ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
30 აპრილი, 2008


თავი 2. წერილი ("მაგდა")

31 ივლისის დილა თენდებოდა.
ალიონზე გაეღვიძა მაგდას. კარგა ხანს ლოგინში იწრიალა. საათს გახედა, - 6 საათი სრულდებოდა.  წამოდგა და ღამისპერანგის ამარა გავიდა აივანზე. ღრმად ჩაისუნთქა ზაფხულის დილის ჯერ კიდევ სუფთა და საოცრად გრილი ჰაერი.
"რა სასიამოვნო ყოფილა დილით ადრე გაღვიძებაო" - გაიფიქრა მაგდამ, ოთახში შებრუნდა, ტანთ ჩაიცვა, ხელ-პირი დაიბანა და კვლავ აივანზე გავიდა.

იმ დღეს მაგდა და დედამისი, ნინო, დასასვენებლად მიდიოდნენ. მათი თვითმფრინავი 12 საათზე მიფრინავდა. მაგდა უკვე წუთებს ითვლიდა, როდის მოცილდებოდა თბილისის სიცხეს.
უცებ მათი სახლის წინ მანქანა გაჩერდა. "ფოსტა" - წაიკითხა მაგდამ ფანჯარაზე გაკრული წარწერა.
"თურმე რა ადრე მოაქვთ ჟურნალ-გაზეთებიო?!" - გაუკვირდა.
მაგდამ კიბე ჩაირბინა და ფოსტალიონს ხელზე გამოართვა გაზეთები. ფოსტალიონმა წერილიც მიაწოდა, რომელზეც გარკვევით ეწერა "მაგდა გელოვანს"... უკან დასაბრუნებელი მისამართის ადგილას ერთადერთი სიტყვა ეწერა: "თბილისი"...

ოთახში დაბრუნებისთანავე გახსნა წერილი და კითხვა დაიწყო:
"ჩემო მაგდა!... "
მაგდა ნაწერს დააკვირდა, მაგრამ ხელწერა არ ეცნო.

"ჩემო მაგდა!...
აქამდეც მინდოდა, გამემხილა ერთი პატარა საიდუმლო, რომელსაც მთელი წელია გულით ვატარებ, მაგრამ დღემდე ვერ გავბედე. რატომ? იმიტომ რომ მეშინია შენი დაკარგვის... მაგრამ, სათქმელი უნდა ითქვას!
მაგდა, მე შენ მიყვარხარ და ჩვენი მეგობრობაც მხოლოდ ამ სიყვარულის საფარია და მეტი არაფერი! მე არ გეტყვი, ვინ ვარ, რადგან მეშინია, რომ ვერ გამიგებ და ხელს მკრავ, ხელს კრავ ჩემს სიყვარულს... მე კი შენს გარეშე სიცოცხლე ვერ წარმომიდგენია.
დე, შენმა გულმა, კეთილმა, მართალმა და სათნო გულმა თავად ამომიცნოს, დაინახოს, იგრძნოს ჩემი სიყვარული შენდამი. ხომ გაგიგონია, "თვალმა თვალი იცნო, გულმა გული იგრძნოო?!"
არ გაგეცინოს და, ზურიკელა ვაშალომიძესავით, ლექსი დავწერე. მე პოეტი არა ვარ და არც ვიბრალებ პოეტობას... შეიძლება ეს ლექსი პირველი და უკანასკნელი იყოს ჩემთვის, ამიტომ შეუნდე ამ ლექსს, თუ მსოფლიო შედევრებს არ უტოლდება... ეს ლექსი შენ გეკუთვნის მხოლოდ, ჩემო მაგდა.

ო, სიყვარულო!... სიყვარულით ტანჯულო სულო!...
სათუთი გრძნობით შეპყრობილო ტურფა ასულო,
შენ, სიყვარულის ტკბილ მორევში გადავარდნილო,
ბედნიერებით იალბუზზე მაღლა ასულო,

შენ გიძღვნი ამ ლექსს!
სულ გახსოვდე ადამიანი,
ვინც უმღეროდა შენს სულისთქმას, შენს ბაგეს გაშლილს,
შენს ლამაზ თვალებს, ცისფერ თვალებს, ო, ზღვისფერ თვალებს,
ვინც სიყვარულით გისწორებდა კულულს ჩამოშლილს...

ვისაც სალოცავ ხატად ჰყავდი გადაქცეული,
რომელიც ყოველ შენს წარმოთქმულ სიტყვაზე ღელავს,
რომელიც ცოცხლობს მხოლოდ შენი სიყვარულისთვის,
სიყვარულისგან ვისი გულიც იწვება ნელა.
                                            29 ივლისი."

მაგდამ ნელა გაკეცა წერილი... კვლავ გაშალა და თავიდან წაიკითხა.
"და ჩვენი მეგობრობაც მხოლოდ ამ სიყვარულის საფარია და მეტი არაფერი!..." ეს სიტყვები ცხელი ლავასავით დაიძრა გულისკენ.… გზადაგზა ყველაფერს წვავდა: ტვინს, ენას, ხახას... მაგდამ ნერწყვი ძლივს გადაყლაპა.

უცებ დათო წარმოუდგა თვალწინ, გაახსენდა, ფანჯრის რაფაზე რომ შემოსვა და ყურში რომ ჩასჩურჩულა: "მე ერთი გოგონა მიყვარს, ოღონდ ჯერ ვერ გეტყვი, ვინ არის იგი... სხვა დროს იყოს, სხვა დროს, ჩემო მაგდა!"

"ჩემო მაგდა!..." რა თბილ-ტკბილად ჩაეღვარა გულში ეს ორი პატარა სიტყვა!... მაგდას თვალწინ დაუდგა დათოს ამაყი გამოხედვა და, ერთდროულად, თვალის კუთხეებში მიმალული ფარული სევდა... ო, როგორ უყვარდა მაგდას ეს ამაყი თაფლისფერი თვალები, რომლებიც მხოლოდ მასთან, მაგდასთან საუბრისას ივსებოდნენ მზითა და ღიმილით...

"ნუთუ დათოსაც ვუყვარვარ?" - და მაგდამ თავისი თავი დაიჭირა იმაზე, რომ მას წამოსცდა "დათოსაცო"...

"მაგდა, შენ დათო გიყვარს?! ნუთუ შენთვისაც სიყვარულის საფარია თქვენი მეგობრობა?  ნუთუ ასეთია, საერთოდ, სიყვარული?"

ზედიზედ დაუსვა კითხვები საკუთარ თავს, მაგრამ პასუხი ვერცერთს გასცა... მხოლოდ გული შეეკუმშა რაღაც სასიამოვნო ტკივილით.

მაგდამ სათუთად დაკეცა ძვირფასი საჩუქარი და ფრთხილად შეინახა საწერი მაგიდის უჯრის შორეულ კუთხეში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს