ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან ფხაკაძე
ჟანრი: პოეზია
15 იანვარი, 2015


ღრუბლები, ღრუბლები მოდიან, დაიკო

ღრუბლები, ღრუბლები მოდიან, დაიკო,
დაიწვას ლექსებიც, არაფრად არ მინდა,
და თუკი ახალ წელს რაღაცა დაიწყო,
ტრიალებს, უბრალოდ ტრიალებს თავიდან.

ღრუბლები, ღრუბლები შორია ჩვენამდე,
სიზმრებში ხანდახან პატარა ჩიტი ვარ,
მოვწყდები ციდან და მოვქრივარ მიწისკენ,
დავფრინავ იქ, სადაც არასდროს მივდივარ.

ვიზრდები, დაიკო, ძველდება რითმებიც,
ყოველ წელს ვხვდები, რომ იგივე აღარ ვარ,
ვიღვიძებ ხანდახან ცარიელ საწოლში,
ვიხსენებ- რა მოხდა? ან ნეტავ სადა ვარ?

ვიხსენებ, ყველაფერს ვიხსენებ თავიდან,
ბებო რომ გვიქსოვდა შალისგან სქელ წინდებს,
ბაბუის მონაყოლ ამბებს რომ ვისმენდით,
გულში ვიხუტებდით საყვარელ მამიდებს.

გრძნობები, დაიკო, შემომრჩა იგივე
და შენი თვალები სიტყვებზე წრფელია,
შევკარი უბრალოდ მარტივი რითმები,
გახსოვდეს დღეს ისევ ახალი წელია.

დაგვათოვს ჭაღარაც, დაგვათოვს წლებივით,
ხანდახან მინდა, რომ დავხუჭო თვალები,
მივიდე კედელთან, დავთვალო ათამდე,
მესმოდეს უკნიდან ბავშვობის ზარები.

ზარები, დაიკო, წკრიალა ზარები,
სურნელი ეზოში გათელილ ბალახის,
დავითვლი ათამდე, თვალებსაც გავახელ,
წასულა ბავშვობა, არც უთქვამს ,,ნახვამდის''.

იცვლება ყოველი, იცვლება, დაიკო,
კედელთან თამაშობს დღეს შენი პატარა,
იმავე ეზოში, რომ ითვლის ათამდე...
და ხვდები, ბავშვობა ჯერაც არ გამქრალა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები