ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია ჯაფარიძე
ჟანრი: პროზა
17 იანვარი, 2015


დღეს

დღეს შენთან მოვედი და ...
ტყუილს რა აზრი აქვს? გითხარი ყველაფერი და გთხოვე სათხოვარი. ისიც გაგიმხილე, რასაც ვაპირებდი. შემოსასვლელში ჩაგდებული ოცლარიანი დამიდგა თვალწინ და ისე შემრცხვა, თითქოს ქრთამი ჩამეკუჭოს შენთვის ჯიბეში. მინდოდა მეთხოვა პატიება, მაგრამ ვერ გადავწყვიტე რისთვის , იმისთვის რომ ფული შემოგკადრე თუ იმისთვის რომ თხოვნა მივაყოლე. თვითონ გადაწყვიტე. შენ უკეთ იცი
.
დღეს შავ კატას გადავურბინე წინ. ისეთი სახით შემომხედა, აშკარად ფიქრობდა ადამიანთა რომელ კატეგორიას განვეკუთვნებოდი, იმათ, ვის დანახვაზე სამჯერ უნდა გადააფურთხო და პირჯვარი გადაიწერო თუ ჩვეულებრივების, რომელთა გამოც გზის გამრუდება არ ღირს.
_Hi, კატა!_ დავუძახე და ხელი ავუწიე.
_?!_გამომცდელად შემხედა მწვანე თვალებით. ფიქრობდა, იყო თუ არა ჩემს ამღვრეულ თვალებში რაიმე ნათელი და ბოლოს პირდაპირ გადაჭრა ჩემს მიერ გადაკვეთილი გზა. მენდო. ის კი არ იცოდა ის ნათელი, რომელიც ჩემში დაინახა, მისი თვალების ანარეკლი იყო.

დღეს ქალები შემხვდნენ. შავჩადრიანები. უფრო სწორად წყვილთვალიანი მოსიარულე შავი ქსოვილები. ერთმა გამომხედა. შემებრალა. საკუთარი თავი. სულზე სხეული გადამაცვეს როგორც ჰიჯაბი... _ ამეკვიატა. სხეული აშკარად მამძიმებდა. ერთი სული მქონდა ხიდამდე მიმეღწია.

დღეს ხიდთან მათხოვარი შემხვდა. კუზიანი. მარჯვენაგაწვდილი.
შევხედე და მის პირდაპირ ჩამოვჯექი. თვალი თვალში გამიყარა. ხელი გავიწვდინე.მიზეზს ვეძებდი.მიზეზს რომ მეცოცხლა. სითბოს ვმათხოვრობდი და ვიღაც გამვლელმა მის ნაცვლად გაყინული ოცთეთრიანი ჩამიდო. ღიმილს ვნატრობდი და ათთეთრიანმა გაიწკრიალა. თანაგრძნობას ვეძებდი და რკინის ორლარიანი ინდულგენცია მომყვა თითებში. ამევსო პეშვი. ავივსე ჯიბე.
მათხოვარი კი მიყურებდა. ისიც ეძებდა ჩემში რაღაცას. ალბათ სულ ცოტა ადამიანობას. მე კი ავდექი. ავაბიჯე ხიდის მოაჯირზე . დღეს ყველაზე ნაკლებად მინდოდა ადამიანი ვყოფილიყავი. მხოლოდ მოაჯირზე დამდგარი მივხვდი, ყველაფერთან ერთად სუიციდმაც თავი მოიკლა ჩემში. სულზე სხეული გადამაცვეს როგორც ჰიჯაბი, არც მოსვლას მკითხეს და არც წასვლის მაძლევენ ნებას.

ჩამოვედი და... ფეხზე წამოდგა . მიყურებდა.მე კი მის კუზში ჩაკეცილი ფრთებისა მშურდა, ოდესმე რომ გაშლიდა და გაფრინდებოდა. მუჭი გავშალე. სულ ერთი წამით გაიბრწყინეს მონეტებმა წყლის ზედაპირზე. მომიახლოვდა და თვალები ამომიწმინდა. დავინახე მისი გაშლილი ხელი . მონეტებმა კი ისევ ისე, სულ ერთი წამით გაიბრწყინეს წყლის ზედაპირზე. დიდი ხანი ვიდექით ხიდზე, ფრთიანი და ფრთებდამსხვრეული.

ახლა კი ვწევარ ,გაუხდელი , ჩემს საწოლზე და ვფიქრობ ჩემს ფრთადაკეცილ მეგობარზე.

ვფიქრობ ჩადრიან ქალზე, რომელსაც ვინ იცის როგორ უნდა თავსაბურავის გადაძრობა, ის კი არ იცის რომ სინამდვილეში სხეულია მთელი სიმძიმე. ან იქნებ სული. მაგრამ მაქამდე ვერ მივედი. სხვა დროს გავიგებ.

ვფიქრობ კატაზე. ვინ იცის როგორი დღე ჰქონდა, მას ხომ პირჯვარიც კი არ გადაუწერია ჩემს დანახვაზე.

ვფიქრობ ღმერთზე, რომელმაც არ ვიცი მაპატია თუ არ მაპატია და თუ მაპატია, რა მაპატია...

ხვალ ადრე ავდგები. იმ ადგილებს მოვივლი, ბავშვობაში რომ მიყვარდა ხეტიალი. ჩემი ფრთების ნამსხვრევები უნდა მოვძებნო. იქნებ ერთი ნატეხი მაინც ვიპოვო და დავიჯერო , რომ ოდესღაც მეც ანგელოზი ვიყავი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები