ნაწარმოებები



ავტორი: კომედიანტი
ჟანრი: პოეზია
2 იანვარი, 2015


უშენო დრო ...

შენ უფლის მხევალი მე, შენი მეზღაპრე შახრაზად
ახლა მანდ ღამეა და სხივი აკლიათ მაგ თვალებს...
საათის ისრები თორმეტსაც ათასჯერ გადასცდა
და ათასმეერთე, ჩვენ მაინც ვერასდროს დავთვალეთ.

უშენო დრო, ალბათ ყოველთვის უდრიდა გაძლებას,
ხომ არ სჯობს რაც გვქონდა ძველი რომ დავტოვოთ ისევე...
და ვიდრე  ზამთარი თვალსა და ხელს შუა გაძვრება,
მე, ზღაპრებს გიამბობ და შენ კი უბრალოდ მისმინე:

არვიცი, თოვდა თუ წვიმიანს მოჰგავდა ამინდი,
ქალაქში ჯერ კიდევ ძველი წლის განწყობა სუფევდა...
ცა იყო სხვებივით ყალბი და ჩვენსავით ნამდვილი,
ფანჯრებმა ჩაყლაპეს ჩრდილები რაც დარჩა სულ ერთად.

ხალხი კი ახლოდან არაფრით არ გავდა მოგონილს,
არა და შორიდან მშიერიც მაძღარი ეგონათ...
ახლა აქ ვამთავრებ და რადგან დაგღალე მემგონი,
ნურავის ეტყვი, რომ პოეტი არ ვარგა მეგობრად.

შენ უფლის მორჩილი მე ალბათ თავხედი შახრაზად,
მოდი ის ვიკმაროთ, რაც ღმერთმა გვიბოძა ამჯერად...
მე, ზღაპარს ვყვები და ტყუილიც ნაღდია ხანდახან
და ჩემი სიმართლე რატომღაც არავის არ სჯერა.

შენ, უფლის მხევალი მე, შენი მეზღაპრე შახრაზად
და ასე უბრალოდ დუმილის სიმძაფრით ვმთავრდებით!
მე, როგორც არასდროს შენ ისე მიყვარხარ ახლა და
შენ ,როგორც ყოველთვის, ორი მზე გინთია  თვალებით....





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები