ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ონისე_ოკ
ჟანრი: პოეზია
7 იანვარი, 2015


მღვრიე თვალებით დანგრეული უიმედო იმედი

სანთლით შემოვიდა დედა - სევდით,
უიმედო იმედით მომღიმარი,
სურს ისევ აღვნიშნო შობა მისი
ვინც, როგორც ამბობენ,
ჩვენთვის ჯვარს ეკრა,
ყველას შეუნდო,
ვინც მამამ მიატოვა,
მამამ ყოვლისშემძლემ.
ათი ათასი წლის შემდეგაც
ვერ შევძლებთ გავიგოთ,
ქრისტეს შეძახილი,
ეკლის გვირგვინიდან ჩამომავალი გამხმარი სისხლით გამშრალი ბაგეებიდან ამონახეთქი:
,,მამაო, მამაო, რატომ მიმატოვე მე?!"
გავუგებთ ჰამლეტს, შევიგრძნობთ ბოდლერს,
გალაკტიონის ანგელოსმწვიმარ სხივებსაც ვითოვთ,
მაგრამ,
ქრისტეს შეძახილს ვერ მოვერევით,
ვერასდროს! ვერგზით!
ახსოვს დედას,
თბილად ჩაფუთნული,
ფეხები რომ მეღლებოდა გალობის სმენით,
იქ,
უკვე შორეულ ფრესკებიან და
პასუხგაუცემელ ვედრებათა იმედიან სასახლეში.
ო, დედაჩემო, მაპატიე!
მე ხომ შენი ხათრით ისევ დავანთე თაფლის სანთელი,
მაგრამ ვიცი, მჯერა და ვიცი,
ლოცვისას შენი თვალი ისევ ჩემკენ მოიმართა -
მალვით, შიშით, იმედით...
და ეს იმედი ისევ დაგინგრიე მღვრიე თვალებით,
სევდით იმ თვალებისა,
რომელიც ღმერთს ვეღარ სთხოვს ამ სევდის ჩაკვლას...
იმ უსხივობით, - რაც მაშინ, ადრე,
შენი სიყვარულით ჩაფუთნულს, ლოყებწითლიანს -
შენს ტანჯვანანახ უსხივობას ასხივებდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები