1. <<<დავითა>>> "თუ ასტეროიდი დედამიწას დაეჯახება..." – ეველინა თვალებამღვრეულ დავითას თვალმოუცილებლად უყურებდა და გონებასაც უმღვრევდა. დავითამ ტელევიზორს ზურგი შეაქცია. ორ კაცზე გაშლილ ღარიბულ სუფრას მიუბრუნდა, პურს ყუა წაატეხა, მაგრამ პირთან მიტანილი ლუკმა ისევ საპურეზე დაახეთქა.
– აეგრე მიყურებს, ძმაო!.. მოვა, მიყურებს და მიდის. გეუბნები, ძმაო, გამორთულს ვტოვებ, აღარ მინდა გულის ნაკაწრს მარილი ვაყარო. ყოველღამე გამორთულს ვტოვებ, მაინც ირთვება. თავისით ირთვება და მოდის... მოდის და აეგრე მიყურებს...
დავითამ ჭიქა არყით შეივსო, მეორე ჭიქაშიც ჩამოასხა. ერთი თვითონ დაიდგა, მეორე წინ გააჩოჩა. ძეხვი დაჭრა, ერთი ნაჭერი თავისთვის გადმოიღო, ერთიც მეორე თეფშზე გადადო და ისევ თავის ჭიქას მიუბრუნდა.
– მოდი, ძმაო, ამ ჭიქით სიყვარულს გაუმარჯოს. მაგის გარეშე ვინა ვართ? აი, მე ვინა ვარ? მე დავითა აღარა ვარ. დავითა, მაგასთან ერთად რომ ვიღვიძებდი, მაშინ ვიყავი. ეგ რომ კარს გამიღებდა და გამიღიმებდა, დავითა მაშინ ვიყავი. ეგ რომ ზევიდან საბანივით მეფარა და ისე მეძინა, დავითა მაშინ ვიყავი. დილით ჩაის რომ დამისხამდა, სამ კოვზ შაქარს ჩამიყრიდა, მოურევდა, დავითა მაშინ ვიყავი... სიყვარულს გაუმარჯოს, ძმაო!
ჭიქა ჭიქას მიუჯახუნა, ამოიოხრა. მოგონებები, დარდი, ვარამი და ასი გრამი არაყი თავის `ჯაჭვებიანად~ ერთ ყლუპში ჩაატია და გადაკრა. მეორე ჭიქასაც დასწვდა. ამ ყლუპით ყელში მობჯენილი ბურთი ჩააგორა და თავი მაგიდაზე ჩამოუვარდა.
– არ წახვიდე, ძმაო, დავბრუნდები, – ამოილუღლუღა და ხვრინვა ამოუშვა.
"მემთვრალეობა ცოდვილი სულის სნეულებაა, ღვთიშვილნოოო..." – ქუჩიდან ფანჯარაში ფოთლებივით შემოყარა ქარმა სიტყვები.
დრო იყო, დავითა არაყს მხოლოდ გაციების პირველი სიმპტომების აღმოჩენისას სვამდა. სვამდა კი არა, ჭამდა. ჩამოასხამდა ბროლის ჭიქაში ცოტას. ჩასუნავდა და `ფიიჰ!~ იმანჭებოდა. ეს ჩასუნვა ახლაც ჩვევად აქვს, მაგრამ ახლა ჰ-ს აღარ ამბობს და იმ ამოგდებული ჰ-დან უკუღმა მოდის: `იიფ!~
მოაყრიდა პილპილს, ჩააწურავდა ლიმონის ნაჭერს, ნერწყვმომდგარ პირს გააწკლაპუნებდა. მერე ჩაის კოვზით სიდედრის გაკეთებულ აჯიკასაც დაამატებდა, კარგად მიჭყლეტ-მოჭყლეტდა, მოურევდა, შეანჯღრევდა და დაფჩენილ პირში იპირქვავებდა. თან ჭიქის ძირს წკიპურტს აშველებდა, რომ ბროლის კედლებზე მიმხრჩვალი ლიმონის ნარჩენები ვირუსთან ბრძოლაში დეზერტირებად არ დარჩენილიყვნენ.
მაშინ გაუთოებული პერანგები ეცვა, პატივსაცემ ადამიანთა რიგებში ეწერა. თავს უფლებას აძლევდა, ლექციის კითხვა შეეწვიტა, სათვალის მინები აუჩქარებლად დაეორთქლა და გახამებული ცხვირსახოცით რამდენ ხანსაც უნდოდა, იმდენ ხანს ეპრიალებინა. ვინ რას გაუბედავდა? სტუდენტები მოთმინებით ელოდებოდნენ, თვალებში შესციცინებდნენ... მაგრამ ეს ადრე იყო. მაშინ, როცა გვერდით ულამაზესი ცოლი ჰყავდა. ერთხელაც, როგორც ძმაოსთვის იცოდა ხოლმე მოყოლა, ზედ ფაქტზე წაასწრო ცოლს და ცხოვრებაც იქ დამთავრდა.
– როგორც ქვიშის საათი ამოატრიალო, აეგრე ამოყირავდა ჩემი ცხოვრება, ძმაო. არ ვიცი, რამდენი დრო გავიდა, მაგრამ ძვლები მიგრძნობენ, სადაცაა ქვიშის ბოლო მარცვლებიც ჩამოიბერტყება და მორჩება ეს ძაღლური ცხოვრება. კაცი რომ ცოლს ზედ ფაქტზე წაასწრებ, ის ცხოვრება მალე დასამთავრებელი ცხოვრებაა, ძმაო.
ჯერ თავისი წილი არაყი გადაკრა, მერე – ძმაოსი და დაელოდა, როდის მოისმენდა იმას, რასაც, როგორც წესი, ორივე ჭიქიდან არაყის გადაყლურწვის შემდეგ ისმენდა ხოლმე ძმაოსგან:
– დავით, არა ხარ მართალი. რა ფაქტი, რის ფაქტი?! ფაქტი არის, როცა საწოლში წაასწრებ, ან უსაწოლოდ, მაგრამ მაინც ფაქტზე. შენ კიდევ კომპიუტერში წერილი ნახე, იქაც პირდაპირ არაფერი ეწერა...
ეველინასთან დაშორების მერე ლექტორობასაც დაანება თავი და სათვალის მინების გახამებული ცხვირსახოცით წმენდასაც. მთლად `დაანებაც~ არ ეთქმის – ლექციებზე სლოკინს და ფილტვებიდან ნახშირორჟანგის ნაცვლად ალკოჰოლის ამოსუნთქვას რომ მოუხშირა, ადგნენ და გამოაგდეს. სათვალის ამბავში კი სუფთაა, არავის გაუხდია იძულებული, თვითონ შეეშვა – ძმაოსთან საუბრისას მინის წმენდის გამო გაკეთებულ პაუზას ის ხიბლი აღარ ჰქონდა...
სახლიდან თითქმის არ გადიოდა. არავის ეკარებოდა. ერთადერთი ადამიანი, ვისაც გულს უშლიდა, ვისაც მისი ესმოდა, ძმაო იყო. დავითამ თავისი გონების ჯერ კიდევ საღი ნაწილი გადაინახა, დააბანდა ძმაოში.
– ღმერთზე ვფიქრობ, ძმაო, ბოლო დროს. აი, შენი ღმერთი ხომ მე ვარ? ჩემმა ღმერთმა ტალახისგან შემთხაპნა, მე სუფთად გაგაკეთე. ტვინისგან, ფიქრებისგან, ჩემგან. ჩემი საუკეთესო თვისებები დაგითმე. ახლა მითხარი, ვინ უფრო ღმერთია – ის თუ მე?
ძმაო უსმენდა, გვერდიდან არ სცილდებოდა და საჭირო დროს იმას ეუბნებოდა, რისი მოსმენაც დავითას უნდოდა. დავითას ზოგჯერ ავიწყდებოდა კიდეც, წარმოსახვის ამბავი რომ იყო. ეჩვენებოდა, თითქოს ძმაო მართლა, რეალურად, ხორციელად იჯდა ხოლმე მაგიდასთან.
<ესმა და ლანკა>
"ასტეროიდის ზომა..."
– ესმ, ეს ეველინა როგორ გაიქაჩა, არა?.. საათის ისრის მიმართულებით უნდა ვატრიალო?
– აბაა, ქალო! ეგ ქმარს რატომაა გაშორებული, ხომ იცი? კი, საათის ისრის მიმართულებით...
– რავი, ვითომ, საყვარელი ჰყავდა, ქმარმა სახლიდან გააგდოო. არ მჯერა, ტყუილი იქნება. ეგეთი კარგი ქმარი როცა გყავს, რატომ უნდა უღალატო?
– შენმა გულუბრყვილობამ მომკლა, რაა, ლანკა... ეგ გოგო ბო-ზი-ა! საკუთარ საწოლში წაასწრო ქმარმა სხვა კაცთან! ძუკნაა ეგ შენი ეველინა! – ესმას შავად უელავდა თვალები. ლოყები აუწითლდა. "ძუკნა, ძუკნა!" – გაიმეორა გულში და კმაყოფილმა გაიღიმა. – არადა, როგორი ძაან პატიოსანი და გულუბრყვილო გოგონას იმიჯი ჰქონდა ინსტიტუტში, ფუჰ!.. ნუღარ ანჯღრევ.
– ესმ, იცი, ზოგჯერ ვფიქრობ, კარგია, ლამაზებად რომ არ დავიბადეთ. ვართ ჩვენთვის, არავინ არაფერს გვერჩის. ეველინასნაირებს კიდევ, რამდენი პრობლემა აქვთ... ცალი ფეხი ცოდვებში აქვთ ჩაყოფილი.
– დადე, – ლაპარაკისმოყვარე ესმასგან მხოლოდ ერთი სიტყვის გამომეტება კარგს არაფერს ნიშნავდა.
"ლამაზებად რომ არ დავიბადეთ..."
ლანკამ ყავის ჭიქა უსიტყვოდ გადმოამხო ლამბაქზე. ესმამაც ნერვიულად მიატრიალ-მოატრიალა თავისი ფინჯანი, გადმოაპირქვავა და ლანკასას მიუდგა გვერდით. კი არ მიუდგა, მიაჯახა. ლანკას დამფრთხალმა ჭიქამ მაშინვე ჩაიჩოჩა, ადგილი დაუთმო.
– იცოდე, მარჯვენა ჩემია, შენ ისეთი ბატი ხარ, აგერევა.
"ლამაზებად არ დავიბადე-თ!"
– თუ მარცხენა? – შეჰბედა ლანკამ.
– ოოო... მართლა ბატი ხარ, რაა! – გაცხარდა ესმა. – შენგან მარცხენა ჩემგან მარჯვენა არაა, გოგო?!
"თ!!!"
ესმა და ლანკა ჯგუფელები იყვნენ. დავითა და ეველინაც – ჯგუფელები, ოღონდ ორი კურსით უფროსები. ის, რასაც ერთიანობაში ეველინა ერქვა (დიდი მკერდი, ვიწრო წელი, გრძელი ფეხები და პატარა ცხვირი, სქელი ტუჩები, მოკლე კაბები), დიდი პოპულარობით სარგებლობდა ბიჭებში. ლანკას გულში ოცნებად ჰქონდა, უშნო ესმას ნაცვლად, მწიფე ეველინასთან ედაქალა. მასთან ერთად რომ ივლიდა, ეგებ თვითონაც მიექცია ყურადღება, იქნებ ისიც შეემჩნია ვინმეს... თუმცა, უნდა ითქვას, რომ ასეთი სურვილს გამო ესმასთან თავს დამნაშავედ გრძნობდა – პატარა ღმერთად სინდისი ჰყავდა ლანკას.
ესმას კი აბსტრაქტული რამეების გაღმერთებისთვის არ ეცალა – დავითას ჰყვარობდა, ჰყვარობდა შორიდან და უიმედოდ. რამდენჯერ მთელი დღე მდგარა ინსტიტუტის ლიფტთან დავითას მოლოდინში. ისიც გამოჩენილა, ლიფტში ერთად შესულან... მაგრამ არც არაფერი. ზრდილობის გამო მაინც არასდროს გაუღიმია დავითას ესმასთვის.
დაბალი და განიერი იყო ესმა. მსუქანი არა, განიერი. ლანკა – აწოწილი და მჭლე. იმდენად გამხდარი, რომ სიბრალულს იწვევდა. პლასტელინის სასაცილო თოჯინებივით იყვნენ. თითქოს ერთს თავსა და ფეხებში მოჰკიდეს ხელი და გაწელეს, მეორე კი მაგიდაზე დადეს და გაშლილი ხელისგული დააჭირესო.
სტუდენტობის წლები ისე გაილია, ამ ორი წყვილის შერევა არ მოხერხდა. როგორი კომბინაციითაც დალაგდნენ ინსტიტუტში, მერეც ისე წავიდნენ. ისინიც წყვილად (ცოლ-ქმარი), ესენიც (დაქალები). ლანკამ ეველინასთან დაქალობის სურვილი დაივიწყა, ესმამ დავითასთან დაქალების სურვილი – ვერა.
რაც ინსტიტუტი დაამთავრეს, თვალი არსად მოუკრავს ესმას დავითასთვის. ერთ დღეს დეიდას ესტუმრა. ცოტა ხანში მის დეიდაშვილს ძმაკაცი მოუვიდა. ხელკავით უცნობი შემოიყვანა, ოჯახს წარუდგინა:
– გაიცანით, ჩემი თანამშრომელი დავითა.
გაიშალა სუფრა.
ესმას თავი სიზმარში ეგონა. რას იფიქრებდა, რომ ოდესმე დავითასთან ერთად მოხვდებოდა სუფრასთან, თანაც – დეიდამისის ოჯახში? სიმხნევისთვის ცოტა დალია. მოეჩვენა, რომ თვითშეფასება აუმაღლდა. არა მხოლოდ თვითშეფასება. თავს ისე გრძნობდა, თითქოს რაც სიგანე ჰქონდა, სიმაღლეში წაუვიდა. მერე ადგა და ბევრი დალია, მაგრამ `იცით, ჩვენ ერთად ვსწავლობდით~-ის თქმა მაინც ვერ შეძლო. დავითას არათითზე მბრჭყვინავი რგოლი ამუნჯებდა, გულწრფელობის ნაცვლად შურისძიების ხასიათზე აყენებდა. სძულდა ეველინა. შური და ბოღმა ახრჩობდა იმის გაფიქრებისას, რომ მისთვის მიუღწეველი ოცნება ეველინასთვის ყოველდღიური რეალობა იყო.
– გნებავთ, ყავაში ჩაგიხედოთ? – უცებ მოაფიქრდა.
– აჰ, ეგეთების არ მჯერა, – გაუღიმა დავითამ, მაგრამ ჭიქა მაინც მიაწოდა.
– ე ასოს ვხედავ, ძალიან ახლობელი უნდა იყოს, გვერდით ამოგივიდათ... ნწ-ნწ...შეხედავ – ანგელოზსა ჰგავს, მაგრამ... ეუჰ, რამდენ ფიგურას მალავს! ძალიან მეძნელება, გითხრათ... ეს ადამიანი მოღალატეა, ანგელოზის ტყავში გახვეული ეშმაკია, არ ენდოთ, – ბოლო სიტყვები პროფესიონალი მკითხავივით დაიჩურჩულა ესმამ და პროფესიონალი ლოთივით ამოასლოკინა, – აი, ჩაიხედეთ, კუდს ხედავთ, ბატონო... მაპატიეთ, თქვენი სახელი დამავიწყდა...
– დავითი... – თქვა დავითამ და კუდგამობმული ცოლის წარმოდგენაზე გააჟრჟოლა.
– თავი შორს დაიჭირეთ მაგ ლურჯთვალა და ავხორცი ე-სგან, ბატონო დავით, – ენაზე იკბინა, თვალის ფერის დაკონკრეტება ნამეტანი მოუვიდა.
დავითა გაფითრდა. მერე ნაძალადევად გაიღიმა და უნდა დაგტოვოთ, შეხვედრაზე მაგვიანდებაო, – წავიდა.
თავი გამარჯვებულად იგრძნო ესმამ. ამსუბუქდა. თითქოს ერთ დიდ სიმძიმედ შეკოწიწებული დარდი, ფიქრი, ტკივილი ამოიღო გულიდან და დავითას აჰკიდა.
იმ საღამოს ესმა შეეცადა, დავითასთან შეხვედრა დაწვრილებით გაეხსენებინა, მაგრამ არ გამოუვიდა. ძალიან ბევრი დაელია საამისოდ. თან წლების ტრადიციის დარღვევაც არ იყო იოლი. ადრინდელი შეხვედრების გახსენება ჰქონდა ჩვევად. რიტუალივით იყო: ძილის წინ შუქს აქრობდა, საწოლში წვებოდა, საბანს თავზე იფარებდა და თვალებს მაგრად ხუჭავდა. თვალების დახუჭვა და განათების ჩართვა ერთი იყო. ნათურის ქვეშ სტუდენტი ესმა იდგა. ხედავდა, როგორ უახლოვდებოდა დავითა, ლიფტის ღილაკს თითს აჭერდა. შედიოდნენ ინსტიტუტის მონჯღრეულ ლიფტში. გვერდიგვერდ იდგნენ... ესმა დავითას სუნამოს სურნელს ახლაც, თვალდახუჭულიც გრძნობდა. გრძნობდა და მსუბუქად აღიგზნებოდა. მერე მის ხმას იხსენებდა და უცებ მოვარდნილი ტალღა მთელ სხეულს უწვავდა. ტექსტს რა მნიშვნელობა აქვს, მთავარი ტემბრი იყო:
"თქვენ რომელ სართულზე?" – ეკითხებოდნენ დავითას ტუჩები. ყოველღამ ამ ეპიზოდამდე ერთი მოძრაობა, სიტყვა ან გამოხედვაც არ იცვლებოდა მიზანსცენაში. თითქოს აკრძალული იყო. მერე კი ესმას ნებაზე გრძელდებოდა:
"თქვენ რომელ სართულზე?" – ეკითხებოდნენ დავითას ტუჩები. მერე... ესმას ტუჩებისკენ იხრებოდნენ, ხელები მკერდისკენ მიცოცავდნენ, ქურთუკი ძირს ვარდებოდა... ზოგჯერ ისე იჭრებოდა როლში, სულ ავიწყდებოდა, რომ ამ ფილმში მხოლოდ მონაწილეობა კი არა, ფილმის რეჟისურაც მის იმედად იყო. საკუთარი თავის გარდა სხვა მაყურებელიც რომ ჰყოლოდა, ის სხვა აუცილებლად აღმოაჩენდა, რომ სინამდვილეში ერთი ქურთუკის გახდით ორი ჩაცმულ-დახურული ადამიანი ვერ გაშიშვლდება... რომ ისიც არარეალურია, ლიფტს ამდენი დრო სჭირდებოდეს მესამე სართულზე ასასვლელად... და კიდევ – სადაა ფინალი? რატომ არ იღება კარი?.. და მისთანები. ესმა თუ მოინდომებდა, ტანსაცმლის ეპიზოდის საკითხს უფრო დამაჯერებლად მოაკვარახჭინებდა, მაგრამ აი, ფინალში კარის გაღება გამორიცხული იყო. ფაბულა მკაცრად ჰქონდა განსაზღვრული: ლიფტის კარი არ უნდა გაიღოს!
ახლაც რომ ახსენდებოდა, გული ეწურებოდა: მონჯღრეული ეძახე და... სანამ ესმა ერთ შეკავებულ ამოსუნთქვას მოასწრებდა, ლიფტის კარი უკვე მესამე სართულზე იღებოდა. იქ ეველინა იდგა. ვნებიანი, ლამაზი, ამაყი, ბედნიერი... დავითას აზრად არ მოსდიოდა, ჯერ ესმა გაეტარებინა. ნახევრადგახსნილ კარებში გაძვრებოდა ხოლმე, ეცემოდა ეველინას და კოცნიდა. ესმას ამ მომენტში განსაკუთრებულად სძულდა ეველინა. შური და ბოღმა ყელში ენასკვებოდა. ყველა სტუდენტი გოგონა სძულდა, ლანკას გარდა. ლანკას არავინ ეხვეოდა და კოცნიდა. მარტოგოგო იყო ლანკა.
"ღვთიშვილნოოო... როგორც ჟანგი ჭამს რკინას, ასევე შური – სულს, რომელშიც მკვიდრობს..."
– ლანკა... "ის" გინდა ხოლმე? – ჰკითხა ერთხელ ესმამ.
– შვილი მინდა. ოღონდ ეგრევე. "იმის" მეშინია, – უპასუხა ლანკამ.
რაღაცნაირად... გამომშრალი, ხმელი იყო ლანკა.
– ეჰ, ბავშვსაც რამდენი ფული უნდა... – დააყოლა სევდიანად.
თავმდაბალი, კეთილი, გულწრფელი, სუფთაგულა იყო ლანკა, მაგრამ ერთი ზნე ჰქონდა: ფულის ხარჯვა არ უყვარდა. ფული უყვარდა, მაგრამ მხოლოდ დასაგროვებლად. მათხოვარს რომ ხედავდა, ისე ეცოდებოდა, გული უკვდებოდა, მაგრამ ფულს ვერ იმეტებდა. ღმერთო, ფულის მიმცემი ხალხი გამოუგზავნე ამ საწყალსო, – თავისებურად ლოცულობდა. მარტოკა ვარ, მომავლისთვის ვაგროვებო, – საკუთარ თავთან თავს იმართლებდა. ერჩივნა, საჭმელი მოეკლო და ფული შეენახა. ერთ პაკეტ ჩაის იმდენჯერ ხმარობდა, სანამ ბოლო ფერად წვეთსაც არ გამოწურავდა.
"ღვთიშვილნოოო... შეისმინეთ წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვები: ლითონის ჩხრიალი ვერცხლისმოყვარის სმენას იმდენად იპყრობს, რომ ამის გამო მისი ყური უფლის სიტყვას ვეღარ ისმენს," – ისმოდა ლანკას ფანჯრებთან. ლანკას არ ესმოდა. ხურდებს ითვლიდა. იმ დღეს ფეხით იარა, რომ ტრანსპორტისა დაეზოგა...
<<<ირა>>>
"ასტროლოგები ვარაუდობენ..."
ცარიელი ოთახის სივრცე ტელევიზორის ხმას ექოდ გამოსცემდა. ეკრანზე მუქი ქსოვილი, გამოღებულ ფანჯარაზე კი სქელი ფარდა იყო ჩამოფარებული. ოთახის კუთხეში, პირდაპირ იატაკზე ფეხმორთხმით მჯდარი ირა ამ ოთახივით გამოცარიელებული თვალებით მისჩერებოდა ტელევიზორს. ცალ ხელში მაკრატელი ეჭირა, მეორეში – თავისი გრძელი თმა, ჯერ ისევ თბილი, ახალდაკლული.
მთელი ღამის უძილო და ნახევარი დღის მშიერ ირას დღის მეორე ნახევარიც, სავარაუდოდ, უძილო და უსაჭმლო ექნებოდა. ამის გაფიქრებამ კარგ განწყობაზე დააყენა. მკერდზე ჩამოწოლილ თოკს ხელი ნაზად ჩამოუსვა. თითქოს თოკი კი არა, მისი საყვარელი ფისოს ზურგი ყოფილიყოს.
"შესაძლოა, ასტეროიდ..."
ეველინას ხმა ესმოდა, მაგრამ ვერ ხედავდა. ეკრანზე ჩამოფარებული ნაჭრიდან მხოლოდ მისი გამოსახულების კონტურის გარჩევა იყო შესაძლებელი. ჭამა და ძილი რა მოსატანი იყო ეველინას დანახვის სურვილთან... ირამ თოკს ფრჩხილები ჩაარჭო და ჩამოუსვა, ჩამოკაწრა.
როდის გადაექცა ტანჯვა სიამოვნებად? რომელ ცხოვრებაში? ბავშვობაში წყნარი, ბაფთებიანი გოგონა იყო. შიშისგან რეიტუზს ასველებდა, როცა სკოლიდან დაბრუნებულს მამა მთვრალი ხვდებოდა. მერე ცხოვრებისგან გაავებული დედის ძლიერი ხელები ჩქმეტდნენ, სწიწკნიდნენ, სილას უტკაცუნებდნენ. უხეშად ხდიდნენ რეიტუზს და მასზე მიკრულ სველ ტრუსიკთან ერთად თვალებსა და ცხვირში სჩრიდნენ. ირინას კარგა ხანს ეგონა, რომ ფსიტის სუნი შარდიან საცვალს კი არა, სიტყვებს – `ამხელა გოგო~-ს ასდიოდა.
მერე მამა გაქრა. ირამ მეხსიერებიდან ამოშალა ის მონაკვეთი, როცა სკოლიდან მომავალმა მამა ტალახის გუბეში პირქვე ჩამხობილი ნახა და დედის რისხვის ასაცილებლად სახლში კრინტი არ დაუძრავს. ამოშალა პანაშვიდები, მიხაკები და დედის "შე უბედუ-როოო!.." დედის "ობოლს მიტო-ვეეებ!.." დედის "რა მი-ყააავ, ბი-ჭოოო..."
ჰოდა, რაც ამოშლის მერე დარჩა, ეგაა – მამა გაქრა.
რომ შესძლებოდა, მთელი თავისი ბავშვობის პერიოდს ამოშლიდა, მაგრამ იოლი არ იყო: ხერხემალზე ჰქონდა აკრული, სისხლში ჰქონდა შერეული, კანქვეშ ჰქონდა ამოპოხილი... ერთადერთი გზით თუ წაშლიდა...
ერთხელაც გადაწყვიტა და თოკის ყულფი გამონასკვა, კისერზე ჩამოიცვა, ემძიმა. ხესთან მივიდა, თვალით ტოტის გამძლეობა მოსინჯა, თოკის სიგრძე აზომა და რომ დარწმუნდა, ყველაფერი ლოგიკურად შესატყვისი იყო, გადაიფიქრა. კი არ შეეშინდა, დაენანა. დაენანა, რომ უცებ დამთავრდებოდა ეს სიამოვნება. წარმოიდგინა, მთელი მისი ბავშვობა კაუჭზე ჩამოკიდებული დაკლული ცხვრის ტყავივით როგორ ეცლება ხერხემლიდან. ირა ბავშვობამოშორებული და მსუბუქია, მაგრამ... ეს მეტჯერ ვეღარასდროს განმეორდება.
თოკის კუდი იქვე, მორზე გააწვინა და ცული დაჰკრა.
მას შემდეგ კისრით დააქვს. იჩვევს, იშინაურებს...
"ღვთიშვილნოოო... თვითმკვლელობა მიუტევებელი ცოდვაა. ნუ ჩაიკეტებით, მარტო ნუ დარჩებით პრობლემასთან... ღმერთს გაენდეთ, ღმერთს ესაუბრეთ. ეკლესიაში იარეთ, ილოცეთ, ეზიარეთ... თვითმკვლელს შენდობა არა აქვს, შვილებოოო..."
შაკო
დივანზე წამოწოლილმა შაკომ საათს დახედა თუ არა, მაშინვე წამოხტა, პულტს ეცა და ტელევიზორი ჩართო.
ეველინას პიჯაკი მძიმედ სუნთქავდა.
"თუ ასტეროიდი დედამიწას დაეჯახება, შესაძლოა, დედამიწაზე სიცოცხლე შეწყდეს..."
– აუუუ... აუ-აუ ძააან მაგარი ნაშაა, რაა!
ეველინას დანახვაზე თავისი გასართობი გოგოების ჯარი მთლიანად ავიწყდებოდა შაკოს. სიგარეტის კოლოფს ოქროსფერი ლენტი შემოარღვია. ფოლგის ქაღალდი ისეთი სიშმაგით შემოაცალა, თითქოს ფოლგის ქაღალდი კი არა, ეველინას ფოლგისფერი პენუარი ყოფილიყოს. ერთი ღერი ამოიღო, ხელში ნერვიულად შეათამაშა და ცოლს გასძახა.
– ცეცხლი!
– ბებიაშენისამ! – უპასუხა აივანზე გამავალ კარში თავშემოყოფილმა თათამ. – შენმა ბებერმა `მაგარმა ნაშებმა~ მოგიკიდონ! – კარი მიიჯახუნა. მოწნულ სკამზე დაჯდა, ფეხები მოაჯირს შემოაწყო, სამი ღრმა ნაფაზი დაარტყა და სიგარეტის ნამწვი აივნიდან წკიპურტით გადაისროლა.
"უნდა დავუპადიეზდო," – მტკიცედ გადაწყვიტა შაკომ.
"არათუ მრუშობა, ადამიანისთვის გულისთქმით შეხედვაც ცოდვაა, შვილებო... მრუშობის ცოდვას საწყისშივე უნდა შევებრძოლოთ, სანამ პატარაა, ადვილად ამოსაძირკვი, თორემ მერე, ფესვებს რომ გაიდგამს..."
<<<ეველინა>>>
– შემდეგ გამოშვებამდე გემშვიდობებით, – ეველინამ ყურსასმენი მოიძრო, მაგიდაზე დადო. მაგიდიდან ყვითელი ფანქარი აიღო. ეგ იყო, რომელიც ხელში მოხვდა. დახედა, გადადო, სხვა ამოარჩია. თმა ორივე ხელით აიწია, ჟოლოსფერი ფანქრით დაიმაგრა.
– მდა... დედამიწა გვეღუპება, ძია უშანგი, – ჭაღარა თმაწვერიან ოპერატორს ეშმაკურად გაუღიმა, თან სკამის საზურგეზე გადაწვა, გადაიჭიმა, გაიზმორა... რა მოსახიბლი კაცი ბებერი უშანგი იყო, მაგრამ ეგეთი კოდი იდო ეველინაში, ყველასთან უნდა ეკეკლუცა.
– რა ინფორმაციასაც გადმოსცემ, ყველაფერი კი არ უნდა დაიჯერო, კუკლა! – ეველინა დაამშვიდა და თვითონ აღელდა უშანგი. დედამიწის გამო არა... არც ისეთი ბებერი იყო, როგორიც ჩანდა...
საერთოდ, მამაკაცები სამ ტიპად იყოფოდნენ ეველინასთვის: 1. ახალგაზრდა-სიმპათიურები; 2. სხვა დანარჩენები და 3. დავითა. ახალგაზრდა, სიმპათიურ მამაკაცებს შეგნებულად ეპრანჭებოდა, სხვა დანარჩენებს – თავისდა უნებურად, დავითას – იშვიათად. წოლით კი მხოლოდ დავითასთან იწვა.
კარგა ხანია, დავითა მხოლოდ ქმარი აღარ იყო ეველინას თვალში. ცოტათი მამაც გახდა, ცოტათი – ძმაც. სასიამოვნო იყო, რომ ქმრიდან ბონუსად მამა და ძმაც გამოდნა, სამწუხარო კი ის გახლდათ, რომ – კაცის შევიწროების ხარჯზე.
გაუმაძღარი იყო ნარცის-ეველინას ამპარტავნობა, ერთი და ორი წყვილი თვალის აღფრთოვანება არ ჰყოფნიდა. იმ ასაკში ჩარჩა, გოგონებისთვის ბედნიერება თაყვანისმცემელთა სიმრავლით რომ იზომება. მხოლოდ დავითას კი არა, ზედ დამატებულ ორივე ტიპის მამაკაცებსაც კი არა, – მთელ სამყაროს თვლიდა მოვალედ, ხელისგულზე ეტარებინათ. ის ხომ ასეთი მშვენიერია! ერთ დღესაც ყველა კუთხიდან რომ წამოეკრიფა სამყაროს თავისი წყალ-ხმელეთოვანი კალთა და ეველინას ხლებოდა, მის წინ წაჩოქილიყო, მისი სილამაზის წინაშე ქედი მოეხარა – არ გაიკვირვებდა, ბუნებრივად მიიღებდა, შეიფერებდა. მიჩვეული იყო – ქუჩაში ფეხს გადგამდა თუ არა, ყველა თავი მისკენ ტრიალდებოდა. რახარუხით ცვიოდა ასფალტზე მამაკაცების ქვედა ყბები. იტბორებოდა ქუჩები მათ პირს მომდგარი ნერწყვით. აღფრთოვანებული მამრების გულის ნაფლეთები შემოდგომის ფოთლებივით მსუბუქად ეცემოდა ეველინას ფერხთით.... ოღონდ ეველინას ყურადღება დაემსახურებინათ და ბოძიდან ბოძამდე გადაჭიმულ მავთულებზე ჯამბაზებივით ყირაზე დგებოდნენ უფლისწულები. ძვირფასი თვლებით სავსე ხურჯინები მოჰქონდა ქარავანს, "რა ლამაზი ხარ, ეველი!" – გამონაბოლქვით ოკრობოკრო ასოები გამოჰყავდა ცაზე თვითმფრინავს... ხშირად იხსენებდა ამ თითქმის არმომხდარ, გაზვიადებულ ამბებს ეველინა. ძილის წინ იხსენებდა, ცხვრების მოსაწყენი დათვლის ნაცვლად. საღამოობით სევდა იპყრობდა, ცალად ძილისთვის თავი არ ემეტებოდა. დავითა აკლდა. უყვარდა კიდეც, თავისებურად, როგორც შეეძლო. მიუხედავად თაყვანისმცემელთა სიმრავლისა, დავითას ვინმეთი ჩანაცვლებას არ ჩქარობდა. რაღაც ისეთი აკლდა მისკენ მომართულ სხვების მზერას, დავითას რომ ჰქონდა.
ერთხელ ეველინას ინტერნეტით ვიღაც გამოელაპარაკა. იკად ანუ ირაკლიდ გაეცნო. უცნაური ვინმე ჩანდა. ხიბლავდა ეველინას უცნაურობანი, თუმცა, რომ არა უცნობის კომპლიმენტების სიმრავლე და იმავე უცნობის ერთადერთი, მაგრამ უსიმპათიურესი ფოტო, დაეზარებოდა ამდენი "სულელური" ფილოსოფიური მსჯელობის მოსმენა. შეიძლება ითქვას, თბილ სიტყვებს ყიდულობდა. ორიგინალური კომპლიმენტები რომ მიეღო, ამისათვის ჯერ უნდა გადაეხადა – იკას ფსიქო-ფილოსოფიური მსჯელობები უნდა აეტანა.
ერთხელ იკა სულისა და სხეულის კონფლიქტზე მსჯელობდა, ამბობდა, რომ შესაძლოა, ეს ორი ცნება ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავდებოდეს, უფრო მეტიც, ერთიმეორეს გაუუცხოვდეს. სიტყვა გაუგრძელდა. ეველინას ნებისყოფის სალაროში არც ისე ბევრი მოთმენა და მოთმინება მოიძევებოდა, ამდენხნიანი ლოდინისთვის საკმარისი რომ ყოფილიყო. მაგიდაზე მონაცვლეობით ააკაკუნა თხელი თითების გრძელი ფრჩხილები:
ნეკი... არათითი... შუათითი... საჩვენებელი თითი...
ნეკი, არათითი, შუათითი, საჩვენებელი თითი.
ნეკი არათითი შუათითი საჩვენებელი თითი!
მისწერა: "ლამაზ სხეულში ლამაზი სულია, იკა!"
როგორც სარწყავ არხს პირს უზამენ სასურველი კალაპოტისკენ, ეგრე გადმოიყვანა იკას სიტყვები საკუთარი პატივმოყვარეობის დასარწყულებლად. "ეგ მხოლოდ შენთან, ევა... შენ ჰარმონიაში ხარ საკუთარ თავთან და სამყაროსთან. ჩემი ყოველი დღე შენი ხატების გახსენებაა. სხვანაირ მედიტაციას არ ვცნობ."
ეველინა იღიმოდა. აღარ აკაკუნებდა.
"შევხვდეთ. მეგობრულად," – მისწერა. თან, მექანიკურად, კარადას გახედა. ახალი კაბა ჰქონდა, შოკოლადისფერი. უხდებოდა. შეხვედრის სურვილში არანაირი ქვეტექსტი არ იკითხებოდა. გარდა იმისა, რომ უნდოდა პირადად ენახა იკას, უნდოდა, მისი აღტაცებული თვალები დაენახა. მეტი არაფერი. მისი სხეული მხოლოდ დავითას ეკუთვნოდა. მისი ვნება მცირედსაც სჯერდებოდა. აი, მასში ჩასახლებული ნარცისი კი დიდი გაუმაძღარი ვინმე გახლდათ. უძირო ქვევრივით, რამდენი ხოტბა, ქება და აღტაცებაც არ უნდა მიეღო, არ ივსებოდა.
იკამ იუარა. ის არ ვარ, ვინც შეიძლება აღგაფრთოვანოსო. შემთხვევით რომ შემხვდე სადმე, ყურადღებას არც მომაქცევო.
სადმე რომ დაგინახო, აუცილებლად გიცნობო, – ეველინამ. იცოდე, თუ დაგინახე და არ გაგიღიმე, ესე იგი, განა ვერ გიცანი, უბრალოდ, ჩემს ღირსად არ ჩაგთვალეო, – წაიკეკლუცა, იცელქა.
იკა აღარ შეხმიანებია. ერთი-ორჯერ დაესიზმრა, ეგ იყო და ეგ. ბევრი არაფერი, მხოლოდ ჩახუტება. მერე ძილბურანში ცოტა ხელი წააშველა ეველინამ სიზმარს, კოცნამდე მიიყვანა.
ფლირტს ცოდვად არ უთვლიდა თავს. ლამაზი იყო, მიმზიდველი. თავი მხოლოდ ერთი კაცისგან მიღებული კომპლიმენტებისთვის არ ემეტებოდა. ეცოტავებოდა. სინდისი არაფერზე ქენჯნიდა, `იმნაირობას~ ვერავინ დასწამებდა.
იმ თარს საღამოს, ქმარი თანამშრომელთან რომ ეგულებოდა, იკამ მოსწერა:
"მოვედი. მომენატრე. გაკოცე..."
"მეც მომენატრე... უკვე მიდიხარ?"
"არა, მოვედი."
"აბა, გაკოცეო?"
"ჰოდა, გაკოცე-მეთქი, ანუ მოვედი..."
– წადი.
ეველინამ მიიხედა, მის უკან გაფითრებული დავითა იდგა.
– წადი! – გაიმეორა დავითამ. – მოღალატესთან ვერ ვიცხოვრებ.
"წადი!" – სილასავით გაეწნა ეველინას ამპარტავნობას.
შეურაცხყოფილმა ეველინამ გარდერობიდან ტანსაცმელი გამოალაგა, ჩანთაში ჩატენა და კარი გაიჯახუნა.
შეურაცხყოფილმა დავითამ კარადიდან არყის ბოთლი გადმოიღო, საცობი მოაძრო და ჩაის ჭიქაში ჩააპირქვავა.
"ჩემი ღირსი არაა!" – გაიფიქრა გაცეცხლებულმა ეველინამ და ქუჩის შადრევნიდან წყალი მოსვა. ვერ ჩაქრა. ორი ყლუპი რას ჩააქრობდა აბრიალებულს?..
ეველინას მეხსიერებამ წლების ნაგროვები ამბების ქვეშიდან ბებიის მზით დამწვარი სახე ამოაცურა.
"შენი სილამაზე დიდი ძალაა, შვილო. ნუ იამაყებ, ეგეთი სილამაზე მძიმე ჯვარია, – უთხრა ბავშვობაში ბებიამ. ამპარტავნობას თავი მოადრეკინე, ერთგულების აღვირი გამოსდე, ღმერთისკენ უყავ პირი. ბოროტებას ბუდედ ნუ გაუხდები. მეც ლამაზი ვიყავი. როგორც კი ეშმაკი შემიჩნდებოდა და გავიფიქრებდი, მე ვჯობივარ ჩემს ქმარს-მეთქი, ტაშტი მომქონდა და პაპაშენს ფეხებს ვბანდი, ვემსახურებოდი. ეგრე ვებრძოდი ჩემს ამპარტავნობას."
ეგ იყო და ეგ. ბებოსგან "ლამაზი ხარ" მეტჯერ აღარ გაუგია. სულ ელოდა კია...
ეველინას ქმრისთვის ფეხების დაბანა არ შეეძლო. მოკალი და არ შეეძლო. ამიტომ ამპარტავნობასთან ბრძოლის საკუთარი, თავისმომტყუებელი მეთოდი შეიმუშავა: დილით დავითას ჩაის რომ დაუსხამდა (ჩაის დასხმა ცოლის მოვალეობაა), შაქარსაც თვითონ უყრიდა (ჩაყრა – აღარ) და თქვენ წარმოიდგინეთ, თავს იმდენად იმდაბლებდა, საკუთარი ხელით (ცხადია, კოვზიანით) ურევდა კიდეც. ემსახურებოდა. არ იყო ცოტა. ეველინასთვის.
"ღვთიშვილნოოო... ამპარტავნება დედაა ყოველი ვნებისა და ცოდვისა. ისე არაფერი განაშორებს ადამიანს ღმერთისგან, როგორც ამპარტავნება. ამპარტავნების ცოდვას თავმდაბლობით უნდა შევებრძოლოთ, შვილებო..."
<<<ბერი>>>
ამ პატარა ქალაქში ყველა იცნობდა ერთ უცნაურ ბერს, მამა პეტრეს. გამხდარი იყო ბერი, ფარატინა. გრძელი, თეთრ-ნაცრისფერი თმა-წვერითა და ხშირი წარბებით დამძიმებული, წელში მოხრილიყო. გახუნებული ანაფორის ჯიბით თეთრ, ღუნღულა მტრედს დაატარებდა. აჭმევდა, ეფერებოდ, ესაუბრებოდა. შორიდან ვერ იფიქრებდი და ამიტომ როცა ახლოდან ნახავდი, გიკვირდა ადამიანს: მზეები დაჰქონდა თვალებით. ნელა დადიოდა, თუ ვინმე რამეს ჰკითხავდა, გაჩერდებოდა, გაუღიმებდა და მერე უპასუხებდა. უნდოდა, ღმერთზე ეკითხათ, ადამიანები კი ყველაფერზე უსვამდნენ კითხვას, ღმერთის გარდა. ალბათ, იმიტომ, რომ ბერის "დალაგებულობაში" ეჭვი ეპარებოდათ. საღამოობით რომელიმე კორპუსს ამოირჩევდა მამა პეტრე. დაჯდებოდა მის წინ, სკამზე და ხმამაღლა იწყებდა ქადაგებას. ზოგჯერ საღამოს არ ელოდებოდა, გამთენიისასაც გაიგონებდით მის ქადაგებას, შუადღის გულზეც...
– ღვთიშვილნოოო... – ბერის მსუბუქი ხმა ქათქათა ღრუბელივით ადიოდა მაღლა, საჭირო ფანჯრებში მიფარფატებდა. იშვიათად, რომ ვინმეს იქ დაეტოვებინა. უკან გამობრუნებული უცნაური მქადაგებლის სიტყვები მთელ ქალაქში იფანტებოდნენ და ფიფქზე სწრაფად დნებოდნენ. ზედმეტად ცხელები იყვნენ ადამიანები იმისთვის, რომ ქადაგება უცებ არ შემოსდნობოდათ ზედ.
2.
დავითას დილით თავი ისე ჰქონდა დამძიმებული, რა წაიღებს ამას მაგიდამდეო? – გაიფიქრა და ხელი აღარ ახლო, ბალიშზევე დატოვა. თვალი წვალებით, მძიმედ და როგორც მოეჩვენა, ხმაურით გაახილა. თითქოს ქუთუთო კი არა, გარაჟის
მძიმე კარ-ჟალუზი იყო, ორი კაცი მაინც სჭირდებოდა ზემოთ ასაქაჩად. ტელევიზორი არ ჩაურთავს, მაგრამ ეკრანზე ეველინა მაინც ჩანდა.
"ისევ თავისით ჩაირთო," – გაიფიქრა დავითამ. არც ახლა გახსენებია, წუხელ გამორთვა რომ და- ავიწყდა.
ეველინას შავი თმები შიშინებდნენ. სახე კი ისე ემანჭებოდა, თითქოს `სიცილის ოთახის~ სარკეში ჩაახედესო: ხან ტუჩი ადიოდა და წარბებს შორის ეკვეხებოდა, ხან ცხვირი ნიკაპამდე უგრძელდებოდა. ვერ იყო კარგად დავითას საქმე. უცებ ეველინას სახე მილაგდ-მოლაგდა, თმები გაჩუმდნენ და ტუჩებმა ხმა ამოიღეს. ორი სიტყვა გაარჩია დავითამ: `მაგნიტური დღე~. მერე დუმილი ჩამოწვა და კიდევ ერთი სიტყვა თევზივით დაუსხლტა ხელიდან ეკრანს და ყურში შეუსრიალდა: `ასტეროიდი.~ მეტი ვეღაფერი გაიგო, გაითიშა. უცნაური, უძირო ძილით ჩაეძინა.
ვინ იცის, რა დრო გავიდა. აფორიაქებულს გაეღვიძა. ადგა, მაგიდასთან მივიდა. არაყი დაისხა. როგორც იცოდა ხოლმე: ჯერ ერთ ჭიქაში, მერე – მეორეში. `გაგვიმარჯოს, ძმაო.~ მიუჭახუნა და გადაკრა. ჩვეულებისამებრ, ძმაოს წილის დალევაც რომ დააპირა, ჭიქა თავისით აიწია მაღლა. დავითა დააკვირდა. ხელს ეჭირა.
– გაგვიმარჯოს, დავით.
დავითა გაშეშდა. მის წინ ძმაო იჯდა. მაღალი, დაკუნთული, თავდაჯერებული კაცის გამომეტყველებით. ზუსტად ასეთს წარმოიდგენდა ხოლმე. თვალის ჭრილი და ფერი დავითასნაირი ჰქონდა. ოღონდ – დალაგებულ-მოპრიალებული. არანაირი წითელი კაპილარების აბლაბუდა, შიგ გაბმული ამოღამებული მზერა და აცდენილი ფოკუსი... ............
(ნაწყვეტი წიგნიდან "ჭაღის ანგელოზი")
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. აქ იშვიათად წაიკითხავს კაცი ამისთანა მშვენიერ ნაწერს. მადლობა ავტორს და წარმატებები! აქ იშვიათად წაიკითხავს კაცი ამისთანა მშვენიერ ნაწერს. მადლობა ავტორს და წარმატებები!
19. რაც მოგივა დავითაო ეველინას თავითაო :) რაც მოგივა დავითაო ეველინას თავითაო :)
18. ძალიან, ძალიან მომეწონა. ცხოვრებისეული და ტკივილიანი თემაა. ძალიან, ძალიან მომეწონა. ცხოვრებისეული და ტკივილიანი თემაა.
