზიზღარი სუნი ყელში ეცა და გულისრევა იგრძნო. სადღაც სულ ბოლოში თავისუფალი მერხი დაინახა,ნელი მოძრაობით მივიდა იმ მერხთან და დაჯდა.
ლექტორი გაუთავებლად ლაპარაკობდა ვინმე ნიკოლო მაკიაველზე, ვივიენს ესმოდა თითოეული სიტყვა,მაგრამ საერთოდ არ ფიქრობდა ამ ყველაფერზე,ჩანთიდან ფანქარი და რვეული ამოაძვრინა, რვეულის პირველ გვერდზე გაკეთებული იყო წარწერა „ყველაზე მაგარი ტიპები გიჟები არიან“ ვივიენმა სუფთა ფურცელს მიაგნო და ხატვას შეუდგა, დროდადრო უყურებდა ლექტორს,ესმოდა,ოღონდ არ უსმენდა და ფიქრობდა იმაზე,რა მაგარი იქნებოდა,ღამეები ვარდისფერი ყოფილიყო. ღამეები რომ ვარდისფერი ყოფილიყო,ყველას ეყვარებოდა ღამით სიარული...
_გოგონავ, აი თქვენ რას ფიქრობთ, ვინ შექმნა ღმერთი? _ვივიენმა ლექტორის  დაჟინებული მზერა იგრძნო. დაიბნა, ახლა მხოლოდ ვარდისფერ ღამეებზე შეეძლო ფიქრი, ფეხზე წამოდგა და ძლივსგასაგონი ხმით წარმოთქვა:
_მე ისაც არ ვიცი, მე ვინ შემქმნა, ბატონო დავით.
_ესეიგი არ გვისმენდით, გოგონი. არა და ისე გულმოდგინებით წერდი, მეგონა ინიშნავდი ჩემს საუბარს.
_იცით, მე არ ვწერდი.მე ვხატავ..._აუდიტორიაში სიცილის ხმა გაისმა. ბატონმა დავითმა წარბები შეჭმუხნა_მაინც რას ხატავდი?
_ვარდისფერ ღამეს,ბატონო დავით...


  ლექციიდან ცუდ ხასიათზე გამოვიდა ვივიენი, უნივერსიტეტის ბაღში გავიდა, რადგან თავისუფალი სკამი ვერსად ნახა,მოჭრილ ხეზე ჩანთა დადო და ჩამოჯდა. მაინც როგორ მოუვიდა,რომ ლექტორს არ მოუსმინა? ბოლო დროს ძალიან გონებაგაფანტულია...ჯანდაბა.სხვა ლექციების თავი არ მაქვსო_გადაწყვიტა და წამოდგა...ისევ ის გზა, ხალხით გამოტენილი ტრანსპორტი...მერე ხეები,რომლებიც გარბიან, ტოტებზე შერჩენილი თოვლის ქულებით და სახლი. თავის ოთახში შევიდა,იატაკზე მიაგდო შინდისფერი მანტო და ლოგინზე მიწვა.  კარზე სამჯერ დააკაკუნეს ძალიან ფრთხილად_თომაა, გაიფიქრა ვივიენმა და ოდნავ გამოხსნილ კარში უკვე კიდევაც დაინახა თომა.
_შემოდი, თომა, ჩემო საოცარო ბიჭუნა
_ვივ,წამოდი შენც დიდ ოთახში._თქვა თომამ, კარს არ მოსცილებია.
_რა მინდა დიდ ოთახში?
_რა და..._თომა გაჩუმდა.
ვივიენი წამოდგა და ხუთიოდე წლის ბიჭუნასთან მივიდა, ხელში აიყვანა,ოქროსფერი თმა აუჩეჩა.
_ისევ ლადომ გაგაბრაზა? მითხარი
_არა, ლადომ არა, მე... ლეილა დედამ  მითხრა დედა გამოგიჩნდაო, დღეს იყო ვიღაც მსუქანი ქალი მოსული და მგონი ისა.
_აჰ,თომა, ერთხელაც იქნება მოგტყიპავ მაგ ტყუილებისთვის, გინდა ბურატინოსავით გაგეზარდოს ცხვირი?
_მე არ გატყუებ, ლეილა დედას ჰკითხე.
_კარგი_თქვა ვივიენმა და ბავშვი დაბლა ჩამოსვა_ახლა გადი შენ და ლეილა დედას უთხარი აქ მოვიდეს._თქმა არც აცადა, თომა ფეხების ტყაპუნით გაიქცა. ვივიენი საწოლს დაუბრუნდა,ფეხზე ბათინკები გაიძრო და კუთხეში მიყუდებული გიტარას გადასწვდა...რამდენიმე აკორდი აიღო... კარი შემოაღო შუა ხნის,ძალიან გამხდარმა ქალმა, თმა უკან გადაევარცხნა და შეეკრა, ჭაღარები მუქი შავი თმიდან უსიამოვნოდ იჭყიტებოდნენ, თუმცა მკაცრ გამომეტყველებას ოდნავ არბილებდნენ.
_თომას ხომ არ ყავს მშობლები?_შემოსვლისთანავე მიახალა ვივიენმა.
_ჰო, ორივე დაღუპულია, საცოდავები,ავარიაში...
_აჰ, ამოვისუნთქე, წარმოგიდგენია? ახლა მეუბნება დედა გამომიჩნდაო და...
_ვივიენ, ოჯახი გამოჩნდა შვილად უნდათ აიყვანონ.
_რას ამბობ? რა ოჯახი? ხო იცი რომ ეგ ბავშვი განსაკუთრებულად მიყვარს...რაღა თომა? ათასი ბავშვია.
_ვივიენ, მოგვარებულია თითქმის ყველაფერი, ბიჭი უნდოდათ, თანაც ძალიან მოეწონათ თომა.
_თომას არსად არ გავუშვებ...
_გეყოფა ისტერიკები. არ გაუშვებ? ნუ გაუშვებ და შენსავით სრულწლოვანმაც აქ უნდა იცხოვროს? რა მომავალი ექნება აქ? შენ შენი მონდომებით ისწავლე, ჩააბარე, დაფინანსებაზე ირბინე, იქ კიდევ ის კეთილი ქალი დაგვეხმარა, ჯანდაბას შენ გოგო ხარ და გათხოვდები. თომა?
_ყველა ნაბიჯზე რატო მამადლი ამ ყველაფერს?
_არ გამადლი, შვილო, არა, შეძლებული ოჯახია, ბავშვს კარგ მომავალს მისცემენ, მეც მიჭირს, ყველას გაშვება მიჭირს, მაგრამ ბავშვისთვის ჯობია.
_ჯანდაბა, ხომ იცი ეს ბავშვი როგორ მიყვარს.
_ვივიენ...
_გადი...გადი მეთქი_ახლა უკვე დაიყვირა ვივიენმა და ყელში მომდგარი ცრემლები ჩაყლაპა.
    სიზმარი ნახა, ვარდისფერი იყო ღამე, ყველა პლანეტა ერთ რიგში ჩამწკრივებულიყო, თომასთან ერთად ასკინკილით  დახტუნაობდა ერთი პლანეტიდან მეორეზე, უცნაურად გრძელები იყო მათი სხეულები, გრძელი თმა ჰქონდათ ორივეს და თომა გაცილებით დიდი იყო, ვივიენზე მაღალიც კი, სიზმარში ორი წამით ეჭვი შეეპარა, ეს რა უბედურებაა, სიზმარს ხომარ ვხედავო. მაგრამ მალევე გადაიფიქრა და საოცარ სანახაობას მისცა თავი. ვარდისფერი იყო ღამე და ეს რიგში ჩაბმული პლანეტები ყველა სხვადასხვა ფერის. უცებ საოცრად მოუნდა ლიმონი, ინატრა და ლიმონის ფორმა მიიღო მარსმა, ვივიენი ასკინკილით გადახტა მარსზე, ფრჩხილებით მოფხაჭნა და წვენი გამოადინა, დაეწაფა და ამოსუტა სიმჟავე, ვივიენს გააჟრჟოლა, თომა კი იდგა და იცინოდა.
  თვალები გაახილა, უკვე შუაღამე იყო, წამოდგა, ხელის ფათურით მოძებნა კარი და დიდი ოთახის გავლით სამზარეულოში გავიდა, მაცივრის კარი გამოაღო,საშინლად შიოდა, რაღაც წვნიანის მეტი ვერაფერი ნახა, ჯანდაბასო, მაცივრიკს კარი ღია დატოვა, რომ სინათლეზე ჯამი მოეძებნა, წითელი ცივი წვნიანი დაისხა თეთრ ჯამში, ორივე ხელით აიღო და ჯამიდანვე მოხვრიპა, მჟავე გემო ჰქონდა, ესიამოვნა ვივიენს, ერთი წამით გაიფიქრა რომ ეს წვნიანი სისხლი იყო და გააჟრჟოლა. მაცივრის კარი ისევ ღია იყო. მაინც რა ჰკითხა იმ ლექტორმა, ღმერთი ვინ შექმნა შენი აზრითო,ღმერთი_ხმამაღლა წარმოთქვა ვივიენმა, ყველა ადამიანი თვითონ ქმნის ღმერთს და თვითონ ირჩევს, რამდენად მნიშვნელოვანია ის. აი მე არ შევქმნი არასდროს. არასდროს, არასდროს_ მაცივრის კარს ფეხი ჰკრა და ჩამოწოლილ სიბნელეში ისევ ხელის ცეცებით გავიდა საკუთარ ოთახში.
  ათი წელია აღარ ულოცია ვივიენს,მას შემდეგ რაც დედა საკუთარმა მამამ მოუკლა,ვივიენს აღარ სჯერა ღმერთის,დედა ლეილა ყოველთვის ლოცულობს ძილის წინ,სხვა ბავშვებიც ლოცულობენ ამ სახლში,ყველა ლოცულობს,ვივიენი არასდროს. ვივიენს ახლა ფეხებზე ჰკიდია ყველაფერი,ყველაფერი თომას გარდა. თომა ძალიან უყვარს,მხოლოდ თომა უყვარს ახლა ვივიენს და იმასაც ართმევენ. ცხრა წლის იყო ამ ქალმა აქ რომ მოიყვანა და ისე ექცევა,როგორც ნამდვილი დედა,აქ ამ ქალს ყველა დედა ლეილას ეძახის,ვივიენს არასდროს დაუძახია,იმიტომ კი არა, რომ არ უყვარს,იმიტომ რომ ვივიენს მხოლოდ ერთი დედა ყავდა,ყველაზე ლამაზი და კეთილი დედა,რომლის სახელსაც არავის დაუძახებს

……………………………………………………………………………….

  მას შემდეგ რაც თომა წაიყვანეს,ვივიენმა მოსვენება დაკარგა,  თომას დაჰპირდა რომ ყოველ კვირა დღეს მიაკითხავდა და დედა ლეილასთანაც ხშირად წამოიყვანდა სტუმრად,თომა ამ სიტყვებზე დამშვიდდა და ცრემლიანი თვალები გაუბრწყინდა კიდეც.  მართლაც დადგა თუ არა კვირა დღე,ვივიენმა დაიხურა თავისი საყვარელი წითელი ბერეტი და გზას გაუდგა,დიდი სამ სართულიანი სახლის ჭიშკართან ნახევარ საათს მაინც აყურყუტეს,ბოლოს როგორც იქნა გაიღო კარი და ვივიენი შიგნით შევიდა. ვივიენმა შეაბიჯა თუ არა ჭიშკარში იქვე გაჩერდა,მხოლოდ ფილმებში ენახა მსგავსი რამე, ეს არ იყო სახლი,ვივიენს ასეთი წარმოედგინა მეფის სასახლეები,ზამთრის მიუხედავად ათასნაირი მწვანე მცენარე იყო ბაღში,რამდენიმე მათგანი ყვაოდა კიდეც,ხეები მორთული იყო ფერადი ნათურებით,როგორც ჩანს საშობაო განწყობის ასამაღლებლადო გაიფიქრა ვივიენმა,შიგადაშიგ ფერადი ქვებით მოწყობილი  რამდენიმე პატარ_პატარა კუნძული,სადაც საბავშვო ატრაქციონები იდგა.ვივიენი დიდხანს იდგებოდა ასე გამოშტერებული,რომ ვიღაც მწვანეკაბიან ქალს არ გამოერკვია
_მობრძანდით,ქალბატონი ნათელა სახლში გელოდებათ._ვივიენი უხმოდ გაჰყვა. შევიდნენ დიდ,ძალიან დიდ ნათელ ოთახში,კედლები მთლიანად თეთრი იყო,გამოფენის დარბაზს გავდა ეს ოთახი ერთი შეხედვით._ვივიენმა გაიფიქრა,უხერხულია აქეთ_იქით თვალების ცეცებაო და უხმოდ მიაშურა ბუხარს,ბუხრის წინ სარწეველა სავარძელში იჯდა ის ქალი,თომა რომ წაიყვანა,ქალი დაახლოებით ორმოცი წლის უნდა ყოფილიყო,ძალიან მსუქანი სახე ჰქონდა,არა,რა თქმა უნდა თვითონაც მსუქანი იყო,მაგრამ სახე მაინც ძალიან მსუქანი ჰქონდა,მოკლედ შეჭრილი ყავისფერი თმა და წვრილი თვალები_რა მახინჯია._გაიფიქრა ვივიენმა და ზრდილობიანად მიესალმა.
_იცით,მე თომა ძალიან მიყვარს,აქ რომ მოდიოდა,შევპირდი,რომ ყოველ კვირა ვივლიდი მასთან სტუმრად,ძალიან პატარაა და მისთვის ახალი გარემო შესაძლოა რთული შესაგუებელი იყოს. მე და თომა ვმეგობრობთ...._ვივიენს საუბარი ქალის გამომეტყველებამ შეაწყვეტინა,რომელიც ისევ ისე იჯდა და დამცინავი ღიმილით შეჰყურებდა მას. ვივიენი გაჩუმდა და ქალის პასუხს დაელოდა.
_თომა ძალიან კარგადაა._თქვა ქალმა და ვივიენს თვალი თვალში გაუყარა._თუ მეტი არაფერი გნებავთ,შეგიძლიათ წაბრძანდეთ. -ვივიენი ბუხართან იდგა, იგრძნო როგორ წამოენთო სახე,გაახსენდა პირველად რომ გამოაგდო მასწავლებელმა საკლასო ოთახიდან,ზუსტად ეს გრძნობა ჰქონდა,ბურთი ყელში მოებჯინა._არ უნდა იტირო ამ ახვართან,არ უნდა იტირო,არ უნდა იტირო._ეუბნებოდა ქვეცნობიერი და ვივიენმაც მაგრად დააჭირა ფრჩხილები საკუთარ ხელისგულს,სიმწრისგან დაიჯღანა,მაგრამ ახლა ნამდვილად არ იტირებდა..._თომა მინდა ვნახო._თქვა გოგონამ იმაზე მშვიდი ხმით,ვიდრე თავადაც ელოდა.
_მოდი მარტივად აგიხსნი,თომა ახლა ჩემი შვილია სხვა სახელი აქვს,სხვა გვარი და სხვა ადამიანია, არაფერი ესაქმება შენნაირ მაწანწალებთან. ბავშვს ახლა სხვა სოციალური გარემო აქვს და მინდა ნორმალურ ადამიანად ჩამოყალიბდეს, შენს მსგავს ადამიანებთან ურთიერთობით კი, ეს ნამდვილად ვერ მოხერხდება. ისედაც გაოგნებული ვარ,ხუთი წლისაა ბავშვი და ჭამა არ იცის,ცხოველივით ჭამს,გესმის? რომ არაფერი ვთქვა ეტიკეტზე და ქცევის მარტივ წესებზე. იმიტომ მიგიღე,რომ მეთქვა, ჩემი შვილი ახლა ყველაფერს სწავლობს,ძალიან ბევრი სამუშაოა,რომ პირველ რიგში ნამდვილი ბავშვის სახე მიიღოს,მოკლედ გოგონი,მას შენნაირებთან აღარაფერი ესაქმება_ეს სიტყვები განსაკუთრებული პომპეზურობით წარმოთქვა ქალმა და ვივიენი ისეთი ზიზღით აათვალიერა,თითქოს ადამიანს კი არა,რაიმე საზიზღარ არსებას უყურებდა.ქალს ახლა თვალები უფრო დაუწვრილდა და მისი სახეც უფრო მსუქანი ეჩვენა ვივიენს.
_შეიძლება მხოლოდ ერთხელ ვნახო?
_შენ ვერ გაიგე ადამიანური ლაპარაკი? არ შეიძლება.
_მაშ,არ შეიძლება ხო? თომას ხუთი წლის თომას,რომელსაც თითქმის დაბადებიდან ვზრდი და თომას ვეძახი სახელი შეუცვალე? შენ რომ ვინმემ სახელი შეგიცვალოს ახლა და ნათელა კი არა,ნაბოზარი დაგიძახოს მოგეწონება? რა ეტიკეტი და ვაბშე რას ჩმახავ,ბავშვია თომა,შენ დაბადებიდან დანა_ჩანგალს ხმარობდი? ააა,უკაცრავად შენ ალბათ ძუძუსაც დანა_ჩანგლით ჭამდი..._გაჰკიოდა ვივიენი და ალბათ კიდევ დიდხანს იკივლებდა რომ იმ მწვანე კაბიან ქალს ძალით არ გამოეთრია იმ ოთახიდან. ჭიშკარი მიიხურა და ვივიენი ახლა უკვე აქედან გაჰკიოდა მთელს ხმაზე
_დავბრუნდები,შე ნაბიჭვარო,დავბრუნდები და მაგ წვრილ თვალებს ჩემი ხელით ამოგჩიჩქნი....
………………………………………………………………………..
ვივიენი სარკის წინ იდგა და  უყურებდა საკუთარ თავს,საშუალო სიმაღლის,გამხდარი,შავთმიანი და მწვანეთვალება გოგო უმზერდა სარკის მიღმიდან.აქამდე არასდროს დაკვირვებია თავის გარეგნობას,ყოველთვის ზიზღს გვრიდა მაღალ ქუსლებზე მოსიარულე ჯგუფელი გოგონები,რომლებიც მისი აზრით ამ ყველაფრით  მხოლოდ თავს იტანჯავდნენ. ცხრამეტი წლის იყო ვივიენი და მაკიაჟი არასდროს გაუკეთებია,ერთხელ ბავშვობაში დედამ გამოპრანჭა და  თვალებიც ფანქრით დაუხატა,სკოლაში საახალწლო კარნავალი იყო,ვივიენს მაშინ ძალიან უხდებოდა გრძელი თეთრი კაბა და დახატული თვალები,იმ დღეს ვივიენს იმ სასაცილო ბიჭმა,ბექა რომ ერქვა უთხრა რომ ძალიან ლამაზი იყო. ამის შემდეგ ვივიენისთვის ეს სიტყვები არავის უთქვამს.აი დღეს კი იმ წვრილთვალება ქალმა,თომას რომ სახელი გადაარქვა და ვინ იცის რა დაარქვა,მაწანწალა უწოდა და ისეთი ზიზღით აათვალიერა,თითქოს ჭიაყელა ყოფილიყოს."ის ნაგავი" თქვა ვივიენმა ხმამაღლა,ისე რომ სარკეს არ მოცილებია,უცებ თავის სიტყვაზე სიცილი აუვარდა და რამდენიმე წუთი გულიანად იცინა,სანამ ოთახში ლეილა დედა არ შემოვიდა
_მარტო იცინი?_ჰკითხა დედა ლეილამ და მის საწოლზე ჩამოჯდა.
_დღეს თომასთან ვიყავი,მაგრამ იმ დამპალმა ქალმა გამომაგდო.
_მაინც წახვედი? ხომ გითხარი რომ არ...
_მუშაობა უნდა დავიწყო.
_სად?
_არ ვიცი,რამეს ვნახავ.
_არ მინდა შენი მუშაობა,აქ მომეხმარე ხოლმე ხანდახან.
_მე მინდა და უნდა დავიწყო,წარმოგიდგენია?იმ ნაგავმა თომას სახელი შეუცვალა,ვინ იცის რა დაარქვა,მე დღეს სულ მაწანწალა მეძახა.გამოტვინებული. დავიწყებ მუშაობას და წამოვიყვან თომას იქიდან,მე ვიშვილებ.
_რა სულელი გოგო ხარ,ვივიენ,
_მოვკვდები და მაინც წამოვიყვან,აი ნახავ._თქვა ვივიენმა და საკუთარი თავი ამაყად აათვალიერა სარკეში.
 
  გათენდა თუ არა,ვივიენი საწოლიდან წამოხტა და ნახევარი საათი მაინც ფიქრობდა რა ჩაეცვა, დიდი არჩევანი არც ჰქონია,ჩვეულებრივ გამოეწყო თავის კუბოკრულ კაბაში და შინდისფერ მანტოში,თავზეც ჩვეულებრივ დაიხურა წითელი ბერეტი,ზურგზე გიტარა მოიკიდა და სახლიდან თითქმის სირბილით გავიდა. მთავარია მონდომება_ფიქრობდა ვივიენი და თან მანტოს ჯიბეში იმ ყავისფერ ბოთლს ეძებდა_მთავარია ადამიანმა მოინდომოს და აუცილებლად გამოვა ყველაფერი,იმ წვრილთვალება ქალს ხომ ათასჯერ ჯობდა ვივიენი,მართალია ის ქალი ორმოცი წლის იყო და თანაც მსუქანი,მაგრამ ვივიენიც რომ ორმოცის იქნება,იმ დამპალ ქალს მაინც აჯობებს. ამ ფიქრებში იყო ვივიენი გართული რომ მის წინ აისვეტა დიდი შენობა „რესტორანი სამოთხე“ ეწერა დიდი ფერადი ასოებით,ვივიენმა რამდენიმე კიბის საფეხური აირბინა და აი უკვე სამოთხეში ამოყო თავი,იქაურობა ხალხით იყო გატენილი, ვივიენი ბართან მივიდა და იმ ბიჭს,სხვადასხვაფერის სასმელებს რომ აზავებდა რამდენჯერმე მიმართა
„უკაცრავად“ _ბიჭს ზედაც არ შეუხედავს,ისე იყო თავის საქმეში გართული,ვივიენმა ახლა ძალიან ხმამაღლა თქვა_უკაცრავად, სად შემიძლია ვნახო აქ მენეჯერი? _მის სიტყვებზე ბიჭმა თავი წამოწია და ვივიენს გამოშტერებული სახით მიაჩერდა
_რამე პრობლემაა?_ჰკითხა და ისევ იმ მწვანე სასმელის გაზავებას მისცა თავი.
_მე სამსახურს ვეძებ და...
_არაა აქ მენეჯერი,მაგრამ ვაკანსიები არ გვაქვს._თქვა თავისთვის ბარმენმა ბიჭმა.
    პირველი იმედგაცრუება დარტყმა იყო ვივიენისთვის,ფსიქოლოგიურად გატეხა, მაგრამ მაინც დაირბინა ათამდე რესტორანი, ყველა ერთსა და იმავეს ეუბნებოდა...“არ გვაქვს ვაკანსიები“  ერთ არც ისე კეთილმოწყობილ კაფეში რომ შეაბიჯა ვივიენმა და მენეჯერი იკითხა,ვიღაც გაბღენძილი ბიძია კაცი მიეახლა,ლოყაზე ხელიც კი მოუთათუნა და ალუბლის წვენიც შესთავაზა.
_იცით მე სამსახურს ვეძებ.
_რას მელაპარაკები._თქვა კაცმა და გაუღიმა_მაინც რა სამსახური გჭირდება?
_იცით მე ძალიან კარგად ვუკრავ და მგონი არც ისე ცუდად ვმღერი,მე შემიძლია ამ კაფეში ვიმღერო საღამოობით,ან რავიცი. მე ძალიან მჭირდება სამსახური.
_რამდენი წლის ხარ?_კითხა ისევ ღიმილით იმ კაცმა.
_ცხრამეტის..._თქვა ვივიენმა და გაახსენდა ის დღე,პოლიციელი რომ ეკითხებოდა ასაკს,მაშინ ვივიენი ცხრა წლის იყო და სწორედ ასეთი სიბრალულით შეჰყურებდა,როგორც ახლა ეს. მაგრამ ახლა ამაზე არ შეიძლებოდა ფიქრი,ბოლოსდაბოლოს ერთადერთია ვინც დაინტერესდა და იქნებ ვივიენს რამე გამოუვიდეს.
_შეგიძლია მომასმენინო რას მღერი? მაგრამ ჯერ სახელიც არ გითქვამს,რა გქვია?
_მე ვივიენი მქვია._ვივიენმა გიტარა მოიმარჯვა და როცა უკვე სიმღერა დაიწყო,ნაწყვეტ_ნაწყვეტი,გაფრენილი ფრაზების მეტი არაფერი ამოსვლია პირიდან. უცებ გაჩუმდა.თავი დახარა.მეორედ სცადა დაწყება,მეორედაც იგივე მოხდა...
_კაი,გეყოფა._თქვა კაცმა და სახეზე დამცინავი ღიმილი გამოესახა._ასეც ვიცოდი,უნიჭო მომღერლებით რომ გაივსო ქალაქი და ყველას ასე გგონიათ ხალხი ყურუა,მაგის დედაც...
_იცი,მე ვნერვიულობ...მე კარგად ვმღერი სახლში.
_აბაზანაში,ვივიენ,აბაზანაში ყველა შესანიშნავი მომღერლები ვართ. მაგრამ მე არ ვარ მაინც ბოროტი,ბოროტი კი არა,ძალიან კეთილი ვარ,სწორედ დღეს გავუშვი სამსახურიდან დამლაგებელი ქალი,შეგიძლია დამლაგებლად იმუშაო აქ. მაგრამ გაითვალისწინე რომ დარბაზის და სამზარეულოს გარდა,ჩემი კაბინეტიც უნდა დაალაგო და ტუალეტის დასუფთავებაც შენ გევალება.
    ვივიენი ხმას არ იღებდა....
_რას იტყვი? იმუშავებ დამლაგებლად?
_დიახ._თქვა ვივიენმა და ყელში მომდგარი ბურთი ალუბლის წვენით ჩაიტანა გულის სიღრმეში.


  ვივიენი ლოგინში იწვა და დაწყლულებულ ხელებს დაჰყურებდა, გულს ურევდა იმაზე ფიქრი რაც დღეს უნდა გაეკეთებინა,გულს ურევდა,მაგრამ გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა...
  დარბაზში სადაც მისი ტოლი გოგო_ბიჭები ერთობოდნენ,ცეკვავდნენ და მღეროდნენ, ვივიენი სველი ტილოთი და პოლისჯოხით დაბოდიალობდა და მათ გაჭუჭყიანებულ იატაკს გულმოდგინებით წმენდდა. უკვე სამი თვე გავიდა,რაც ვივიენმა დამლაგებლად მუშაობა დაიწყო,თავიდან ძალიან გაუჭირდა...რამდენიმე დღის დაწყებული ჰქონდა ვივიენს მუშაობა,როცა კაფეში მისი ჯგუფელები შამოვიდნენ,ვივიენს ცხვირიც არ გაუყვია დარბაზში, მაგრამ როცა ვიღაც მთვრალმა ტიპმა მაგიდა შემთხვევით ააყირავა,იძულებული გახდა ცოცხით და აქანდაზით გაბრძანებულიყო. იმათ არ მისალმებია,თითქოს ვერც შეამჩნია ისეთი გამომეტყველება მიიღო,მაგრამ გული აუჩუყდა და ტუალეტში ჩაკეტილმა ნახევარ საათს მაინც იტირა,ალბათ კიდევ დიდხანს იტირებდა მენეჯერს რომ არ დაეკაკუნებინა კარზე
_ცუდად ხომარ ხარ?_ჰკითხა კაცმა როგორც კი ვივიენმა კარი გააღო და მიუხედავად იმისა,რომ გოგონა ცდილობდა ნამტირალევი თვალები დაემალა,კაცმა ნიკაპი ხელით აუწია,თვალებში უყურა რამდენიმე წამს და მერე მკაცრად უთხრა_გამომყევი. ეს საშუალო სიმაღლის,ჩადგმული,შეჭაღარავებული მამაკაცი გახლდათ,თავიდან როცა ვივიენმა დაინახა იფიქრა რა გაბღენძილი ვინმეაო და ხან,როცა მისთვის უნდოდა მიემართა,ენაზე მოადგებოდა ხოლმე_ბატონო გაბღენძილო,მარა მერე ახსენდებოდა რომ ჯაბა ერქვა და ღიმილით მიმართავდა_ბატონო ჯაბა...ვივიენი ბატონი გაბღენძილის კაბინეტში შევიდა და სავარძელში მოწყვეტილივით ჩაეშვა,ოთახი სიგარეტის კვამლით იყო გაჟღენთილი,საწერი მაგიდა, ფანჯარასთან იდგა,მაგიდაზე კომპიუტერი,ტელეფონი და გაბღენძილის ოჯახური ფოტო,რამდენჯერ გაუწმენდია ვივიენს ეს ფოტო,“გაბღენძილის ცოლი და სამი შვილი“_ღიმილით გაიფიქრებდა ხოლმე გოგონა...ორიოდე სავარძელი,ერთი კარადა საქაღალდეებისთვის,სულ ეს იყო ამ პატარა ეგრედწოებული კაბინეტის ავლადიდება .
_აბა მომიყევი რა დაგემართა,რატომ ტიროდი?_ჰკითხა კაცმა და სიგარეტს მოუკიდა.
_არ მიტირია,ტუალეტს ვალაგებდი.
მის სიტყვებზე კაცს ჩაეღიმა,სიგარეტი საფერფლეში ჩადო და ვივიენის წინ ჩაიმუხლა.ხელი მოჰკიდა სახეზე და მოულოდნელად უთხრა
_ძალიან გიხდება ნამტირალევი თვალები._ვივიენი უხერხულად შეიშმუშნა,ამ კაცს ახლა ისეთი გამომეტყველება აქვს,როგორიცაა სიტყვა_მშია,რა მაგარია,“კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“,ჰო ეს კაციც ახლა აქ რომ იყოს,აუცილებლად დაეთანხმებოდა ვივიენს,რომ ბატონ გაბღენძილს სწორად ისეთი გამომეტყველება აქვს,როგორიცაა სიტყვა „მშია“. ამ ფიქრებზე ვივიენს გაეღიმა და სულაც დაავიწყდა სად იყო,სანამ ბატონმა გაბღენძილმა ისევ თვითონ არ გამოარკვია
_არ მოგწონს შენი სამსახური?
_იცით მე..._ვივიენი სავარძლიდან წამოხტა და უნდოდა გარეთ გავარდნილიყო,მაგრამ ხელი სტაცა კაცმა და ისევ სავარძელში ჩაახეთქა.
_რა გინდათ ჩემგან?_იკითხა ვივიენმა და შეეცადა რაც შეიძლება მშვიდი სახე ჰქონოდა.
_მეე? რამე მინდა? მე არაფერი არ მინდა,აი შენ კი უნდა გინდოდეს.
_მე არაფერი მინდა.
_არაფრი? სულ არაფერი,ვივიენ?
_არა.
_სამწუხაროა,მე კი ჭკვიანი გოგო მეგონე და ვიფიქრე გავუგებდით ერთმანეთს.
_რას გულისხმობთ?_ვივიენს მწვანე თვალები გაუფართოვდა და შავი ხვეული თმა სახეზე ჩამოეშალა.
_შენ შეგიძლია აქ საცოდავი დამლაგებელი კი არა,ჩემი მარჯვენა ხელი იყო,რამდენჯერ გაგიკეთებია ჩემი გასაკეთებელი საქმე,როცა საშობაოდ პარიზში ვიყავი წასული.ვიცი რომ შეგიძლია...
_მაგრამ ეს ბევრს შეუძლია._თქვა ვივიენმა თავისთვის.
_მართალია,მაგრამ შენნაირი ლამაზი არავინაა,როცა ტირის,_კაცმა ეს რაღაც სხვანაირი ხმით თქვა,ვივიენის სახესთან სულ ახლოს მიიტანა თავისი სახე და ტუჩებით ვივიენის ტუჩებს შეეხო.
  ვივიენი ცოტახანს გაოგნებული იჯდა,მერე გიჟივით წამოვარდა და ოთახიდან თავქუდმოგლეჯილი გავარდა,სასწრაფოდ აიღო თავის ზურგჩანთა,ქუდი...ყველაფერი რაც მისი იყო და სირბილით გამოვარდა გარეთ,რომელშიც არასოდეს...აღარასოდეს დაბრუნდებოდა.
...................................................................................................................................................................
    ვივიენი საწოლში იწვა,თავის დაწყლულებულ ხელებს დაჰყურებდა და გულს ურევდა იმაზე ფიქრი,რაც დღეს უნდა გაეკეთებინა...
  _ასეც ვიცოდი._თქვა ჯაბამ,როგორც კი ვივიენი დაინახა მის კაბინეტში შესული და გაიცინა.
„როგორიცაა სიტყვა მშია“_გაიფიქრა ვივიენმა და ხმადაბლა წარმოთქვა
_მე მინდა თქვენი მარჯვენა ხელი ვიყო.


ვივიენმა თვალები გაახილა,დიდ, ნათელ ოთახში იწვა, ვარდისფერ საწოლში, ვარდისფერი იყო თეთრეულიც და ტანზეც ვარდისფერი,სხეულზე მომდგარი საღამური შემოტმასნოდა, მისი შავი ხვეული თმა ლამაზად ეფინა ვარდისფერ ბალიშზე...გვერდით გადასწია თავი,მის გვერდით ჯაბა იწვა,მშვიდად ეძინა,ვივიენმა ზიზღით აათვალიერა მისი სახე,რომელიც ძილში თვითკმაყოფილებას გამოხატავდა_"როგორიცაა სიტყვა გავძეხი" გაიფიქრა ვივიენმა და საწოლიდან წამოდგა. ფანჯარასთან მივიდა, ფარდები გადაწია,გაზაფხულის მზიანი დღე იყო, ვივიენს არასდროს ყვარებია გაზაფხული,სულ ფიქრობდა რომ წელიწადის ეს დრო ყველაზე მოსაწყენი რამე იყო, სინამდვილეში ვივიენი საკუთარ თავს ადარებდა დროებს და ეს დრო,საერთოდ არ ჰგავდა მას. ვივიენს უფრო ზამთარი ჰგავდა,ადრე ფიქრობდა რომ თეთრი ზამთარი ჰგავდა,ახალდადებული თოვლი...სითეთრე.ახლა ტალახიანი,ადამიანების ატალახებული და ბინძური ზამთარი მოაგონდა...ფანჯარას მოსცილდა,სარკესთან მივიდა,ეუცხოვა თავისი მწვანე თვალები. "გამოხედვაშიც კი სიბინძურე მაქვს"_ჩაიჩურჩულა და ახლა სხეულს დაუწყო თვალიერება. "ჭუჭყიანი ვარ,ჭუჭყიანი ვარ,ჭუჭყიანი ვარ...."საშხაპეში შევარდა და საღამურის გაუხდელად დადგა წყლის ქვეშ,ტირილი მოუნდა, ვერ იტირა...
აბაზანიდან გამოსულს ჯაბა უკვე ფეხზე დახვდა,ჩაეცვა და ყავის გაკეთებით იყო გართული.
_ვივიენ,დღეს სამსახურში ვერ ვიქნები,არ მცალია,შენ უნდა მიხედო ყველაფერს.
_ჰო._თქვა ვივიენმა და თავზე შემოხვეული პირსახოცი ხელით შეისწორა,
_ძალიან ლამაზი ხარ,ჩემო გოგო.
_ყავა მეც გამიკეთე რა._ვივიენი შუშის მაგიდასთან მოკალათდა და ფეხები სავარძელზე აიკეცა.
_ოჰ,ჩემი ნებიერა ქალბატონი...
_ხომ არ დაგავიწყდა,დღეს რასაც შემპირდი?
_აა,ის უპატრონო ბავშვები უნდა მიიყვანო და ასადილო კაფეში ხო?
_ათასჯერ გითხარი,რომ ის ბავშვები უპატრონოები არ არიან,იმათ დედა ლეილა ყავთ,ნებისმიერ პატრონზე კარგი პატრონი.
_კარგი ჰო, ყველაფერზე ნუ ბუზღუნებ._თქვა ჯაბამ და ვივიენისთვის გაკეთებული ყავა მაგიდაზე დადგა._ სულ ორი საათით მიიყვანე ის ბავშვები,თან ისე რომ შუადღე იყოს,საღამოს ბევრი ხალხი მოდის და მაგათ გამო არ დამაკარგინო ფული.
_ეგ ხომ უკვე მითხარი...
_ამაღამ ვეღარ მოვალ აქ,ჩემი ცოლი რაღაცას ეჭვობს და სახლში დავრჩები,შეიძლება დილით შემოგირბინო.
"ჯანდაბაში წასულხარ" გაიფიქრა ვივიენმა და ჯაბას მრავალმნიშვნელოვნად გაუღიმა.
_სანამ წახვალ რაღაცაზე მინდა გელაპარაკო.
_აჰ,უკვე ვიცი,ეგ რაღაცა რაცაა,ის ნაბიჭვარი ბავშვი,აკვიატებული რომ გყავს.
_ჯანდაბა,ნაბიჭვარს ნუ ეძახი თომას.._დაიყვირა ვივიენმა.
_ახლა მომისმინე, ზედმეტები არ მოგივიდეს. ბოლოჯერ ვამბობ ამას.უტვინო არც შენ ხარ და უნდა მიხვდე,რომ იმ ბავშვზე არანაირი იურიდიული უფლება არ გაქვს...რც არასდროს გექნება,ოჯახი აქვს,დედა ყავს მამა ყავს. გავიკითხე იმ ოჯახზე ყველაფერი,არ არიან უბრალო ხალხი, შენი სიშტერის გულისთვის შარში არ გავეხვევი. ამოიგდე თავიდან, ჰო გაიგე?
ვივიენს ცრემლები მოადგა თვალებზე..._ძალიან მინდა მხოლოდ ერთხელ მაინც ვნახო.
_ამოიგე თავიდან!_დაიყვირა ჯაბამ...მგონი პირველად დაუყვირა ვივიენს. სიგარეტს მოუკიდა, მანქანის გასაღებს დაავლო ხელი,ვივიენთან მივიდა,თავი აუწია და ტუჩებში აკოცა._ნუ იბუსხები, ჩემო ლამაზო გოგო,ჩაიცვი და წადი სამსახურში...
კარი გაიხურა თუ არა,ვივიენმა ტუჩები ხელისგულით მოიწმინდა და ჩაილაპარაკა
"ნაგავი"
.....................................................................................................
  ვივიენმა შავი,ტანზე მომდგარი,მოკლე კაბა ჩაიცვა, ფეხზე ქუსლიანი ფეხსაცმელი,თავზე შავი შლაპა დაიხურა,მის შავ გაშლილ თმას ძალიან უხდებოდა ეს შავი ქუდი. ტუჩები წითლად გაიფერადა,წამწამებიც აიპრიხა და საკუთარი თავი აათვალიერა სარკეში...იმ გოგოს,რომელიც ახლა უმზერდა სარკიდან,ძველი ვივიენის აღარაფერი ჰქონდა,საერთოდ არაფერი... სამი თვეა რაც ცალკე გადმოვიდა საცხოვრებლად,იმ დღიდან ძალიან მალე,როცა ჯაბას "მარჯვენა ხელობას" დათანხმდა. ეს პატარა სახლიც ჯაბამ უყიდა,უყიდა თუ იქამდეც ნაყიდი ჰქონდა,ზუსტად არ იცის ვივიენმა,მაგრამ ეს არც აინტერესებს, სამსახურში დამლაგებლის "თავზე წამოჯდომა",არც ისეთ მარტივი აღმოჩნდა,როგორც ვივიენს წარმოედგინა,ის ხალხი,რომლებიც აქამდე სიყვარულით და სიბრალულითაც კი უყურებდნენ,ახლა მტრად მოეკიდნენ და ვივიენი იძულებული გახადეს,რამდენიმე მათგანი სამსახურიდან გაეპანღურებინა, ერთ_ერთმა თანამშრომელმა,რომელიც სამზარეულოში მუშაობდა, ხელების ფათურიც კი დაუწყო,როცა ვივიენმა ცივად მოიშორა და სილაც კი გააწნა ირონიულად ჰკითხა
_მარტო ჯაბას ნაშა ხარ?
_ნაშა ბებიაშენია._უთხრა ვივიენმა და ის თავხედიც მიაბრძანა სამსახურიდან,მაგრამ საყოველთაო ანტიპათია ამით უფრო გაამძაფრა... ასე იყო თუ ისე,ვივიენს არავის აზრი არ აინტერესებდა,გარდა დედა ლეილასი,რომელიც ყოველთვის ცრემლიანი თვალებით იქნევდა თავს და ეუბნებოდა
_ეს რა გააკეთე,შვილო,ეს რა გააკეთე..._ჰო მაგრამ ვივიენს ღრმად სჯეროდა, რომ ასე იყო საჭირო და დედა ლეილასაც არწმუნებდა,რომ არაფერი საშინელება არ იყო ამ ფაქტში.
    ვივიენი ასე გამოპრანჭული მივიდა დედა ლეილასთან,სადაც ბავშვების გუნდი შემოეხვია გარს და რადგან უკვე მიჩვეულები იყვნენ გოგონასგან საჩუქრებს ერთხმად ალაპარაკდნენ
"რა მოგვიტანე?" "მე რომ თოჯინა დაგაბარე, ხომ არ დაგავიწყდა?" "მიკიმაუსის მაისური რომ დამპირდი,მომიტანე?" "ვივიენი ლამაზია","მეც რომ გავიზრდები ვივიენისნაირი ვიქნები"...ეს და სხვა ფრაზები ესმოდა ვივიენს და თითოეულ ბავშვს გულში ისე იკრავდა,როგორც თავის შვილს.
_აბა,ბავშვებო,წავიდეთ ახლა და კაფეში ვისადილოთ._თქვა ვივიენმა და ბავშვების თვალებში საკუთარი თეთრი თავი დაინახა...ის ვივიენი დაინახა,რომელიც აღარასდროს არ იქნებოდა სუფთა.


  ვივიენი სამსახურის გამო უფრო და უფრო ცოტა დროს უთმობდა სწავლას, წლის ბოლოს აღმოაჩინა რომ ექვსიდან ხუთ საგანში ქულები არ ყოფნიდა.ის მეექვსე საგანიც სულ შემთხვევით ჩააბარა,გამოცდაზე პლატონის ხედვა უნდა დაეწერა რაღაც_რაღაც საკითხებზე,ვივიენს ერთხელაც არ წაეკითხა პლატონი,მართალია ღამ_ღამობით კითხულობდა მის აზრებს,მაგრამ ბევრი არაფერი ესმოდა რასაც ეს კაცი ასე ფილოსოფიურად ბოდავდა.ხოდა ვივიენმა საკუთარი შეხედულებები იმაზე მეტად ადამიანური ენით დაწერა,რომ ლექტორმა გარდა უმაღლესი შეფასებისა მისი წერის სტილი დააფასა და "ინტერპრეტაციაც" კი უწოდა,ჰოდა ასე და ამგვარად,ბედის ირონიით დაემთხვა ვივიენის და პლატონის აზრები ერთმანეთს,ყოველ შემთხვევაში ალბათ ოდნავ მაინც წააგავდნენ,რადგან მხოლოდ ეს ერთი საგანი ჩააბარა ვივიენმა,დანარჩენი კი ყველა ერთმანეთის მიყოლებით ჩარჩა.
    ვივიენი უნივერსიტეტის ოთხივე სართულზე ხან ზემოთ, ხან ქვემოთ,კაბინეტიდან კაბინეტში დარბოდა და ცდილობდა,როგორმე მაინც გადაერჩინა თავი ინგლისურის კურსზე ჩაჭრას. ინგლისური ასე თუ ისე კარგად ესმოდა ვივიენს და თუკი ეს საგანი რჩებოდა,მხოლოდ იმიტომ,რომ გამოცდაზე ვერ მოახერხა მისვლა. ბევრი სირბილის შემდეგ.ვივიენმა შეძლო და ჩაეწერა ინგლისურის საზაფხულო ჯგუფში,სადაც თავიდან უნდა გაევლო ერთი სემესტრის მასალა ერთ თვეში,მაგრამ ეს ახლა ნაკლებად აწუხებდა,სიხარულით დათანხმდა და ბევრი რომ არ გავაგრძელოთ საღამოს ძალიან გადაქანცული მივიდა სამსახურში.კაბინეტში შევიდა,სავარძელში მოიკალათა და სიგარეტს გაუკიდა.
_სად ხარ აქამდე?_ჰკითხა ჯაბამ და ღიმილით შეათვალიერა ვივიენი.
_საგნები ჩამრჩა და ვცდილობდი რამე გამერკვია.
_აჰ,საგნები,საგნები. წამოდი მაგ სასწავლებლიდან,მაინც არ დადიხარ.
_იმიტომ არ დავდივარ, რომ დრო არ მაქვს.
_ოჰ..._ჩაიცინა ჯაბამ და ფეხზე წამოდგა_მივდივარ ახლა მე, არ მცალია ამაღამ,აბა შენ იცი,შენ გაბარებ აქაურობას, ჩემო ჭკვიანო გოგო.
_სად მიდიხარ?
_რაო? ეჭვიანობ, ქალბატონო? არ არის ეგ შენი  საქმე._ამ სიტყვებით  ჯაბამ ვივიენს ცინიკური ღიმილით შეხედა,მერე მისკენ დაიხარა,ტუჩებში აკოცა და ოთახიდან გავიდა
_შე ნაგავო._ჩაილაპარაკა ვივიენმა მისი გასვლისთანავე და სიგარეტის ახალი ღერი ამოიღო კოლოფიდან...
.................................................
  ვივიენმა შეკრული თმა გაიშალა,ფანქარი და ფურცელი აიღო,სავარძელზე მიწვა და ხატვა დაიწყო, თან საათზე იყურებოდა დროდადრო,ის იყო წამოდგა და წასვლა დააპირა რომ კარზე დააკაკუნეს
_შემოდი._გასძახა ვივიენმა და ისევ სავარძელში ჩაეშვა. კარი ერთ_ერთმა მიმტანმა გოგონამ შემოაღო.
_ვივიენ,წამოდით,დაბლა რაღაც ჩხუბია.
_აჰ,ეს ხალხი,მაინცდამაინც მაშინ მოუნდებათ ხოლმე ჩხუბი,როცა ჯაბა არაა აქ._ჩაილაპარაკა ვივიენმა და სწრაფად წამოდგა._მაინც რა მოხდა?_დარბაზში ჩასულ ვივიენს თანამშრომლები შემოეხვივნენ და ერთხმად ალაპარაკდნენ
_ერთმა თქვით რა ხდება._იყვირა ვივიენმა და ყველა ერთად გაჩუმდა,ბოლოს როგორც იქნა მზარეულმა ქალმა გაბედა
_კლიენტი ფულს არ იხდის,დაცვას ყავს ახლა გარეთ გაყვანილი და მგონი ჩხუბობენ.
_რას ნიშნავს არ იხდის?
_ამბობს საფულე დავკარგეო.
_რას ნიშნავს საფულე დავკარგეო? დაურეკოს ვინმეს და მოატანინოს ფული,მაინც რამდენი აქვს გადასახდელი?
_ოთხმოცი ლარი და ოცდაათი თეთრი_ააფრიალა ჩეკი მიმტანმა.
  ასეთი შემთხვევები ვივიენს იმდენი ჰქონია რამდენიც გინდათ,ყოველთვის როცა პოლიციით ემუქრებოდა აღმოაჩენდნენ ხოლმე რომ ფულიც ჰქონდათ და ის კი არა,ჩაის დატოვებაც შეეძლოთ მიმტანებისთვის._ვნახოთ ერთი როგორ არ გადაიხდის!_ვივიენი გარეთ გავიდა
_სოსო_დაუძახა დაცვის თანამშრომელს, რომელიც გაცხარებული ეკამათებოდა იმ უსინდისო კლიენტს._წამოიყვანე ეგ...ჩემს კაბინეტში ველოდები!_ვივიენი უკან შებრუნდა,სავარძელში მოკალათდა და დაელოდა. კარში მაღალი,სუსტი მამაკაცი გამოჩნდა.  ამღვრეული თვალები ვივიენს უცნაურად მიაშტერა.
_მოდი,დაჯექი._უთხრა ვივიენმა და მამაკაცი ადგილიდან რომ არ დაიძრა, მხოლოდ ახლა შეხედა,უეცრად ეს ბიჭი ადგილს მოსწყდა ვივიენს მივარდა და სახეზე ორივე ხელი მოჰკიდა_ვივიენ,შენ ხარ? შენ ხარ, ვივ?
_ნიკა._სუსტი ხმით თქვა ვივიენმა,თვალები აუცრემლიანდა და ნიკას,თავის ბავშვობის მეგობარ ნიკას მთელი სხეულით ჩაეხუტა.


 

  ვივიენმა ნიკას დანახარჯი გაისტუმრა და მასთან ერთად გამოვიდა კაფედან,ზაფხულის თბილი ღამე იყო,ხეების ჩრდილები ქვაფენილებს ეცემოდნენ,მიუხედავად იმისა,რომ ქალაქში საშინელი ხმაური იყო,ვივიენს საოცარი სიმშვიდე დაეუფლა ნიკას გვერდით.ნიკა მაღალი,ძალიან გამხდარი ბიჭი იყო,ბავშვობაში ვივიენი მას ყოველთვის ზემოდან დაჰყურებდა,ახლა კი,მხრებამდე ძლივს სწვდებოდა. შავი თმა ჰქონდა ნიკას და შავიც თვალები,თვალები ვარსკვლავებივით უბრწყინავდა და ღიმილის დროს ყოველთვის ეჩუტებოდა მარცხენა ლოყა. ნიკა ყოველთვის ლამაზი ბავშვი იყო,ახსოვდა ვივიენს,რომ კლასში ყველა გოგოს ის უყვარდა,ვივიენი კი, სწორედ ამიტომ ვერასდროს იტანდა მას,სანამ მათემატიკის მასწავლებელმა ორივე არ გამოყარა გარეთ და...ის თოვლიანი დღეც მშვენივრად ახსოვდა ვივიენს,იმ დღის მერე არც არასდროს უნახავს ნიკა,თუმცა ხშირად ფიქრობდა მასზე,ბავშვობაში განსაკუთრებით. წარმოიდგენდა ხოლმე,რომ ნიკა მოვიდოდა დედა ლეილასთან და სამუდამოდ წაიყვანდა თავისთან.ყოველთვის ელოდებოდა.
    რამდენიმე ნაბიჯი უხმოდ გაიარეს,ნიკა სულ იღიმებოდა და ვივიენს რაღაცნაირი უხერხულობით მიჰყვებოდა გვერდით._ჩემთან წამოდი._თქვა ვივიენმა და ნიკას ახედა.ნიკას არაფერი უთქვამს,მხოლოდ ისევ გაუღიმა და ლოყა ჩაეჩუტა..
      სახლში შესვლისთანავე ვივიენმა ქუსლიანი ფეხსაცმელები გაიძრო,იქვე მიყარა და ფეხშიშველმა გაირბინა სამზარეულოში. ნიკა მისაღებ ოთახში,სავარძელში მოკალათდა და ოთახი შეათვალიერა,ნასვამი იყო და თავბრუ ეხვეოდა, ვივიენმა სამზარეულოდან ჭიქები და მარტინი გამოიტანა,გრძელი შავი თმა თვალებში ეფხატებოდა,ძალიან ლამაზი ეჩვენა ნიკას ამ წამს ვივიენი,ფეხშიშველი ვივიენი,რომელიც სასმელს ჭიქებში ასხამდა.
_ძალიან ლამაზი ხარ, ვივიენ._თქვა ნიკამ და გოგოს წელზე შემოხვია ხელები.ვივიენმა რამდენიმე ყლუპი მარტინი მოსვა,ჟრუანტელმა დაუარა მთელს სხეულში და ძალიან მოუნდა ნიკასთვის ეკოცნა. აქამდე ვივიენს ჯაბას გარდა არავისთვის უკოცნია, თუმცა ჯაბას კოცნა ყოველთვის ზიზღს გვრიდა და როცა სხვადასხვა ფილმებში ხედავდა,როგორ ვნებით კოცნიდნენ მსახიობები ერთმანეთს,ყოველთვის უკვირდა,როგორ შეეძლოთ მათ ასე თამაში, ვივიენი არასდროს თამაშობდა ჯაბასთან,არასდროს უკოცნია მისთვის ვნებით და ერთხელ ჯაბამ რომ ჰკითხა,კოცნის დროს თვალებს რატომ არ ხუჭავო,მხოლოდ მაშინ მიხვდა,თვალებს იმიტომ ხუჭავდნენ ადამიანები კოცნის დროს,რომ ეს პროცესი სიამოვნებას ანიჭებდათ...ვივიენს კი ეზიზღებოდა ეს კაცი, მთელი გულით სძულდა.
_მე ყოველთვის ასეთი ვიყავი_თქვა ვივიენმა და ნიკას გვერდით ჩამოჯდა,თმა ხელით უკან გადაიწია,თვალებში შეხედა ბიჭს. ნიკა მისკენ გადმოიხარა და ტუჩებში აკოცა...ვივიენმა თვალები დახუჭა,ისევ დაუარა ჟრუანტელმა,ვივიენს არც მაშინ გაუხელია თვალები,როცა ნიკამ ხელში აიყვანა და სავარძელზე მიაწვინა. იმ ღამით,პირველად განიცადა ორგაზმი და ნიკასთან ჩახუტებულს ჩაეძინა.
  დილით გაღვიძებულს სიზმარი ეგონა წუხანდელი ღამე,თვალები მოიფშვნიტა და თავის გვერდით რომ ნიკა დაინახა მძინარე,სიხარულისგან ლამის შეჰკივლა. ნიკას ბავშვივით ეძინა,ახლა ისევ ის ბავშვი იყო ნიკა,სახაზავით მერხს რომ ზომავდა...ვივიენმა ხმამაღლა გადაიკისკისა.
_ვივიენ._თქვა ნკამ სანამ თვალებს გაახელდა და გაიღიმა.
_გახსოვს მერხი რომ გაყავი შუაზე? არ გადმოსცდეო ამ ხაზსო,რომ გამაფრთხილე,აი ახლა მე ვადგენ საზღვრებს._ვივიენმა ბალიში აიღო,საწოლის შუაგულში ჩადო და მკაცრად დაამატა_ამას არ გადმოსცდე,ნიკა.
  ნიკამ გაიცინა,ბალიშს დასწვდა იატაკზე მოისროლა და ვივიენი ჩაიხუტა.
_ძალიან ლამაზი ხარ,ვივიენ.
_მე ყოველთვის ლამაზი ვიყავი._თქვა ვივიენმა და ნიკას შავი ხშირი თმა აუჩეჩა.
_კიდევ ვიგუნდაოთ იქ ვივიენ,თოვლი რომ მოვა._ვივიენს ძალიან მოსწონდა ნიკას ხმა.რაღაცნაირი ხმა ჰქონდა ნიკას,სიტყვებს ოდნავ დატკეპნით აბამდა ერთმანეთს,თანაც ლაპარაკის დროს ყოველთვის ეღიმებოდა.
_შენ იცი როგორი ბიჭი ხარ?
_როგორი?
_შენ ის ბიჭი ხარ,აუცილებლად ზამთარში რომ უნდა მოსულიყავი და დაგებრუნებინა ჩემთვის სითეთრე..._ნიკამ დაბნეული თვალებით შეხედა ვივიენს,ეტყობოდა ბევრი ვერაფერი გაიგო მისი ნათქვამიდან.ვივიენმა გადაიკისკისა,ცხვირზე აკოცა და საწოლიდან წამოდგა.
_ახლა ხომ ზაფხულია..._ჩაიბურდღუნა ნიკამ თავისთვის და ვივიენის შიშველ სხეულს თვალი გააყოლა.



  მას შემდეგ რაც ვივიენმა ნიკასთან ურთიერთობა დაიწყო,საოცრად შეიცვალა, თვალებში სიყვარულის ციცინათელები ჩაუსხდნენ და ერთთავად გაბრწყინებული დადიოდა. ხან ვივიენი საკუთარ თავს გამოიჭერდა ხოლმე,მარტო მყოფი,სულელივით რომ იღიმებოდა და სულ ეცინებოდა ამ ფაქტზე. "რა სულელი ვინმე ხარ,ვივიენ"_ამბობდა ხშირად თავისთვის,როცა სარკეში იხედებოდა და ცდილობდა უფრო და უფრო ლამაზი ყოფილიყო. ვივიენი აქამდეც ელეგანტურად გამოიყურებოდა,მაგრამ ახლა ნამდვილ თექვსმეტი წლის შეყვარებულ გოგოს დაემსგავსა,დილაობით ათას რამეს იცვამდა და იხდიდა,მერე ისევ იცვამდა და ისევ იხდიდა...."ნიკას ეს კაბა არ მოეწონება","ნიკა ამბობს რომ მწვანე ფერი მიხდება","ნიკას მოსწონს როცა ყელსაბამებს ვატარებ", "ნიკამ თქვა,რომ მე ყოველთვის ლამაზი ვარ"....ნიკა,ნიკა,ნიკა...მხოლოდ ნიკა უტრიალებდა ვივიენს თავში და მისი დანახვისას ყოველთვის ავიწყდებოდა ირგვლივ ყველაფერი,ეთიშებოდა დარჩენილ სამყაროს და ხდებოდა ნიკა. ნიკა თავისი ვარსკვლავებიანი შავი თვალებით,ნიკა სუსტი,მაგრამ ძალიან ძლიერი მხრებით,ნიკა,რომელიც არასდროს ლაპარაკობდა ბევრს,მხოლოდ ღიმილით უსმენდა ხოლმე ვივიენს და მიმიკებით გამოხატავდა ემოციებს. ვივიენი ფიქრობდა რომ,ნიკას ძალიან უხდებოდა ეს მიმიკები და ხშირად,როცა მის თვალებში თავის თავს ხედავდა,ბავშვივით შემოჰკრავდა ხოლმე ტაშს "ძალიან გიყვარვარ,ნიკა?" ხშირად ეკითხებოდა და პასუხის მოლოდინში ნიკას გაფართოვებული თვალებით შეჰყურებდა.
    ერთხელ ვივიენმა ძლივს ჩამოიცილა ჯაბა,რა არ მოიმიზეზა სამსახურიდან გამოსულმა,ხან უთხრა თავი მტკივაო,ხან სამეცადინო მაქვსო,ხან რა თქვა ვივიენმა და ხან რა,ბოლოს როგორც იყო გაისტუმრა და სიხარულით დაურეკა ნიკას, სახლში მისულმა სწრაფად მოამზადა ვახშამი,ნიკას საყვარელი სალათი გააკეთა,ღამის ნათურა ჩართო და დაელოდა. ნიკაც მალე მოვიდა,ხელში რაღაც ფერადი ქაღალდებით შეფუთული მოზრდილი კოლოფი ეჭირა
_საჩუქარი._შეჰკივლა ვივიენმა და სწრაფად გამოსტაცა ხელიდან. ვივიენს ბავშვობიდან ძალიან უყვარდა საჩუქრები,საჩუქრები,რომლებსაც არ მოელოდა,მაგრამ ამ საჩუქარმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა,ვივიენმა გახსნა კოლოფი თუ არა,იქიდან თეთრი კნუტი საოცარი სისწრაფით ამოხტა და სადღაც გაუჩინარდა,ვივიენმა იმხელა შეჰკივლა, ნიკას სიცილი აუვარდა და კარგა ხანს დასცინა ვივიენს. იმ ღამით ნიკა და ვივიენი ამ კნუტის მოშინაურებას შეუდგნენ,მაგრამ ორივე მათგანმა ხელებზე ნაკაწრების მეტი ვერაფერი მიიღო ამ საქმიდან.
      ვივიენმა მთელი გულით შეიყვარა ეს თეთრი გაბურძგნული კნუტი,როგორც შვილს ისე უვლიდა და ყველგან თან დაჰყავდა სადაც წავიდოდა,საოცარი სანახავი იყო ვივიენი,როცა კნუტით ხელში მიაბიჯებდა ქუჩებში. ვივიენმა კნუტს მერილინი დაარქვა. თავს ევლებოდა ამ არსებას, ყურებიც კი გაუხვრიტა და როცა ნიკამ მერილინი საყურეებით მორთული დაინახა,ამას კი აღარ ველოდიო,იმდენი იცინა ამაზე,ვივიენს ცოტა კიდევაც აწყენინა,მაგრამ მალევე გადაუარა,როცა დაინახა ნიკა თავისი ხელისგულიდან როგორ აჭმევდა კნუტს შოკოლადის კარაქს.
_შენ იცი როგორი ბიჭი ხარ,ნიკა?_თქვა ამ დროს ვივიენმა და ნიკას ყელზე ხელები შემოხვია.
_როგორი?_ჰკითხა ნიკამ და შოკოლადის კარაქი ცხვირზე წაუსვა ვივიენს.
_აი ფერადი..._ნიკამ მის შოკოლადით მოთხუპნულ ცხვირს აკოცა.
  ვივიენი ხშირად ახერხებდა ნიკას ნახვას,დღისით განსაკუთრებით,ჯაბას ატყუებდა უნივერსიტეტში მივდივარო,სინამდვილეში თავქუდმოგლეჯილი გარბოდა ხოლმე იმ სპორტულ კლუბში,სადაც ნიკა ფრემბურთს თამაშობდა. ვივიენი მიდიოდა მასთან,უყურებდა როგორ თამაშობდა ნიკა და ხან აზარტში შესული ისეთი ემოციებით ამხნევებდა შეყვარებულს,"რა სულელი ვინმე ვარო" გაიფიქრებდა ხოლმე თვითონვე. ნიკამ ვივიენი თავს მეგობრებს რომ გააცნო,ასე თქვა "გაიცანით ვივიენი,ჩემი შეყვარებული", ჰო არაფერი უთქვამს ნიკას განსაკუთრებული,მაგრამ ვივენს ხშირად ახსენდებოდა ეს ფრაზა და ისე უხაროდა, რამდენჯერმე დაბზრიალდებოდა ხოლმე სარკის წინ და იტყოდა "მე ვარ ნიკას შეყვარებული."
  ერთი ასეთი დღე იყო,ნიკა და ვივიენი ერთად მოაბიჯებდნენ ქუჩაში,ვივიენი გაუთავებლად ლაპარაკობდა რაღაცებს,ნიკა როგორც ყოველთვის უხმოდ მიჰყვებოდა,მაგრამ ვივიენს მაინც განსაკუთრებულად ჩაფიქრებული ეჩვენა ამ დღეს ნიკა.
_რა დაგემართა?_ჰკითხა და ინტერესით შეხედა ბიჭს.
_ადრე რომ მეუბნებოდი,იმ სამსახურიდან წამოვალო,წამოხვალ?
_წამოვალ.
_აბა რატომ არ მოდიხარ?
_იმიტომ რომ...ჯაბას თუ დავშორდები მე ისევ დედა ლეილასთან უნდა დავბრუნდე.
_არ უნდა დაბრუნდე.
_მე არსად არ მაქვს წასასვლელი,არავინ მყავს მამიდის გარდა,რომელმაც დიდი ხნის წინ მიმაბრძანა თავისი სახლიდან დედა ლეილასთან.
_მე გყავარ...
_ჰო მაგრამ,ნიკა...
_ვივიენ,_ნიკა გაჩერდა და თვალებში ჩახედა ვივიენს._ყველაფერი მოგვარებულია,ხვალ დილით გამოგივლი გიოს მანქანით და ჩემს მამაოსთან წავალთ,ჯვარს დაგვწერს.
_რაა?_ვივიენი ამას არ ელოდა, ყველაფერს, მაგრამ ამას არ ელოდა ვივიენი და ეგონა მომესმაო._რა თქვი,ნიკა?_იკითხა კიდევ ვივიენმა და დაბნეულ თვალებში ცრემლები გაუბრწყინდა.
  ნიკა უცბად მის წინ ცალ მუხლზე დაეშვა,ვივიენის მარჯვენა ხელი თავის ორივე ხელში მოიქცია და მთელს ხმაზე იყვირა
_ვივიენ,გამომყევი ცოლად... _შუა ქუჩაში იყვნენ,მათ ირგვლივ ხალხი,ძალიან ბევრი ხალხი ირეოდა,რამდენიმე ადამიანმა გაკვირვებულმა შეხედა წყვილს,ზოგი მათ მახლობლად გაჩერდა და ნიკასთან ერთად დაელოდა ვივიენის პასუხს... ვივიენს ასეთი რამე მხოლოდ ფილმებში ენახა,არა,ამ წამს ვივიენს არ ახსოვდა ასეთი რამე რომელ ფილმში ნახა,მაგრამ ბედნიერების ცრემლები ვერაფრით შეიკავა, ნიკას თავისი ხელი გამოსტაცა,მის წინ რამდენჯერმე შემობზრიალდა და ახლა თვითონ დაიყვირა მთელს ხმაზე "ნიკა,მე შენზე ვაფრენ..."

  იმ ღამით არაფრით არ დაეძინა ვივიენს,ნერვიულობდა, რამდენჯერმე აკრიფა ჯაბას ნომერი,უნდოდა ყველაფერი ეთქვა მისთვის და მშვიდად დაშორებოდა,მაგრამ ნიკამ მკაცრად გააფრთიილა,ამით მხოლოდ საქმეს გაართულებო და ვივიენმაც გადაწყვიტა ფეხებზე დაეკიდებინა ჯაბა. ეს კაცი არ უყვარდა,ზიზღსაც კი გვრიდა,მას ხომ ყოველთვის ისეთი სახე აქვს,როგორიცაა სიტყვა "მშია",ფიქრობდა ვივიენი და თავს იმშვიდებდა. ვივიენს ახლა მხოლოდ იმპულსებით შეეძლო ემოქმედა,დიდი გამჭრიახი გონება არც არასდროს ჰქონია,რომ ათასი მხრიდან შეეხედა ამა თუ იმ საკითხისთვის,ვივიენს ნიკა უყვარდა და ცოლად უნდა გაყოლოდა ხვალ...ხვალ,ხვალ,ხვალ ფიქრობდა ვივიენი... ალბათ ახლა დედა რომ ხედავდეს იამაყებდა თავის შვილით,ვივიენი ხომ თხოვდებოდა,თავის საყვარელ ნიკას მიჰყვებოდა ცოლად,ნიკა მსოფლიოში ყველაზე კარგი ბიჭი იყო,ასე ფიქრობდა ვივიენი და ყველა წამს კადრებივით იხსენებდა.
  გათენდა თუ არა დილა,ვივიენმა ღამით გამზადებული თეთრი კაბა ჩაიცვა,ქუსლიანი ფეხსაცმელი, მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა,შავი ხვეული თმა წელამდე სწვდებოდა, თავზე თეთრი შლაპა დაიფარა და საკუთარი თავი შეათვალიერა სარკეში..."საოცრება ხარ,ვივიენ" ასე ეტყოდა ნიკა რომ დაინახავდა,ნიკამ საერთოდ ასე იცოდა თქმა და ვივიენი გიჟდებოდა ამ სიტყვებზე.ნიკამ დაურეკა... მე და გიო მოვდივართ და თხუთმეტ წუთში დაბლა იყავიო უთხრა. ვივიენმა კიდევ რამდენჯერმე შეათვალიერა საკუთარი თავი სარკეში...დრო საოცრად ნელა გადიოდა... მერილინს დაავლო ხელი და მასთან ერთად დაიწყო ცეკვა საინფორმაციო გამოშვების მუსიკაზე...ესეც რომ მოსწყინდა,ბინის გასაღებს დაავლო ხელი,ის იყო ტელევიზორი უნდა გამოერთო ადგილზე გაშეშდა..." უბედური შემთხვევა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე,დიდი სიჩქარით მიმავალი BMW_ს ტიპის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა,დაშავებულია ორი ახალგაზრდა მამაკაცი,რომლებიც ამ დროისთვის რკინიგზის საავადმყოფოში გადაჰყავთ."_და ვივიენმა მკვეთრად დაინახა ნიკას უმოძრაო სხეული საკაცეზე. ერთი შეჰკივლა და იატაკზე გულწასული დაეცა.        გონს რომ მოვიდა ისევ იატაკზე იწვა, გვერდით მერილინი ეჯდა და კრუტუნებდა. ვივიენმა ტელეფონს დაავლო ხელი და ნიკასთან დარეკა,ტელეფონი გათიშული დახვდა, "რკინიგზის საავადმყოფო" გაახსენდა ვივიენს და გიჟივით გავარდა გარეთ. თავი უსკდებოდა,ყურებში რაღაც უცნაური შრიალი ესმოდა "ოღონდ ახლა გული არ წამივიდეს" ფიქრობდა ვივიენი და როცა ტაქსის მძღოლმა გაოცებით ჰკითხა_რატომ გაქვს,გოგონა ასეთი სახე,ცუდი ამბავი ხომ არ არისო, ვივიენმა ჯერ თვალები დახუჭა,მერე ფართოდ გაახილა და მთელს ხმაზე იყვირა
_მოკეტე და სწრაფად იარე...
    საავადმყოფოში სირბილით შევიდა, ნიკას რამდენიმე მეგობარი დაინახა,ფრემბურთის ჯგუფელები,მათკენ გაექანა
_ნიკა როგორაა?_შორიდანვე დაიყვირა ვივიენმა.
_ჯობია წახვიდე აქედან._უთხრა სანდრომ,ნიკას მეგობარმა ვივიენს. მისი სიტყვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია,მხოლოდ გამომეტყველებას აკვირდებოდა ვივიენი,უნდოდა გამომეტყველებით გამოეცნო,როგორ იყო ნიკა...
_როგორაა ნიკა?_ახლა ლამის იყვირა ვივიენმა.
_ნიკა აღარაა. ახლა გიოს გადარჩენას ცდილობენ._თქვა სანდრომ და ვივიენის გულწასული სხეული ხელებში ჩაუვარდა. 


      მას შემდეგ,რაც ნიკა მოკვდა,ვივიენისთვის ცხოვრებამ აზრი დაკრაგა, იწვა თავის საწოლში, გულზე მერილინი ეწვა და ნიკაზე მოგონებებით აგრძელებდა სიცოცხლეს. ძალიან გახდა და ერთთავად გაფითრდა. ჯაბას ძალიან ეშინოდა ამის გამო,რამდენჯერმე ექიმებიც მიუყვანა სახლში,მაგრამ როგორც კი ექიმს დაინახავდა,ვივიენი ისე იქცეოდა,როგორც ნამდვილი გიჟი... ერთ დღეს როცა ჯაბამ ჩვეულებრივ ექიმი მიუვყანა,ვივიენი მივარდა იმ თეთრხალათიან ქალს და სახე ჩამოკაწრა,თან მთელს ხმაზე გაჰკიოდა შენ მომიკალი ნიკაო... ამის შემდეგ ჯაბას აღარ მოუყვანია ექიმი,საღამოობით მიდიოდა ვივიენთან, ცოტა ღვინოს ასმევდა და თმაზე ეფერებოდა.
_ასე არ შეიძლება,საბრალო ვივიენ, მოკვდები ასე... მაინც რა დაგემართა? სიცოცხლით სავსე იყავი,ჩემო გოგო... _ამ და ამდაგვარ რამებს ეუბნებოდა ჯაბა ვივიენს და სახეზე შეწუხებული გამომეტყველება ჰქონდა.
  ვივიენს აღარ სძულდა ამ დროს ჯაბა,იწვა ჩუმად და მხოლოდ მერილინზე ფიქრობდა._ჯაბა, მე თუ მოვკვდები მერილინს ხომ მიხედავ?_ჰკითხა ერთხელ. ჯაბას მის სიტყვებზე ცრემლები მოადგა თვალებში და ვივიენი მხოლოდ ახლა მიხვდა,რომ ამ კაცს უყვარდა. არასდროს უფუიქრია ამაზე ვივიენს,არც სჭირდებოდა ამ კაცის სიყვარული,მაგრამ გულით შეეცოდა, შეეცოდა ჯაბა და არ მოვკვდებიო გაუღიმა.
_სულ ერთი ლუკმა,პატარა ვივიენ_ეუბნებოდა ჯაბა და თავისი ხელებით აჭმევდა კარაქიან პურს,თავისი ხელით ასმევდა გოგონას ჩაის,საბანს უსწორებდა და შუბლზე კოცნიდა...
  მაგრამ ვივიენი იწვა თავის საწოლში და გაფართოვებული თვალებით იყურებოდა სივრცეში... ჯაბა ვერ ხვდებოდა რა დაემართა ასე უცებ ვივიენს,მაგრამ რაკი გოგონა ხშირად ახსენებდა ნიკას,თითქმის ყველაფერს მიხვდა. მერე რაღაცებიც გაარკვია და მაშინ,როცა ვივიენმა კიდევ ერთხელ წამობოდა_მინდა მალე მოვკვდე,ნიკასთან წავიდეო,ჯაბამ თვალებში ჩახედა,მხრებში წაავლო ხელები გოგონას და ასეთი რამე უთხრა
_ადრე თუ გვიან მოკვდები,აქ არავინ დარჩენილა,არც ის შენი ნიკა დარჩებოდა აქ,არც მე დავრჩები და მითუმეტეს არც შენ. ღალატის მიუხედავად,იმის მიუხედავად რომ სულში ჩამაფურთხე,ვზივარ შენს გვერდით,გივლი,გპატრონობ,მინდა გამოკეთდე და დაუბრუნდე ცხოვრებას. ჯერ სულ ოცდაორი წლის ხარ. მეც დამიკარგავს საყვარელი ადამიანები, დაახლოებით შენხელა ვიყავი,პირველი შვილი ერთი წლის ასაკში რომ მომიკვდა,მაგრამ გავაგრძელე ცხოვრება,გესმის? უნდა აჯობო შენს თავს, შენ ხომ ძლიერი გოგო ხარ, ჩემო საბრალო ვივიენ...
        უკვირდა ვივიენს,ძალიან უკვირდა ჯაბას ასეთი შეცვლა. ან იქნებ ყოველთვის ასეთი იყო და ვივიენი ვერ ხედავდა ამას? არა,კარგად ახსოვს ვივიენს,როგორ ცინიკურად უყურებდა ხოლმე ეს კაცი,როცა ვივიენი ლაპარაკობდა, იქნებ ისეთი საცოდავია,რომ ეცოდება, ყველა ადამიანს აქვს რაღაც ადამიანური თვისებები...მაგრამ ვივიენს ღლიდა ჯაბაზე ფიქრი...ძალიან მალე ღლიდა. ტრიალდებოდა კედლის მხარეს და ცდილობდა ნიკა გაეცოცხლებინა. ნიკა...საოცარი ბიჭი იყო ნიკა...
  ერთი ასეთი დილა გათენდა,ვივიენს არ სძინებია იმ ღამით,ცდილობდა საწოლიდან ამდგარიყო,მაგრამ ძალიან სუსტად გრძნობდა თავს,შიშველი ფეხები დადგა იატაკზე,წამოიწია კიდეც,მაგრამ ისევ მოწყვეტილივით დავარდა საწოლზე...
  "ვკვდები" ჩაიჩურჩულა ვივიენმა და გაიღიმა.
  კარი გაიღო და ჯაბა შემოვიდა, ვივიენმა ნაძალადევად გაუღიმა და უხერხულად შეიშმუშნა
_ჯაბა..._ვივიენმა სხეულზე დაიხედა...ჯაბამ უხმოდ აიყვანა ხელში,საწოლში ჩააწვინა,პლედი დააფარა და შუბლზე აკოცა.
_შენთვის საჩუქარი მაქვს,პატარა ვივიენ..._ვივიენისთვის ახლა ყველაფერი სულ ერთი იყო და ჯაბასთვის ზედაც არ შეუხედავს,თავისთვის გაუკვირდა,რატომ არ მეშვება ეს კაციო... თვალები უმძიმდებოდა...ძილი მოუნდა. ის იყო ჩაიძინებდა კიდეც,ჯაბამ საძინებლის კარი გახსნა და ხმამაღლა თქვა
_აბა შემოდი.
კარში თომა იდგა. ოქროსფერი კულულებით და ცისფერ თვალებს სასაცილოდ აცეცებდა.

  მას შემდეგ რაც თომა ნახა, ვივიენმა ცოტა მოიკეთა, საჭმელზეც აღარ ამბობდა უარს და ლოგინიდანაც ადგა.
_ყოჩაღი გოგო ხარ,პატარა ვივიენ..._ ეუბნებოდა ხოლმე ჯაბა... ვივიენი ფიზიკურად კარგად გრძნობდა თავს,მაგრამ უფრო და უფრო იკეტებოდა საკუთარ თავში,უფრო და უფრო ნერვიული ხდებოდა და იმ მწვანე დამამშვიდებლებს დაუბრუნდა,კარგა ხანი რომ არ გაჰკარებია.ვივიენისთვის ყველაფერი სულ ერთი იყო, სულ ერთი იყო ჯაბას ლაპარაკი, დედა ლეილას ვიზიტები, სულ ერთი იყო ამინდებიც და ეზოში მოთამაშე ბავშვებიც,მხოლოდ ნერვებს უშლიდნენ...
  საღამოობით ადიოდა ხოლმე კორპუსის სახურავზე,უყურებდა განათებულ ქალაქს და ხელებს ფართოდ შლიდა,ისე, რომ მის სხეულს მიეღო ჯვრის ფორმა...
_ყველაფერი ისეა,როგორც მეკუთვნოდა..._ჩაილაპარაკებდა ხოლმე ვივიენი თავისთვის და მანძილს ზომავდა... თვითმკვლელობა იმ დღიდან აიჩემა,რაც ნიკა დაკარგა, ერთ დღეს მაჯებიც გადაისერა,მაგრამ მაშინ ჯაბამ გადაარჩინა, ახლაც ეტყობოდა მოყავისფრო ზოლები ხელებზე ვივიენს, ახლა იმდენად უაზროდ ეჩვენებოდა საკუთარი არსებობა, იმდენად ღლიდა საკუთარ თავს,რომ გამოსავალს სიკვდილში ხედავდა და სიკვდილზე ისეთი ნეტარებით ფიქრობდა,სიამოვნებისგან ტანში აჟრჟოლებდა...
  აი ახლაც ვივიენი სახურავზე დგას ხელებგაშლილი,სულ ერთი ნაბიჯია გადახტომამდე და ბოლოს მოუღებს ყველაფერს. მან ხომ ასეთი ფინალი დაიმსახურა.
_მასე ვერც ფრენას ისწავლი და ვერც მოკვდები._მოესმა ხმა ვივიენს.ხმამ იმდენად შეაშინა,მხრები აუკანკალდა.. შემობრუნდა, მის უკან უცნობი ადამიანი იდგა და ვივიენს ცინიკურად უღიმოდა.
_შენ რა ჯანდაბა გინდა?
_არაფერი, მინდა გიყურო როგორ იკლავ თავს._თქვა უცნობმა,მომწვანო ქურთუკი გაიხადა,დაბლა დააგდო და ზედ მოკალათდა.
_მითვალთვალებდი?_ვივიენს ძალიან მოუნდა ამ თავხედ ტიპს მივარდნოდა და სახე ჩამოეკაწრა.
_თითქმის.
_ეგ რას ნიშნავს?
_მე აი იმ კორპუსში ვცხოვრობ._ბიჭმა ხელი გაიშვირა._მეც მიყვარს ხოლმე საღამოობით სახურავზე ჯდომა და მოწევა,დალევაც მიყვარს სახურავზე,საერთოდ... დღეებია გაკვირდები, ამოდიხარ,დგები აქ და რომ მგონია გადახტები, უკან ბრუნდები, მაგარი მშიშარა ვინმე ხარ.
  ვივიენს გული მოუვიდა მის ლაპარაკზე და ხმამაღლა იკივლა
_წაეთრიე აქედან.
_არსად არ წავეთრევი._ბიჭმა სიგარეტს გაუკედა და ვივიენს კვლავ ცინიკურად გაუღიმა._აი ახლა კი ვეღარ მოითმინა ვივიენმა, უცნობს მივარდა,ხელიდან სიგარეტი გამოსტაცა, განზე მოისროლა და მუშტები დაუშინა...ბიჭი არ შეწინააღმდეგია,იჯდა თავისთვის და ელოდებოდა,როდის მორჩებოდა ამ ისტერიკას...
  ვივიენი დაიღალა,სახურავზე გაწვა და ტირილი დაიწყო... დიდხანს იტირა.
  უცნობი მის გვერდით იწვა, ახალი სიგარეტი ამოეღო და უკიდებდა.
_ნამდვილი შეშლილი ხარ, ჰომ გესმის._თქვა და ვივიენს სიგარეტი გაუწოდა.
_რა გქვია?_შენ რაც გინდა ის დამიძახე...
_ჰარი... ჰარის დაგარქმევ.._ჩაიჩურჩულა ვივიენმა და მხოლოდ ახლა შენიშნა ცა,რომელზე ვარსკვლავები მძივებივით დაკიდულიყვნენ

ჰარი არ იყო ჩვეულებრივი ბიჭი...ჰარის თვალის ფერი ხშირად განწყობებივთ ეცვლებოდა. ვივიენმა პირველად რომ ნახა ჰარი,მაშინ ეს შეუმჩნევლად დარჩა. მაშინ ვივიენს არც შეუხედავს ბიჭისთვის ნორმალურად.ჰარი ძალიან გამხდარი იყო,ვივიენზე ოდნავ მაღალი,მხრებში მოხრილი, ძალიან თხელი მაჯები ჰქონდა და მაჯებზე მკვეთრად ეტყობოდა ვენები. ვივიენს ჰარის ხელები ძალიან მოსწონდა, ჯდებოდა ხოლმე მის გვერდით,მაჯებს მოუსინჯავდა, თვალებს დახუჭავდა და სთხოვდა..._მიამბე ჰარი, მიამბე შენზე. ჰარი საინტერესო მოსაუბრე იყო,ათას ამბავს ყვებოდა საკუთარ თავზე,ვივიენს უკვირდა,ასე პატარამ,ამდენი როგორ და რანაირად მოასწროვო,მაგრამ არაფერს ეკითხებოდა,მოსწონდა ჰარის თავგადასავლების მოსმენა,ამ დროს ვივიენი იღიმებოდა და ხოლმე ავიწყდებოდა საკუთარი თავი.
ჰარი მწერალი იყო,ხშირად უყვებოდა ვივიენს თავისი ნაწერების შესახებ, იმ ნაწერებში ვივიენს ყოველთვის აშინებდა ჰარის პროტესტი.. .პროტესტი რომელიც სცილდებოდა ყოველგვარ საზღვრებს და ხოლმე იმდენად შორს მიდიოდა, ვივიენს არაფერი ესმოდა, მაგრამ მაინც გულით მოსწონდა ეს ყველაფერი.. .
_ჰარი,შენ ძალიან მშვიდი ხარ გარედან._თქვა ვივიენმა და მერამდენედ მოუსინჯა მაჯები. ჰარის ოდნავ გაეღიმა, თხელი ტუჩები მოიკვნიტა და საკუთარ წვერს დაუწყო წვალება.
_შენ არ ხარ მშვიდი._თავისთვის თქვა...
ვივიენს არ უნდოდა ჰარი შეყვარებოდა.ნიკას შემდეგ ეშინოდა სიყვარულის,ცდილობდა უბრალოდ დრო გაეყვანა, ცდილობდა დროში არ დაკარგულიყო და თავს აფარებდა ჰარის, ის ხომ ასე საშინელი ტიპი იყო, ხსირად დასცინოდა ვივიენს, ტუჩებში რომ აკოცა პირველად,ვივიენს გააჟრჟოლა,არ ელოდა ამას,მაგრამ უარი არ უთქვამს, თვითონ უფრო ვნებით დაუწყო ბიჭს კოცნა...მერე,როცა ჰარიმ მეტი მოინდომა,ხელიდან დაუსხლტა,იქვე სავარძელში ჩაჯდა და გაიცინა.. .გული ამოვარდნას ჰქონდა,სულ კანკალებდა,მაგრამ მაინც გაიცინა.
_რა შტერი ხარ,ვივიენ. _გულში ჩაიკრა ჰარიმ. ვივიენს იმ წამსვე გადაუარა შიშმა, მის მხარს დაეყრდნო და აცრემლებული სახე დამალა.
ნოემბერი იყო,ვივიენი და ჰარი ხელჩაკიდებული მიაბიჯებდნენ, ჰარის ვივიენის შავი შლაპა ეხურა თავზე,რაღაცას ღიღინებდა,ვივიენს მოსწონდა როცა ასე ღიღინებდა ჰარი.
_ყველაზე ლამაზი ხმა გაქვს,ჰარი.
ჰარიმ ირონიულად გაიღიმა და მათ წინ რომ ვიღაც გოგო მიდიოდა,იმაზე ანიშნა ვივიენს
_მისნაირი შარვალი არასდროს ჩაიცვა,ვივ.
_მე ბევრად ლამაზი ტანი მაქვს და ყველაფერი მიხდება. _ვივიენმა ჰარის ირონიული ღიმილი არ შეიმჩნია, ისე შევიდა მატარებლის ვაგონში და კუთხეში მდგარ სკამზე მოკალათდა. გვერდით ჰარი მიუჯდა,რაღაცებს იცინოდნენ ჰარი და ვივიენი მგზავრობისას, ხალხი ისე უყურებდა მათ,თითქოს უცხოპლანეტელები ყოფილიყვნენ.
_ასე რატომ გვიყურებენ,ჰარი?
_როგორ?
_რავიცი..
_დაიკიდე._ჰარიმ ისევ ღიღინი წამოიწყო.
_მე შენი სუნი მაქვს,ჰარი.
_მე შენი, ვივ.. .
'ბოლო გაჩერება' თქვა ქალის ხმამ და ვაგონის გათავისუფლება მოითხოვა.. .

