დღეს გვიან ავდექი. მიყვარს საკუთარი თავის მოტყუება წავედი სოფელში. ბიძას ვესტუმრე.სავარაუდოდ, ჩემი ფრთის პირველი ნამსხვრევი იქ უნდა მომეძებნა. მის სახლში. ტახტთან, რომელიც დგას ბუხართან, რომელიც მიდგმულია კედელზე, რომლის უკანა მხარეს ოჯახის უფროსის უფროსის უფროსია მთელი ტანით წარმოდგენილი... სწორედ ამ ტახტთან ჩავიდინე პირველი ქურდობა. ერთი წლის ვიყავი მამიდაჩემს ბეჭედი რომ მოვპარე და ტრუსიკში დავმალე. მიუხედავად სასტიკი უარისა, რომ მხოლოდ და მხოლოდ ჭიპი მქონდა დამალული, ბეჭედი მაინც მიპოვეს. დავსხედით ტახტზე. მოვიხსენი ბეჭედი .ვითომ დამივარდა, ტახტის ქვეშ შევაგორე. ბიძაჩემი გამოწევაში დამეხმარა . იქ იყო. ბეჭედი და ნამსხვრევი. _რა სირცხვილია. გუშინწინ ჭიქა დამემსხვრა , გამოვხვეტე, მაგრამ ნატეხი მაინც დამრჩენია_მივარდა ბიცოლაჩემი. დავასწარი.არ დავანებე. _თვითონ გადავაგდებ_ მივაძახე და გარეთ გამოვვარდი. _ძველი ამბები რომ გაინტერესებდა?!_მომესმა ხმა _სხვა დროს იყოს! ახლა მე მქონდა ნამსხვრევი, რომელიც არაფერს ადასტურებდა. ნამსხვრევი ,რომელიც ეგდო გამოხვეტილი ტახტის ქვეშ. მქონდა იმედი, რომელიც ადამიანის სიკვდილიდან ერთი წამის შემდეგ სხვა ადამიანში სახლდება და გარდაცვლილის პირთან სარკეს მიატანინებს , ცოცხალი ხომ არ არისო. იმედები არ კვდებიან. დღეს ადრე ავდექი. გვიან ავდექი-მეთქი ვთქვი? ადრეც ავდექი და გვიანაც. და საერთოდ ჩემი საქმეა როდის ავდგები და როდის არ ავდგები და საერთოდ ავდგები თუ არა. დღეს მე ძალიან ადრე ავდექი. ჩაი დავისხი . ეს კუჭი მომინელებს... დიდი ხანია ასე ვარ. ადრე ვდგები რომ რაღაც ვაჭამო. რაღაც შინაური ცხოველივითაა, სულ რომ უნდა სდიო და მის ჭკუაზე იარო. ჩაი დავისხი. ბუტერბროდი გავიმზადე. ჩემს ბავშვობაში ბუტერბროდს რა უბრალო სახელი , ,,კარაქიანი პური ,, ერქვა. ვიჯექი და ვუყურებდი:მაგიდაზე უკვდავი ყვავილები იდგა. ორი თვის წინანდელი. ჩემი დაკრეფილი. კაცმა , რომელიც თხას აძოვებდა, მითხრა , რომ ეს ყვითელი ყვავილები უკვდავია. უწყლოდ რამდენი ხანიც არ უნდა გედოს გედოს ლარნაკში, არ დაჭკნებაო. ვუყურებდი და ვფიქრობდი. მახსენდებოდა დედაჩემთან, ისეთივე ლარნაკში ჩაწყობილი, ისეთივე უკვდავი ყვავილები, რომლებიც შვიდი წლის წინ დაკრიფა. გამოდიოდა, რომ დედაჩემის ყვავილების უკვდავება შვიდი წლით უფროსი იყო ჩემი ყვავილების უკვდავებაზე. უკვდავება, რომელსაც აქვს საწყისი წერტილი. წარმოშობის ვადა. რასაც აქვს საწყისი , ნამდვილად ექნება დასასრული. ბიბლია რომ მქონოდა წაკითხული, ალბათ პასუხს გავცემდი . დარწმუნებული ვარ რომ ჩემი კითხვის პასუხი იქ იქნება. არ ვაპირებ ბიბლიის წაკითხვას. არა იმიტომ რომ არ მაინტერესებს, უპასუხო კითხვები გაცილებით საინტერესოა, პასუხგაცემული კი უკვდავებასავით მოსაწყენია. ბუტერბროდი უკვე შემომეჭამა. უკვდავი ყვავილები ჩავდე ალუმინის თასში , ასანთი ავანთე და ცეცხლი მოვუკიდე. უცებ აბრიალდა და ჩაქრა. ფანჯარა გავაღე და ფერფლს სული შევუბერე. _რა მოსაწყენია უკვდავება. იმისთვის რომ არ მოკვდე, არაფერი გაქვს გასაკეთებელი. დაფერფლილი უკვდავება ეზოს მოეფინა. რა იდიოტობაა, იფიქრო ათასგვარ სისულელეზე, როცა შეგიძლია უბრალოდ ჭამო. დღეს ადრე ადგომას და გვიან ადგომას შორის ერთი პირი გამოვიძინე. *** ახლა კი ვწევარ ჩემს საწოლზე, ვატრიალებ ხელში გაურკვეველი წარმომავლობის შუშის ნატეხს და ვფიქრობ, რომ კიდევ ვარ წასასვლელი შემდეგი ნატეხის საპოვნელად, რათა დავადასტურო, რომ ეს ნატეხი სწორედ ჩემი დამსხვრეული ფრთის ნატეხია. ან დავადასტურო, რომ არასოდეს ვყოფილვარ ანგელოზი. ვწევარ და ვფიქრობ უკვდავ ყვავილებზე, რომელიც უკვდავებას გადავარჩინე. და ვფიქრობ შენზე. სულ ვფიქრობ.ფიქრგამოშვებით სხვა რაღაცებზეც ვფიქრობ. ამაზეც დავწერ ოდესმე ჩემი უდღეური დღიურის რომელიმე გვერდზე. ახლა შენ ამეკვიატე. (მე)ფიქრები. სულ მინდოდა ვყოფილიყავი ზმნა, ზედსართავი და წინადადების ყველა, მთავარი და არამთავარი წევრი ერთად. შენ მასე ხარ ჩემთვის. აბა, ჩემი არსებითი სახელობა ვის დაკარგვია. ვერაფერი არსებითი საკუთარ თავში ვერ აღმოვაჩინე. ნატეხი, ნატეხი, ნატეხი. ფრთა. კალეიდოსკოპი. და შენ...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. მადლობა)
ჯონათან :* მადლობა)
ჯონათან :*
3. მომეწონა, თუმცა პერსონაჟი , რომ ამბობს: "არ ვაპირებ ბიბლიის წაკითხვას, არა იმიტომ რომ არ მაინტარესებს, უპასუხო კითხვები გაცილებით საინტერესოა," ვერაფერს ვურჩევ , პერსონაჟს, თუმცა ბიბლია კითხვებს არ იძლევა , ყველა კითხვაზე კი , პასუხი ბიბლიაში დევს. მომეწონა, თუმცა პერსონაჟი , რომ ამბობს: "არ ვაპირებ ბიბლიის წაკითხვას, არა იმიტომ რომ არ მაინტარესებს, უპასუხო კითხვები გაცილებით საინტერესოა," ვერაფერს ვურჩევ , პერსონაჟს, თუმცა ბიბლია კითხვებს არ იძლევა , ყველა კითხვაზე კი , პასუხი ბიბლიაში დევს.
1.
ამას (და სხვებსაც), ისევ თუ დადებ, ისევ წავიკითხავ, სიამოვნებით :)
შენს "უდღეურ დღიურსაც" ;)
აქედან ბუტრებროდის ძველი სახელი მახსოვდა- "კარაქიანი პური" :)
ამას (და სხვებსაც), ისევ თუ დადებ, ისევ წავიკითხავ, სიამოვნებით :)
შენს "უდღეურ დღიურსაც" ;)
აქედან ბუტრებროდის ძველი სახელი მახსოვდა- "კარაქიანი პური" :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|