ჩემო მეგობარო, გზებმა რა ხანია ჩამიარეს, თვალი გავაყოლე უჩემოდ მიმავალ ბილიკებსაც, დრო რითი მოარჩენს ამგვარ უთავბოლო ნაიარევს, სულს რაღა უშველის, გულზე რომ ტკივილი მიიკემსა.
ჩემო მეგობარო, ალბათ ხსნა იყო და ხსნაც არ იყო ბავშვობის ნატვრებით შეკოწიწებული იმედები, ცეცხლი რა ცეცხლია, თუკი შემორჩება ნაცარიღა, ან რა მირაჟია, რეალობისთვის თუ გაიმეტებ.
ჩემო მეგობარო, ახლა რომ ვუყურებ, მართალი ხარ, იქნებ, სჯობს კიდევაც დაღლა ძიებებით, მანძილებით, ღმერთმაც მოინდომა, განა ადამიანს ჰგავდა თიხა გამოძერწვამდე და სულის შთაბერვამდე... ამ მცირედი
სტრიქონებით მინდა საშენოდ სათქმელი სითბო გიძღვნა, ალვის კენწეროზე კენტად შერჩენილი ფოთოლივით, ქარი მემუქრება, მაინც გამოვატან სიშორიდან იმდენ ემოციას, ყველას რომ ეგონოს მოგონილი.
მე ხმელეთზე ვდგავარ, ასე ზეცასგამოკიდებული, სტროფებს ვიმეორებ სულში სანუგეშოდ, ლოცვასავით, გიმხელ აღმაფრენის ანდა მთლად გაფრენის ძლიერ სურვილს, მარტო ფიქრად დავრჩი, სხვა ვერც ვერაფერი მოვასწარი.
ისე ჩამიქროლეს გზებმა, ბილიკებიც ისე მიყვნენ, მზერა დავაწიე მხოლოდ ოცნებათა ნაცნობ ფერებს, ჩემო მეგობარო, სევდა შემოაწვა ახლა სიტყვებს, უნდა წამიშალოს მგონი ყველაფერი, რაც მოგწერე,
მხოლოდ თვითონ დარჩეს - სხეულში, ბგერებში, მომავალში... ჩემო მეგობარო!
08/01/15
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|