ჰარი თავისთვის იჯდა სავარძელში და რაღაცას უკრავდა ვივიენის სიმებდაწყვეტილ გიტარაზე, თვალები ფარდაჩამოფარებული ფანჯრისთვის გაეშტერებინა, გადაღლილი სახე ჰქონდა,იფიქრებდი ფანჯარას კი არ უყურებს,რაღაც საუცხოო სანახაობას ხედავენ მისი თვალებიო,ისე დაჟინებით მისჩერებოდა ერთ წერტილს ჰარი.
  ვივიენმა ჩაი გააკეთა, მაგიდაზე დადგა ცხელი ფინჯნები და დამწვარი თითები ენით აილოკა
_ჰარი,ნახე თითები,სულ დამეწვა._ჰარიმ დაკვრა შეწყვიტა,ვივიენს ხელები დაუკოცნა და გაიღიმა
_სულ ნუ გამიკეთებდი,ამ ჩაის შტერო.
_ჰომ გიყვარს, ნელთბილი ჩაი.
_მალე გაცივდება?
_სულ მეალე._ვივიენმა გამხდარ წელზე ხელები შემოხვია ჰარის.
_იცი,მე ყოველთვის მეშინოდა ბედნიერების,ვივიენ, სინამდვილეში მომენტებით ვცხოვრობ, ფეხებზე მკიდია რა იქნება ხვალ,აი ახლა ვარ შენს გვერდით,შენი ჰაერით ვსუნთქავ, შენი გულისცემა მესმის, ხვალ რომც მოკვდე, ფეხებზე მკიდია,ვივიენ...ჰომ გესმის?
_არა._ვივიენმა თავი გადაიქნია,ხელები მოაცილა ჰარის და აბაზანაში შევიდა.
  ვივიენი  კარს ზურგით მიეყრდნო და ტირილი მოუნდა,საშინლად მოუნდა მთელს ხმაზე ეტირა,მაგრამ თვალები სიმშრალემ აუწვა.
_როგორ ვერ ვიტან...როგორ ვერ ვიტან...როგორ ვერ ვიტან..._იმეორებდა ვივიენი და სარკეში საკუთარ თავს უყურებდა, გრძელი შავი თმა ლამაზად ეფინა მხრებზე, როგორ უყვარდა ჰარის ამ თმასთან თამაში, დაუჯდებოდა ხოლმე ვივიენს გვერდით და გაუბლანდავდა თმაში ხელებს.
_დამაცადე შენ..._ვივიენმა თაროზე დიდი მაკრატელი მოძებნა, თმა წინ გადმოიყარა და ძირში მოიჭრა...ჯერ ძალიან ცოტა,მერე ნელ_ნელა მიყვა და თავი რომ ასწია, საკუთარ თავს სარკეში შეხედა სიცილი აუვარდა, ახლა ჰარისნაირად ჰქონდა თმა, ძალიან მოკლედ,მგონი ახლა ჰარიზე მოკლედაც კი ჰქონდა თმა.
  აბაზანიდან რომ გავიდა,ჰარი ისევ იმ გიტარას აჯღარუნებდა, მაგიდაზე იდო მისი ცივი ჩაი.
_ჰარი..._ჰარიმ ოდნავ ამოხედა და სახეზე ჩვეულებრივმა ცინიკურმა ღიმილმა გადაურბინა.
_ეს რა გიქნია?_ მის ხმაში ვივიენმა მაინც იგრძნო ცოტაოდენი გულისტკივილი და გამარჯვებულის ღიმილით შეხედა ბიჭს.
_შენ ხომ ფეხებზე გკიდია,ხვალ გინდაც მოვკვდე.
  ჰარი წამოდგა, ჩაი აიღო და იატაკზე დაასხა მთელი ფინჯანი, მერე ვივიენს მიუახლოვდა, თვალები ჩაუწითლდა, ვივიენს ერთი წამით მოეჩვენა რომ ტიროდა ჰარი.
_ჰარი..._ვივიენმა ხელები მოკიდა სახეზე,_არ მეჩხუბო,ჰარი,მალე გამეზრდება თმა...
_შენ ვერაფერს მიხვდი? საერთოდ ვერაფერს? მე შენზე ვგიჟდები, ვივიენ._ჰარიმ თმაში შეუცურა ხელი,მერე თვალები დახუჭა და თავისთვის თქვა_ასეც საშინლად ლამაზი ხარ,ვივიენ.
...........................................................................................................................
  იმ ღამით ვივიენი მარტო იყო,ჯაბა აღარ მოსულა, ბოლო დროს ჯაბა რაღაცას ეჭვობდა და ვივიენს ათას კითხვას აძლევდა, თანაც დაჟინებით სთხოვდა სამსახურში დაბრუნებას, რაზეც ვივიენი მტკიცე უარს აცხადებდა. ნიკას სიკვდილის შემდეგ აღარც დაწოლილა აღარასდროს მასთან...
_ახლა მაგის თავი არ მაქვს,ჯაბა._ეტყოდა ხოლმე ვივიენი და თავის ლამაზ მერილინს ცხვირს უკოცნიდა. მერილინი უცნაურად იბზუებდა კუდს ამ დროს და კმაყოფილი ნაბავდა თვალებს.
  ვივიენმა გულისრევა იგრძნო, ფანჯარა გამოაღო,სუფთა ჰაერი ღრმად შეისუნთქა, მაგრამ მაინც საშინლად ეხვეოდა თავბრუ...უეცრად მთელი სხეული დაუბუჟდა, საწოლზე მიწვა ისევ, სახეზე აიფარა ხელები...ჩემი მწვანე აბები_გაიფიქრა და წამოდგომა სცადა,მაგრამ ვერ შეძლო.
  დილაუთენია მოვიდა ჰარი, ვივიენს ბროწეული მოუტანა და თავისი ხელით დაიწყო გარჩევა.
_ჰარი, შვილი არ გინდა?_ვივიენი მუხლებზე დაუჯდა ჰარის და ბროწეული მუჭით ჩაიყარა პირში.
_ვერასდროს ვიტანდი ბავშვებს,საშინელი არსებები არიან.
_მე ორსულად ვარ..._ჰარი თვალებში ჩააშტერდა ვივიენს... გახლეჩილ ბროწეულს ისე მოუჭირა ხელი, წითელი წვენი მისი მაჯებიდან ვივიენის შიშველ ფეხებს ჩაუყვა, მუხლებთან დაიკლაკნა და გაუჩინარდა.



    ვივიენი კარზე გაბმულმა კაკუნმა გააღვიძა, ხალათი შემოიხვია და ფეხშიშველმა გაარო კარი. ვიღაც ლუჯქურთუკიანმა ბიჭმა გაყვითლებული ფურცელი შეაჩეჩა ხელში და ისე მალე გაუჩინარდა,ვივიენმა ნორმალურად თვალის შევლებაც ვერ მოასწრო.სავარძელში ჩაჯდა,ოთხად მოკეცილი ფურცელი გახსნა და გადაკითხა გაკრული ხელით დაწერილი რამდენიმე სიტყვა"ციხის ჰოსპიტალში ვარ, უკანასკნელ დღეებს ვითვლი, უკანასკნელად მინდა გნახო შვილო"_გულის რევა იგრძნო ვივიენმა, სასწრაფოდ შევარდა სააბაზანოში...პირზე ცივი წყალი შეისხა, გააჟრჟოლა.
  მას შემდეგ რაც დედა მოუკლა,აღარასდროს უფიქრია მამამისზე, ყოველთვის როცა მასზე რაიმე გაუელვებდა გონებაში "ნაგავი" იტყოდა ვივიენი და ცდილობდა თავიდან მოეშორებინა ეს კაცი, მისთვის ახლა მამა მკვდარი იყო, არც ერთხელ არ მისულა სანახავად ციხეში მასთან, არც არავისთვის უკითხავს მისი ამბავი. მხოლოდ ხანდახან, როცა დედის საფლავზე მივიდოდა ვივიენი, ჩამოჯდებოდა ხოლმე იქვე, დედის ლამაზ სახეს შესცქეროდა სურათში და ხმამაღლა ეკითხებოდა_დე,ასე ლამაზი,როგორ გაგიმეტა იმ ნაბიჭვარმა..._სულ ეს იყო, ამით შემოიფარგლებოდა, თუმცა გუში ყოველთვის უნდოდა თავისი ხელით მოეკლა მამა, უნდოდა ყველაფერი მიეხალა მისთვის, მთელი ბოღმა ამოენთხია, ძალიან უნდოდა.
    ჰოსპიტალი წამლების სუნით იყო გაჟღენთილი, თვალშისაცემი სიბინძურე გულს ურევდა ვივიენს_"აქ ჯანმრთელიც კი დაავადმყოფდება" გაიფიქრა თავისთვის და იმ თეთრხალათიან ქალს გაჰყვა,მამამისის პალატა რომ უნდა ეჩვენებინა.
  პატარა ოთახი იყო,ერთი ფანჯარა, ფანჯარაზე შინდისფერი ფარდა იყო ჩამოფარებული, საკმაოდ ბნელოდა. რკინის საწოლი ნაცრისფერ დაბზარულ კედლებთან იდგა, ვივიენი ახლოს მივიდა საწოლთან, ვერაფერი დაინახა, ფარდა გადაწია და ისევ მიუახლოვდა. საწოლში თეთრწვერა, დანაოჭებული კაცი იწვა,არაფერი ჰქონდა იმ კაცის,ვივიენს რომ ახსოვდა, ვივიენი უკან აპირებდა გამობრუნებას,მოხუცმა თვალები გაახილა...ვივიენი ადგილზე გაშეშდა,მის მწვანე თვალებში საკუთარი თვალები იცნო... ერთი შეჰკივლა და იქვე მდგარ რკინის სკამზე მოწყვეტით დაეშვა.
_ვივიენ._სუსტი ხმით წარმოსთქვა კაცმა ვივიენის სახელი, აღარც ხმა, ამ ხმაშიც აღარაფერი იყო ძველებრური და ვივიენს გაახსენდა ის საღამო,მთელს ხმაზე რომ გაჰკიოდა ეს კაცი "დედაშენი ბოზია,საბრალო ვივიენ" მაშინ შავი თმა ჰქონდა მამას, ძალიან მაღალი იყო და ცინიკურად იღიმებოდა, აღარაფერი, სულ აღარაფერი ჰქონდა ამ კაცს ვივიენის მოგონებებში ჩარჩენილი მამის....
_რა ლამაზი ხარ, ჩემო გოგონა._ისევ თქვა კაცმა და ვივიენისკენ ხელი გაიწოდა.
ვივიენი წამოდგა, ახლოს მივიდა მასთან,საწოლზე ჩამოუჯდა და თვალებში ჩააშტერდა
_რა დაგემართა?_აკანკალებული ხმით ჰკითხა.
_მეგონა შენს უნახავად მოვკვდებოდი._კაცმა ვივიენის ხელი აიღო და ტუჩებთან მიიტანა. ვივიენი სასწრაფოდ წამოხტა და მოშორებით დადგა.
_როგორ ხარ, შვილო, რა ლამაზი ხარ..._ვივიენმა ცინიკურად გაიღიმა მამის ნათქვამზე.
_ლამაზი ვარ მამაჩემო? ძალიან ლამაზი ვარ, არა? გაინტერესებს როგორ ვარ? ყველაფერს მოგიყვები. აი ამ ფეხსაცმელებს შეხედე_ვივიენმა ფეხებზე დაიხედა_მთელს ქალაქში მხოლოდ მე მაცვია ასეთი, წარმოგიდგენია? აი ეს კაბაც_ვივიენი რამდენჯერმე შემობზრიალდა_აი ეს კაბა,გუშინ ჩამომივიდა საფრანგეთიდან...ქუდი_ვივიენმა შავი უზარმაზარი შლაპა მოიხადა და შეათვალიერა_ეს ქუდი მთელი ეს ჰოსპიტალი რომ გაყიდო,მაინც ვერ იყიდი... ანუ ფანტასტიურად ვარ. უკეთესს ვერც ინატრებდი ჩემთვის._ვივიენმა ხმამაღლა გადაიხარხარა._ჰო მართლა მე ჩვეულებრივი ბოზი ვარ,წარმოგიდგენია? არ გინდა მომკლა დედაჩემივით? შენი ხელებით არ გინდა მომკლა, მამაჩემო? მაგრამ რომც გინდოდეს ახლა ხელსაც ვერ გაანძრევ, რას იზამ, უნდა შეეგუო ბოზ შვილს. იცი რას გეტყვი, მაინც გაგიმართლა, ქუჩა_ქუჩა არ დავდივარ და კლიენტებს არ ვეძებ, ჩემს პროფესიაში წარმატებული აღმოვჩნდი, გენებით გამომყვა ალბათ. მხოლოდ ერთ კაცს ვაძლევ ფულის გულისთვის,ხან არც ვაძლევ ხოლმე, როგორც მომინდება, ესაც დიდი წარმატებაა,უნდა ამაყობდე შენი საბრალო ვივიენით. უნდა ამაყობდე გესმის? _ვივიენი უცებ დაცხრა,გაჩუმდა. მამის ცრემლიან თვალებს ჩახედა.
_რა გატირებს? გეცოდები ხო? შენ არაფერს გაბრალებ, შენ საერთოდ არაფერს არ გაბრალებ, შენ შენი წილი ცოდვა გაქვს, ჩემი ცოდვები ჩემია, ამაზე ნუ ღელავ._ვივიენმა ქაღალდის ცხვირსახოცი ამოიღო ჩანთიდან და უპეებთან ჩაგუბებული ცრემლები მოწმინდა მამას.
_ორსულად ვარ._მუცელზე დაიხედა._ბავშვის მამასთან გადავდივარ  საცხოვრებლად... დაწყნარდი. მშვიდად მოკვდი.
_ვივიენ, მე დედაშენი მიყვარდა..._კაცმა თვალები დახუჭა_დავიღალე._თვალდახუჭული იწვა ცოტახანს. მერე ისევ გაახილა, ვივიენს მიაშტერდა
_ერთი მაკცოცნინე, ჩემო ლამაზო გოგო.
ვივიენი დაიხარა, თვალები დაუკოცნა მამას,მისი სუნი იგრძნო, სუნი არ შეცვლილა,ისევ ისეთი სუნი ჰქონდა...
_მამა....
კაცს თვალები ჰქონდა დახუჭული... აღარ სუნთქავდა.