17. შემოგევლე, ნათი, რაააააა...როგორ მეამაყები!!!!!!
"მეც ლამაზი ვიყავი. როგორც კი ეშმაკი შემიჩნდებოდა და გავიფიქრებდი, მე ვჯობივარ ჩემს ქმარს-მეთქი, ტაშტი მომქონდა და პაპაშენს ფეხებს ვბანდი, ვემსახურებოდი. ეგრე ვებრძოდი ჩემს ამპარტავნობას." - აი, მარტო ეს რომ აიღო, რამხელა ადამიანობა და სიბრძნე ჩანს ავტორის.
"ეველინას შავი თმები შიშინებდნენ." -ასეთი პოეტური ფრაზები ხომ, რამდენიც გინდა...
გეფიცები, ერთ ეველინას ვიცნობ. ვიცნობ მე ეველინას.
ირა რა საყვარელია, უცნაური. მოფერება მოგინდება. მამა პეტრე მზე.
ამ ავტორის პერსონაჟებზე- როგორც ცოცხლებზე, ნამდვილებზე - ისე ვფიქრობ. ისე მიყვარდებიან, ან, ვუბრაზდები. ნაცნობებად მირჩებიან ცნობიერში.
შემოგევლე, ნათი, რაააააა...როგორ მეამაყები!!!!!!
"მეც ლამაზი ვიყავი. როგორც კი ეშმაკი შემიჩნდებოდა და გავიფიქრებდი, მე ვჯობივარ ჩემს ქმარს-მეთქი, ტაშტი მომქონდა და პაპაშენს ფეხებს ვბანდი, ვემსახურებოდი. ეგრე ვებრძოდი ჩემს ამპარტავნობას." - აი, მარტო ეს რომ აიღო, რამხელა ადამიანობა და სიბრძნე ჩანს ავტორის.
"ეველინას შავი თმები შიშინებდნენ." -ასეთი პოეტური ფრაზები ხომ, რამდენიც გინდა...
გეფიცები, ერთ ეველინას ვიცნობ. ვიცნობ მე ეველინას.
ირა რა საყვარელია, უცნაური. მოფერება მოგინდება. მამა პეტრე მზე.
ამ ავტორის პერსონაჟებზე- როგორც ცოცხლებზე, ნამდვილებზე - ისე ვფიქრობ. ისე მიყვარდებიან, ან, ვუბრაზდები. ნაცნობებად მირჩებიან ცნობიერში.
16. გმადლობ, ნიკი, ურაკპარაკის ერთგულად ვრჩები:) ზეუსიდან დაწყებული რენუარის ჩათვლით, მადლობა თითოეულ თქვენგანს! გმადლობ, ნიკი, ურაკპარაკის ერთგულად ვრჩები:) ზეუსიდან დაწყებული რენუარის ჩათვლით, მადლობა თითოეულ თქვენგანს!
15. გენაცვალე! ჩემი უნიჭიერესი გოგო ხარ შენ:* გენაცვალე! ჩემი უნიჭიერესი გოგო ხარ შენ:*
14. მოგიკითხე ნათია, ძალიან კარგია აქ რომ დადე +5 მოგიკითხე ნათია, ძალიან კარგია აქ რომ დადე +5
13. ნათი, ნიჭიერი გოგო ხარ ...:-* ახალგაზრდა, თანამედროვე პროზაიკოსად მოგიხსენიებენ უკვე ქართულ მწერლობაში...:-* მიხარია შენი წიგნიც და ყველა სხვა წარმატებაც, ვფიქრობ კიდევ უფრო მეტს იმსახურებ... რაც შეეხება ამ მოთხრობას, განსაკუთრებით მომეწონა და კიდევ ერთხელ სიამოვნებით წავიკითხე... საერთოდაც ახასიათებს შენ მოთხრობებს...-რამდენჯერმე წაგაკითხებს თავს და ყოველჯერზე გგონია, რომ პირველად წაიკითხე...:) ძალიან გამიხარდება თუ კიდევ განათავსებ რამეს...-ძველი იქნება ეს თუ ახალი... ნებისმიერი ლიტერატურული საიტისთვის პატივია შენნაირი ავტორი...მკითხველისთვის - ფუფუნება...დამწყები ავტორებისთვის კი მაგალითი, თუ როგორია კარგი პროზა... 5555
ნათი, ნიჭიერი გოგო ხარ ...:-* ახალგაზრდა, თანამედროვე პროზაიკოსად მოგიხსენიებენ უკვე ქართულ მწერლობაში...:-* მიხარია შენი წიგნიც და ყველა სხვა წარმატებაც, ვფიქრობ კიდევ უფრო მეტს იმსახურებ... რაც შეეხება ამ მოთხრობას, განსაკუთრებით მომეწონა და კიდევ ერთხელ სიამოვნებით წავიკითხე... საერთოდაც ახასიათებს შენ მოთხრობებს...-რამდენჯერმე წაგაკითხებს თავს და ყოველჯერზე გგონია, რომ პირველად წაიკითხე...:) ძალიან გამიხარდება თუ კიდევ განათავსებ რამეს...-ძველი იქნება ეს თუ ახალი... ნებისმიერი ლიტერატურული საიტისთვის პატივია შენნაირი ავტორი...მკითხველისთვის - ფუფუნება...დამწყები ავტორებისთვის კი მაგალითი, თუ როგორია კარგი პროზა... 5555
12. მხოლოდ ინფორმაციისთვის:
ნათია როსტიაშვილის წიგნი "ჭაღის ანგელოზი", საკუთარი სახსრებით გამოსცა გამომცემლობა "პალიტრა L"-მა და ავტორს არც მის რეკლამაზე უზრუნვია არანაირი ფორმით და არც წიგნის გაყიდვაზე.
ზუსტად ვიცი :)
მხოლოდ ინფორმაციისთვის:
ნათია როსტიაშვილის წიგნი "ჭაღის ანგელოზი", საკუთარი სახსრებით გამოსცა გამომცემლობა "პალიტრა L"-მა და ავტორს არც მის რეკლამაზე უზრუნვია არანაირი ფორმით და არც წიგნის გაყიდვაზე.
ზუსტად ვიცი :)
11. ეს როგორი საინტერესო ''ჭაღის ანგელოზი'' ''გვყოლია'' ქართველებს და არ ვიცოდი.... აუცილებლად ვაყიდინებ და გამოვაგზავნინებ. რა თქმა უნდა ''ბედუინის'' გამოსვლასაც სულმოუთქმელად დაველოდები და მასაც ჩამოვაბრძანებ ჩემთან. :)
იმას რა სჯობს, როდესაც ერთ პატარა საქართველოს ამდენი უნიჭიერესი ავტორი ეყოლება. ერთმანეთს უნდა მოვუფრთხილდეთ და გავაძლიეროთ... სულ პაწაწინა თბილ სიტყვას იცით რამდენი რამ შეუძლია? რა დაგვრჩენია ერთმანეთის სიყვარულის მეტი... ისედაც მთელი სამყარო ბოღმისა და სიბოროტისკენ მიექანება... გვიყვარდეს ერთმანეთი, ადამიანებო... მოვუფრთხილდეთ...
მისასალმებელია ნიჭიერი, განათლებული, ნაკითხი, გონიერი ადამიანები, მაგრამ პირველ რიგში დასაფასებელია კაცთმოყვარე, ჰუმანური, სათუთი გრძნობების მატარებელი, ვინც აფასებს და უფრთხილდება ადამიანურობას. მე ვამაყობ თქვენით და კიდევ არაერთი აქ აღმოჩენილი ადამიანით. ვამაყობ, რომ ქართველი ვარ. <3 <3 <3 მიხარიხართ. :* ეს როგორი საინტერესო ``ჭაღის ანგელოზი`` ``გვყოლია`` ქართველებს და არ ვიცოდი.... აუცილებლად ვაყიდინებ და გამოვაგზავნინებ. რა თქმა უნდა ``ბედუინის`` გამოსვლასაც სულმოუთქმელად დაველოდები და მასაც ჩამოვაბრძანებ ჩემთან. :)
იმას რა სჯობს, როდესაც ერთ პატარა საქართველოს ამდენი უნიჭიერესი ავტორი ეყოლება. ერთმანეთს უნდა მოვუფრთხილდეთ და გავაძლიეროთ... სულ პაწაწინა თბილ სიტყვას იცით რამდენი რამ შეუძლია? რა დაგვრჩენია ერთმანეთის სიყვარულის მეტი... ისედაც მთელი სამყარო ბოღმისა და სიბოროტისკენ მიექანება... გვიყვარდეს ერთმანეთი, ადამიანებო... მოვუფრთხილდეთ...
მისასალმებელია ნიჭიერი, განათლებული, ნაკითხი, გონიერი ადამიანები, მაგრამ პირველ რიგში დასაფასებელია კაცთმოყვარე, ჰუმანური, სათუთი გრძნობების მატარებელი, ვინც აფასებს და უფრთხილდება ადამიანურობას. მე ვამაყობ თქვენით და კიდევ არაერთი აქ აღმოჩენილი ადამიანით. ვამაყობ, რომ ქართველი ვარ. <3 <3 <3 მიხარიხართ. :*
10. მე ამ მოთხრობას, (რომელსაც ახლა ვბეჭდავ),და არა მარტო ამას, ნებისმიერ შენს დაწერილ-დაბეჭდილ-გამოცემულსა და შემდგომში დასაწერ-გამოსაცემსაც კი, ხელი რომ მიმიწვდეს, შენს დაუკითხავად, სიამოვნებით დავბეჭდავ ჟურნალ "ჭოროხში". შენ კი, წერე შენსავით ლამაზი მოთხრობები. მე ამ მოთხრობას, (რომელსაც ახლა ვბეჭდავ),და არა მარტო ამას, ნებისმიერ შენს დაწერილ-დაბეჭდილ-გამოცემულსა და შემდგომში დასაწერ-გამოსაცემსაც კი, ხელი რომ მიმიწვდეს, შენს დაუკითხავად, სიამოვნებით დავბეჭდავ ჟურნალ "ჭოროხში". შენ კი, წერე შენსავით ლამაზი მოთხრობები.
9. პერსონაჟთა ძერწვის ოსტატი ხარ, ყველა მათგანისთვის გყოფნის შენი უჩვეულო "მარილი"... როგორ კრავს და ამთლიანებს ყოველ ფრაგმენტს მამა პეტრეს "ფიფქზე სწრაფად დამდნარი" ქადაგებანი... მთავარი ის არის, რომ არ მეყო, ე.ი. კარგია და იმიტომ... პერსონაჟთა ძერწვის ოსტატი ხარ, ყველა მათგანისთვის გყოფნის შენი უჩვეულო "მარილი"... როგორ კრავს და ამთლიანებს ყოველ ფრაგმენტს მამა პეტრეს "ფიფქზე სწრაფად დამდნარი" ქადაგებანი... მთავარი ის არის, რომ არ მეყო, ე.ი. კარგია და იმიტომ...
8. რას ჰგავს შენი საქციელი.
რას ჰგავს შენი საქციელი.
7. საოცარი ოსტატობით შექმნილი სახეებია.
ირა ვერ დავაკავშირე დანარჩენ პერსონაჟებთან, თუმცა ისიც ძალიან საინტერესო სახეა. საოცარი ოსტატობით შექმნილი სახეებია.
ირა ვერ დავაკავშირე დანარჩენ პერსონაჟებთან, თუმცა ისიც ძალიან საინტერესო სახეა.
6. როგორ დაგიბნევია მკითხველი, ავტორო? ;)
ეს არის ნაწყვეტი მოთხრობიდან "ერთჩრდილიანი ქალაქი", წიგნიდან "ჭაღის ანგელოზი" .
მოთხრობა-გამოფენაა ეს, პერსონაჟები რომ უნდა ათვალიერო და აქო და აქო მათი ავტორი .
როგორ დაგიბნევია მკითხველი, ავტორო? ;)
ეს არის ნაწყვეტი მოთხრობიდან "ერთჩრდილიანი ქალაქი", წიგნიდან "ჭაღის ანგელოზი" .
მოთხრობა-გამოფენაა ეს, პერსონაჟები რომ უნდა ათვალიერო და აქო და აქო მათი ავტორი .
5. მშვენიერია, მოგიკითხე :* :* 5 მშვენიერია, მოგიკითხე :* :* 5
4. ცოტა დავიბენი. რატომ ჰქვია ამ ტექსტს ნაწყვეტი წიგნიდან და არა მოთხრობა? ცოტა ფრაგმენტულის შთაბეჭდილებას კი ტოვებს. თუმცა თქვენი თქვენი ხელწერისთვის დამახასიათებელი არც ფსიქოლოგიზმი აკლია და არც მხატვრული საკმაზი. 5 ცოტა დავიბენი. რატომ ჰქვია ამ ტექსტს ნაწყვეტი წიგნიდან და არა მოთხრობა? ცოტა ფრაგმენტულის შთაბეჭდილებას კი ტოვებს. თუმცა თქვენი თქვენი ხელწერისთვის დამახასიათებელი არც ფსიქოლოგიზმი აკლია და არც მხატვრული საკმაზი. 5
3. რა კარგი მეტყველება გაქვს, წერის სტილი შენებური. "აღარ მინდა გულის ნაკაწრს მარილი მივაყარო"." "დავითა მაშვინ ვიყავი,ეგ რომ ზევიდან საბანივით მეფარა და ისე მეძინა". "დაბჩენილ პირში იპირქვავებდა".
დედისერთა წიგნს "ჭაღის ანგელოზი"- ს ვირტუალურად ვიცნობ. ყველა ნაწარმოები წაკიტხული მაქვს, კიდევ ერთხელ სიამოვნებით წავიკითხავდი. რა კარგი მეტყველება გაქვს, წერის სტილი შენებური. "აღარ მინდა გულის ნაკაწრს მარილი მივაყარო"." "დავითა მაშვინ ვიყავი,ეგ რომ ზევიდან საბანივით მეფარა და ისე მეძინა". "დაბჩენილ პირში იპირქვავებდა".
დედისერთა წიგნს "ჭაღის ანგელოზი"- ს ვირტუალურად ვიცნობ. ყველა ნაწარმოები წაკიტხული მაქვს, კიდევ ერთხელ სიამოვნებით წავიკითხავდი.
2. ზეუს, შენ ნამდვილად ერთგული მკითხველი ხარ, გმადლობ:) ჰო, ჩემს "დედისერთა" კრებულს ჰქვია მაგ მოთხრობის ("ჭაღის ანგელოზი") სათაურ-სახელი... ზეუს, შენ ნამდვილად ერთგული მკითხველი ხარ, გმადლობ:) ჰო, ჩემს "დედისერთა" კრებულს ჰქვია მაგ მოთხრობის ("ჭაღის ანგელოზი") სათაურ-სახელი...
1. ამისთვის შემოვედი აქ.
მაგარია ნათი, შენებური, ჩაგითრევს და რომ ვეღარ წყვეტ თვალს. თხრობის შესანიშნავი სტილი, რეალური, ცხოვრებისეული.
"ჭაღის ანგელოზი" მოთხრობების კრებულია ალბათ ჰო? თორემ მოთხრობა ამ სათაურით წაკითხული მაქვს და ეს პერსონაჟები არ შემხვედრია. ამისთვის შემოვედი აქ.
მაგარია ნათი, შენებური, ჩაგითრევს და რომ ვეღარ წყვეტ თვალს. თხრობის შესანიშნავი სტილი, რეალური, ცხოვრებისეული.
"ჭაღის ანგელოზი" მოთხრობების კრებულია ალბათ ჰო? თორემ მოთხრობა ამ სათაურით წაკითხული მაქვს და ეს პერსონაჟები არ შემხვედრია.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|