ჰარის დიდი აღფრთოვანება არ გამოუხატავს ვივიენის ორსულობის გამო, უცნაურად დაუწყო ვივიენს მუცელზე ყურება.. იჯდა და იღიმებოდა.
_იცი, ვერ გამიგია გეწყინა თუ გაგიხარდა._თქვა ვივიენმა და ჰარის ცხვირზე აკოცა.
ჰარი ცოტა ხანს ჩუმად იყო,თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა და ვერ გადაეწყვიტა უნდა ეთქვა თუ არა, სახეზე მსუბუქი ირონია გამოესახა.
_მითხარი,ჰარი.._ ვივიენი თვალებში ჩააშტერდა ჰარის, ჰარის ამ დროს ჭაობისფერი ჰქონდა თვალები, იმაზე მეტად სევდიანი,ვიდრე ოდესმე ენახა ვივიენს.
_ვივიენ...მოდი არ გინდა ეგ ბავშვი, გაიკეთე აბორტი. გაწვალდები. შენ ვერ შეეგუები ჩემთან ერთად ბინძურ სოროში ცხოვრებას, შენ კარგ ყოფას ხარ მიჩვეული, კარგ ჩაცმას, ყოველ დღე ახალ_ახალ სადილებს. ჩემზე კარგად იცი, რომ რამდენიმე დღეში მოგბეზრდება მევალეების გაუთავებელი სიარული სახლში, მოგბეზრდება და ისევ ასეთ ცხოვრებაზე დაიწყებ ოცნებას,როგორიც ახლა გაქვს. გაიკეთე აბორტი და დარჩი შენს ჯაბასთან...მე არაფერი მაქვს, არც მექნება არასდროს არაფერი, არ ვაპირებ ცხოვრების შეცვლას, მე ასეთი ვარ, ვივიენ, მე ფეხებზე მკიდია ყველაფერი...
ვივიენმა ორივე ხელი აიფარა სახეზე და ატირდა, ასე მტირალი არასდროს უნახავს ის ჰარის, ხშირად ტიროდა ხოლმე ვივიენი, ყველა წყენაზე თვალებში ცრემლები უდგებოდა, მაგრამ ახლა... გული დაუმძიმდა ჰარის. წამოვარდა, წიხლი ჰკრა იქვე მდგარ სკამს...
_ასე,ვივიენ, დღესვე გადმოდი ჩემთან, აი ახლავე, ჩაიცვი და წამოდი._ვივიენმა უცებ შეწყვიტა ტირილი, ჰარის თვალებში ჩახედა.
_მართლა,ჰარი? მართლა?_ჰარიმ ჩვეულებრივ ირონიულად გაიღიმა
_ჰო,ვივიენ.
ვივიენი რამდენჯერმე შემობზრიალდა და ჰარის კისერზე ჩამოეკიდა.
.........................................................................................................
  ვივიენი ნივთებს ალაგებდა უზარმაზარ ჩემოდანში, ჯაბა რომ მოვიდა, ჯაბა ნასვამი იყო, ვივიენმა სასმლის სუნი იგრძნო და აბაზანაში გაიქცა. გული ერეოდა.
  აბაზანიდან რომ გამოვიდა იქვე დახვდა ჯაბა, სავარძელში მოკალათებული, ხელში ტელევიზორის პულტი ეჭირა და ერთი არხიდან მეორეზე გაუთავებლად რთავდა, ისე,რომ არც უყურებდა არაფერს. ვივიენი დასჯილი ბავშვივით დადგა ოთახის შუაგულში.
_ჯაბა, მივდივარ ამ სახლიდან._ჯაბას წარბიც არ შეუხრია, ისევ გადადიოდა ერთმანეთის მიყოლებით არხიდან არხზე.
_შენი მადლობელი ვარ, ჯაბა, შენ ყველაფერი გააკეთე ჩემთვის რომ კარგად ვყოფილიყავი, შენ მე ბევრი რამე მასწავლე...იმაზე მეტი ვიდრე წარმოგიდგენია. მაგრამ უნდა წავიდე..._ვივიენი საკუთარ ხელებს დაჰყურებდა და ისევ განაგრძობდა._შენ ცოლი გყავს, შვილებიც, შენ უჩემობას ვერც იგრძნობ, მე....
_რა შენ...მთელს ხმაზე იღრიალა ჯაბამ და პულტი კედელს მიანარცხა... ვივიენი მთელი სხეულით შეხტა._შენ მე დებილი გგონივარ? გგონია არ ვიცი, ბოზი რომ ხარ? საცოდავი ბოზი... საწყალი საცოდავი ბოზი ხარ. შენ გგონია მე რამეს გამომაპარებდი? ჩემი ფულით იგულავებდი და მომისვრიდი? რა საცოდავი ხარ,ვივიენ. საბრალო.
  ვივიენს ყელში ბურთი გაეჩხირა, გაახსენდა ამ კაცის მზერა, სულ პირველად რომ ნახა, თავისი საცოდავი თავი გაახსენდა მაშინ, სიმღერას რომ ცდილობდა და მოგუდული ბგერების მეტი არაფერი ამოუვიდა პირიდან... "თქვენ გგონიათ ხალხი ყრუა?" მე არ ვარ ბოროტი, მე ძალიან კეთილი კაციც ვარ", "იმუშავებ დამლაგებლად?", "შენნაირი ლამაზი არავინაა,როცა ტირი", "მარჯვენა ხელი"..._ ახსენდებოდა ვივიენს ჯაბას სიტყვები და სახეზე უფრო და უფრო ფითრდებოდა, მერე მთელი გამბედაობა მოიკრიბა,სხეული მთლიანად დაჭიმული ჰქონდა ვივიენს, კატასავით ბასრი გაუხდა გამოხედვა...
_საცოდავი შენ ხარ, ჯაბა. ჩემზე უფრო საწყალი და საცოდავი ხარ, რა გეგონა შენნაირი ტიპი მეყვარებოდა? სარკეში არასდროს ჩაგიხედავს? ისეთი სახე გაქვს, როგორიცაა სიტყვა "მშია", ყოველთვის როცა შენთან ვწვებოდი, გული მერეოდა შენზე, ყოველთვის საშინლად მეზიზღებოდი..._ვივიენს კიდევ ბევრი რამის თქმა უნდოდა,მთელს ხმაზე გაჰკიოდა,მაგრამ უცებ რაღაც მძიმე მოხვდა სახეში, თვალებში დაუბნელდა, იატაკზე დაეცა... მერე მსუბუქი ტკივილი იგრძნო მუცელში,მთელი სხეული აეწვა, მუცელზე აიფარა ხელები, თვალები ოდნავ გაახილა, ჯაბა ედგა თავზე, წიხლებს ურტყამდა.. "ბავშვი" ვივიენმა გაიფიქრა და წამოდგომა სცადა, მაგრამ კიდევ ერთი მძიმე დარტყმა იგრძნო,იატაკზე დაეცა...
_ბავშვი,შე პირუტყვო, ბავშვი არ მომიკლა._ვივიენმა ძლივს,ჩურჩულით თქვა ეს სიტყვები...ჯაბა ერთ წამს გაჩერდა, ზიზღით დააშტერდა ზემოდან ვივიენს...
ვივიენი წამოხტა, სამზარეულოში გავარდა, დანა აიღო ხელში,კედელს მიეყრდნო....მთელი სხეული დაბუჟებული ჰქონდა, გახეთქილი ტუჩებიდან წამოსული სისხლით, თეთრი იატაკი იწინწკლებოდა. კედელს გაუყვა, ჯაბას მიაშტერა მწვანე თვალები.
_წადი აქედან, თორემ მოგკლავ..._დანას მაგრად უჭერდა ხელს.
კაცმა გადაიხარხარა, ვივიენს მიუახლოვდა,ხელიდან გამოგლიჯა დანა და რამდენჯერმე გაუყარა მუცელში.
_ფუ, ბოზი._გადაიფურთხა, ვივიენის სხეულს გადააბიჯა და კარი გაიჯახუნა.
  მერილინი ვივიენის თავთან იჯდა და სისხლის გუბეს ადევნებდა თვალს, რომელიც თანდათან იზრდებოდა.




საღამო...სოფლის ხის სახლი,იატაკის გარდა კედლებიც რომ ჭრიალებს.
შეშის ღუმელთან ზის ვივიენი, მუხლებზე წიგნი უდევს და კითხულობს.დროდადრო ფანჯარაში იხედება...
თოვს. მსხვილი ფანტელები ცვივა...სითეთრე ისეთი მკვეთია,ვივიენს თვალებს ჭრის.ყოველთვის უყვარდა თოვლი.
"თოვლი რომ თბილი ყოფილიყო"_ფიქრობს ვივიენი და მზერა ღუმელზე შემომდგარ ჩაიდანზე გადააქვს....
შშშშშშშშშშშშშ.... ჩაიდანი ნარინჯისფერია, თეთრი კოპლებით და აქა_იქ გადაცვეთილი საღებავი,სულაც არ ხდის უსიამოვნო შესახედს.
კარი ჭრიალით იღება. ჰარი...
ჰარის თოვლით გადათეთრებული მხრები აქვს...თმაც.
ჰარი ამოკეცილი სვიტერიდან ხის მაგიდაზე ახვავებს კენკრას.
ვივიენთან მიდის და შუბლზე კოცნის.
ვივიენი იღიმება.ჰარი გიჟდება ვივიენზე,როცა იღიმის.
ჰარი ერთ დიდ ფინჯანს დგავს მაგიდაზე,ფინჯანში მუჭით ყრის კენკრის მარცვლებს, მერე სვიტერის სახელოს წინ იწევს, ისე,რომ ხელის მტევანი დაუფაროს,იღებს ჩაიდანს და მდუღარე წყალს ასხამს ფინჯანში.
_ძალიან ცივა,გარეთ?_ვივიენი თვალს არ აშორებს ჰარის თმას,რომელზეც თოვლის ფანტელები წვეთებად იქცნენ და მკრთალ შუქზე მძივებივით ბრწყინავენ.
_ძალიან._ჰარი ღუმელს ცეცხლს უმატებს, ვივიენთან მიდის, იატაკზე ჯდება და ზურგით ვივიენის მუხლებს ეყრდნობა.
ჰარის ხელში კენკრისარომატიანი ჩაი უჭირავს, ტუჩებით სინჯავს, თუ გაცივდაო.ერთ ყლუპს თვითონ სვამს, მეორეს ვივიენს ასმევს თავის ხელით.
ვივიენი თმაზე ეფერება ჰარის და იღიმის.
ჰარი რომელიღაც თავის საყვარელ სიმღერას ღიღინებს.
_ვივიენ,წამო თოვლში...
ვივიენი გაკვირვებული უყურებს ჰარის.
_წამო რა,ვივიენ...
ჰარი დგება,ვივიენს ხელში იყვანს,დამსუბუქებული ეტლი ხის იატაკზე უკან გორდება და მაგიდას ხმაურით ეჯახება.
ჰარი ვივიენს საწოლზე აწვენს,ლოგინზე გადაფარებულ პლედში ისე ახვევს, თითქოს პატარა ბავშვი იყოს და ასე იყვანს ხელში.
ვივიენს პლედიდან მხოლოდ ცხვირი და თვალები მოუჩანს.
ბარდნის.
ჰარი და ვივიენი თეთრ თოვლზე წვანან,დიდი ფანტელები უთეთრებთ სხეულებს.
არ ცივა...
_ჰარი, მე ყოველთვის ვოცნებობდი თოვლი ყოფილიყო თბილი...ოცნებები სრულდება, ჰარი.
ჰარი იღიმის.ვივიენს თოვლით გადათეთრებულ სახეს ტუჩებით უორთქლავს და ისევ რომელიღაც სიმღერას ღიღინებს.




                       

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები